არასდროს ვაპატიებ
როდის დაიწყო და 1976 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ყიფიანი ამ დროს ერთ-ერთი საუკეთესოა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, 1976 წელს საბჭოთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მეორე ადგილზე გავიდა, 1977 წელს კი ოლეგ ბლოხინს აჯობა და საუკეთესო გახდა. ასე რომ, ეს ყიფიანის ოქროს წლებია. ამას ამბობდა ვიქტორ ზვიაგინცევიც - „ყიფიანი იმ წელს ბრწყინვალედ თამაშობდა, ყველა კითხულობდა რატომ არ არის დავითი ნაკრებშიო, ლობანოვსკისთვის კი წარმოუდგენელი იყო ვინმეს ეკარნახა ესა და ეს ფეხბურთელი გამოიძახეო, მაგრამ ქართელებმა შევარდნაძე ჩარიეს საქმეში და ლობანოვსკი აიძულეს ყიფიანი ოლიმპიადაზე წაეყვანა."
მერე კი ვიცით რაც მოხდა, საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, მაგრამ ყიფიანს ერთი წუთიც არ უთამაშია. ლობანოვსკიმ ბოლომდე სკამზე დატოვა, ეს კი ნიშნავდა იმას, რომ ქართველს მედალი არ შეხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე ადგილისათვის მატჩში ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის ნაკრებს 2:0-ს უგებდნენ, ერთი წუთიც ვერ გაიმეტა მისთვის. „ეს ლობანოვსკის შურისძიება იყო კომუნისტების მიმართ. ოლიმპიადაზე მე და ყიფიანი გვერდიგვერდ ვცხოვრობდით, საერთო აივანი გვქონდა, საღამოობით ერთად ვიჯექით და ვეწეოდით. ყიფო იმ დღეს ცრემლიანი იყო - ამას არასდროს ვაპატიებო - თქვა.” - იხსენებს ზვიაგინცევი.

ლობანოვსკი-ყიფიანის თემა 1982 წელსაც აქტუალური იყო, როცა საბჭოთა კავშირმა ექსპერიმენტი ჩაატარა და სამი მთავარი მწვრთნელი დანიშნა - ლობანოვსკი, ბესკოვი და ახალკაცი. ვლადიმერ გუცაევი იხსენებს, რომ ზამთრის შეკრებაზე აბსოლუტური ქაოსი იყო, სამივე მწვრთნელს განსხვავებული მეთოდოლოგია ჰქონდა და ყველა თავისებურად ამზადებდა გუნდს. მსოფლიო ჩემპიონატზე კი ყიფიანი არ წაიყვანეს. ახლა რთულია იმის თქმა ვის ეკუთვნოდა გადამწყვეტი სიტყვა, მაგრამ ფაქტია, რომ ყიფიანი მიღმა დარჩა, ეს ამბავი ისე მძიმედ მიიღო რომ ფეხბურთის თამაშს თავი დაანება. ამ სამი მწვრთნელიდან კი არცერთთან არ ჰქონია კარგი ურთიერთობა.
ქართველებმა ეს ამბავი შოვინიზმის გამოვლინებად ჩათვალეს. ამ დროისთვის უკვე ჰქონდა ქართულ ფეხბურთს ჩაგრულის მანტია მორგებული. ამბობდნენ, ევროპაში გვჩაგრავდნენ როგორც საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებს, და საბჭოთა კავშირში გვჩაგრავდნენ, როგორც ქართველებსო. „ყიფიანის საქმე” კი ჭრილობაზე მარილი გამოდგა.
ყველას თავისი კინო აქვს
შოვინიზმი გადამეტებულად მიმაჩნია, არა მგონია, აქ ეთნიკურ სიძულვილთან გვქონოდა საქმე, უბრალოდ ლობანოვსკი პირველ რიგში, კიეველ ფეხბურთელებს ეყრდნობოდა, ბესკოვი მოსკოველებს, ორივე სლავური ფეხბურთის პროდუქტი იყო და არა კავკასიურის. არც ის იყო გასაკვირი, რომ საბჭოთა ნაკრებში ქართველებს ყველაზე მეტად ნიკიტა სიმონიანი ენდობოდა, ქართული და სომხური ფეხბურთი ხომ უფრო ინდივიდუალიზმზე იდგა. ასე რომ, ტაქტიკური თვალსაზრისით ეს ყველაფერი მარტივი ასახსნელია.
