რა ტენდენციები გამოიკვეთა ამ თამაშში?
პირველ რიგში, ძალიან ნათლად გამოჩნდა ჭეშმარიტი პასუხი ყბადაღებულ დისკურსზე - რომელი უკეთესი მარცხენა გარემარბია, მბაპე თუ ვინისიუსი. ამ თამაშმა ნათლად აჩვენა, რომ ვინისიუსის არყოფნაში, მბაპემ დაკისრებულ დავალებებს როგორც ტაქტიკურ, ასევე მენტალურ დონეზე თავი ვერ გაართვა. გარდა სათამაშო ასპექტებისა, ამაზე მეტყველებს ის გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი - ერთადერთი რეალური შანსი, რომელსაც რეალის თამაშში დაბრუნება შეეძლო. ეპიზოდში კელეჰერმა მბაპეს აჯობა.
ასევე, საინტერესოდ გამოიკვეთა ისიც, რომ არნე სლოტის ტაქტიკურ ჩარჩოს კონორ ბრედლი მეტად უფრო ერგება, ვიდრე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი. ასევე ფაქტია, რომ არდა გიულერის მსგავსი გარემარბი უკვე ასაკში შესული რობერტსონისთვისაც კი ვერ ქმნის დიდ პრობლემებს. იმ შემთხვევაში თუ როდრიგო ამ მატჩისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა, შესაძლოა აქ სხვაგვარი სურათი მიგვეღო, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ანჩელოტის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ იყო ვოლუნტარისტულ საწყისებზე დაშენებული, იტალიელი გამოუვალ მდგომარეობაში იყო, რამაც საბოლოო ჯამში, რეალის თამაშის მიმდინარეობაზე ცუდად იმოქმედა. მიუხედავად წაგებული თამაშისა, რეალს ჰქონდა ერთი პოზიტივი - ჯუდ ბელინგემისა და კამავინგას სახით, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. ამასთან - მადრიდის რეალის კარს ამ მომენტისთვის საუკეთესო მეკარე რომ არ იცავდეს, ყველაფერი გაცილებით ცუდად იქნებოდა.
თამაშის საწყისი განლაგება კარგად ხსნის, თუ რაზე დადეს მწვრთნელებმა ფსონები - არნე სლოტმა არ უღალატა ბურთის ფლობისას მისთვის საფირმო 2-3-5 სისტემას და აქცენტი რეალის მცველების მაქსიმალურ დათრგუნვაზე გააკეთა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც ლივერპული ძალიან ინტენსიურ პრესინგს მიმართავდა, ხოლო ანჩელოტიმ მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვება თავისი 2-5-3-ით სცადა. ფედე ვალვერდეს თამაში მარჯვენა მცველად უწევდა, რაც მისთვის არც ისე კომფორტული პოზიციაა. არდა გიულერის დაყენების ერთ-ერთი საბაბი სწორედ ეს იყო, „პაპა კარლო" ცდილობდა ცენტრში მაქსიმალურად ბევრი ფეხბურთელი განელაგებინა, რათა პირველ რიგში, გრავენბერხს პრესინგიდან ამოსვლისას დიდი დაბრკოლებები შეხვედროდა:
თამაშის საწყისი განლაგება კარგად ხსნის, თუ რაზე დადეს მწვრთნელებმა ფსონები - არნე სლოტმა არ უღალატა ბურთის ფლობისას მისთვის საფირმო 2-3-5 სისტემას და აქცენტი რეალის მცველების მაქსიმალურ დათრგუნვაზე გააკეთა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც ლივერპული ძალიან ინტენსიურ პრესინგს მიმართავდა, ხოლო ანჩელოტიმ მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვება თავისი 2-5-3-ით სცადა. ფედე ვალვერდეს თამაში მარჯვენა მცველად უწევდა, რაც მისთვის არც ისე კომფორტული პოზიციაა. არდა გიულერის დაყენების ერთ-ერთი საბაბი სწორედ ეს იყო, „პაპა კარლო" ცდილობდა ცენტრში მაქსიმალურად ბევრი ფეხბურთელი განელაგებინა, რათა პირველ რიგში, გრავენბერხს პრესინგიდან ამოსვლისას დიდი დაბრკოლებები შეხვედროდა:

