მიმდინარე წლის მაისში ოლექსანდრ უსიკმა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა ტაისონ ფიური, რითაც ის მძიმე წონაში აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. 21 დეკემბერს გაიმართება რემატჩი, შეხვედრის ადგილი კი ისევ რიადი იქნება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ტიტანების ბრძოლის მე-2 ნაწილისგან.
ბრძოლა უკვდავებისთვის
ბრიტანელმა მოკრივემ პირველ ბრძოლაში ვერ მოახერხა მთელი 12 რაუნდის განმავლობაში თავისი უკრაინელი მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ის უზღუდავდა "კატას" სივრცეს, პერიოდულად სთავაზობდა მას აპერკოტებს და ამის გარდა, მოწინააღმდეგეს დისტანციაზე იჭერდა. "ბოშათა მეფემ" ამ ყველაფერზე ძალიან ბევრი ძალა დახარჯა.
დიახ, 36 წლის მოკრივე დროთა განმავლობაში დაიღალა და ბრძოლის მეორე ნახევარში მისი ერთიანი დარტყმები აღარ იყო ისეთი მომაკვდინებელი, როგორც თავიდან. არ უნდა დაგვავიწყდეს გატეხილი ცხვირიც, რამაც ფიურის სუნთქვაში პრობლემები შეუქმნა. მის 37 წლის მეტოქეს კი პირიქით, გამძლეობის მხრივ ყველაფერი მწყობრში ჰქონდა.
უსიკმა ბრძოლის მაღალი ტემპი მარტივად აიტანა, ეს არც არის გასაკვირი - მისი ფენომენალური ფორმიდან გამომდინარე, სპორტსმენი კიდევ ბევრს აიტანდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკრაინელმა მოკრივემ თავის ბრიტანელ მეტოქეს ზიანი პირველივე რაუნდში მიაყენა. აბსოლუტური ჩემპიონი ყოველთვის ძალიან ბევრს მოძრაობს, მაგრამ ტაისონთან ბრძოლაში ოლექსანდრმა ჩვეულებრივზე ნაკლები მოქმედება განახორციელა.

სტატისტიკისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ დარტყმების რაოდენობა - 407 "კატის" ანგარიშზე, რაც 90-ით ნაკლებია "ბოშათა მეფის" შედეგთან შედარებით. პირველ ბრძოლაში იყო მომენტები, როდესაც 36 წლის მოკრივე იხსნებოდა შეტევის დროს, უსიკი კი მას კონტრდარტყმებით სჯიდა. გამოსარჩევია ისიც, რომ ფიურიზე უარყოფითი გავლენა, გარკვეულწილად, მისმა კუთხემაც იქონია.
როგორც კი ბრიტანელი მოკრივე სკამზე ჯდებოდა, ერთდროულად სამი ადამიანი - მისი მამა ჯონი, შუგაჰილ სტიუარდი და ენდი ლი მას რჩევებს აყრიდნენ. ტაისონს ნამდვილად არ სჭირდებოდა გონების ზედმეტად დატვირთვა, დიდი ალბათობით, ის ამ ყველაფერს რემატჩში აღარ დაუშვებს. უკრაინელი ჩემპიონის კუთხეში კი საპირისპირო რამ ხდებოდა. მან ეს სიმშვიდე, როგორც უპირატესობა, ისე გამოიყენა.
როგორც აღვნიშნეთ, პირველ ბრძოლაში "ბოშათა მეფე" ყველაზე სახიფათო იყო მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგეს აპერკოტს სთავაზობდა. ოლექსანდრმა მომზადების დროს დიდი დრო დაუთმო თავისი 36 წლის მეტოქის ყველაზე სახიფათო იარაღის განეიტრალებას, რადგან ის აცნობიერებს, რომ შეცდომის დაშვებას შესაძლოა სავალალო შედეგი მოჰყვეს.