თუმცა, კონფლიქტი ლობანოვსკისა და ყიფიანს შორის, კიდევ ერთი პერსპექტივიდან გვაძლევს ანალიზის გაკეთების საშუალებას. ეს არის ფსიქოლოგიური პერსპექტივა, მოდი, დავარქვათ ფროიდული პერსპექტივა, მისი 1917 წლის ნამუშევრის “გლოვა და მელანქოლიის” საფუძველზე. საქმე ის არის რომ ვალერი ლობანოვსკიმ თავისი ცხოვრების განმავლობაში რადიკალური ტრანსფორმაცია განიცადა, არ შეცვლილა მისი ხასიათი - ისევ ისეთი ჯიუტი, მტკიცე და ჭირვეული დარჩა, მაგრამ აბსოლუტურად შეიცვალა მისი მსოფლმხედველობა, რომელიც ადრეული წლების მენტალურ ტრავმებთან არის დაკავშირებული, დავით ყიფიანი კი სრულიად შესაძლებელია ამ ტრავმების „ტრიგერად” ქცეულიყო. მოდი, მივყვეთ თანმიმდევრულად.
ინდივიდუალისტი ლობანოვსკი
ვალერი ლობანოვსკი ნიჭიერი, ტექნიკური ფეხბურთელი იყო, კიეველი ქომაგების ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედ ითვლებოდა, მაგრამ ის ფეხბურთი მაინც ვერ ითამაშა, რომელსაც მისგან ელოდნენ. ზედმეტად კონფლიქტური იყო ამისათვის, მოუხელთებელი საბჭოთა სისტემისთვის. ლობანოვსკი საბჭოთა კავშირში განსაკუთრებით პოპულარული გახდა სტანდარტული მდგომარეობების შესრულების სტილით, იცნობდნენ როგორც „ხმელი ფოთოლის” ავტორს. თუ საზღვრის მიღმა ეს სტატუსი ბრაზილიელ დიდის ჰქონდა, საბჭოეთში ლობანოვსკი იყო ამ დარტყმის ოსტატი და კუთხურიდან ხშირად პირდაპირ კარისკენაც ახვევდა ხოლმე ბურთს. ამბობენ, რომ ამასაც უფრო მეცნიერული სიზუსტით უდგებოდა, აქაც უმეტესად მათემატიკური გათვლა ჰქონდა და არა გრძნობა. დიდი გრძნობდა, ლობანოვსკი კი ითვლიდა.

„ამ ბიჭს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ დიდ ფორვარდად იქცეს: სწრაფი აზროვნება, იშვიათი ხედვა, მისი სიმაღლისათვის შეუფერებელი მოქნილობა და კოორდინაცია, კარგი აჩქარება და ნახტომი, შრომისმოყვარეა, კარგი დარტყმა აქვს, მამაცია, ტექნიკურია და კარგი დრიბლინგი აქვს, მისი წაქცევაც რთულია.” - ასე ახასიათებდა ლობანოვსკის თავისი პირველი მწვრთნელი, მიხაელ კარსუნსკი. თუმცა, ამ დროს ლობანოვსკი ჯერ არ ავლენდა ხასიათს, 18-19 წლის ასაკიდან კი მწვრთნელებისთვის აუტანელი გახდა მასთან მუშაობა.
„ვალერა, ბევრ სითხეს ნუ იღებ - უთხრეს ლობანოვსკის, რომელმაც მთელი ბოთლი წყალი ერთ მიყუდებაზე ჩაცალა, გააფრთხილეს ვარჯიშისათვის ცუდიაო. ვალერიმ კი უპასუხა ისე, როგორც საბჭოთა კავშირში მწვრთნელებს არ პასუხობდნენ - “ალეგ ალექსანდროვიჩ, მეფე გაროხის (მხატვრული პერსონაჟი) დროს თვლიდნენ ასე, მე კიდევ ფრანგი მეცნიერის სტატია წავიკითხე, ის წერს რომ მძიმე დატვირთვის მერე ორგანიზმისთვის სავალდებულოა სითხის მიღება. ეგ კი არა, ტაბლეტებსაც იღებენ ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებისთვისო.” - აქ გაისმა ჯერ კიდევ პატარა ლობანოვსკის ძლიერი ხმა, მეცნიერის ხმა, რომელიც თანამედროვე მეცნიერების კვლევით იყო დაკავებული და სამეცნიერო პროგრესის ფეხბურთში გადმოტანა სურდა. ასეთ ხასიათთან ერთად მეტად შრომისმოყვარე ადამიანიც ყოფილა, თითქოს შეპყრობილი იმ იდეით, რომ რასაც ხელს მოკიდებდა ყველაფერი სრულყოფილებამდე დაეხვეწა.
