
არც მარადონა იყო პელე, და არც პელე ყოფილა დი სტეფანო - ასე ამბობდნენ თურმე ესპანეთში, ჩვენამდე ეს სიტყვა დავით ქლიბაძემ მოიტანა. სუბიექტურია, რა თქმა უნდა, იტალიაში სხვაგვარად ფიქრობენ და საერთოდ, ყველა მიწას თავისი მეფე ჰყავს. მაგრამ რა სიდიდისა და მნიშვნელობის ფეხბურთელზეა საუბარი, მე მგონი, აბსოლუტურად გასაგებია. მადრიდულ-ბარსელონური დავა კიდევ სპორტული თვალსაზრისით სწორედ აქედან იწყება, დი სტეფანოა ის მთავარი წყალგამყოფი საუკუნოვან სიძულვილს შორის.
ბერნაბეუ პრეზიდენტად
ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ რეალი არ სარგებლობდა უმდიდრესი კლუბის სტატუსით, ფინანსური თვალსაზრისით ბევრი პრობლემა ჰქონდათ, ბარსელონა კი ინდისტრიული რევოლუციის ცენტრში მოექცა, ათასობით ემიგრანტი მიაწყდა, ქალაქი ნელ-ნელა ფართოვდებოდა და განვითარდა ვაჭრობაც, ზღვასა თუ მიწაზე. კლუბსაც კარგი პერიოდი ჰქონდა, ყველაზე მეტი ტიტული მოიპოვა 1948-დან 1953 წლამდე.
ამ დროს მადრიდის რეალს სათავეში ჩაუდგა ომის ვეტერანი, ჯერ კიდევ 15 წლიდან რეალის ფეხბურთელი, შემდგომში კაპიტანი, ბორდის წევრი, ბოლოს კი პრეზიდენტი - სანტიაგო ბერნაბეუ. მისი ბედი ელ კლასიკომ განსაზღვრა, 1943 წელს ფანებს შორის დიდი შეტაკება მოხდა, რასაც ხელი შეუწყვეს პრეზიდენტებმა თავიანთი (როგორც აღმოჩნდა) უპასუხისმგებლო განცხადებებით. შეტაკების მერე ორივე კლუბის პრეზიდენტს გადადგომა მოუწია. ასე გახდა სანტიაგო ბერნაბეუ რეალის პრეზიდენტი. ისტორიკოსი დევიდ გოლბლატი წერს რომ სწორედ ამ დროს დაიწყო მადრიდის რეალის არქიტექტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება.

თავდაპირველად ბერნაბეუმ ინვესტიცია მოიზიდა სტადიონისთვის. „ახალი ჩამარტინი“ 1947 წელს გაიხსნა და 75 000 ადამიანს იტევდა, 1954 წლის რეკონსტრიქციის შემდეგ კი 125 000 ადამიანს. ასე დაიწყო რეალის ფინანსური ზრდა, იზრდებოდა შემომწირველების რიცხვიც, ბერნაბეუ კი ხვდებოდა, რომ არაფერი იყო დი სტეფანოს გაფორმებაზე მნიშვნელოვანი. ევროპაში მასზე ბევრი არაფერი იცოდნენ, არგენტინაში კი La Saeta Rubia-ს - ქერა ისარს უწოდებდნენ. დი სტეფანოს უკვე მოესწრო არგენტინისა და კოლუმბიის კლუბებსა და ნაკრებებში თამაში. მადრიდმა მისთვის ბრძოლა ბარსელონას მოუგო, ბევრი წინააღმდეგობრივი აზრიც გაჩნდა მას მერე, მათ შორის, კონსპირაციულიც, გამორკვევის შესაძლებლობას კი ფილ ბოლის წიგნი იძლევა სახელწოდებით - “Morbo: The Story of Spanish football”.
კოლუმბიაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის, ის ომი, რომელიც შთაგონების წყარო გახდა გაბრიელ გარსია მარკესისათვის დაეწერა თავისი ცხოვრების მთავარი წიგნი - მარტოობის ასი წელი. კოლუმბიაში ათიათასობით ადამიანი შეეწირა სამოქალაქო ომს, განუკითხაობა იყო მოედნებზეც, ამიტომ კოლუმბიურ კლუბებს FIFA საერთაშორისო მატჩების ჩატარებას უკრძალავდა. უკრძალავდა ტრანსფერებსაც, თუმცა, მსოფლიო ფეხბურთისა და დი სტეფანოსთვის საბედნიეროდ ეს აკრძალვა 1951 წელს მოიხსნა. მილონარიოსის ტურნე 1952 წელს სამხრეთ ამერიკაში დაიწყო და ესპანეთში დასრულდა. დი სტეფანომ დაამარცხა ვალენსია, სევილია და ბოლოს მადრიდის რეალი, სადაც უკვე დიდი მოლოდინით დახვდნენ. მატჩამდე სანტიაგო ბერნაბეუმ ისტორიული სიტყვებიც დაგვიტოვა: „Este tio huele a buen futbol - ამ ბიჭს დიდი ფეხბურთელის სუნი ასდის." ეს სიტყვები მოისმინეს მადრიდელებმა და არა მხოლოდ, იქვე იყო ბარსას დირექტორი, ლეგენდარული ჟოზეპ სამიტიერი, რომელმაც ერთხელ უკვე მოპარა მადრიდელებს დიდი ვარსკვლავი.
