
ჟორდი ალბა (ბარსელონა, 14 მილიონი ევრო)
ალბა ბარსელონას აკადემიაში 1998-2005 წლებში ირიცხებოდა, შემდეგ კი მან მოიარა კორელია, ხიმნასტიკი და ვალენსია. 2012 წლის ზაფხულში, ესპანეთისთვის კიდევ ერთი ტრიუმფალური ევროს შემდეგ, ჟორდი 14 მილიონად დაბრუნდა კატალონიაში, სადაც 10 წლის მანძილზე 450-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

დანი კარვახალი (რეალი, 6.5 მილიონი ევრო)
კარვახალის საფეხბურთო გზა რეალში, 2002-2012 წლებში იწყებოდა, თუმცა თავდაპირველად, მთავარ გუნდამდე მისვლა ვერ მოახერხა. არსებობს ვარაუდი, რომ დანის მადრიდის დატოვება ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტის შემდეგ მოუწია. სკანდალური სპეციალისტის გათავისუფლების შემდეგ, ესპანელი განაპირა მცველი ლევერკუზენიდან 6.5 მილიონად დაბრუნდა.

ედერსონ მორაესი (ბენფიკა, 500 ათასი ევრო)
სამშობლოს დატოვების შემდეგ, 2009-2011 წლებში ედერსონი ბენფიკას აკადემიაში ვარჯიშობდა, თუმცა შემდეგ მას რიო ავეში წასვლა მოუწია. ცნობისთვის, ვილა დო კონდეში მორაესი იან ობლაკის გვერდით თამაშობდა. 2015 წელს, ლისაბონელებმა ის 500 ათასის სანაცვლოდ დაიბრუნეს, შემდეგ კი სიტიში 40 მილიონად გაყიდეს.

სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა, 34 მილიონი ევრო)
ფეხბურთელი, რომელმაც დიდი ფეხბურთის თამაში არსენალში დაიწყო, არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით, თუმცა იქამდე, 1997-2003 წლებში, ბარსელონა იყო. ლონდონში დამკვიდრების შემდეგ, სესკი 34 მილიონის სანაცვლოდ კატალონიაში დაბრუნდა, მაგრამ შინაურ კედლებში დიდი ხნით ის არ გაჩერებულა. 3 წლის შემდეგ, ესპანელი გამთამაშებელი ჩელსიში გადავიდა.

მატს ჰუმელსი (ბაიერნი, 35 მილიონი ევრო)
ჰუმელსი ბაიერნის აკადემიაში 1995-2007 წლებში ირიცხებოდა და მან ორი შეხვედრის ჩატარება მათავარ გუნდშიც მოასწრო. საფეხბურთო სამყარომ ის გაიცნო დორტმუნდიდან, რომელშიც მატსმა ჩაატარა 300-ზე მეტი მატჩი. შემდეგ იყო მშობლიურ მიუნხენში დაბრუნება 35 მილიონად და 3 სეზონის შემდეგ, ისევ ბორუსიაში გადასვლა.

ალვარო მორატა (რეალი, ატლეტიკო, 30 მილიონი ევრო, 35 მილიონი ევრო)
მომენტი, როდესაც ითამაშე ორი ტოპ გუნდის აკადემიაში, ორივედან წახვედი და შემდეგ, ორივემ დაგაბრუნა. დავიწყოთ რეალით - ახალგაზრდულ გუნდებში 2008-2010 წლებში თამაშის შემდეგ, მორატამ ითამაშა მთავარ გუნდშიც, მაგრამ შემდეგ ის 20 მილიონად იუვენტუსში გაყიდეს. ერთი წლის შემდეგ, მადრიდელებმა ალვარო 30 მილიონად დაიბრუნეს და 66 მილიონად ჩელსიში გაყიდეს.
რაც შეეხება ატლეტიკოს, აკადემიაში 2005-2007 წლების განმავლობაში იყო. დაბრუნდა 2019 წელს, თავდაპირველად განათხოვრების წესით, შემდეგ კი სრულფასოვანი ტრანსფერით, 35 მილიონად. ესპანელი ფორვარდი დიდხანს არც "როხიბლანკოში" გაჩერებულა, ცოტა ხნის წინ ის მილანში გადავიდა.

ჟერარდ პიკე (ბარსელონა, 5 მილიონი ევრო)
ბარსელონას აკადემიაში 1997-2004 წლებში თამაშის შემდეგ, პიკე წაიყვანა სერ ალექს ფერგიუსონმა, მანჩესტერში. იქ მას რიო ფერდინანდისა და ნემანია ვიდიჩის დუეტი დახვდა, რამაც ჟერარდი ძირითადამდე არ მიუშვა. მისი სრულფასოვანი თამაში დიდ ფეხბურთში კი მშობლიურ კატალონიაში დაბრუნებით დაიწყო.

პოლ პოგბა (მანჩესტერი, 105 მილიონი ევრო)
უნიჭიერესი ცენტრალური ნახევარმცველი, რომელსაც ფერგიუსონი არ ენდო. მანჩესტერის მთავარ გუნდში ჩატარებული შვიდი შეხვედრის შემდეგ, პოგბა უფასოდ გაუშვეს იუვენტუსში, მაგრამ უკვე რამდენიმე წლის გასვლისას, ის 105 მილიონად დააბრუნეს. შემდეგ იყო დაბრუნება კალჩოში, ბოლოს კი დოპინგ სკანდალი.

მარკო როისი (დორტმუნდი, 17.1 მილიონი ევრო)
როისი წარმოუდგენელია დორტმუნდის გარეშე, თუმცა მისი საფეხბურთო გზა იწყებოდა გლადბახში, მშობლიური აკადემიიდან წასვლის შემდეგ. 2012 წლის ზაფხულში მარკო 17 მილიონად დააბრუნეს ბორუსიაში. მოგვიანებით მან პრაქტიკულად მთელი კარიერა მიუძღვნა ამ კლუბს. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში.

როდრი ერნანდესი (ატლეტიკო, 20 მილიონი ევრო)
თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც ატლეტიკოს აკადემიას 2013 წელს დაემშვიდობა. ვილიარეალში გატარებული 3 სეზონის შემდეგ, როდრი დაბრუნდა მადრიდში, მაგრამ სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ის 70 მილიონად უკვე სიტიში გაიყიდა. სწორედ პრემიერ ლიგაში გაიხსნა ესპანელი ჩამშლელი სრულფასოვნად.
ასევე გამოსარჩევია: ნიკოლა ანელკა (პსჟ), მარკო ბორიელო (მილანი), პიტერ კრაუჩი (ტოტენჰემი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ალესანდრო მატრი (მილანი), გორან პანდევი (ინტერი), ადამა ტრაორე (ბარსელონა).

















