ეგეთი ნიჭიერიც მას მერე აღარავინ გამოჩენილა, თითქოს კიეზამ მოგვცა იმედი, მაგრამ ჯერჯერობით მამამისსაც ვერ სჯობნის. ვუყურებდით დიდი ათიანების პაექრობას და თურმე ოქროს თაობას ვადევნებდით თვალყურს, იტალიელებს კი ეგონათ სამუდამოდ ასე გაგრძელდებოდა, გამოჩნდებოდნენ ბაჯო, დელ პიერო, ტოტი... მაგრამ არა. სასრული ჰქონია ყველაფერს. სილამაზისა არ იყოს, არც ის იცის კაცმა ნიჭი საიდან მოდის, ან სად მიდის.
და მაინც, რომელმა უფრო დიდი სახელი დატოვა?
პინტურიკიო
თითქოს მხოლოდ გემოვნების ამბავია, უპირატესობები ორივეს ჰქონდა, ასაკშიც დიდი სხვაობა არ ყოფილა - მხოლოდ ორი წელი. თუმცა, პასუხი კითხვაზე ყოველთვის მქონდა - ადრეული დელ პიერო, გვიანდელი ტოტი. ასე დალაგდა, ჩემთვის 90-იანები მთლიანად დელ პიეროს ეკუთვნის, 93/94 წლების სეზონიდან დაწყებული, როცა იუვენტუსში გამოჩნდა და რობერტო ბაჯოსთან კონკურენციაში ჩაება. იმ ბაჯოსთან, რომელიც უკვე ოქროს ბურთის ლაურეატია, დაფრინავს იუვეში და წინ მსოფლიო ჩემპიონატი აქვს, სადაც კიდევ ერთხელ გაიბრწყინებს, მაგრამ ფეხზე მდგომი მოკვდება.
ეგ იყო ალბათ მთავარი ამ კონკურენციაში. მუნდიალის მერე ბაჯოს პრობლემები დაეწყო და 20 წლის დელ პიერომ შეავიწროვა, ნელ-ნელა ჩაანაცვლა და ფაქტობრივად დააჩქარა მისი კლუბიდან წასვლა. ალექსმა ისეთ დონეზე ითამაშა ხალხს ბაჯო დაავიწყა, ეს კიდევ თავისთავად დიდი ამბავია, ეგ კი არა, ბევრს აფიქრებინა ყველა დროის საუკეთესო იტალიელს ხომ არ ვუყურებთო, მაგრამ სადღაც გაწყდა ეს ხაზი.

‘98 წლის ნოემბერში უდინეზესთან შეხვედრაში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. მომდევნო დღეს ალექსი 24 წლის შესრულდა, ასეთი ცუდი დაბადების დღე, ალბათ, არც არასდროს ჰქონია. მოედანს მომდევნო სეზონში დაუბრუნდა, ისევ ჯადოქრობდა, მაგრამ ეს ის დელ პიერო აღარ იყო. მართალია სერია A-ში ისევ ბევრი გაჰქონდა, ულამაზესი გოლები, ისეთი როგორსაც მიგვაჩვია, მადრიდის რეალსაც იქ ამწარებდა, სადაც გადაეყრებოდა, მაგრამ 90-იანების დელ პიერო წარსულში დარჩა.
გამორჩეულად მაგარი სეზონები ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე, 90-იანების შუაწელს. 1995/96 წლების სეზონი იუვემ ტრიუმფით დაასრულა. ალექსს 1/2 ფინალსა და ფინალში აღარ გაუტანია, მაგრამ ჯგუფური ეტაპი ფაქტობრივად მარტომ გაიარა და მეოთხედფინალში მადრიდის რეალსაც ლამაზი გოლი შეუგდო. ისევ გაიბწყინა მომდევნო სეზონში, მაგრამ აქ უკვე ტრავმამ დააბრკოლა, მეოთხედფინალებისა და ნახევარფინალების თამაშის საშუალება არ მისცა, ფინალში დორტმუნდის ბორუსიასთან მხოლოდ მეორე ტაიმში გამოვიდა და ის პატარა შედევრიც შექმნა. მერე იყო კიდევ ერთი ბრწყინვალე სეზონი და ისევ სრული სვლით ფინალისკენ! - დელ პიერო და იუვე შეუჩერებლები იყვნენ, ალექსმა 10 გოლით დახურა ლიგა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ოთხი ნახევარფინალებში შეაგდო მონაკოსთან, მაგრამ ფინალში ვერაფერს გახდა. მადრიდის რეალთან ეს, ალბათ, მისი ყველაზე სუსტი თამაში იყო.

