მილანის ინტერისა და ბარსელონას მატჩის წინ, გავიხსენოთ ფეხბურთელი, რომელიც აღნიშნული გუნდების მთავარი შემაკავშირებელი ერთეული არის. საუბარია რონალდო ნაზარიოსა და მის ტრანსფერზე, კატალონიიდან - "ნერაძურიში". სენსაციური, იდუმალი, რეკორდული და სკანდალურიც კი. ეს ყველაფერი სწორედ "ბლაუგრანასა" და მეაცას ბინადრებს შორის დადებულ გარიგებაზე ითქმის.
რონალდოს ბარსელონაში ტრანსფერი
ეს ისტორია 1996 წლის ზაფხულში დაიწყო. ბარსელონას იმდროინდელი პრეზიდენტი, ხოსეპ ლუის ნუნიესი დაემშვიდობა იოჰან კრუიფს, რომლის ნაცვლად თავის კლუბში მან ბობი რობსონისა და ჟოზე მოურინიოს დუეტი მიიყვანა. სეზონის დაწყების წინ, მიზანი იყო ფორვარდის გაფორმება და საინტერესოა, რომ კატალონიელთა სიაში პირველ ნომრად რონალდო სულაც არ ფიგურირებდა.
"ბლაუგრანას" სურდა ალან შირერის გადმობირება, თუმცა ბლექბერნ როვერსმა თავისი ლიდერის გაყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხადა. სწორედ ინგლისელი ფორვარდის ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ გადაერთვნენ კამპ ნოუს ბინადრები ბრაზილიელი გოლეადორის გაფორმების საკითხზე.
ნაზარიო იმ დროს იყო 19 წლის და პსვ ეინდჰოვენის შემადგენლობაში მას 54 მატჩში 57 გოლი ჰქონდა გატანილი. ბევრი ვაჭრობისა და კამათის შემდეგ, გარიგება შედგა: "ფერმერთა" ფორვარდი 15 მილიონ ევროდ რობსონის გუნდის მოთამაშე გახდა. ტრანსფერი იმ დროისთვის რეკორდული აღმოჩნდა.
მაღალი ფასის მიუხედავად, ინგლისელი მწვრთნელი თვლიდა, რომ "ფენომენი" იყო გაფორმებული ძალიან იაფად, რადგან მისი პოტენციალი ბევრად აღემატებოდა იმ თანხას, რაც ბარსამ ფილიპს სტადიონის ბინადრებს გადაუხადა. ერთი სიტყვით, ესპანურ კლუბში იწყებოდა რაღაც ახალი, გრანდიოზული, ვარსკვლავური და რაც მთავარია, ფენომენალური.
სუპერ სეზონი ბარსელონაში - 49 მატჩი, 47 გოლი
რონალდოს დებიუტი შედგა ესპანეთის სუპერთასზე, მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ. ახალგაზრდა თავდამსხმელი ძალიან მარტივად გაუმკლავდა "როხიბლანკოს", რის შემდეგაც ბრაზილიელმა ფორვარდმა ბარსას შემადგენლობაში პირველი ტიტულიც მოიგო. ვარსკვლავურმა გოლეადორმა კალდერონის ბინადრებს დუბლი შეუსრულა.
შემდეგ დაიწყო ლა ლიგის სეზონი და ნაზარიო ბომბარდირების რბოლაშიც მალევე გაერია. აღსანიშნავი იყო ვალენსიასთან მატჩი, რომელშიც კატალონიელთა ფორვარდს მეტოქე გუნდის 3 მოთამაშე პერსონალურად მეურვეობდა. ამის მიუხედავად, "ღამურებს" მან ჰეთ-თრიქი შეუსრულა.
იმდროინდელი ლა ლიგა უძლური იყო "ფენომენის"წინაშე, მისი ესპანური პერფომანსების ვიდეო ჩანაწერები კი დღემდე აქტუალურია. 90-იანებისთვის, "ბლაუგრანას" მე-9 ნომრის შედეგიანობა უბრალოდ სენსაციურია. საინტერესოა, რომ პირველი კონტაქტი ინტერნაციონალეს იმდროინდელ პრეზიდენტს, მასიმო მორატისა და ნუნიესს შორის ჯერ კიდევ შუა სეზონში შედგა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მილანელებს კამპ ნოუს ბინადრებისგან რონალდოს ტრანსფერის თაობაზე მტკიცე უარი არ მიუღიათ. ესპანელი პრეზიდენტი მოქმედებდა პრინციპით: ყველაფრის ყიდვა არის შესაძლებელი, საკითხავია მხოლოდ ფასი. "ნერაძურის" გარდა, ბრაზილიელ ფორვარდს გამოუჩნდა კიდევ ერთი მსურველი, მაგრამ არა საფეხბურთო კლუბი, არამედ კომპანია.
