მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პარის სენ-ჟერმენი დაუპირისპირდება ბაიერნ მიუნხენს - ხვიჩა კვარაცხელია მანუელ ნოიერის წინააღმდეგ. ერთადერთი ქართველი მოთამაშე, რომელმაც შეძლო ლეგენდარული გოლკიპერის კარის აღება არის ჯაბა კანკავა, მაგრამ ეს სანაკრებო დონეზე იყო.
საკლუბო ფეხბურთში კი ქართველებს გერმანელი მეკარისთვის ჯერჯერობით არ გაუტანიათ. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ამის გაკეთებას პსჟ-ს ვინგერი. "ლურჯ-წითლებისა" და "რეკორდმაისტერის" შეხვედრამდე, გავიხსენოთ ის ქართველი მოთამაშეები, რომლებმაც სხვა ლეგენდარულ გოლკიპერებს გაუტანეს.
შოთა არველაძე V იენს ლემანი
არველაძე ლემანს დაუპირისპირდა უეფას თასის 1996/1997 წლების სეზონის მეორე რაუნდში - ტრაბზონსპორისა და გელზენკირხენის შალკეს შეხვედრაში. მაყურებელმა იხილა უხვგოლიანი ფრე, 3:3, რომელშიც ერთ-ერთი ბურთი იენსს შეუგდო სწორედ შოთამ, თანაც გიორგი ნემსაძის ასისტით.
არჩილ არველაძე V ედვინ ვან დერ სარი
ერედივიზიონის 1998/1999 წლების სეზონის ბოლო ტური - ამსტერდამის აიაქსი სტუმრად ჩავიდა ბრედასთან, რომელთანაც ითამაშა ფრე, 2:2. ეს იყო ვან დერ სარის ბოლო შეხვედრა "ებრაელთა" რიგებში, ტურინის იუვენტუსში გადასვლამდე. რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, ლეგენდარული გოლკიპერის კარში პირველი ბურთი სწორედ არველაძემ შეაგდო.
მიხეილ აშვეთია V ფრანჩესკო ტოლდო
ჩემპიონთა ლიგის 2003/2004 წლების სეზონის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია - განადგურებული მილანის ინტერი მოსკოვში, ლოკომოტივთან. "ნერაძურიმ" იმ შეხვედრაში გაუშვა 3 უპასუხო ბურთი და ერთ-ერთი გოლი ტოლდომ საკუთარ კარში აშვეთიასგან მიიღო. სწორედ მან გაზარდა სხვაობა 2-მდე "ნერაძურისთვის" ავად სახსენებელ თამაშში.
ალექსანდრე ჩივაძე V რეი კლემენსი
დიახ, ჩივაძის გარდა, კლემენსის კარში გოლები გაიტანეს რამაზ შენგელიამ და ვლადიმერ გუცაევმაც, თუმცა სწორედ ლეგენდარული კაპიტანი რჩება ერთადერთ ქართველ მოთამაშედ, რომელმაც ლივერპულს ენფილდზე შეუგდო. ამის გარდა, ალექსანდრემ ინგლისურ გრანდს საპასუხო შეხვედრაშიც გაუტანა.
როგორც გვახსოვს, პირველი მატჩი დასრულდა მერსისაიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1. განმეორებით თამაშში კი თბილისის დინამომ მოახდინა ყველაზე დიდი ქამბექი თავის ისტორიაში და "წითლები" 3:0 გაანადგურა. საბოლოო წერტილი დასვა სწორედ ქართველმა უკანახაზელმა, რომელმაც რეის 11-მეტრიანიდან შეუგდო.
კახა კალაძე V ჟულიო სეზარი
მომენტი, როდესაც დერბი დელა მადონინას მთავარი გმირი ქართველი ხდება. 2005/2006 წლების სეზონი, სერია ა - მილანმა თანაქალაქელ ინტერს კალაძის მიერ გატანილი ბურთით მოუგო. მეზობლების კარში იმ დროს იდგა სეზარი, გოლკიპერი, რომელიც მოგვიანებით ტრებლის მოგების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო გახდება.
მიხეილ ყაველაშვილი V პეტერ შმეიხელი
ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მანჩესტერ იუნაიტედს გაუტანა. ყაველაშვილმა ეს მოახერხა თავის სადებიუტო მატჩში მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში, თანაც ლეგენდარული შმეიხელის კარში. მართალია, მისმა გუნდმა წააგო, მაგრამ იმ შეხვედრას "ქალაქელთა" ქომაგები იხსენებენ დღემდე, პირველ რიგში შედეგიანი დებიუტანტის დამსახურებით.
ლევან კობიაშვილი V ოლივერ კანი
კობიაშვილმა კანს გაუტანა ორჯერ - პირველად, როდესაც ის თამაშობდა ფრაიბურგში, მეორედ კი უკვე გელზენკირხენის შალკეში. მისი კარიერიდან შეგვიძლია ასევე გავიხსენოთ გოლი იენს ლემანის კარში და ჩემპიონთა ლიგაზე შესრულებული ჰეთ-თრიქი პსვ ეინდჰოვენთან, ეურელიო გომეშის წინააღმდეგ.
ხვიჩა კვარაცხელია V ემილიანო მარტინესი
პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიტანა კვარაცხელიამ, თანაც მარტინესის კარში. საუბარია მეკარეზე, რომელიც არის მუნდიალის მოქმედი ტრიუმფატორი, ასევე ლევ იაშინის სახელობის ჯილდოსა და ფიფას წლის საუკეთესო გოლკიპერის ტიტულის 2-გზის მფლობელი.
ლევან მჭედლიძე V ჯანლუიჯი ბუფონი
მომენტი, როდესაც სერია ა-ში სადებიუტო გოლს იტან ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის წინააღმდეგ, თანაც 18 წლის ასაკში. მჭედლიძე ემპოლიდან იმ დროს იჯარით იყო გადასული პალერმოში და აღნიშნულ კლუბში თავისი ერთადერთი ბურთი მან სწორედ ბუფონს შეუგდო.
გიორგი მიქაუტაძე/ზურიკო დავითაშვილი V ჯანლუიჯი დონარუმა
იყო დრო, როდესაც მიქაუტაძე და დავითაშვილი თამაშობდნენ ლიგა 2-ში, თუმცა გასულ სეზონში ისინი ბრწყინავდნენ ფრანგული ფეხბურთის ელიტაში, ლიონისა და სენტ-ეტიენის შემადგენლობაში. ლიგა 1-ის საუკეთესო გოლკიპერის სტატუსის მქონე დონარუმამ გასულ სეზონში იზარალა ორივე ქართველისგან, ჯერ ჟორჟისგან, შემდეგ კი ზურიკოსგანაც.