ბოლოს როცა გენიალური დელ პიერო ვნახეთ ჩემპიონთა ლიგაზე, 1998/99 წლების სეზონი იდგა, იუვემ დიდად სახარბიელოდ ვერ ჩაატარა ჯგუფური ეტაპი, ხუთი ფრე და ერთი მოგება ჰქონდათ, ის ერთიც ბოლო ტურში მოიგეს, მაგრამ დელ პიეროს უკვე აღარ უთამაშია, იმიტომ, რომ ჯვარედინი გაიწყვიტა და სეზონი ნაადრევად დაასრულა. იუვემ მაინც იარა ნახევარფინალამდე სადაც მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდა. ამის მერე, სულ სხვა დელ პიერო ბრუნდება. ფეხზე ისე მყარად ვეღარ დგას, სისწრაფე და სისხარტე დაკარგული აქვს, ისევ დიდი ფანტაზიით, ისევ დიდი ნიჭით, ტექნიკაც არსად წასულა, მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ ნიჭი არ არის.
თუ ალექსს ოქროს ბურთი სადმე უნდა აეღო, მხოლოდ 90-იანებში. თუმცა, ვერ შეძლო, სამეულშიც ვერ შევიდა. მეოთხეზე კი ორჯერ გავიდა - 1995 და 1996 წლებში. რატომ ვერ შეძლო უფრო ახლოს მისვლა?! - ალბათ, იმიტომ, რომ სანამ საკლუბო ფეხბურთში დაფრინავდა, მანამდე ნაკრებში დიდად ვერ გამოიჩინა თავი, ამის შანსი კი ტრავმამდე ორჯერ ჰქონდა - 1996 წლის ევროსა და 1998 წლის მუნდიალზე.
ევროზე 21 წლის დელ პიერო თავის პოზიციაზე არ დააყენეს, გახსნით შეხვედრაში რუსეთთან მარცხენა ფლანგზე თავი ვერაფრით გამოიჩინა, პირველი ტაიმის მერე არიგო საკიმ შეცვალა და მას მერე აღარც ათამაშა. იტალია კი ჯგუფში ჩარჩა. ამ დროს შეიძლება ითქვას, რომ კონკურენცია თავისივე სტილისა და უნარების მქონე ჯანფრანკო ძოლასთან დათმო. ბაჯო ევროზე საერთოდ არ წასულა. ძოლას გვერდს კაზირაგი უმშვენებდა.
ყველაზე მეტს მისგან 1998 წლის მუნდიალზე ელოდნენ, ეს იყო მისი პიკი, აქ უნდა ეთქვა თავისი სიტყვა, ჩეზარე მალდინის ნაკრებში, სადაც საკიზე გაბუტული რობერტო ბაჯოც დაბრუნდა, და განახლდა კონკურენცია ორ დიდ ათიანს შორის. დელ პიერომ გახსნითი მატჩი ბოლომდე სკამზე გაატარა, ძირითადში ბაჯომ და ვიერიმ დაიწყეს, ორივემ შეძლო გოლის შეგდება. უნდა ითქვას, რომ ბაჯოს ამ დროს უკვე ორი მუნდიალი აქვს ნათამაშები ('90 და '94 წლებში) და ორივე დიდებულად, ასე რომ, მისი გვერდზე გაწევა ნაკრებში გაცილებით რთული იყო.

