მიღწეული ნიშნულის შენარჩუნება და ახალ საფეხურზე ასვლა
ჩვენი ნაკრების პირველი მოწინააღმდეგე იყო ჩეხეთის ეროვნული გუნდი, რომელთან შეხვედრაც განვლილ ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ფრედ 1:1. ერთა ლიგის მატჩის წინ, ფავორიტის სტატუსი შინაურ კედლებში თამაშის გათვალისწინებით იხრებოდა "თეთრ-წითლებისკენ", მაგრამ შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ვილი სანიოლის გუნდმა აჩვენა ტაქტიკურად სრულყოფილი ფეხბურთი და "ბოჰემიელები" უშანსოდ დაჯაბნა. განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს საქართველოს მე-3 ბურთი, როდესაც საკუთარი საჯარიმოდან დაწყებული შეტევა 8 პასის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძის გოლით დაგვირგვინდა. "ლურჯ-წითლები" ამ შეტევის დროს უბრალოდ სტატისტების როლში იყვნენ.
გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გამომცხვარი შედევრი კი გვახსენებს თბილისის დინამოს ოქროს ეპოქას, როდესაც დავით ყიფიანი მსგავსი ულამაზესი საგოლე პასებით რამაზ შენგელიასა და ვლადიმერ გუცაევს ამარაგებდა. ერთი სიტყვით, 7 სექტემბერს გამართულ მატჩში მოხდა ყველაფერი ის, რისი გაკეთებაც "ჯვაროსნებმა" ევრო 2024-ზე ვერ შეძლეს.

ალბანეთი - ადგილი, სადაც ჯოჯოხეთის ცეცხლი ჩაქრა
ერთა ლიგის მეორე ტურის წინ, ალბანელი გულშემატკივრები ჩვენს ნაკრებს ტირანაში ჯოჯოხეთს ჰპირდებოდნენ. ადგილობრივი ფანები ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტსაც, რომ "არწივებს" ევრო 2024-ის შესარჩევზე საშინაო მატჩებში გოლი გაშვებული არ ჰქონდა. "თეთრ-წითლებისთვის" კი აღნიშნული ქვეყნის ეროვნულ გუნდთან მოგება უცხო სულაც არ იყო.
უკანასკნელი შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოპოვებული ჰქონდა 15-დან 8 შეხვედრაში, ბალკანელებს კი მხოლოდ 3 თამაში ჰქონდათ მოგებული. დღეს, "ჯვაროსნების" ანგარიშზე "შავ-წითლებთან" 16 მატჩში უკვე 9 მოგებაა. ამის გარდა, ჯოჯოხეთს შეპირებულმა მეტოქემ შინ ბურთიც გაუშვა.

სანაკრებო შეკრების მთავარი გმირი - გიორგი ქოჩორაშვილი
ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი უდავოდ არის ქოჩორაშვილი, რომელსაც აქამდე ეროვნულ გუნდში გოლი გატანილი არ ჰქონდა. დღეს, ქართველი შუახაზელის ანგარიშზე "თეთრ-წითელი" მაისურით უკვე 2 ბურთია. "ლომებთან" მატჩში ჩაკვეტაძის ულამაზესი საჰაერო გადაცემით სწორედ გიორგიმ ისარგებლა.
ალბანეთთან შეხვედრაში კი ვიხილეთ ლევანტეს ცენტრალური ნახევარმცველის ყუმბარისებული გასროლა 24 მეტრიდან, რომელიც გამარჯვების მომტანი გამოდგა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა სწორედ 25 წლის შუახაზელი, რომლის ანგარიშზე იყო გატანილი ბურთი, 104 შეხება ბურთთან, 86-დან 80 ზუსტი პასი, 7 მოგებული ორთაბრძოლა და 2 დრიბლინგი.


