ევგენი კატელნიკოვი (მისი თანაგუნდელი ახალგაზრდულ გუნდში) იხსენებს - „ტექნიკა მისი მთავარი კოზირია, ეს ბავშვობიდან დახვეწა, მთელი ზამთარის განმავლობაში, სანამ ჩვენ ვისვენებდით ის ვარჯიშობდა, დერეფანში ბურთის კენწვლით გაუჩერებლად დადიოდა წინ და უკან, შეგვიძლია ვუთანაგრძნოთ მის მშობლებსა და მეზობლებს, მაგრამ ვარჯიშზე შეხვედრისას აღმოვაჩინეთ რომ ტექნიკურად ყველაზე კარგად იყო მომზადებული.”
პირველი დიდი უთანხმოება მწვრთნელებთან მაშინ დაიწყო, როცა ცენტრფორვარდი ვალერი ლობანოვსკი ფლანგზე გადაწიეს. ვერ ვიტყვით რომ მიშა მესხივით ვირტუოზი იყო, მაგრამ მასში კარგი გარემარბი დაინახეს, თავად ვალერის კი ეს ძალიან არ მოეწონა, - „მომწონდა ცენტრში თამაში, სხვა პოზიციაზე თამაშის წარმოდგენაც არ მსურდა, მაგრამ დინამოს მთავარმა მწვრთნელმა სალოვიოვმა მარცხენა ფლანგზე გამამწესა, როგორთუ მარცხენა? მას ჩემი დაკარგვა სურს, გადამალვა? - ვფიქრობდი მაშინ და მწვრთნელებთან ვკამათობდი.” - იხსენებდა თავად ლობანოვსკი.
სალოვიოვი კი აი რას ამბობდა მასზე - „თითქმის ყოველ დღე გვიწევდა მთელ გუნდს შეკრება და ლობანოვსკის საკითხის განხილვა, ის არაფერზე გვეთანხმებოდა, ძალიან პირდაპირი და ჯიუტი იყო, ახლა ვხვდები, რომ რაღაცებში მართალი იყო, მაგრამ ასე მუშაობა შეუძლებელია, თავი ყოველთვის მართალი ეგონა.”

ლობანოვსკი საბჭოთა ნაკრებში მოხვდა, მაგრამ კაჩალინმა ისე გააკრიტიკა, იქვე მოუსპო სანაკრები პერსპექტივა - „მცველების დაჩაგვრას მხოლოდ სისწრაფის ხარჯზე ცდილობდა, რაც არ გამოუვიდა. ყველა მცდელობა შეტევის ჩაშლით დასრულდა. ისე თამაშობს საერთოდ არ ფიქრობს. თანაგუნდელები ვერ გრძნობენ, ისევე როგორც თავად ვერ გრძნობს მათ. რჩევებს არ უსმენს. თამაშობს ისე რომ მეტოქის კართან საფრთხეს ვერ ქმნის. მშიშარაა, მაღალ ბურთებზე არ თამაშობს. ბევრი ტექნიკური ბრაკი აქვს.” - აი ასე, კაჩალინმა მიწასთან გაასწორა. ძირითადიდან ვერც მიშა მესხს ამოაგდებდა, ვერც ვიქტორ პონედელნიკს, მაგრამ ვალერისთვის სკამიც ვერ გაიმეტეს. მიუხედავად ასეთი კრიტიკისა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ნაკრების კარი დაიკეტა, 1962 და 1963 წლებში საუკეთესო უკრაინელი ფეხბურთელი გახდა, მაგრამ ამავე წელს, კაჩალინმა კიდევ ერთხელ გადაუარა და ამჯერად არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა: „სამწუხაროდ ამ ნიჭიერ ფეხბურთელს ვარსკვლავური სენი შეეყარა და ეს სენი პროგრესირებს.. დინამოს შემადგენლობა ამით ძალიან უკმაყოფილოა, ცდილობენ რაიმე უშველონ ამ ამპარტავან და ეგოისტ ფეხბურთელს, მაგრამ სამწუხაროდ ლობანოვსკი არასწორად იღებს თანაგუნდელების კრიტიკას.”
