„რამდენიმეწამიანი კინოქრონიკა, საგაზეთო სტატია, მისი სახელობის ქუჩა და საფლავი. ესღა დარჩა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის მემკვიდრეობიდან“ - წერდა სტამერი. თითქოს მისი ფიგურა კიდევ უფრო მეტად უნდა გაზრდილიყო ნაცისტური ანექსიისა და მისი შეუპოვარი ბრძოლის პირობებში, მაგრამ პირიქით მოხდა, ისტორია დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, სანამ 2003 წელს BBC-მა დოკუმენტური ფილმი არ მიუძღვნა. ვიღას ახსოვდა შინდელარი? არათუ მსოფლიოს, ავსტრიამაც კი დაივიწყა. არადა, ნაცისტების თვალწინ გაჩემპიონებული ოლიმპიელი ჯესი ოუენსი ყველას ახსოვს, ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ფიგურაა ოლიმპიურ სპორტში, თუმცა, ის ამერიკელია და ნაცისტური პროპაგანდა თავისუფალ მიწაზე ვერ მისწვდა, შინდელარს კი დეკადების განმავლობაში აქრობდნენ.
„არც ძეგლია სადმე, არც რომელიმე სტადიონი ატარებს მის სახელს, არც მისი გამოსახულება შეგხვდება ქუჩაში, როგორც კრუიფის ნიდერლანდებში, მარადონა არგენტინაში, პელე ბრაზილიაში. არც საფეხბურთო აკადემიებია მისი სახელობის, არც ფილმი გადაუღიათ ავსტრიელებს, არც მემორიალური დაფაა სადმე, არც მუზეუმი, არც ხელახალი ძიების სურვილი გასჩენია ვინმეს“ - წერდა 2008 წელს სტამერი.

ავსტრია სხვა სახელებს ეტრფის - მოცარტი და შტრაუსი ყველგან შეგხვდებათ, ქუჩებით დაწყებული, შოკოლადის შეფუთვებით დამთავრებული. ვენა მათი მუსიკით სუნთქავს, შინდელარის კვალი კი არსად ჩანს.
„ეს ერთი მხრივ თავსატეხია, მეორე მხრივ სირცხვილი, ისეთი დიდი ფეხბურთელი, როგორიც მატიას შინდელარია, ელემენტალური მემორიალის გარეშეა დარჩენილი. ეს ძალიან უცნაური ამბავია“ - მხრების აჩეჩვით ამბობს დოქტორი ერიხ კლენსლეჰერი. პატივის მისაგებად ვენაში, ცენტრალფრიდჰოფის საფლავს მიაშურებენ ხოლმე, მარმარილოს ქვაში ბრინჯაოთია გამოყვანილი შინდელარის პორტრეტი. მაღალ შუბლზე ჩამოწეული თმით. ყვავილები იშვიათად მიაქვთ. დაბადებისა და გარდაცვალების წლები გვახსენებს რომ სულ ახალგაზრდა კაცზეა საუბარი - 1903-1939.
ქაღალდის კაცი
ავსტრიელისათვის მოულოდნელად ნიჭიერი შეიქნა ფეხბურთში. „ვანდერთიმი“ არ ყოფილა უნგრულის მსგავსი, დახუნძლული ვარსკვლავებით, ავსტრიაში გამორჩეულად ანათებდა ერთი ფეხბურთელი, უნიჭიერესი მატიას შინდელარი, რომელიც ყურადღებას თავისი სიგამხდრითა და ინტელექტით იქცევდა, - „ფეხბურთს თამაშობს ისე, როგორც დიდოსტატი ჭადრაკს“ - წერდა თურმე თეატრის კრიტიკოსი ალფრედ პოლგერი. სიგამხდრისა და ელეგანტური სათამაშო სტილის გამო ზედმეტსახელიც მალევე მოუნახეს, „ისე ფრიალებს როგორც ფურცელი ქარში“, ჰოდა, შეარქვეს „ქაღალდის კაცი“. საფეხბურთო კლუბ ავსტრიაში თამაშობდა, რომელიც ებრაელი ბურჟუების კლუბი იყო. თავად მემარცხენე ღარიბ უბანში გაიზარდა, „ახალი ვენელი“ იყო, მშობლები ჩეხეთიდან იყვნენ, როგორც იწერება კათოლიკე ოჯახში გაიზარდა. ჩეხი, პოლონელი და უნგრელი მუშები, სოციალური კაფის ხშირი სტუმრები და ავსტრიის ქომაგები, უბრალოდ შინდის ეძახდნენ. „ქაღალდის კაცად“ უმეტესად პრესაში მოიხსენიებდნენ.