ნაზარიოს გაფორმებას გეგმავდა ნაიკი, რაც გულისხმობდა ნუნიესის კლუბისგან მასზე უფლებების ყიდვას. გეგმა იყო ასეთი - ახალგაზრდა ფორვარდის შემდგომ კარიერას მთლიანად სწორედ ამერიკული კომპანია წარმართავდა. ეს პროექტი არ შედგა, მაგრამ მოგვიანებით, აღნიშნული ბრენდის სახე ბარსას გოლეადორი მაინც გახდა.
გიჟური პოპულარობის მიუხედავად, "ფენომენი" მაინც ჩვეულებრივ, ლაღ და თავისუფლების მოყვარულ ბიჭად რჩებოდა. ზამთარში კატალონიელთა მე-9 ნომერს ჰქონდა 5-თამაშიანი მშრალი სერია, რის გამოც მან კარიერაში პირველად შეიცნო, თუ რას ნიშნავდა პრესის მხრიდან კრიტიკა.
რონალდო ყველაფერს აბრალებდა მუხლში არსებულ ტკივილებს, რომელიც მას ჯერ კიდევ პსვ-ში თამაშის დროს გაუჩნდა. ძალების აღდგენის მიზნით, ბრაზილიელი ფორვარდი სამკურნალოდ გაემგზავრა სამშობლოში, პირად ექიმთან. დეკემბერსა და იანვარში მას ჯამში 9-ჯერ მოუწია გადაფრენა.
"ბლაუგრანას" გულშემატკივრები გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ სანამ მათი გუნდი ნაზარიოს არყოფნაში მადრიდის რეალს ებრძოდა ლა ლიგის საჩემპიონო რბოლაში, ახალგაზრდა ფორვარდი რიოს კარნავალზე შევლასაც ასწრებდა. რაც შეეხება კამპ ნოუს ბინადრების გოლეადორის გამოჯანმრთელების პროცესს, ე.წ. "შვებულებამ" ნამდვილად დადებითი შედეგი გამოიღო.
თერაპიის შემდეგ, იანვრიდან - სეზონის ბოლომდე, "ფენომენმა" მოედანი უგოლოდ მხოლოდ ხუთჯერ დატოვა. ჯამში მას 49 მატჩში 47 გოლი დაუგროვდა (4 ჰეთ-თრიქი, 2 დუბლი). ასეთი შთამბეჭდავი და იმ დროს არნახული შედეგის შემდეგ, პრესაში ახალი 9-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გაჩნდა ინფორმაცია.
ნუნიესმა ეს დაადასტურა და განაცხადა, რომ მისი გუნდის ცხრიანი კარიერის ბოლომდე არსად წავიდოდა. რაც შეეხება თვითონ კონტრაქტს, ყველა დეტალი იქნებოდა ისე, როგორც ამას თავად რონალდო მოისურვებდა. ერთი შეხედვით, იდეალური სცენარი, მაგრამ მოულოდნელად, ესპანელმა პრეზიდენტმა ბრაზილიელ ფორვარდთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა.
ხოსეპ ლუისმა ერთ თვეში განაცხადა, რომ ის არ იქნებოდა ნაზარიოს გაყიდვის წინააღმდეგი, თუმცა მხოლოდ მისთვის სასურველ ფასად. ბარსას პრეზიდენტისთვის ასეთი ფული 30 მილიონი დოლარი იყო. სწორედ ამ დროს, რამდენიმეთვიანი სიჩუმის შემდეგ, ასპარეზზე კვლავ მეაცას ბინადრები გამოვიდნენ.
რაც შეეხება სეზონის დასკვნით ნაწილს, კატალონიელებმა ფიასკო განიცადეს არა მხოლოდ თავიანთი ლიდერის შენარჩუნების საკითხში, არამედ საფეხბურთო მოედანზეც. "ბლაუგრანას" ტრიუმფისთვის სჭირდებოდა მხოლოდ ალიკანტეს ერკულესთან მოგება...ერთი შეხედვით, უმარტივესი ამოცანა, როცა გუნდში გყავს "ფენომენი", მაგრამ იმ შეხვედრამ მის გარეშე ჩაიარა.
საქმე ისაა, რომ კამპ ნოუს ბინადრების ცხრიანი გამოიძახეს ბრაზილიის ნაკრებში, მსოფლიო ჩემპიონატის წინა ამხანაგურ ტურნირზე სათამაშოდ. ნუნიესის კლუბი ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ფიფაში მკაცრად განმარტეს, რომ ეროვნულ გუნდში გამოძახებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა.
ისმის კითხვა - რომელ სანაკრებო ამხანაგურ ტურნირზეა საუბარი, როდესაც საკლუბო სეზონი უახლოვდებოდა თავის კულმინაციას? პრობლემა პრიმერა დივიზიონის იმდროინდელ ფორმატში მდგომარეობდა. ჩვენ მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ესპანეთის ჩემპიონატში მონაწილეობს 20 კლუბი, მაგრამ იმ დროს, მათი რიცხვი 22-მდე იყო გაზრდილი.
