90-იანები
90-იანებში ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთი გვხვდება, 1996 წელს - ოქროს ბურთი მოიგო მატიას ზამერმა, ფიფას ჯილდო კი - რონალდო ნაზარიომ. პირველმა მოიგო ევრო 96, გახდა ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და დორტმუნდის ბორუსისიასთან ერთად, ვერცხლის სინიც მოიპოვა. რაც შეეხება ბრაზილიელ ფორვარდს, მართალია ტიტულები მას არ მოუგია, მაგრამ მისი ბარსელონური პერფომანსები უბრალოდ დაუვიწყარი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოქროს ბურთის მფლობელი გერმანელი ლიბერო ფიფას ნომინანტებს შორის სამუელშიც ვერ მოხვდა. მასზე წინ აღმოჩნდნენ "ბლაუგრანას" ფორვარდი, ჯორჯ ვეა და ალან შირერი. ვესტფალიელთა იმდროინდელმა ლიდერმა მე-4 პოზიცია დაიკავა.

2000-იანები
2000-იანებში არაერთი მსგავსი შემთხვევა გვხვდება. პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ ზინედინ ზიდანი - ლუიშ ფიგუს დუელი. პირველი მათგანი გახდა ევრო 2000-ის ტრიუმფატორი, მეორემ კი ბარსაში კარგი თამაშის შემდეგ, ტემპი არც მადრიდის რეალში დააგდო. ერთი წლის შემდეგ, განმეორდა იგივე სცენარი, ამჯერად ზემოაღნიშნულ პორტუგალიელ ვინგერსა და მაიკლ ოუენს შორის.
2003 წელი - ოქროს ბურთი მოიგო პაველ ნედვედმა, თუმცა ბევრის აზრით, აღნიშნული ჯილდო ტიერი ანრის ეკუთვნოდა. რაც შეეხება ფიფას ნომინაციას, ჩეხი გამთამაშებელი ვერ მოხვდა 3-ეულშიც კი, მაგრამ გამარჯვებულად არც ფრანგი ფორვარდი მოგვევლინა. წლის საუკეთესო მოთამაშე ფიფას ვერსიით ზიდანი გახდა.

ერთი წლის შემდეგ, დიდ ევროპულ ფეხბურთში იწყება რონალდინიო გაუჩოს დომინირება, რომელიც 2004-2005 წლებში ფიფას ორ ჯილდოს იღებს. რაც შეეხება ოქროს ბურთს, პირველ შემთხვევაში ბრაზილიელ ფლეიმეიქერს აჯობა ანდრეი შევჩენკომ, მეორე შემთხვევაში კი ის უბრალოდ უკონკურენტო გახლდათ.

2020-იანები
ყველაფერი მიდიოდა იმისკენ, რომ ოქროს ბურთი უნდა მოეგო რობერტ ლევანდოვსკის, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, დაჯილდოება არ ჩატარდა და ვარსკვლავური ფორვარდი ჯილდოს გარეშე დარჩა. პოლონელ გოლეადორს მხოლოდ ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულით მოუწია დაკმაყოფილება.
ერთი წლის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნის ყოფილი თავდამსხმელი კვლავ გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას ვერსიით, ოქროს ბურთზე კი მას ლეო მესიმ აჯობა. ოქროს ბურთის რეკორდსმენი მოთამაშე წლის საუკეთესოს წოდების გარეშე დარჩა 2022 წელს, როდესაც ეს ტიტული ქარიმ ბენზემამ მოიგო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფიფამ "წლის საუკეთესოდ" მაინც არგენტინელი შემტევი დაასახელა. ცხადია, მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფი ფიფას ყურადღების გარეშე ნამდვილად არ დარჩებოდა.
ბოლოს კი უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ოქროს ბურთი მოიგო როდრიმ, ფიფას ჯილდო კი - ვინიმ. გვახსოვს ისიც, რომ ბრაზილიელ ფორვარდს მთავარი პრიზის მოგებასაც უწინასწარმეტყველებედნენ.
ოქროს ბურთის დაჯილდოებამდე რამდენიმე თვით ადრე, ევროპულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "წლის საუკეთესოს" წოდებას მიიღებდა სწორედ ჟუნიორი, მაგრამ უშუალოდ დაჯილდოების დღეს, ცნობილი გახდა, რომ პირველ პოზიციაზე ესპანელი შუახაზელი იყო გასული. რეალის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად დაჯილდოებაზე არ მისულან.


