რაც შეეხება მოკრივეების მენტალურ მდგომარეობას, "კატა" როგორც ყოველთვის მშვიდი და კონცენტრირებულია. მეამბოხე სული არც ფიურის მოქმედებებში შეინიშნება. ბრიტანელი მოკრივის მხრიდან არ ყოფილა შოუს ელემენტები და არც მეტოქის პროვოცირების მცდელობები. შესაძლოა, გასული ბრძოლის შემდეგ, ტაისონმა გააცნობიერა, რომ თავისი 37 წლის ოპონენტის წინააღმდეგ ეს ყველაფერი უბრალოდ არ მოქმედებს.
"ბოშათა მეფეს" რამდენიმე ეპატაჟური მომენტი ჰქონდა უშუალოდ ბრძოლის დროს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ უსიკი მაინც უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. რთული სათქმელია, თუ რა გავლენა მოახდინა 36 წლის მოკრივეზე პირველ ბრძოლაში წაგებამ: მორალურად გატეხვა თუ ცეცხლის ახლებურად ანთება...ყველა კითხვას პასუხი რიადში გაეცემა.

უკრაინელი ჩემპიონის სიმშვიდეზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა არის ერთი ფსიქოლოგიური მომენტი, რაშიც უპირატესობა ფიურის აქვს. საქმე ისაა, რომ ბრიტანელ მოკრივეს აღარ აქვს "წაუგებელის" სტატუსი და შესაბამისად, ის უფრო ნაკლები წნეხის ქვეშ არის. უხეშად რომ ვთქვათ, დასაკარგი მას ოლექსანდრზე ნაკლები აქვს, რაც უფრო მეტ სითამამესა და ემოციურ თავისუფლებას მისცემს.
"კატა" კი თავისი სრულყოფილი კარიერით ნამდვილად უდიდესი ზეწოლის ქვეშ იქნება. დიახ, სამ ქამართან ერთად, მისთვის სასწორზე "დაუმარცხებლის" სტატუსიც დევს. წაგების ფასი ნამდვილად ძვირია, მაგრამ ჩვენ წინაშე არის ჩემპიონი, რომელმაც თავისი კარიერისა და ცხოვრების განმავლობაში, პრაქტიკულად ყველაფერს გაუძლო.

მემკვიდრეობა
აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა მემკვიდრეობას ტოვებენ 36 წლის ჩემპიონი და ტაისონი.
დავიწყოთ პირველით - სადებიუტო საჩემპიონო ბრძოლა მძიმე წონაში უსიკმა 2021 წელს გამართა. 3 წლის შემდეგ, ის უკვე აბსოლუტურ ჩემპიონად მოგვევლინა. წონის შეცვლის მომენტში, ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა უკრაინელი მოკრივის დომინაციას "ბოშათა მეფისა" და ენტონი ჯოშუას მსგავს ტიტანებზე.
ოლექსანდრმა დაამარცხა ორივე, თანაც სხვადასხვანაირად - ფიური ხასიათით, ეიჯეი კი - კლასით. მას აქვს უამრავი გამორჩეული თვისება, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც "კატის" საჩემპიონო ხასიათი არის. მას უწინასწარმეტყველებდნენ მენტალურ დაღმასვლასა და დაღლას, მაგრამ ის კრივის სამყაროს ყოველ ჯერზე გაოცებულს ტოვებდა.
გავიხსენოთ თუნდაც ტაისონთან ბრძოლა: 37 წლის ჩემპიონი შვიდი რაუნდის შემდეგ მარცხდებოდა, თუმცა რაც შემდეგ მოხდა, ყველამ კარგად ვიცით. არ უნდა დაგვავიწყდეს ჯოშუასთან ბრძოლის მე-9 რაუნდში მიღებული დაზიანებებიც, მაგრამ უსიკმა ეს ყველაფერი მე-10 რაუნდში უბრალოდ გააბათილა და გააქრო.

