
რობერტო ბაჯო
იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, რომლის კარიერა უმძიმესად დაიწყო. 1985 წელს, 18 წლის ასაკში, ჯერ კიდევ ვიჩენცაში თამაშის დროს, ბაჯოს ჯვარედინი მყესები გაუწყდა, რის შედეგადაც 501 დღე და 113 მატჩი გამოტოვა. შემდეგ კი იყო გენიალური კარიერა, რომელიც სავსე იყო აღმასვლებითა და დაღმასვლებით.

ჯანლუიჯი ბუფონი
2010 წლის ივნისი, ბუფონმა 32 წლის ასაკში მიიღო ხერხემლის ტრავმა, რის გამოც მოედანს 206 დღით ჩამოშორდა. ბევრს აღარ სჯეროდა, რომ ის ჩვეულ დონეზე დაბრუნებას შეძლებდა, მაგრამ მან ეს მაინც მოახერხა. დაბრუნების შემდეგ, ჯიჯი ორჯერ მივიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, ხოლო ერთხელ - ევროს ფინალამდეც.

პეტრ ჩეხი
2006 წლის ოქტომბერი - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იღებს თავის ქალის უმძიმეს ტრავმას და მოედანს 91 დღით სცილდება. ლონდონის ჩელსის 29 მატჩის ჩატარება მოუწია ჩეხის გარეშე. რა მოხდა შემდეგ? - ის დაბრუნდა, მის თავს კი ჩაფხუტი იცავდა. მან მალევე დაიბრუნა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯის სტატუსი.

ალესანდრო დელ პიერო
1990-იანი წლების ბოლოს, თავისი სიძლიერის პიკში იყო როგორც იტალიური ფეხბურთი, ისე ტურინის იუვენტუსი და პერსონალურად - დელ პიეროც. სწორედ იმ პერიოდში არ გაუმართლა ალესანდროს, რომელსაც 1999 წელს ჯვარედინი მყესები გაუწყდა. მან ფეხბურთის გარეშე გაატარა 234 დღე, დაბრუნების შემდეგ კი ის "ბებერი ქალბატონის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.

დიეგო მარადონა
მარადონას ბარსელონური კარიერა სამწუხარო მომენტებით იყო სავსე. ერთ-ერთი ასეთი უსიამოვნო ეპიზოდი 1983 წლის სექტემბერს უკავშირდება, როდესაც ბილბაოს ატლეტიკთან მატჩში ანდონი გოიკოჩეამ დიეგოს კოჭი მოსტეხა. ტრავმირებულმა ფლეიმეიქერმა გამოტოვა 99 დღე, რის შემდეგაც ის მალევე გადავიდა ნაპოლიში, სადაც ამ კლუბის ისტორიაც დაწერა.

რონალდო ნაზარიო
1990-იანი წლების ბოლოს რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნეოდა, თუმცა მისი დიდების წუთი დაიმსხვრა მუხლის უძმიმესი ტრავმით, რომლის გამოც მან ჯამში 663 დღე და 119 მატჩი გამოტოვა. რა მოხდა შემდეგ? - მუნდიალზე ტრიუმფი, ტრანსფერი მადრიდის რეალში, ოქროს ბურთი და ბევრი სხვა გამორჩეული მომენტი.

ფრანჩესკო ტოტი
ტოტიმ 2006 წლის თებერვალში წვივის ძვალი მოიტეხა, როს გამოც მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების საშიშროების წინაშე იდგა. რომას მის გარეშე 17 მატჩის ჩატარება მოუწია. ჩესკო დაბრუნდა სეზონის ბოლოს, ის ფორმაში ნელ-ნელა ჩადგა და მუნდიალზეც გაემგზავრა. რა მოხდა შემდეგ? - ეს უკვე ისტორიაა.

მარკო ვან ბასტენი
ვან ბასტენის კარიერაში მძიმე ტრავმები მრავლად იყო. ამ მიზეზის გამო მას კარიერის დასრულება 31 წლის ასაკში მოუწია. იქამდე ის ორი სეზონის მანძილზე არც თამაშობდა. ფეხბურთიდან წასვლამდე მარკომ ერთი ქამბექი მაინც შემოგვთავაზა: 1987 წლის ოქტომბერში კოჭის ტრავმის მიღებისა და 173 დღის გამოტოვების შემდეგ, მან მოიგო ევრო 1988, თანაც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლით.

ვირჯილ ვან დეიკი
თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველს ფეხბურთთან დამშვიდობება 254 დღით მოუწია. მიზეზი - ჯვარედინი მყესების გაწყვეტა, რომელიც ვან დეიკს დაემართა 2020 წლის ოქტომბერში, ლივერპულურ დერბიში. მოედანზე დაბრუნების შემდეგ, ჩვეულ, უმაღლეს დონეზე ის მალევე ავიდა.

ჩავი ერნანდესი
ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების წარმატებები წარმოუდგენელი იყო ჩავის გარეშე, თუმცა შესაძლოა ეს ყველაფერი საერთოდ არც მომხდარიყო. 2005 წლის დეკემბერში ერნანდესმა გაიწყვიტა ჯვარედინი მყესები, რის გამოც მოედანს 144 დღით ჩამოშორდა. ის ნელ-ნელა შედიოდა ფორმაში, 2008 წლისთვის კი დიდი ისტორიის დაწერისთვის ყველაფერი უკვე მზად იყო.
ფეხბურთელი, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, ქართული ვერსია - გიორგი ჩაკვეტაძე

ჩაკვეტაძე და მუხლის ტრავმა - ისტორია, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ ერთხელ და საბოლოოდ დასრულდა. 2019 წლის აპრილი-ნოემბრის შუალედში გიორგის გაუცდა 222 დღე, 2020 წლის ოქტომბერი - 2021 წლის ივნისის შუალედში კი 263 დღე. დღეს, ახალგაზრდა გამთამაშებელი არის საქართველოს ეროვნული გუნდისა და უოტფორდის ერთ-ერთი ლიდერი.
ასევე გამოსარჩევია: რადამელ ფალკაო, როი კინი, ჰენრიკ ლარსონი, რუდ ვან ნისტელროი, რობერტ პირესი, ალან შირერი, ტიაგო სილვა, ფლორიან ვირცი

