ვკითხულობ კაჩალინის სიტყვებს და თითქოს ასაკოვანი ლობანოვსკის ხმა მესმის, უკვე მწვრთნელის ამპლუაში. როგორც წესი, თავად იყო ასეთი დაუნდობელი ფეხბურთელების მიმართ. შეუძლებელია აქ ის ღრმა ტრავმა ვერ დაინახო, რომელიც ლობანოვსკის, როგორც ფეხბურთელს მიაყენეს. ის თამაშობდა ისეთ ფეხბურთს, რომელსაც მწვრთნელობის დროს ვერაფრით ვერ ეგუებოდა და ასეთ ფეხბურთელს ახლოსაც არ გაიკარებდა. „ვალერას დაცვაში თამაში არ სურდა, შავ სამუშაოს არასდროს ასრულებდა, მიაჩნდა რომ ეს მისი პასუხისმგებლობა არ იყო.” - ამბობდა მისი თანაგუნდელი ევგენი კატელნიკოვი.
ლობანოვსკის კიევური კარიერა ვიქტორ მასლოვთან კონფლიქტს შეეწირა. მასლოვი იყო პირველი, რომელმაც 1964 წელს გუნდი 4-4-2 ით ათამაშა, ფლანგის მოთამაშეებს მოთხოვა შეტევის დროს ცენტრისკენ შეწეულიყვნენ და განაპირა მცველებისთვის სივრცე დაეთმოთ, რაც ლობანოვსკისათვის, რომელიც ძლივს შეეგუა ფლანგზე თამაშს, კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა - „არ მესმოდა რა სურდა, მას არ სჭირდებოდა ისეთი ფეხბურთელები როგორიც მე და ბაზილევიჩი ვიყავით, სურდა ფლანგიდან ცენტრში შევწეულიყავით და ფლანგზე ჩართული მცველისთვის დაგვეთმო სივრცე, ეს კი ჩემთვის გაუგებარი იყო. ვთამაშობ ისე, როგორც ვთამაშობ, მორჩა!” - წერს ლობანოვსკი ავტობიოგრაფიულ წიგნში.
„შინიკთან 2:2-ის შემდეგ გასახდელში ვიჩხუბეთ და მივხვდი, რომ ჩემი დრო დინამოში დასრულებულია. ლობანოვსკი-ფეხბურთელს მეც ასე მოვექცეოდი. მასლოვი მართალი იყო.” - მოგვიანებით ვალერი ლობანოვსკიმ ყოფილი მწვრთნელები დადებითად დაახასიათა. აქ უკვე ჩანდა მისი როგორც მწვრთნელის და შესაძლოა, როგორც პიროვნების ცვლილება - „მე, ლობანოვსკი-ფეხბურთელს, არ შემეძლო სალოვიევისა და მასლოვის ნააზრევი მიმეღო, მაშინ ამისთვის ჯერ კიდევ ძალიან მოუმზადებელი ვიყავი.”
შემდეგ კი ის გარდამტეხი დღეც დადგა, როცა მისი რადიკალური ცვლილების, როცა საფეხბურთო სამყაროში ალბათ ყველაზე დიდი ტრანსფორმაციის დრო მოვიდა. ეს დღე მოგვიანებით ვიქტორ სერებრენიკოვმა გაიხსენა - „პირველი გუნდი, რომელიც ლობანოვსკიმ ჩაიბარა დნეპრი იყო, ჩვენთან მთაში შეკრებაზე მოვიდა, სამი კვირით ჩაიკეტა მასლოვთან ერთად, მოხუცმა მას მთელი თავისი ცხოვრების კონსპექტები გადასცა”.
