ცხადია, ეს ფაქტი ქართველი თავდამსხმელის დამსახურებას სულაც არ აკნინებს. ლეგენდარულმა შემტევმა დატოვა წარუშლელი კვალი, როგორც თბილისის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოში, ისე სსრკ-ს ეროვნულ გუნდშიც. 70-იანებისა და 80-იანების გასაყარზე ჩატარებული ზემოაღნიშნული 2 მატჩი ამის ნათელი მტკიცებულებაა.

ქართული ტრიო ევროპის მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ
1979 წლის 5 მაისს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა "წითლებსა" და ევროპის იმდროინდელ მოქმედ ჩემპიონებს, "ბოჰემიელებს" შორის. სტუმრებს ჰყავდათ პრაქტიკულად იგივე შემადგენლობა, რომლითაც "ლოკომოტივამ" ევრო 1976 მოიგო. მოსკოვში ჩამოვიდნენ ზდენეკ ნეჰოდა, იაროსლავ პოლაკი, ანტონ ონდრუში და რა თქმა უნდა, საკულტო 11-მეტრიანის ავტორი, ანტონინ პანენკა.
"არმიის" რიგებში კი იმ შეხვედრაში თამაშობდა სამი ქართველი - ჩვენი სტატიის გმირი შენგელია, ასევე ვიტალი დარასელია და ვახტანგ ქორიძეც. ფავორიტებად მოიაზრებოდნენ ევრო 1976-ის ტრიუმფატორები, მაგრამ ეს მოსაზრება გაბათილდა მატჩის დებიუტშივე, როდესაც მე-20 წუთისთვის ტაბლოზე უკვე 2:0 იყო.
მე-17 წუთზე, ოლეგ ბლოხინის ჩაწოდების შემდეგ, ანგარიში გახსნა ქორიძემ, ზუსტად სამ წუთში კი რამაზმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ცნობისთვის, ქართველმა ფორვარდმა "ლომების" კარი დარასელიას ასისტით აიღო. საბოლოო წერტილი მატჩში დასვა ვაგიზ ხადიატულინმა, რომელმაც მოქმედ ჩემპიონებს 89-ე წუთზე გაუტანა.

1981 წელი - შენგელიას ბენეფისი
აღნიშნული ნაკრებების შემდეგი დაპირისპირება შედგა 1981 წლის 28 ოქტომბერს, თბილისში. ამჯერად შეხვედრა იყო არა ამხანაგური, არამედ სასწორზე 1982 წლის მუნდიალის საგზური იდო. იოზეფ ვენგლოსის გუნდის გარდა, კონსტანტინ ბესკოვის შეგირდების მეტოქეები შესარჩევის ჯგუფში თურქეთის, უელსისა და ისლანდიის ნაკრებები იყვნენ.
თასების მფლობელთა თასზე დინამოს ტრიუმფის შემდეგ, საქართველოში იყო ნამდვილი საფეხბურთო ბუმი და გულშემატკივრებს ჩეხოსლოვაკეთთან მატჩიც არ გამორჩენიათ. თამაშს დაესწრო 80 000 ქომაგი, რომელთა თვალწინ შენგელიამ "ბოჰემიელებს" 2 ბურთი გაუტანა. სტუმრებმა ლეგენდარული შემტევის დუბლს ვერაფერი დაუპირისპირეს და საბოლოოდ ის მატჩი საბჭოთა კავშირის ეროვნული გუნდის მოგებით დასრულდა.
ქართველ თავდამსხმელს ჰქონდა კარიერის საუკეთესო მომენტი - სსრკ-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და როგორც აღვნიშნეთ, თასების თასის ტრიუმფატორი. ამის გარდა, რამაზი ფიგურირებდა ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის, სადაც მან მე-7 პოზიცია დაიკავა. დინამოს ფორვარდთან ერთად, სიაში იყვნენ მისი თანაგუნდელებიც: ალექსანდრე ჩივაძე (მე-8) და დავით ყიფიანი (მე-11 პოზიცია).

თბილისური გუნდის მე-11 ნომერს გამოკითხვაში აჯობეს კარლ-ჰაინც რუმენიგემ, პოლ ბრაიტნერმა, ბერნდ შუსტერმა, მიშელ პლატინიმ, ოლეგ ბლოხინმა და დინო ძოფმა. შენგელიამ 1981 წელს საერთო ჯამში ჩაატარა 46 მატჩი და გაიტანა 36 ბურთი. დავუბრუნდეთ 1982 წლის მუნდიალის შესარჩევს, რომელშიც "ლოკომოტივას" გარდა, ქართველმა ფორვარდმა 2-ჯერ თურქეთის კარიც აიღო.
რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპის საბოლოო შედეგს, "წითლებმა" 14 ქულით დაიკავეს პირველი ადგილი, რაც ესპანეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად სრულიად საკმარისი გამოდგა. რამაზი გაიბრწყინებს უშუალოდ მუნდიალზეც, (გოლი შოტლანდიასთან, 2 ასისტი ახალ ზელანდიასთან), მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

პარალელი თანამედროვეობასთან
როგორც აღვნიშნეთ, დინამოს ყოფილმა თავდამსხმელმა "ლომებს" საერთო ჯამში გაუტანა სამი გოლი, რაც ქართველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია. თბილისური კლუბის ლეგენდარულ მე-11 ნომერთან ყველაზე ახლოს ამ დროისთვის არის გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ივან ჰაშეკის გუნდის კარის აღება უკვე 2-ჯერ მოასწრო.
ქართველმა თავდამსხმელმა ჩეხეთს გაუტანა ჯერ განვლილ ევროპის ჩემპიონატზე, შემდეგ კი ერთა ლიგაზეც. დღეს, "ჯვაროსნებს" ელით მორიგი შეხვედრა "ბოჰემიელების" წინააღმდეგ და ცხადია, ამ ყველაფრის მონაწილე ლიონის ფორვარდიც იქნება. უკრაინის ეროვნულ გუნდთან გამართულმა მატჩმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ როგორი საოცარი გოლის ალღო აქვს 24 წლის შემტევს.
ჩვენი ნაკრების 22-ე ნომერმა "ყვითლებს" შეცვლაზე შემოსვლიდან ცხრა წუთში გაუტანა. იმედი დავიტოვოთ, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელი იგივე შემართებით "ლოკომოტივასთან" მატჩშიც იქნება. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ჯგუფში 1-ელი პოზიციის დასაკავებლად, "თეთრ-წითლებს" მხოლოდ მოგება სჭირდებათ.


