ვინ არის პეპე სამიტიერი
სამიტიერი ქალაქ ბარსელონის საყვარელი შვილია, დღემდე ცოცხლობს ლეგენდა სამ მეგობარზე - ჟოზეპ „პეპე“ სამიტიერი, ემილიანო საგი-ბარბა (ასევე ბარსას ლეგენდა) და სალვადორ დალი. ერთმანეთი ზღვაზე იპოვეს და მას მერე ყოველ წელს ტალღები და ბურთი აერთიანებდათ. ორი დიდი ფეხბურთელი შეიქნა, მესამე კი მსოფლიოს უდიდესი ხელოვანი.

სამიტიერის გზა ჰგავს რაღაცით სანტიაგო ბერნაბეუს გზას, ერთ-ერთი ვერსიით ბარსას ისტორიაში მეხუთე საუკეთესო ბომბარდირია. საუკეთესოც კარგა ხანს იყო, მერე კი გადაასწრეს სეზარმა, კუბალამ, ლუის სუარესმა და ლიონელ მესიმ. ქომაგებმა "ლობსტერი", და "კალია" შეარქვეს - განსაკუთრებული სტილის გამო, აკრობატული დარტყმები უყვარდა. ისტორიას შემორჩა მისი მესამე ზედმეტსახელი, რომელიც ბავშვობის მეგობარმა შეარქვა - სიურეალისტი. სალვადორს მიაჩნდა რომ ის, რასაც პეპე მოედანზე აკეთებდა ნამდვილი სიურეალიზმი იყო, ყოველ შემთხვევაში თავად ასე აღიქვამდა. ჯეკ გრინველის ბარსაში პეპეს თანაგუნდელები იყვნენ - საგი-ბარბა, პაულინიო ალკანტარა, რიკარდო ზამორა, ფელიქს სესუმაგა და ფრანც პლატკო. ამ გუნდმა 14 წლის განმავლობაში 12-ჯერ მოიგო კატალონიის თასი, ხუთი კოპა დელ რეი მიაყოლეს და ისტორიაში პირველი ლა ლიგის თასიც დადეს. კოპა დელ რეის ხუთი ფინალიდან ჟოზეპმა ოთხში შეძლო გოლის გატანა.
კარიერის მიწურულს, მენეჯმენტთან პრობლემების გამო სამიტიერმა და ზამორამ ბარსა დატოვეს და მადრიდში გადავიდნენ. ეს ჯერ კიდევ სამოქალაქო ომამდე მოხდა, ამიტომ მაინცდამაინც დიდი ხმაური არ მოჰყოლია. „კაცი, რომელზეც გიჟდება ხალხი და რომელთან საუბარიც შესაძლებელია.“ - ასე დაახასიათეს სამიტიერი გენერალ ფრანკოსთან. ამბობენ რომ მეგობრობდნენ კიდეც, ახლა ამის გაგება რთულია, ეზოში ფეხბურთი ნამდვილად არ უთამაშიათ ერთად, თუმცა, სადილზე ხშირად იწვევდნენ და მიდიოდა კიდეც. აბა, გაებედა და უარი ეთქვა.
ვალი ფრანკოსთან
პეპემ მწვრთნელის რანგში ბარსას ლა ლიგის მეორე ტიტულიც მოაგებინა, მერე კი სკაუტის როლი მოირგო. მისი მთავარი მონაპოვარი ლასლო კუბალას გადაბირება გახდა. უნგრელები ესპანეთში ჩავიდნენ და მადრიდელებთან ითამაშეს, ლასლომ თავი გამოიჩინა და პირველი შეთავაზება მადრიდისგან მიიღო, მაგრამ საქმეში სამიტიერი ჩაერია. ფრანკოს ხალხს ხმა მიაწვდინა, ეს ბიჭი დაგვითმეთ და თქვენთან ვალში ვიქნებიო. კომუნისტების მოძულე გენერალს პატარა საჩუქარი გაუკეთა, ჟოზეპმა ანტიკომუნისტური ფილმი გადააღებინა კუბალაზე, სახელწოდებით - "Los ases buscan la paz". მთავარი თემა კუბალა და მისი დევნილობის ისტორიაა.