ფროიდული მელანქოლია
წარმოიდგინეთ ლობანოვსკი-ფეხბურთელის აბსოლუტური ანტიპოდი, და თქვენ მიიღებთ ლობანოვსკი-მწვრთნელს. ნუთუ, საერთოდ შესაძლებელია ასეთი ტრანსფორმაცია? ინდივიდუალიზმის მიმართ მისი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, შესაბამისად, ვერც ინდივიდები აიტანა. სწორედ აქ ხდება აქტუალური ფროიდული პერსპექტივა, მისი ნაშრომიდან - გლოვა და მელანქოლია.
ალექსანდრ ხაპსალისი იხსენებს - „მასთან შეპასუხებას ვერ გაბედავდი. თუ დავალებას მისცემდა ფეხბურთელს და ვინმე იტყოდა - მე ვფიქრობ რომ.. ლობანოვსკი მაშინვე გააწყვეტინებდა და ეტყოდა - ნუ ფიქრობ, ითამაშე, მე ვფიქრობ შენს ნაცვლად.” მას არ სჭირდებოდა მოაზროვნე ფეხბურთელები, რომლებიც დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მას სჭირდებოდა ფეხბურთელები, რომლებიც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ მის დავალებებს. გუნდს მხოლოდ და მხოლოდ მისი ხელწერა უნდა ჰქონოდა. ერთი მხრივ, საშინელი უნდობლობაა საკუთარი ფეხბურთელების მიმართ, ფაქტობრივად ისე უყურებდა მათ, როგორც კიბორგებს, აღარაფერს ვამბობ ლეგენდად ქცეულ მეთოდოლოგიაზე, რომელიც ფეხბურთელებს ფიზიკური გამძლეობის ზღვარზე ამყოფებდა, ყოველთვის კლდის პირზე, სადაც რეალურად ხვდებოდი სად გადის ადამიანური შესაძლებლობების ზღვარი. ვინც ვერ გაუძლო და გატყდა, ის აუცილებლად შეიძულებდა ვალერი ვასილევიჩს, ხოლო, ვინც ამ ყველაფერს გაუძლო, მათთვის ალბათ წმინდანია, რომელმაც ფეხბურთელებს ახალი გზა აჩვენა ცხოვრებაში, თითქოს აღმოაჩენინა ის ძალა, რომელიც ღრმად იყო მინავლული მათ არაცნობიერში.

მის მეთოდოლოგიას იხსენებს კარლო ანჩელოტი - „ჯერ კიდევ რომაში ვთამაშობდი, როცა ლობანოვსკის ვარჯიშს ვაკვირდებოდი, ვარჯიშის ინტენსივობა წარმოუდგენელი იყო. მთელ მოედანს იყენებდა, სამ ჯგუფს ავარჯიშებდა, თითო ჯგუფში შვიდი ფეხბურთელი იყო. პირველი ორი ჯგუფი ერთმანეთში თამაშობდა, თავდასხმა დაცვის წინააღმდეგ, და როცა დაცვა აჯობებდა შეტევას, ბურთი ცენტრამდე რაც შეიძლება სწრაფად უნდა აეტანათ, სადაც მესამე ჯგუფთან იწყებდნენ თამაშს. ლობანოვსკი ამ ვარჯიშს 45 წუთის განმავლობაში შეუსვენებლად აგრძელებდა. ამ ვარჯიშის დანერგვა ერთხელ მადრიდის რეალში ვცადე, ფეხბურთელებმა მხოლოდ 15 წუთს გაუძლეს.”
შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ ლობანოვსკი საბჭოთა სისტემასთან დამარცხდა? რომ ეს ლაღი, ინდივიდუალისტური ფეხბურთის მოყვარული კაცი საბჭოთა სკოლის მთავარ დიქტატორად იქცა. როგორც მოთამაშეს გასაქანი არ მისცეს, ჩაკლეს მისი ვარსკვლავი, მერე კი თავად იქცა საბჭოთა სისტემის მთავარ საყრდენად, მთავარ სახედ, ფეხბურთის მთავარ მეცნიერად.