სლოტის აგრესიული სტრუქტურა
ამ თამაშში სლოტისთვის დამახასიათებელი 2-3-5-ის ყველაზე აგრესიული ვერსია ვიხილეთ. კარგად რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, რომ ლუის დიასი, დარვინ ნუნიესი, ალექსის მაკ ალისტერი, კურტის ჯონსი და მოჰამედ სალაჰი მადრიდის რეალის მცველებს პრაქტიკულად ერთ შრედ აპრესინგებდნენ. ისიც გავითვალისწინოთ, რომ „ლოს მერენგესის" ცენტრში გამოუცდელი რაულ ასენსიო გამოჩნდა, რომელმაც საბოლოო ჯამში, არ დატოვა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება, მიუხედავად კინაღამ შეგდებული ავტოგოლისა, მაგრამ ასეთ თამაშებში, ყველაზე მეტად გამოცდილება და თვითდაჯერება ფასობს, რომელიც რეალის ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს ნამდვილად არ ეტყობოდა. მადრიდის რეალის საყრდენი ზონა ლივერპულმა პრაქტიკულად ერთ დიდ ბარიკადად აქცია, ზონა, სადაც კამავინგა ოპერირებდა - მიზანი კი როგორც მცველებზე ზეწოლა, ასევე თამაშიდან ბელინგემისა და მოდრიჩის გამოთიშვა იყო, რომელიც გარკვეულწილად შესრულდა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ მოდრიჩი თავის სტილში სიღრმეში ჩამოსვლასა და პრესინგიდან გამოძრომას ხშირად ცდილობდა:

ლივერპულის მარჯვენა ფლანგი - კონორ ბრედლი დიდებული მარჯვენა მცველია
ამ თამაშში ცალკე აღნიშვნის ღირსია ლივერპულის მარჯვენა ფლანგი, სადაც კონორ ბრედლი და მოჰამედ სალაჰი ოპერირებდნენ. სალაჰს ნამდვილად არ ჰქონია საუკეთესო პერფორმანსი. გარდა პენალტის გაფუჭებისა, ის ისეთი გამანადგურებელი ვერ იყო, როგორც წინა შეხვედრებში, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან მოედანზე კონორ ბრედლი იყო. რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, სლოტის სისტემაში იდეალურად არა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, არამედ სწორედ ის ეწერება. ამაში გასაკვირი არაფერია. ჩრდილოირლანდიელის პროფილი ძალიან მრავალმხრივია, ფეიენოორდში მუშაობისას სლოტი სწორედ ამგვარ ფლანგელებს ეყრდნობოდა. ბრედლის გადაადგილება გვანიშნებს იმას, რომ სალაჰს თამაში ბევრნაირად შეეძლო და ინდივიდუალურად არც თუ ისე კარგი პერფორმანსის მიუხედავად, მოედანზე თავისი ავტორიტეტის გავრცელება მაინც შეძლო. შედეგად, ლივერპულელთა მხრიდან მარჯვენა ფლანგი მუდამ ხიფათის წყარო იყო. ამას ემატებოდა რობერტსონის საკმაოდ ჭკვიანურად გამოყენება - როდესაც ბურთი მეტოქის ნახევარზე გადადიოდა, რობერტსონი მაშინვე მესამე ცენტრალური მცველი ხდებოდა:

მბაპეს პრობლემა
ამ თამაშში ნათლად გამოჩნდა, რომ როგორც მარცხენა გარემარბი, კილიან მბაპე საკმაოდ ადვილად განეიტრალებადია. არა იმიტომ რომ მას საკმარისი უნარ-ჩვევები არ გააჩნია, არამედ იმიტომ რომ მექანიკური შესაძლებლობები მეტად სხვანაირი აქვს. დარწმუნებული ვარ, ვინისიუსთან ერთად ეს ფლანგი ლივერპულისთვის გაცილებით სახიფათო იქნებოდა. მბაპე ნაკლებად ეფექტურია მაშინ, როდესაც მას ბურთი ხშირად აქვს. ის მეტად ინსაიდ-ფორვარდია, ვიდრე გარემარბი. აქედან გამომდინარე, ბურთის მიღებისთანავე ფრანგი მოტყუებაზე წასვლას ცდილობდა და თუ ეს არ გამოსდიოდა, ფლანგს ცვლიდა და შეტევას მარჯვნიდან აგრძელებდა, იქ კი რეალი რეალურად ხიფათს საერთოდ ვერ ქმნიდა. სწორედ აქ მივდივართ არდა გიულერის პრობლემასთანაც, რომელიც არ არის იმ ტიპის გარემარბი, რომელიც ასეთ სიტუაციებს ეფექტურად გამოიყენებს. პოზიციურად ის 10-იანსა და გარემარბს შორის მყოფი მოთამაშეა, რომელსაც მოედნის ცენტრის გაძლიერება შეუძლია, მაგრამ არა უშუალოდ ფლანგიდან დიდი ხიფათის შექმნა.