უკრაინელმა ჩემპიონმა ეს 35+ წლის ასაკში მოახერხა. დიახ, მას მძიმე წონაში მხოლოდ რამდენიმე ტოპ მოწინააღმდეგე ჰყავდა, თუმცა ვინ იფიქრებდა, რომ იგივე "ბოშათა მეფე" ოდესმე მსხვერპლის როლში აღმოჩნდებოდა? ეს ყველაფერი ოლექსანდრმა გააკეთა. მან 6 ბრძოლაში მძიმე წონითი დივიზიონი თავიდან ბოლომდე გაწმინდა.
"კატის" ეპოქა და მისი კარიერის პიკი ჯერ არ დასრულებულა. ის ახლაც უდიდესი მოკრივეა, რომელმაც კარიერის განმავლობაში ნამდვილ ტიტანებს მოუგო. 37 წლის ჩემპიონის მემკვიდრეობა წლების შემდეგ კიდევ უფრო ფასეული გახდება და ფიურის მეორედ დამარცხების შემთხვევაში, ის საბოლოო წერტილს დასვამს.
ყველა დროის უდიდეს მოკრივეებს შორის თავის ადგილს, რა თქმა უნდა, იმსახურებს უსიკის ბრიტანელი მოწინააღმდეგეც, განსაკუთრებით იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან გამოიარა. ტაისონის ცხოვრების შესახებ აუცილებლად გადაიღებენ სერიალს, თანაც მრავალსეზონიანს. ეს იქნება ისტორია სპორტსმენზე, რომელიც ფსიქოლოგიური პრობლემებისა და აკრძალული ნივთიერებების მიღების შემდეგ კარგავს ყველაფერს, ბოლოს კი ისევ მწვერვალზე ბრუნდება.

გგონიათ ეს ჰოლივუდური სცენარია? - არა, ეს "ბოთაშა მეფის" რეალური ცხოვრების განვლილი გზაა. ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის შემდეგ, სკანდალურმა მოკრივემ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დაბრუნება შემოგვთავაზა. გაიხსენეთ დეონტეი უაილდერთან ბრძოლის მე-12 რაუნდი, როდესაც ნოქდაუნში მყოფმა ფიურიმ ფორმის პიკში მყოფ მეტოქესთან ბრძოლა მაინც არ წააგო.
მოგვიანებით, ბრიტანელმა მოკრივემ თავისი ამერიკელი მოწინააღმდეგე ორ ბრძოლაში დაამარცხა, რითაც მისი ჰეგემონიაც დაასრულა. დიახ, ის არ გამხდარა აბსოლუტური ჩემპიონი, მაგრამ ტაისონის ცხოვრება ისე არის მოწყობილი, რომ მის გარშემო აუცილებლად უნდა იყოს რაღაც დრამატული და ტრაგიკულიც კი.

"ბოშათა მეფის" ფენომენი ისიც არის, რომ იგი 120+ კილოგრამიანი მძიმეწონოსანია, რომლისთვისაც მოწინააღმდეგის ნოკაუტში გაშვება პრიორიტეტი არასდროს ყოფილა. 36 წლის მოკრივე ეთამაშება და ღლის თავის მეტოქეებს, ბოლოს კი ტექნიკის ხარჯზე უგებს. ასე იყო "ბრინჯაოსფერ ბომბდამშენთან" ბრძოლაშიც.
ფიური პირველი ბრძოლის შვიდ რაუნდში თავის უკრაინელ მოწინააღმდეგეზეც კი დომინირებდა. ამ უკანასკნელის წარმოუდგენელი გამძლეობა რომ არა, ეჭვგარეშეა, მსოფლიოს სხვა აბსოლუტური ჩემპიონი ეყოლებოდა. ბრიტანელმა მოკრივემ ძალიან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს სანახაობას + შედეგი, ის ამ მხრივ ნამდვილად უკონკურენტოა.


