ამის შედეგად, ლა ლიგის გუნდები ატარებდნენ არა 38, არამედ 42 მატჩს. სეზონი სრულდებოდა ივნისის ბოლოსკენ, სწორედ მაშინ, როდესაც საფეხბურთო სამყარო უკვე საერთაშორისო ასპარეზზე იყო გადართული. დავუბრუნდეთ ბარსასთვის გადამწყვეტ შეხვედრას ვალენსიელებთან, რომელიც რონალდოს არყოფნაში წაგებით დასრულდა.
კატალონიელმა გულშემატკივრებმა ბრაზილიელი თავდამსხმელის "სელესაოში" გამოძახება და "სამეფო კლუბისთვის" დათმობილი ლა ლიგის ჩემპიონობა ვერ მოინელეს. გაღიზიანების ტალღამ იფეთქა მაშინაც, როცა ნაზარიომ ელ კლასიკოს შემდეგ, რობერტო კარლოსს მაისური გაუცვალა.
საინტერესოა ისიც, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, იმედგაცრუებულმა "ბლაუგრანას" გულშემატკივრებმა საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს არა "კანარინიოს" ფორვარდი, არამედ ლუის ენრიკე. ერთი სიტყვით, ახალგაზრდა გოლეადორსა და კამპ ნოუზე დამსწრე პუბლიკას შორის დაისადგურა უარყოფითმა აურამ, ესპანელმა პრეზიდენტმა კი მდგომარეობის განმუხტვის ნაცვლად, "ფენომენი" გაყიდა.
როგორც აღვნიშნეთ, ხოსეპ ლუისი თავისი გუნდის ცხრიანს აფასებდა 30 მილიონ დოლარად - თანხა, რომლის გაღებაც მორატისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. დიახ, თანამედროვე ინტერნაციონალეს გარშემო მუდმივად არის ფინანსური პრობლემები, მაგრამ იმ დროს, იტალიურ კლუბს ფულის დახარჯვა ძალიან უყვარდა.
რონალდოს გადმობირებით, მილანელებმა მოხსნეს იმდროინდელი სატრანსფერო რეკორდი და საინტერესოა, რომ ორი წლის შემდეგ, მათ ანგარიშზე დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდი, ამჯერად კრისტიან ვიერის რომის ლაციოდან გაფორმებით. ასე დასრულდა ბრაზილიელი ფორვარდის ბარსელონური თავგადასავალი.
რონალდოს გაყიდვის მოტივები ნუნიესის გადმოსახედიდან
და მაინც - რატომ გაყიდა ბარსელონამ რონალდო? ნუნიესის გადმოსახედიდან ამ ყველაფერს ოთხი მიზეზი ჰქონდა. პირველი - ვარსკვლავური ბრაზილიელი ფორვარდის შენახვა კატალონიელებისთვის ძალიან ძვირი ჯდებოდა. ტრანსფერში გადახდილი იმდროის სტანდარტებით ასტრონომიული თანხა + ნაზარიოს ასევე მაღალი ხელფასი, რომელიც ახალი კონტრაქტის მიხედვით, კიდევ უფრო უნდა გაზრდილიყო.
"ბლაუგრანა" იმ დროს არ იყო ფინანსურად ისეთი ძლიერი, როგორც თუნდაც იგივე ინტერი. მეორე მიზეზი - ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის გაყიდვით, გვარდებოდა კამპ ნოუს ბინადრების ყველანაირი ფინანსური პრობლემა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ვარსკვლავური ფორვარდის გაფორმებამდე არსებობდა.
როგორც აღვნიშნეთ, ნუნიესმა "ფენომენი" იყიდა 15 მილიონ ევროდ, მისი მილანურ გუნდში გაყიდვით კი მან თითქმის ორმაგი მოგება ნახა. მე-3 მიზეზი: ესპანელ პრეზიდენტს აფრთხობდა ბარსას მე-9 ნომრის ტრავმიანობა, რომელიც მწიფდებოდა ჯერ კიდევ პსვ-ში და რომელმაც კულმინაციას "ნერაძურიში" მიაღწია.
ბოლოს კი მეოთხე მიზეზი - რონალდოს ცხოვრების წესი. ხოსეპ ლუისი თავს იკავებდა ღამის კლუბების მოყვარულ ფეხბურთელში ინვესტიციის ჩადებას. კატალონიელთა პრეზიდენტს მწარედ ახსოვდა რომარიო ფარიას მაგალითი, რომლის ასევე იდეალურად დაწყებული კარიერა სწორედ დისციპლინარულ პრობლემებს შეეწირა.
ბრაზილიელი თავდამსხმელი არ არის ერთადერთი ვარსკვლავი, რომელიც ნუნიესმა მოიშორა. ერთი ათწლეულით ადრე, მან თითქმის იგივე მიზეზების გამო "ბლაუგრანადან" დიეგო მარადონაც გაყიდა. რომარიოს შემთხვევაზე უკვე ვისაუბრეთ და საინტერესოა ისიც, რომ ლუიშ ფიგუს კამპ ნოუდან რეალში ტრანსფერი ასევე ესპანელი პრეზიდენტის მმართველობის დროს მოხდა.