ლივერპულის პრობლემური პოზიცია
ზოგადად, ლივერპულმა ეს თამაში ტაქტიკურად უნაკლოდ ჩაატარა - გარდა ერთადერთი რგოლისა. მიუხედავად იმისა, რომ აქ მდგომ ფეხბურთელს ინდივიდუალურად კარგი შეხვედრა ჰქონდა. აშკარაა, რომ ენდი რობერტსონის კარიერული პიკი უკვე ჩავლილი ამბავია. ასაკის მატებასთან ერთად, შოტლანდიელს სისწრაფე დაკარგული აქვს. პოზიციური დისციპლინა კი მისი მთავარი კოზირი არასდროს ყოფილა, რაც კარგად ჩანს ქვემოთ მოცემულ მონახაზში. რომ არა არდა გიულერის პროფილი, წესით ამ ფლანგს რეალი ყველაზე კარგად აითვისებდა:

პოზიტივის ნიშნები მარცხში
მარცხის მიუხედავად, რეალის თამაშში ნამდვილად უნდა აღვნიშნოთ ერთი პოზიტიური ამბავი - კამავინგასა და ბელინგემის პოზიციები. რომ არა კამავინგას ტოპ პერფორმანსი, ლივერპული ამ თამაშს უფრო დიდი ანგარიშითაც მოიგებდა. ფაქტია, ედუარდოს აქვს დავიდსის სიხისტეცა და რედონდოს პაუზაც. ახალგაზრდა ფრანგი ტექნიკურადაც ძალიან მაღალ დონეზე დგას. რეალურად, ლივერპულის ბარიკადული პრესინგის საგრძნობ დონეზე შეკავება ამ ერთმა მოთამაშემ მოახერხა. რაც შეეხება ბელინგემს, ეს პოზიცია ნამდვილად კარგად ერგება მის სათამაშო პროფილს, მაგრამ ლივერპულთან თამაშში დაცვითი ფუნქციებით იგი ზედმეტად დაიტვირთა, რის გამოც შემტევ ფაზაში საუკეთესო თვისებების გამოვლენის შესაძლებლობა არ მიეცა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ორი ფეხბურთელის დასახელება შემიძლია - ალექსის მაკ ალისტერი და ტიბო კურტუა. ალექსის მაკ ალისტერი ნამდვილად გამორჩეული ფიგურა გახლდათ, განსაკუთრებით მოედნის ბოლო მესამედში, გოლის გარდა, ორი საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეეძლო. არგენტინელი ძალიან კარგად ცვლის სათამაშო ტემპს და ბურთს უნაკლოდ ამოძრავებს. ლივერპულში გადასვლის შემდეგ მან ძალიან სერიოზული პროგრესი განიცადა. მისი უნარები ახლა უფრო ყოვლისმომცველია, ვიდრე ეს ბრაიტონში ყოფნისას გახლდათ.

რამდენადაც ალექსის მაკ ალისტერი ლივერპულის მხრიდან ყველაზე გამორჩეული გახლდათ, ჩემი აზრით, მთლიანი თამაშის კონტექსტში საუკეთესო ტიბო კურტუა იყო, რომელმაც ძალიან ბევრი საკვანძო ბურთი მოიგერია და საჯარიმოს შიგნით 5 სეივი დააგროვა. რომ არა ბელგიელის საოცარი პერფორმანსი, ანგარიში რეალისთვის აუცილებლად უფრო დრამატული იქნებოდა. ასე რომ, მატჩის MVP-ის სტატუსი კურტუას ეკუთვნის.

არნე სლოტი ქულებს არ თმობს
ამ თამაშში არნე სლოტმა საბოლოოდ უდიდესი განაცხადი გააკეთა - ამ მომენტისთვის მისი გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა. ფაქტია, ნიდერლანდელმა კლოპის გზას საგრძნობლად გადაუხვია და არსობრივად ახალი ლივერპული შექმნა. ამ ამბიციური განაცხადის შემდეგ, შეგვიძლია ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტად შევრაცხოთ. ეს სერიოზული სტატუსია, რომელსაც დაცვა და გამართლება სჭირდება. ამ გადმოსახედიდან მერსისაიდული კლუბი წარმატებულად ვითარდება. ამ ეტაპზე მათი ყველა გუნდს უნდა ეშინოდეს - არნე სლოტის ლივერპული ხომ საქმეს ახლა იწყებს.
