„ერთი უბრალო ვენელი იყო, საუბრით, მანერებით, მაგრამ გავიდოდა მოედანზე და ყველა ხედავდა მის განსაკუთრებულ ნიჭს“ - იხსენებს ფრანც შვარცი, საფეხბურთო კლუბ ავსტრიის პრეზიდენტის შვილი, ის იშვიათი ადამიანი შინდელარს რომ სიცოცხლეში შეხვედრია.

1931 წლიდან „ვანდერთიმი“ დაიბადა, შოტლანდიის ძლიერი ნაკრები 5:0 გაანადგურეს და მომდევნო 19 სანაკრებო შეხვედრაში დაუმარცხებლები იყვნენ. ორი მატჩის ჯამში გერმანელებს 11 გოლი შეუგდეს, თავად კი არცერთი მიუღიათ. 1932 წლის დეკემბერში, როცა ავსტრიის ნაკრებზე უკვე ლეგენდები დადიოდა, ევროპის საუკეთესო გუნდთან, ინგლისის ნაკრებთან ჩაინიშნა მატჩი. სტემფორდ ბრიჯზე 60 000-მა ადამიანმა მოიყარა თავი, ვენაში კი ჰელდეპლაცი გადაიჭედა, სადაც შეკრებილი ხალხი რადიო-რეპორტაჟს უსმენდა. ინგლისმა 4:3 მოიგო.
„ინგლისს გაუმართლა" - წერდა მანჩესტერის გარდიანი - „არ არსებობს სხვა მოსაზრება, ავსტრიამ უკეთესი ფეხბურთი ითამაშა.“ 1934 წლის ზაფხულისთვის ავსტრიამ 31 მატჩიდან 28 წაუგებლად ჩაატარა. მსოფლიო ჩემპიონატზე კი 1/2 ფინალში წააგო, მილანში, იტალიასთან 0:1. თუმცა, ახლა უკვე ყველამ იცის რა და როგორ ხდებოდა იმ ჩემპიონატზე, ბოლოს და ბოლოს, ამ თასს „დუჩეს თასი“ დაარქვეს, მუსოლინის „დირიჟორობის“ გამო. შინდელარმა კი დიდი პოპულარობა მოიპოვა და რეკლამით დიდი ფულიც იშოვა, ამერიკელებმა ავტომობილისა და ძვირადღირებული კოსტუმების სახედ აქციეს, შინდი ბევრს შოულობდა და ბევრს ხარჯავდა, უმეტესად აზარტულ თამაშებში. ავსტრია მარცხის მიუხედავად მაინც საუკეთესო გუნდად ითვლებოდა, მაგრამ ევროპას წინ დიდი საფრთხე ელოდა.

ნაცისტური გერმანიის იდეოლოგებს უყვარდათ სპორტის გამოყენება პროპაგანდისტული მიზნებისთვის, ფეხბურთი თანამედროვე სამყაროს გლადიატორების ბრძოლად იქცა, რომელიც უამრავ ადამიანს იზიდავდა სტადიონებზე, პოლიტიკოსებს, ტირანებს, დიქტატორებს, ამის ხელიდან გაშვება, რა თქმა უნდა, არ სურდათ, თუმცა, გერმანიის ნაკრები საშუალო დონის გუნდი იყო, ეს კი დაუშვებელია იმ ქვეყანაში, სადაც ფიურერი მოსახლეობას შთააგონებს რომ განსაკუთრებული, ყველასგან გამორჩეულია ნაციაა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ფეხბურთი არ ყოფილა ავსტრიის ანექსიის მოტივი, სხვა ბევრად მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა ამ ნაბიჯს, მაგრამ ნაცისტებმა ფეხბურთსაც წაავლეს ხელი.
გაერთიანების დერბი
1934 წელს ნაცისტებმა ავსტრიის კანცლერი მოკლეს, 1938 წელს კი ავსტრიის ანექსია მოხდა. ავსტრიის ფეხბურთის ლიგა გაუქმდა, ებრაელი მმართველების კლუბები გააუქმეს, ფეხბურთელებს თამაში აუკრძალეს. ავსტრია, რომელსაც საფრანგეთის მუნდიალზე უნდა ეთამაშა საერთოდ გაქრა, მათი ფეხბურთელები კი გერმანიის ნაკრებში სათამაშოდ მიიწვიეს. ბევრი დათანხმდა, დიდი ენთუზიაზმითაც, არა მხოლოდ ფეხბურთელები, მაგრამ შინდელარს როგორც ჩანს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა.
