ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა "ლურჯებში" გატარებულ სადებიუტო სეზონში 44 შეხვედრაში გაიტანა ხუთი გოლი, თუმცა მისი მემკვიდრეობის შესაფასებლად სტატისტიკური მაგალითების მოყვანა საჭირო არ არის. საკმარისია გავიხსენოთ, თუ რა გააკეთა მეინ როუდის ბინადრების ლიდერმა საუთჰემპტონის წინააღმდეგ, როდესაც 5 მეტოქისა და გოლკიპერის მოტყუებით, ბურთი კარში გადაგზავნა.
მან სიტის შვიდიანის შედევრს იხსენებენ დღემდე, ათწლეულების შემდეგაც. ის არის გუნდის ლეგენდა და ეპოქალური ფეხბურთელი, რომელმაც მანჩესტერელები პრემიერ ლიგიდან გავარდნის შემდეგაც არ დატოვა. "ჯადოქრის" სახელს უკავშირებდნენ ბარსელონას, ლივერპულსა და მილანის ინტერს, მაგრამ მას ეს ყველაფერი უბრალოდ არ აინტერესებდა.

"მიყვარდა მან სიტის მაისურით თამაში და როცა მაქვს თავისუფალი დრო, აქ ვბრუნდები. უკვე 30 წელი გავიდა, თუმცა როდესაც ამ გარემოში მოვდივარ, ყოველთვის თბილად მხვდებიან. არასდროს მიგრძვნია თავი უცხოელად, ეს ჩემი მეორე სახლია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. რატომ არ დავტოვე მანჩესტერული კლუბი?
იმის გამო, რომ "ქალაქელები" და ამ გუნდის გულშემატკივრები იმდენად მიყვარდნენ, რომ წასვლაზე არასდროს მიფიქრია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე "ლურჯებში" დარჩენა", - იხსენებს ქინქლაძე. როგორც აღვნიშნეთ, სადებიუტო სეზონის შემდეგ, მისი გუნდი დაქვეითდა და იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ათწლეულების შემდეგ, მეინ როუდის ბინადრები საფეხბურთო ევროპის ელიტაში აღმოჩნდებოდნენ.
მან სიტის წარსული უკავშირდება ქართველ შემტევ ნახევარმცველს, თანამედროვე ისტორია კი ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან სერხიო აგუერო, დავიდ სილვა, ვინსენტ კომპანი, იაია ტურე, კევინ დე ბრუინი, ერლინგ ჰოლანდი და სხვები. მათი დახმარებით მანჩესტერელები პრემიერ ლიგაში იქცნენ ისეთ დომინანტ ძალად, თითქოს ქვედა დივიზიონებში მოგზაურობის პერიოდი ამ კლუბის ისტორიაში არასდროს ყოფილა.

დიახ, "ქალაქელების" აღზევება პირველ რიგში დაკავშირებულია არაბთა გაერთიანებული საამიეროებიდან შემოსულ ინვესტიციებთან და ასეთი რესურსით წარმატებას მიაღწევდა სხვა ნებისმიერი კლუბიც, მაგრამ ფაქტია, საფეხბურთო ბედისწერამ სწორედ "წითელი ეშმაკების" მეზობელი აირჩია. ცოტა ხნის წინ, "ლურჯებმა" ტიტულების კოლექცია ჩემპიონთა ლიგის თასითაც შეავსეს.
პეპ გუარდიოლას გუნდი ფავორიტის სტატუსს ატარებს ყოველ სეზონში და გამონაკლისი არც წლევანდელია, კრიზისის მიუხედავადაც კი. ამ სტატუსის გასამტკიცებლად ეტიჰადელებს სჭირდებათ 1/8 ფინალში გასვლა და აღნიშნული საგზურისთვის მათ ეცილება კლუბი, რომელმაც პრაქტიკულად იგივე გზა გამოიარა. საუბარი პარის სენ-ჟერმენის შესახებ არის.
დიახ, მან სიტის მსგავსად, ევროპული ფეხბურთის ელიტისგან შორს პსჟ-ც იყო. ფრანგული გუნდის აღზევება ასევე კავშირშია უსაზღვრო ფინანსურ რესურსებთან, რომლის გაჩენის შემდეგ, პარიზელები ლიგა 1-ში პრაქტიკულად უკონკურენტოდ გალიდერდნენ. 2013 წლამდე, მათ ანგარიშზე იყო მხოლოდ 2 ჩემპიონობა, დღეს კი "ლურჯ-წითლები" საფრანგეთში ყველაზე ტიტულოვანი კლუბის სტატუსს ატარებენ.

პარკ დე პრენსის ბინადრებს სრულყოფილებისთვის აკლიათ მხოლოდ ერთი რამ - ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი. ტიტული, რომელიც ამ გუნდს ვერ მოაგებინეს ისეთმა დიდმა მოთამაშეებმაც კი, როგორებიც არიან ლეო მესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ნეიმარ ჟუნიორი და კილიან მბაპე. პარის სენ-ჟერმენი პერიოდულად აწყობს გადატვირთვას და მსგავსი რამ მიმდინარე სეზონის დაწყების წინაც ვნახეთ.
ფრანგი თავდამსხმელის მადრიდის რეალში გადასვლის შემდეგ, პსჟ-ში დაიწყო ახალი ეპოქა, რომელიც ახალი ვარსკვლავების გამოჩენასაც უკავშირდება. პარიზელთა შემადგენლობა საკმაოდ ახალგაზრდული და პერსპექტიულია, მაგრამ არის ერთი ნაკლი: კლუბს აღარ ჰყავს ლიდერი, სახე და წინამძღოლი, რომელიც ზემოაღნიშნული მოთამაშეების მსგავსად, "ლურჯ-წითლების" დიდ წარმატებამდე მიყვანას ეცდება.
2025 წლის იანვრის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდში ასეთი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იქნება. ახალგაზრდა შემტევმა უკვე დაწერა ნაპოლის ისტორია, როდესაც თავის სადებიუტო სეზონში ამ გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ, სკუდეტო მოაგებინა. ქართველი ვინგერის კარიერაში დგება ახალი გამოწვევის დრო, რომელიც ბევრად უფრო მასშტაბურია იმასთან შედარებით, რაც მას "პარტენოპეიში" ჰქონდა.

სამწუხაროდ, პარკ დე პრენსის ბინადრების ახალწვეული შემტევი ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფაზის დარჩენილ ორ შეხვედრაში, რადგან პლეიოფის დაწყებამდე კლუბების ახალი მოთამაშეების დარეგისტრირების უფლება არ აქვთ. პარის სენ-ჟერმენის მე-7 ნომრის ევროთასებზე სრულფასოვანი დაბრუნება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მისი ახალი კლუბი 1/8 ფინალში გავა.
ერთი სიტყვით, დღეს, ვიხილავთ ორი ისეთი გუნდის დაპირისპირებას, რომლებიც ქართულ ფეხბურთთან იკვეთებიან. ერთ მხარეს არის მანჩესტერული კლუბი, რომლის წარსული უკავშირდება ქინქლაძეს, მეორე მხარეს კი გვაქვს პსჟ, სამომავლო გეგმებით, კვარაცხელიასთან ერთად.


