ფროიდის ტექსტს თუ მივყვებით, შეგვიძლია ლობანოვსკი მელანქოლიურ სუბიექტად დავინახოთ, ის არის მელანქოლიური სუბიექტი, რომლის „მესაც” არ შეუძლია რეალობის მიღება, ამ შემთხვევაში, ახალგაზრდობაში განცდილი მარცხის მიღება. ნარცისტული მოწყვლადობის გამო ის რეალობას ზურგს აქცევს იმისათვის რომ შეინარჩუნოს მკვდარი ობიექტი (ესე იგი, ლობანოვსკი-ფეხბურთელი). სწორედ ამის გამო მიმართავს რადიკალურ ფორმას იდენტიფიცირდეს ობიექტთან (ესე იგი, ყველა ინდივიდუალისტ ფეხბურთელთან, ჩვენი კვლევის შემთხვევაში კი ყიფიანთან). ლობანოვსკი ვერ გათავისუფლდა ახალგაზრდული ტრავმისგან, შეუმდგარობისგან, სისტემასთან მარცხის გამოცდილებისგან, რის გამოც 29 წლის ასაკში დაასრულა საფეხბურთო კარიერა. ლობანოვსკიმ ვერ გამოიგლოვა თავისი ფეხბურთელობა. ფროიდის მიხედვით მგლოვიარე გლოვობს ობიექტს და აგდებს მას, მელანქოლიკი კი ვერ სცილდება, ინახავს და დაუსრულებლად იდენტიფიცირდება ობიექტთან.
მელანქოლიური სუბიექტი ხშირ შემთხვევაში ტრავმისაგან გათავისუფლების რადიკალურ გზას ირჩევს, თვითმკვლელობის სახით, მაგრამ ის იკლავს არა საკუთარ თავს, არამედ კლავს იმ ობიექტს, რომელთან იდენტიფიცირებასაც ახდენს. ეს მელანქოლიური თვითმკვლელობაა. ყიფიანისათვის მიყენებული დარტყმა, რეალურად ლობანოვსკის დაუსრულებელი თვითმკვლელობის მცდელობაა, მცდელობა იმისა, რომ საკუთარ თავში მოეკლა ლობანოვსკი, როგორც ფეხბურთელი.
რა მოხდა, როცა 1976 წელს შევარდნაძე ჩართეს საქმეში და ლობანოვსკის ყიფიანის წაყვანა დაავალდებულეს? გაჩნდა საფრთხე რომ ის მეორედაც დამარცხდებოდა საბჭოთა სისტემასთან - ამჯერად, როგორც მწვრთნელი. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება ყველაზე ძლიერი „ჩამრთველი” აღმოჩნდა, ამიტომაც იყო მისგან რეაგირება ასეთი მძიმე, ასეთი სასტიკი. ამიტომაც მოხდა ასე მარტივად ყიფიანთან იდენტიფიცირება.

მეორე მხრივ, ლობანოვსკისეულ აღქმას ამძაფრებდა ის ამბავი, რომ გარდა მსგავსებისა - ყიფიანი პირველ რიგში, დიდი ინდივიდუალისტი იყო, ტექნიკური და ინტელექტუალი. იყო სხვაობაც, ყიფიანმა ლობანოვსკისგან განსხვავებით შეძლო და ინდივიდუალიზმი გუნდურობის ორგანულ ნაწილად აქცია - ამაში, ალბათ ქართული საფეხბურთო კულტურა და ნოდარ ახალკაცის ხედვაც ძალიან დაეხმარა. ფეხბურთელი ლობანოვსკი კი აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდა.
ასე რომ, ამ კონფლიქტში შოვინიზმზე მეტად ფროიდული პერსპექტივა უფრო დამაჯერებელი მგონია. ყიფიანი ერთგვარი სარკის როლს თამაშობდა მისთვის, წარსულის სარკის, სადაც ვალერის ძალიან არ უყვარდა ჩახედვა, რადგან მარცხისთვის თვალის გასწორება არ შეეძლო. ლობანოვსკისგან განსხვავებით, ყიფიანი სისტემამ ვერ გატეხა. ისეთად დარჩა, როგორიც ფეხბურთელობისას იყო. მათი კონფლიქტი კი დიდი ხელოვანისა და დიდი მეცნიერის დავას წააგავს.