მხოლოდ 25 წუთი მისცეს მეორე შეხვედრაში, „პინტურიკიომ" ბაჯო შეცვალა. მესამე მატჩში კი როგორც იქნა ძირითადში გაამწესეს, ავსტრიასთან მატჩში, სადაც დელ პიერომ ვიერის გაატანინა, მაგრამ მის ნაცვლად შემოსულმა ბაჯომ თავისი მეორე გოლი შეაგდო ტურნირზე. მოულოდნელად მერვედფინალში ძირითადში ისევ დელ პიერო იყო და არა ბაჯო, იტალიამ 1:0 მოიგო. ბაჯოს საერთოდ არ უთამაშია. გოლი ისევ კრისტიან ვიერიმ შეაგდო. მეოთხედფინალში მასპინძელ საფრანგეთთან მოხდა ის, რაც როგორც წესი არასდროს ხდებოდა, ვიერისთან ერთად, ორივე ათიანმა ითამაშა - ძირითადში იყო დელ პიეროც და ბაჯოც. აი, სურპრიზი! - ალექსმა თავი ვერაფრით გამოიჩინა, 67-ე წუთზე შეცვალეს. საუკეთესო შანსი ისევ ბაჯოს ჰქონდა, მაგრამ ვერ შეაგდო, მატჩი პენალტებამდე მივიდა და შემდეგ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრები გავიდა. ეს იტალიელთათვის ზედიზედ მესამე მარცხი იყო მუნდიალზე თერთმეტმეტრიანების სერიაში.
ასე რომ, დელ პიერომ თავის საუკეთესო წლებში, სანაკრებო კონკურენცია ვერც ძოლასთან მოიგო და ვერც ბაჯოსთან, ნაკრებში წარმატება კი ძალიან ბევრს ნიშნავს საბოლოო დიდებისათვის. ევრო 2000-ზე უკვე ფრანჩესკო ტოტი გამოჩნდა, ათი ნომერი მან ჩაიბარა და პირველი კაცის სტატუსი აღარც დაუთმია.
იმპერატორი
სულ სხვა კაცია ფრანჩესკო ტოტი, რომის სული და გული, ბევრად პრობლემური და კონფლიქტური, ვიდრე ალექსი, უფრო ამბიციურიც, ახალგაზრდა ტოტის იმდენი შეცდომა აქვს დაშვებული, რომ თავის ცუდ რეპუტაციას ძლივს მოერია. დისციპლინას ხშირად არღვევდა, წითელ ბარათებსაც იღებდა, გუნდიც დაუღალატებია თავისი თავქარიანობის გამო, დიდი ტურნირებიდანაც გაუძევებიათ, თუ 2002-ში ყველაფერი მსაჯის სინდისზეა, ევრო 2004-ზე ტოტი თავის სინდისს ვერსად გაექცა, პოულსენს შეაფურთხა, რის გამოც ტურნირიდან მოხსნეს, იტალია ჯგუფში ჩარჩა და სახლში დაბრუნებულს მთელი ქვეყანა ლანძღავდა.
პრაგმატულად თუ შევხედავთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანაკრებო კონკურენცია მძიმე ტრავმის შემდეგ მობრუნებულ დელ პიეროს მოუგო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ათი ნომერი მას დარჩა, არამედ იმიტომ, რომ დიდ ტურნირებზე ძირითადში, როგორც წესი, ის ხვდებოდა. უფრო ენდობოდნენ, ძოფიც, ტრაპატონიც და ლიპიც. ის ლიპი, რომელმაც ყველაზე უკეთ იცოდა ალექს დელ პიეროს შესაძლებლობები.

ინდივიდუალური პერფორმანსებით ნაკრებში არც დელ პიეროსა და არც ტოტის ბაჯოს მსგავსი ფეხბურთი არ უთამაშიათ, მაგრამ მისგან განსხვავებით მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ - 2006 წელს. არც ერთი და არც მეორე მთავარი ფიგურა არ ყოფილა, უკვე სხვა ხალხზე იდგა იტალია - ბუფონი, კანავარო, პირლო - ეს იყო იმ იტალიის ხერხემალი და მოულოდნელი გმირები - ფაბიო გროსო და მარკო მატერაცი. თუმცა, ორივეს ქება ეკუთვნის, ტოტიმ მოტეხილობა მოირჩინა და მაინც შეძლო მსოფლიოზე წასვლა, ძირითადში ადგილის მოპოვებაც, ძალიან დაღვინებული, ჭკუადამჯდარი ფეხბრთელის როლი მოირგო, აბსოლუტურად დაცლილი თავისივე გამოხტომებისგან, ეს უკვე გვიანდელი ტოტია, დამშვიდებული, დაკაცებული, რომელმაც იცის ქვეყნისა და ნაკრების ფასი.
