ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეშვიდე ტურში ვილიარეალის მეტოქე ამსტერდამის აიაქსი იქნება. ეს მატჩი პრინციპული მნიშვნელობის არის გიორგი მიქაუტაძისთვის, რომელსაც "ებრაელებთან" არც თუ ისე სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს. რა მოხდა წლების წინ ახალგაზრდა ქართველ ფორვარდსა და იოჰან კრუიფ არენას ბინადრებს შორის? გავიხსენოთ დეტალურად.
ტალანტების აკვანი/სასაფლაო
აიაქსი მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის იყო ნამდვილი აკვანი, რომელშიც ასობით დიდი მოთამაშე გაიზარდა. მე-20 საუკუნეში ნიჭიერი ფეხბურთელები წარმატებას აღწევდნენ უშუალოდ ამსტერდამში, იგებდნენ ტიტულებს და კლუბის ლეგენდების რიცხვში შედიოდნენ.
ახალ ათასწლეულში ფორმულა შეიცვალა და "ებრაელების" ბანაკი გახდა ერთგვარი ტრამპლინი ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში. სქემა ასეთია - ნიჭიერი მოთამაშე დგამს პირველ ნაბიჯებს კრუიფ არენაზე, შემდეგ კი დიდი თანხის სანაცვლოდ ტოპ კლუბში გადადის. გარიგებით კმაყოფილი რჩება როგორც აიაქსი, ისე გასხვისებული მოთამაშე და მისი ახალი გუნდიც.
ამსტერდამში დიდი ევროპული ფეხბურთისკენ მიმავალ გზაზე ფეხს იდგამდნენ როგორც კლუბის აკადემიის აღზრდილები (კრუიფი, ვან ბასტენი, ბერგკამპი, ზეედორფი, სნეიდერი და სხვები), ისე ლეგიონერებიც (ლიტმანენი, იბრაჰიმოვიჩი, სუარესი, ერიქსენი, კივუ და ა.შ.). როგორც გვახსოვს, ქართული კვალი "ებრაელებში" მიქაუტაძის გამოჩენამდეც იყო.
1990-იანი წლების მეორე ნახევარში იოჰან კრუიფ არენას ბინადრებმა გაიფორმეს შოთა არველაძე, მოგვიანებით კი გიორგი ქინქლაძეც. 2000-იანების მეორე ნახევარში აიაქსის აკადემიაში მცირე ხნით ზაქარია ბეგლარიშვილიც ირიცხებოდა. ერთი სიტყვით, "ჯვაროსანთა" წევრის გამოჩენა აიაქსში უცხო ხილი ნამდვილად არ არის.
როგორც აღვნიშნეთ, ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარებისთვის ამსტერდამი იდეალური გარემოა, თუმცა სამწუხაროდ, ჟორჟის მიმართებაში აღნიშნულ პრინციპს დადებითად არ უმოქმედია. 2023 წლის ზაფხული: ქართველი ფორვარდი 16 მილიონის სანაცვლოდ მეციდან გადადის "ებრაელებში", ვესტ ჰემში გასხვისებული მოჰამედ კუდუსის შემცვლელად.
ლიონის ოლიმპიკის აღზრდილი თავდამსხმელის კარიერა იოჰან კრუიფ არენაზე გამოდგა წარუმატებელი და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. პირველ რიგში გამოსარჩევია დამრიგებელთა ხშირი ცვლა, თავად განსაჯეთ: სეზონის დაწყებიდან - დეკემბრის ბოლოსთვის აიაქსს უკვე 4 თავკაცი ჰყავდა მოსინჯული.
25 წლის თავდამსხმელის ათამაშება ამსტერდამული გუნდის ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ მოახერხა, რის შედეგადაც ის შუა სეზონში კვლავ ლოთარინგიაში დაბრუნდა. "ებრაელთა" დამრიგებლები თავიანთი გუნდის მე-19 ნომერს იყენებდნენ სხვადასხვა პოზიციებზე, რითაც მის გოლეადორულ პოტენციალს ზღუდავდნენ.
იოჰან კრუიფ არენაზე მომუშავე მწვრთნელები მიქაუტაძისა და სხვა ახალწვეულების მისამართით აცხადებდნენ, რომ ისინი ვერ ერგებოდნენ ერედივიზიის გრანდის ფილოსოფიას, რის შედეგადაც, ახალგაზრდა ფორვარდმა მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 9 შეხვედრაში, გატანილი ბურთებისა და ასისტების გარეშე.
აიაქსში გატარებული პერიოდი ქართველი თავდამსხმელის კარიერის შავ ლაქად დღემდე რჩება. პრეტენზიები ისმის ორივე მხრიდან, როგორც ამსტერდამელებისგან, ისე ჟორჟისგანაც. რაც არ უნდა იყოს, ახალგაზრდა ფორვარდისთვის საბედნიეროდ, ერედივიზიაში გატარებული პერიოდი წარსულს ჩაბარდა.
კარიერის რეანიმირება/შურისძიება
აიაქსის დატოვების შემდეგ, მიქაუტაძემ კარიერის რეანიმირება წარმატებით მოახდინა. თავად განსაჯეთ - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირის სტატუსი და საერთო ჯამში 49 გატანილი ბურთი საქართველოს ეროვნული გუნდის, ვილიარეალის, ლიონისა და მეცის მაისურით.