საფეხბურთო კლუბმა ავსტრიამ ბევრი ფეხბურთელი და წარმომადგენელი დაკარგა, მხოლოდ ეჭვის საფუძველზე რომ ებრაელები იყვნენ. მათ შორის, კლუბი შეელია დოქტორ მიხ შვარცს. სანამ ავსტრიას გაეცლებოდა და გაიქცეოდა მასთან შინდელარი მივიდა და უთხრა რომ გათავისუფლებულ ხალხთან საუბარი და ყოველგვარი კონტაქტი აუკრძალეს, მაგრამ არასდროს შეასრულებდა ამ მოთხოვნას. ასე გააცილა ქვეყნიდან საფეხბურთო კლუბ ავსტრიის პრეზიდენტი.
ანექსიიდან რამდენიმე კვირაში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩი ჩაინიშნა, ე.წ „გაერთიანების დერბი“, ავსტრიის „ვანდერთიმსა“ და ნაცისტურ გერმანიას შორის. ეს უკანასკნელი შეხვედრა იყო, როცა შინდელარის დიდებული ავსტრია გავიდა მოედანზე. მატჩი ვენის პრატერის სტადიონზე შედგა, ამჟამინდელ ერნსტ ჰაპელზე. როგორც ამბობენ მატჩამდე შეთანხმება შედგა ნაცისტების წარმომადგენლებსა და შინდელარს შორის, ნაცისტები ითხოვდნენ რომ მატჩი უგოლოდ დასრულებულიყო. შინდელარი ერთი პირობით დათანხმდა, ავსტრიას თავისი სახელით და თავისი ფორმით უნდა
ანექსიიდან რამდენიმე კვირაში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩი ჩაინიშნა, ე.წ „გაერთიანების დერბი“, ავსტრიის „ვანდერთიმსა“ და ნაცისტურ გერმანიას შორის. ეს უკანასკნელი შეხვედრა იყო, როცა შინდელარის დიდებული ავსტრია გავიდა მოედანზე. მატჩი ვენის პრატერის სტადიონზე შედგა, ამჟამინდელ ერნსტ ჰაპელზე. როგორც ამბობენ მატჩამდე შეთანხმება შედგა ნაცისტების წარმომადგენლებსა და შინდელარს შორის, ნაცისტები ითხოვდნენ რომ მატჩი უგოლოდ დასრულებულიყო. შინდელარი ერთი პირობით დათანხმდა, ავსტრიას თავისი სახელით და თავისი ფორმით უნდა
ეთამაშა, თუნდაც უკანასკნელად.


პირველი ტაიმი დაგეგმილი სცენარით წარიმართა, შინდელარი შეგნებულად ანიავებდა მომენტებს, სტადიონზე შეკრებილი ქომაგი თავისი საყვარელი გუნდის სახით თავიანთივე ქვეყნის ანარეკლს ხედავდა, გამოკეტილს, დამონებულს, დაუძლურებულს, მათ თვალწინ კვდებოდა ტირანის ხელში ჩავარდნილი ნიჭიერება. მაგრამ, 70-ე წუთისთვის რაღაც შეიცვალა, როგორც ჩანს, გასახდელში გასულმა ფეხბურთელებმა ვეღარ გაუძლეს ამ მასკარადს, თვალებში შეხედეს ერთმანეთს და გადაწყვიტეს რომ ეს სწორედ ის დიდებული წამია, (როგორც ერთი დიდი დისიდენტი იტყოდა), ის დიდებული წამი, როცა გეძლევა შანსი ქვეყნის ღირსებასა და თავისუფლებას თავი შესწირო, ამ დისიდენტის ხალხს 1989 წელს დაუდგა ეს წამი, ავსტრიელებს კი 1938-ში. შინდელარმა შეთანხმება დაარღვია და გერმანელებს გოლი გაუტანა. სტადიონზე ხალხი ჭკუიდან გადავიდა, ეს გაცილებით მნიშვნელოვანი მატჩი იყო, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია. მალე ავსტრიელებმა მეორე გოლიც შეაგდეს, ანგარიში 2:0 გახდა, შინდელარმა კი ნაცისტების თვალწინ ცეკვა დაიწყო, გამარჯვების ცეკვა, ამბობენ იცინოდაო, სიკვდილს ჩახედა თვალებში და დასცინა.