არც დელ პიეროს შემოსვლა უნდა დაგვავიწყდეს ნახევარფინალში გერმანიასთან, სადაც უზადო წერტილი დასვა. ამ გოლზე თქვეს - ვალი დააბრუნა ევრო 2000-ისთვისო. მაშინ ხომ ფინალის ანტიგმირად იქცა, ორი 100%-იანი შანსი გაუშვა ხელიდან, რის გამოც იტალია დაისაჯა, ჯერ ბოლო წუთებზე გაუთანაბრეს, მერე კი ოქროს გოლი შეუგდო ტრეზეგემ. ჯვარს აცვეს ალექსი ამის გამო, და ექვსი წლის მერე, როგორც იქნა, ამოისუნთქა.
ევრო 2000-ზე ტოტი უკეთესი იყო, მისი პანენკა ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ ვან დერ სარის კარში, ფინალიც ძირითადში დაიწყო და დელ პიეროზე ბევრად კარგად ითამაშა. ტოტი იყო მთავარი კაცი 2002 წლის მუნდიალზე, სადაც წითელი ბარათით და კორეასთან გავარდნით ჩაამთავრა ტურნირი, დელ პიერო, როგორც წესი, შეცვლაზე გამოდიოდა და ერთ ასეთ შეცვლას ჯგუფიდან გამსვლელი გოლი მოჰყვა - მექსიკასთან.
2004 წლის სკანდალი უკვე ვახსენეთ, 2006 წლის ტრიუმფიც. ახლა კი მთავარი ვთქვათ: დელ პიერომ ძოლასთან ერთად ძირითადში, დიდი ტურნირზე, მხოლოდ ერთხელ ითამაშა და ვერც ვერაფერი გაუგეს ერთმანეთს. ალექსი პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. ბაჯოსთან ერთად დიდ ტურნირზე ძირითადში ასევე მხოლოდ ერთხელ ითამაშა - მეოთხედფინალში საფრანგეთთან დამარცხდნენ. ტოტისთან ერთად ძირითადში ორჯერ ითამაშა - ერთი კორეასთან წააგეს, მეორეში კი დანიას ვერ მოუგეს ევროზე. იქაც დელ პიერო დაიჩაგრა და მარცხნივ დააწყებინეს თამაში.
მართლები ყოფილან ეს დიდი მწვრთნელები. ქომაგს კი სურდა მუდმივად ერთად ენახათ ლეგენდები, მაგრამ მწვრთნელებს სხვა მოთხოვნები აქვთ. სერია A-ში ორივე ბრწყინვალე იყო, აი, ჩემპიონთა ლიგაზე დელ პიეროს დიდი უპირატესობა აქვს, ტოტის არასდროს ჰქონია ისეთი სეზონი ლიგაზე, როგორც დელ პიეროს 90-იანებში, მაგრამ ისიც აუცილებლად სათქმელია, რომ იუვენტუსი და რომა სხვადასხვა კალიბრის კლუბები არიან.

ტოტის მაქსიმუმი ოქროს ბურთზე მეხუთე ადგილი იყო, 2001 წელს, როცა რომა ჩემპიონი გახდა. ამაზე ახლოს ოქროს ბურთთან აღარ ყოფილა. თავად კი ამბობს რეალში რომ გადავსულიყავი რამდენიმე ოქროს ბურთს მოვიგებდიო. რა ვიცი აბა...
ტოტი სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ გახდა - 2000 და 2003 წლებში;
სერია A-ს ბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი 2007 წელს;
სერია A-ს ბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი 2007 წელს;
დელ პიერომ სერია A ექვსჯერ მოიგო, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მოიგო სერია B-ც, ბოლომდე უერთგულა იუვეს, მიუხედავად იმისა, რომ დაქვეითებულს რეალი და მანჩესტერი კალთებს აგლეჯდნენ;
ჩემპიონთა ლიგა მოიგო 1995/96 წლების სეზონში, ფინალი კი სამჯერ წააგო - 1996/97, 1997/98 და 2002/03 წლების სეზონებში;
გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი - 1997/98 წლების სეზონში;
სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ - 1998 და 2008 წლებში;
2008 წელს გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი;
სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ - 1998 და 2008 წლებში;
2008 წელს გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი;
თავად განსაჯეთ ვინ უკეთესია, მე კი იმავეს ვიტყვი, რაც დასაწყისში - ადრეული დელ პიერო, გვიანდელი ტოტი.















