ბრძოლა სიკვდილის ჯგუფში
ცრვენა ზვეზდა ითვლებოდა გამოკვეთილ აუტსაიდერად, თუმცა ორი სიურპრიზის გაკეთება ამ გუნდმა მაინც მოახერხა. პირველი ასეთი სერბებმა შემოგვთავაზეს სადებიუტო მატჩშივე, როდესაც ნაპოლის ქულები დააკარგვინეს. ამის პარალელურად, ლივერპულმა და პარის სენ-ჟერმენმა 5-ბურთიანი თრილერი დადგეს.
36-ე წუთისთვის "წითლები" იგებდნენ 2:0-ს, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოსთვის ტომას მენიემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 83-ე წუთზე კი კილიან მბაპემ ანგარიში გაათანაბრა და ყველაფერი მიდიოდა იმისკენ, რომ მატჩი დასრულებულიყო ფრედ, მაგრამ 92-ე წუთზე რობერტო ფირმინომ მერსისაიდელებს მოგება მოუტანა.

მეორე ტურში პსჟ-მ 6:1 გაანადგურა ბელგრადელები, "პარტენოპეიმ" კი ლორენცო ინსინიეს 90-ე წუთზე გატანილი გოლით "სქაუზერები" დაამარცხა. მესამე ტური, ორი უხვგოლიანი მატჩი: ენფილდის ბინადრებმა გაანადგურეს რედ სტარი, 4:0, პარიზელებისა და "ლურჯების" დაპირისპირებაში კი 2:2 დაფიქსირდა.
ანხელ დი მარიამ "ლურჯ-წითლები" მარცხს 93-ე წუთზე გადაარჩინა. მეოთხე ტურში დაფიქსირდა ჯგუფის მთავარი სენსაცია - იურგენ კლოპის გუნდმა "თეთრ-წითლებთან" წააგო 2:0, ტომას ტუხელის შეგირდებმა კი "აძურისთან" კვლავ ფრე ითამაშეს. მე-5 ტური: ლივერპული კვლავ აგებს, ამჯერად ფრანგულ კლუბთან, 1:2.

რაც შეეხება პარალელურ შეხვედრას, კარლო ანჩელოტის გუნდმა რაიკო მიტიჩის სახელობის სტადიონის ბინადრები მარტივად დაამარცხა. ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურისთვის გვქონდა ასეთი მოცემულობა: პირველ პოზიციაზე 9 ქულით იყვნენ სტადიო სან პაულოს ბინადრები, შემდეგ, 8 ქულით პარის სენ-ჟერმენი, ევროპა ლიგის ზონაში 6 ქულით "წითლები", ბოლოზე კი ვლადან მილოიევიჩის გუნდი.
უკანასკნელ ტურში მერსისაიდელები საკუთარ მოედანზე იღებდნენ ნაპოლის, პსჟ კი უმოტივაციო ცრვენა ზვეზდას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "სქაუზერებს" სჭირდებოდათ მხოლოდ მოგება, თანაც სასურველი იყო გოლის გაშვების გარეშე. ამოცანა შესრულდა: მინიმალური ანგარიშით მოგება და ბურთების უკეთესი ბალანსის ხარჯზე "პარტენოპეის" გადასწრება.

რაც შეეხება პარიზულ გუნდს, ბელგრადელების განადგურებით, ფრანგემა პირველი ადგილი დაიკავეს. დავუბრუნდეთ ენფილდის ბინადრებს, რომლებიც შემდეგ ეტაპზე გაიყვანა მოჰამედ სალაჰის გატანილმა ბურთმა და ალისონ ბეკერის სეივმა, არკადიუშ მილიკის დარტყმის შემდეგ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი იმ სეზონში სწორედ კლოპის გუნდი აღმოჩნდა.
მიუნხენის ბაიერნის, პორტუსა და ბარსელონას ბარიერის გადალახვის შემდეგ, ლივერპულმა ფინალში ტოტენჰემი დაამარცხა. რაც შეეხებათ "ლურჯ-წითლებს", წაგება 1/8 ფინალში, მანჩესტერ იუნაიტედთან. ასეთი იყო სიკვდილის ჯგუფი, რომელშიც "წითლებმა", ფრანგებმა, "ლურჯებმა" და რედ სტარმა დაუვიწყარი სანახაობა გვაჩუქეს.


