არი ფოლმანის ვალსი ბაშირთან გამახსენდა, ალყაში მოქცეული მებრძოლი რომ ცეკვა-ცეკვით გადაცხრილავს ბაშირის პლაკატს. ათი თვის შემდეგ, შინდელარი მკვდარი იპოვეს.
რატომ ჩრდილში?
ბოლო წელი ღია ბრძოლა იყო, სიმტკიცის დიდებული მაგალითი. გერმანიის ნაკრებს რვა ფეხბურთელი წარმოადგენდა მუნდიალზე, მაგრამ შინდიმ უარი თქვა. ებრაელებთან კავშირს კი არ წყვეტდა, არადა, უკვე დაიწყო საზარელი ტალღა მათ წინააღმდეგ. მისგან ელოდნენ რომ ინგლისში წავიდოდა, იქ ყველა ხელგაშლილი შეხვდებოდა, მაგრამ ისეთივე არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო როგორც მოედანზე. 1938 წლის ზაფხულში, როცა ხალხი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, შინდიმ თამაშს თავი დაანება, კაფე იყიდა თავის უბანში და იქ განაგრძო საქმიანობა. ებრაელი ლეოპოლდ დრილის კაფე, რომელიც „ლეგალურად გაძარცვეს“. კაფე ღია იყო ყველასთვის, მათ შორის, ებრაელებისთვისაც, საბოლოოდ კი გამოვიდა რომ ებრაული კაფე გახდა, რადგან ერთადერთი კაფე იყო, სადაც ებრაელებს შეკრება შეეძლოთ.
1939 წლის 23 იანვარს, ვენის ცენტრში, ანაგესზე, შინდელარი თავისმა უახლოესმა მეგობარმა, გუსტავ ჰარტმანმა სახლში მკვდარი იპოვა. გვერდით გათიშული ქალი ეწვა, რომელმაც რამდენიმე საათი კიდევ იცოცხლა. საგამოძიებო დასკვნაში წერია რომ სიკვდილის მიზეზი ნახშირბადის მონოქსიდი გახდა. თუმცა, ამის ძალიან ცოტა ადამიანს თუ სჯერა. დღემდე კამათია - მოკლეს თუ თავი მოიკლა? იქნებ იმ ქალმა მოკლა, რომელიც ებრაელი აღმოჩნდა, სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე კი კაფე გადაუფორმა? იქნებ უბედური შემთხვევა იყო? არა, ბედი ასე არ ექცევა ადამიანს, ასე მხოლოდ ნაცისტები იქცევიან. შინდის გასვენებაში 20 000-მდე ადამიანმა მოიყარა თავი, გაზეთებმა დაწერეს რომ ეს იყო პირველი და უკანასკნელი სახალხო აქცია ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ, თუმცა, მხოლოდ ადგილობრივი გმირის გაცილების შინაარსი ჰქონდა.

შინდის სიკვდილი ვენის საიდუმლოდ იქცა, რომელიც ნაცისტურ ეპოქას გაატანეს. მისი სიკვდილიდან ათი წლის შემდეგ გადაიღეს კლასიკად ქცეული The Third man - სადაც იდეალურად არის აღწერილი ანექსირებული ვენის ბუნება, ჩრდილები, იდუმალება, შიში და ჩურჩული. ჭორები. სწორედ ჭორად იქცა შინდელარის ცხოვრება - „ის ებრაელი იყო, კათოლიკე ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ამას საიდუმლოდ ინახავდა“ - ამბობდნენ ერთნი. „ნაცისტებთან თანამშრომლობდა, კაფე მას ჩააბარეს, რათა ებრაელებში ნდობა მოეპოვებინა, ნაცისტების ჯაშუში იყო“ - ამბობდნენ მეორენი. ნაცისტურ პროპაგანდას კი არ გაუჭირდებოდა ამ კაცის სახელის წაშლა, ან გასვრა, დიქტატის პირობებში პროპაგანდა ყოველთვის გაუჩერებლად მუშაობს. „ქაღალდის კაცმა“ ისტორია დაწერა, ხელნაწერები კი არ იწვის!