ჟორჟმა ამსტერდამიდან წასვლის შემდეგ, 37 გოლი გაიტანა საკლუბო დონეზე, 12 კი სანაკრებოზე. საინტერესოა, რომ ამ გოლებიდან ოთხი, ქართველმა ფორვარდმა შეუგდო თავის ერთ-ერთ ყოფილ დამრიგებელს "ებრაელებში", ჯონ ვან'ტ სხიპს, მაშინ, როცა ის სომხეთის ეროვნულ გუნდს თავკაცობდა.
2025 წლის მარტი, ერთა ლიგის პლეიოფი - "ჯვაროსნები" ორი მატჩის ჯამში "მთიელებს" ანადგურებენ ანგარიშით 9:1-ს და აქედან ოთხი გოლი, როგორც აღვნიშნეთ, კრუიფ არენას ბინადრების ექს-ფორვარდის სახელზე იყო. ნიდერლანდელმა დამრიგებელმა საკუთარ თავზე გამოსცადა ახალგაზრდა შემტევის რისხვა და მის მიმართებაში დაშვებული შეცდომა.
აღსანიშნავია ისიც, რომ აიაქსში მდგომარეობა არც 25 წლის თავდამსხმელის წასვლის შემდეგ გამოსწორებულა. მივყვეთ ქრონოლოგიურად, ბოლო 3 წელში ამსტერდამელებმა გამოიცვალეს 8 თავკაცი: ალფრედ შროიდერი, ჯონ ჰეიტინგა (დროებითი დამრიგებელი), მორის სტაინი, ჰედვიგეს მადურო (დროებითი დამრიგებელი), ჯონ ვან'ტ სხიპი (დროებითი დამრიგებელი), ფრანჩესკო ფარიოლი, ისევ ჰეიტინგა და ბოლოს, ფრედ გრიმი.
მწვრთნელების კარუსელი პირდაპირ კავშირშია კრიზისთან - უკვე მეოთხე წელია, რაც "ებრაელები" ერედივიზიონში ჩემპიონობას ვერ ახერხებენ. კრუიფ არენას ბინადრები ტრიუმფთან ახლოს იყვნენ გასულ სეზონში, მაგრამ ბოლო 5 ტურში მათ მოახერხეს 9-ქულიანი უპირატესობის განიავება პსვ ეინდჰოვენთან და მთავარი კონკურენტისთვის ტიტულის ლანგარზე მირთმევა.
ამ ყველაფრის პარალელურად, აიაქსის ყოფილი მე-19 ნომერი თავის მშობლიურ რონულ გუნდთან ერთად გავიდა ევროპა ლიგის მეოთხედფინალში, რომელშიც მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული, 13-ბურთიანი (2:2, 4:5) დუელი შემოგვთავაზა.
"ლომები" ახლოს იყვნენ ნახევარფინალში გასვლასთან, რომ არა ჰარი მაგუაიერის ჯადოქრობა 121-ე წუთზე. ცნობისთვის, ერთი სტადიით ადრე, ამსტერდამელები ფრანკფურტის აინტრახტთან ორი შეხვედრის ჯამში 2:6 განადგურდნენ. სეზონის დასრულების შემდეგ, მიქაუტაძე 31 მილიონის სანაცვლოდ "სუბმარინაში" გადავიდა.
შურისძიება 2.0
როგორც აღვნიშნეთ, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეშვიდე ტურში ჟორჟის ვილიარეალი საკუთარ კედლებში სწორედ აიაქსს მიიღებს. ორივე გუნდი იმყოფება ცხრილის ქვედა ნაწილში, მეზობლად: ამსტერდამელები 3 ქულით არიან 34-ე პოზიციაზე, "ყვითლები" კი 1 ქულით 35-ზე. აღსანიშნავია ის, რომ "სუბმარინას" ჯერ ერთი შეხვედრაც არ მოუგია.
საუკეთესო 24-ეულში მოხვედრის თეორიულ შანსს სერამიკას ბინადრები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ, თუმცა ამისთვის "ებრაელებთან" აუცილებლად მოგება არის საჭირო. მიქაუტაძემ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მიმდინარე სეზონში შეძლო 1 ბურთის გატანა, მე-2 ტურში, ტურინის იუვენტუსთან.
ეს იყო ერთადერთი მატჩი, რომელშიც მარსელინო ტორალის გუნდი არ დამარცხებულა (2:2). როგორც ვხედავთ, ქართველი თავდამსხმელისთვის კრუიფ არენას ბინადრებთან შეხვედრა ორი მიზეზის გამოა პრინციპული. პირველი: ახალგაზრდა ფორვარდმა საკუთარ თავზე უნდა გამოაცდევინოს აიაქსს მისი გაშვებით გამოწვეული შეცდომა, ისე, როგორც ეს ვან'ტ სხიპის შემთხვევაში იყო.
მეორე მიზეზი - როგორც აღვნიშნეთ, იმ შემთხვევაში, თუ ვილიარეალი ვერ გაიმარჯვებს, ევროსეზონი ოფიციალურად დასრულებული იქნება. "ყვითლების" ფორვარდმა თავისი კარიერის მანძილზე უკვე მოახერხა 5 ისეთი კლუბის კარის აღება, რომელსაც ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი მოუგია.
საუბარია რეალზე, იუვენტუსზე, პარის სენ-ჟერმენზე, მარსელსა და სტიაუაზე. ვნახოთ, რას იზამს "სუბმარინას" ცხრიანი მისთვის ძალიან კარგად და მტკივნეულად ნაცნობი გუნდის წინააღმდეგ. სერამიკას ბინადრებისა და ამსტერდამელების შეხვედრა გაიმართება 20 იანვარს, ჩვენი დროით 23:55 საათზე.















