
მასიმილიანო ალეგრი - ალესანდრო მატრი
ალეგრის ფავორიტი ფეხბურთელია მატრი, რომელთან ერთადაც მან სამ გუნდში ითამაშა - იუვენტუსში, მილანსა და კალიარიში. ერთობლივი ძალებით მოიგეს სკუდეტო, კოპა იტალია და ისინი ერთად მივიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, 2015 წელს. სანდრომ მაქსთან ჩაატარა 94 მატჩი და გაიტანა 23 ბურთი.

კარლო ანჩელოტი - ხამეს როდრიგესი
ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ანჩელოტის ხელმძღვანელობით სამ გუნდში ითამაშა სწორედ ხამესი არის. მათი თანამშრომლობა რეალში დაიწყო, შემდეგ კი ბაიერნსა და ევერტონში გაგრძელდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრემიერ ლიგასა და ბუნდესლიგაში გატარებული პერიოდი ორივესთვის წარუმატებელი გამოდგა.

ანტონიო კონტე - ანდრეა რანოკია, არტურო ვიდალი, რომელუ ლუკაკუ და სხვები
კონტეს ხშირად ახასიათებს ნაცნობი ფეხბურთელების თავის გუნდში გადმოყვანა, აღნიშნული სია ნამდვილად გრძელია. მინიმუმ, ორ გუნდში მას წაუყვანია ვიდალი, პერიშიჩი, ასამოა და სხვები. ამ სიას ძალიან მალე ლუკაკუც შეემატება. 3 კლუბში კი ანტონიოსთან თამაშობდა მხოლოდ რანოკია, ინტერში, ბარიში და არეცოში.

ლუის ენრიკე - რაფინია ალკანტარა
ენრიკესთვის ფავორიტად რჩება რაფინია, რომელთან ერთადაც ის ბარსელონასა და სელტაში მუშაობდა. ცნობისთვის, თავისი საუკეთესო სეზონები ალკანტარამ სწორედ ლუისთან ჩაატარა. 117 მატჩი, 16 ბურთი და 15 ასისტი. ასევე, გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ აღნიშნული დუეტი ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდშიც მუშაობდა.

პეპ გუარდიოლა - ტიაგო ალკანტარა
იქ, სადაც არის რაფინია, აუცილებლად უნდა იყოს ტიაგოც, რომელიც გუარდიოლას ფავორიტი ფეხბურთელი იყო. ის არის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც პეპმა ჯერ ბარსელონაში ათამაშა, შემდეგ კი წაიყვანა სხვა კლუბში, ამ შემთხვევაში ბაიერნში. 144 მატჩი, 17 ბურთი და 25 ასისტი - ასეთი შედეგი ჰქონდა ალკანტარას ესპანელ ტაქტიკოსთან.

იურგენ კლოპი - ნევენ სუბოტიჩი
კლოპის კარიერაში გვხვდება რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთანაც მან ორ გუნდში ითამაშა. მაგალითად - მანუელ ფრიდრიხი, ანტონიო და სილვა, მოჰამედ ზიდანი და სხვები. ყველაზე გამორჩეული მათ შორის არის სუბოტიჩი, რომელთან ერთადაც მან მოიგო 5 ტიტული და ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ითამაშა.

რობერტო მანჩინი - დეიან სტანკოვიჩი, ადრიანო ლეიტე რიბეირო, მარიო ბალოტელი და სხვები
ნაცნობი ფეხბურთელების მოყვანის კიდევ ერთი მოყვარული. მანჩინიმ ორ გუნდში იმუშავა მიხაილოვიჩთან, ტოლდოსთან, ვიეირასთან, სტანკოვიჩთან, ადრიანოსთან, მაიკონთან და სხვებთან. ყველაზე ემოციური თანამშრომლობა რობერტოს ჰქონდა ბალოტელისთან, რომელიც მან ინტერიდან სიტიში წაიყვანა. იტალიელმა სპეციალისტმა და მარიომ ერთად გამოიარეს როგორც პრემიერ ლიგის ტრიუმფი, ისე ვარჯიშზე ჩხუბიც.

ჟოზე მოურინიო - რიკარდო კარვალიო, ნემანია მატიჩი, რომელუ ლუკაკუ
მოურინიომ სამწვრთნელო კარიერის ნახევარზე მეტი კარვალიოს გვერდით გაატარა, მასთან ერთადაც იყო პორტოში, შემდეგ ჩელსიში, ბოლოს კი რეალშიც. ასევე, ჟოზეს 3 კლუბში ჰყავდა მანიშე, მატიჩი და ლუკაკუ. ყველაზე გამორჩეული მათ შორის მაინც რიკარდუ იყო, რომელმაც 290-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

ლუჩიანო სპალეტი - ვინჩენცო მონტელა
სპალეტიმ სამწვრთნელო კარიერა ემპოლიში დაიწყო, მონტელამ კი აღნიშნულ გუნდში საფეხბურთო კარიერა დაიწყო. მათი გზები მოგვიანებით გადაიკვეთა სამპდორიაში, ბოლოს კი რომაში. თანამედროვე ეპოქაში კი ასევე გამოსარჩევები არიან სამირ ჰანდანოვიჩი და რაჯა ნაინგოლანი, რომლებმაც ლუჩიანოსთან ერთად ორ კლუბში იმუშავეს.

ერიკ ტენ ჰაგი - ანდრე ონანა, მატაის დე ლიხტი, ანტონი დოს სანტოსი და სხვები
ბოლოს კი მწვრთნელი, რომელსაც ნაცნობ ფეხბურთელებთან მუშაობა ყველაზე მეტად უყვარს. აიაქსსა და ახლა უკვე მანჩესტერში ტენ ჰაგთან იყვნენ და არიან, ონანა, დე ლიხტი, ანტონი, ლისანდრო, მაზრაუი და ასევე ცოტა ხნის წინ, ვან დე ბეკიც. ერიკს ასევე ორ კლუბში ალერსა და ამრაბატთან აქვს ნამუშევარი.

