თუმცა, კუბალამ ისეთი სადებიუტო სეზონი ჩაატარა ბარსელონაში, რომ გენერალმა თავი მაინც მოტყუებულად იგრძნო. თითქოს ჟოზეპმა გააცურა, მან და ბარსელონამ უფრო მეტი მიიღეს, ვიდრე ფრანკომ და მადრიდმა. ამიტომ, როცა მომდევნო ტრანსფერის ჯერი მოვიდა, და როცა ჟოზეპს ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა, საქმეში გენერალისიმუსი ჩაერია და ალფრედო დი სტეფანო ბარსელონას ხელიდან გამოსტაცა. ამბობენ, რომ ამაში პეპეს როლიც დიდი იყო, ამბობენ, რომ ჟოზეპი ისევ ვალში იყო გენერალთან და სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა. თუმცა, ისტორიკოსების წყაროებში სხვა გვარებიც ფიგურირებს.
მოდი, შუაზე გავჭრათ
ბარსელონამ დი სტეფანო უფრო ადრე გაიფორმა, მაგრამ, ვერ გაიგეს ვის ეკუთვნოდა არგენტინელი. კონტრაქტზე პრეტენზია ორ კლუბს ჰქონდა - რივერ პლეიტსა და მილონარიოსს. ისე ჩაიხლართა საქმე როგორც კარლოს ტევესის ტრანსფერზე, გახსოვთ ალბათ, ცალკე კლუბი ითხოვდა თანხას, ცალკე ჯურაბჩიანი. ბარსა რივერ პლეიტს შეუთანხმდა, მაგრამ მილინარიოსთან საერთო ენა ვერ გამონახა, მოლაპარაკებებს რამონ ფარგასი უძღვებოდა. მილიონარიოსის წარმომადგენლობა კი ძალიან განაწყენდა ბარსელონას ტაქტიკით, რომლებმაც მათი დაშინება სცადეს. ასე აირია ყველაფერი. დი სტეფანო კოლუმბიაში აღარ დაბრუნებულა, მოეწონა ესპანეთი და მთელი ოჯახით ბარსელონაში გადავიდა. კატალონიურმა პრესამ დაწერა, რომ შეთანხმება შედგა, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ჯიმი ბარნსი თავის წიგნში - Barca: People’s passion, წერს - კოლუმბიელები 40 000 დოლარს, ფეხბურთელისა და რივერ პლეიტის ვალის დაფარვასა და ამხანაგური შეხვედრიდან შემოსავალს ითხოვდნენ, პლუს 10 000 დოლარს სადებიუტო სეზონის ბოლოს. ბარსელონას პრეზიდენტი მარტინ კარეტო კი მხოლოდ 10 000 დოლარზე იყო თანახმა.
აქ ერთვება საქმეში ხელისუფლება, რომელმაც დააპირა უცხოელი ფეხბურთელების გაფორმების აკრძალვა, დი სტეფანო იქნებოდა გამონაკლისი, იმ შემთხვევაში თუ ბარსა შეწყვეტდა მისი გაფორმების მცდელობას და გაიყოფდა მას მადრიდთან (ნახევარი სეზონით) მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. საოცარი სანახავი იქნებოდა ეს რომ ნამდვილად მომხდარიყო და ვინ იცის, იქნებ სულ სხვაგვარად განვითარებულიყო ფეხბურთის ისტორია.

1953 წლის 15 სექტემბერს კონტრაქტი რეალთან გაფორმდა. კატალონიურმა პრესამ ეს გარიგება ერთმნიშვნელოვნად უარყოფთად შეაფასა და კარეტო გადადგა. დი სტეფანოში საბოლოოდ 5.5 მილიონი პესეტა გადაიხადეს. ბარსელონელებს არ სურდათ ფეხბურთელი ნახევარი სეზონით ყოფილიყო მათი, ფრანკოს ჩარევაზე აპელირება კი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც აღმოჩნდა, რომ 50-იანების (და ყველა დროის ერთ-ერთი) საუკეთესო ფეხბურთელი გაუშვეს ხელიდან.
თავის პირველ ელ კლასიკოში დი სტეფანომ დუბლი შეასრულა, მადრიდმა ბარსელონა 5:0 გაანადგურა, ამ ერთმა ტრანსფერმა კი მეტწილად განსაზღვრა მთელი საფეხბურთო დეკადა. დი სტეფანომ პირველ სეზონში 27 გოლი შეაგდო და მადრიდს 21 წლის შემდეგ ლა ლიგის პირველი ტიტული მოუტანა. სულ რაღაც ორ წელში დი სტეფანო რეალთან ერთად ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჩაერთვება და ყველაზე დიდ ეპოქას შექმნის ამ ტურნირის ისტორიაში.















