ილქაი გიუნდოგანი მანჩესტერ სიტიში დაბრუნდა. ბარსელონაში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ვეტერანი ცენტრალური ნახევარმცველი დაბრუნდა კლუბში, რომელთან ერთადაც მან ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგის ხუთი ტიტული მოიგო. ვნახოთ, როგორი იქნება გერმანელი გამთამაშებლის კიდევ ერთი მისია "ქალაქელებში".
"ლურჯების" ნახევარმცველთან ერთად, გავიხსენოთ სხვა გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ ყოფილ გუნდებში დაბრუნდნენ. ზოგადად, ყოფილ კლუბში დაბრუნება საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, მაგრამ ჩვენ გავიხსენებთ მხოლოდ იმ მოთამაშეებს, რომლებმაც საკუთარი კვალის დატოვებაც შეძლეს.
ჯანლუიჯი ბუფონი - პარმა
ბუფონის კარიერაში ფიგურირებს პარის სენ-ჟერმენიდან ტურინის იუვენტუსში დაბრუნების ფაქტიც, თუმცა ცხადია, უფრო გამორჩეული სწორედ პარმაში ქამბექი იყო. 20-წლიანი განშორების შემდეგ, ჯიჯი "ჯალობლუში" 43 წლის ასაკში დაბრუნდა. თავის მშობლიურ კლუბში მან მიაღწია მშრალად ჩატარებულ 500-მატჩიან ნიშნულს, რაც რეკორდია.
დიდიე დროგბა - ჩელსი
დროგბამ ჩელსი დატოვა როგორც გმირმა, რომელმაც კლუბს თავის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტული მოაგებინა. იმის შემდეგ იყო შანჰაი შენჰუა, გალათასარაი და ისევ ლონდონი, სადაც დიდიემ პრემიერ ლიგის კიდევ ერთი ტიტული მოიგო. მო სალაჰის გამოჩენამდე, ნისლიანი ალბიონის საუკეთესო აფრიკელი გოლეადორი სწორედ ივუარელი ფორვარდი იყო.
ანტუან გრიზმანი - ატლეტიკო
გრიზმანსა და ატლეტიკოს ერთმანეთთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებთ. სწორედ დედაქალაქურ გუნდში გახდა ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რის შემდეგაც ანტუანი ბარსელონაში გადავიდა. წარუმატებელი პერიოდის შემდეგ, ის მადრიდულ კლუბში დაბრუნდა, სადაც ყველა დროის საუკეთესო გოლეადორიც გახდა. ფრანგი ფორვარდის ანგარიშზე ამ დროისთვის 128 ბურთია.
ტიერი ანრი - არსენალი
მართალია, ანრიმ არსენალში სულ რაღაც ორი თვე გაატარა, თუმცა მისი დაბრუნება ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოდგა. მისი დასკვნითი აკორდი ლონდონში იყო გამარჯვების მომტანი ბურთი სანდერლენდის კარში, თანაც ეს ყველაფერი ბოლო წუთებზე მოხდა. უდავოდ, ტიერი ინგლისური კლუბის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა.
მატს ჰუმელსი - დორტმუნდი
ჰუმელსი არის მიუნხენის ბაიერნის აღზრდილი, რომელიც მოგვიანებით დორტმუნდში გადავიდა. მის კარიერაში იყო როგორც მშობლიურ კლუბში, ისე ბორუსიაში დაბრუნებაც. მეორე შემთხვევა უფრო შთამბეჭდავია: 35 წლის მატსი გერმანულ კლუბთან ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ფინალამდე მივიდა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი - მილანი
იბრაჰიმოვიჩმა არაერთი გუნდი მოიარა, თუმცა ყველაზე დიდი კვალი მან მილანში დატოვა. სერია ა-ს დატოვების შემდეგ, ლეგენდარულმა თავდამსხმელმა მოიარა პარის სენ-ჟერმენი, მანჩესტერ იუნაიტედი და ლოს ანჯელეს გალაქსი, მოგვიანებით კი ისევ "როსონერი" იყო. კალჩოში დაბრუნებულმა 40 წლის ზლატანმა "შავ-წითლებთან" ერთად სკუდეტო მოიგო.
ხოსელუ მატო - რეალი
ხოსელუმ კარიერის დასაწყისში ვერ მოახერხა მადრიდის რეალში დამკვიდრება, რის შემდეგაც მან ძალიან დიდი ხანი მეორე ეშელონის გუნდებში გაატარა. მატო "სამეფო კლუბში" გასულ სეზონში დაბრუნდა და იმ დროისთვის უკვე 33 წლის იყო. სათადარიგოთა სკამისთვის განკუთვნილმა ესპანელმა ფორვარდმა ბაიერნის კარში შესრულებული დუბლით "ბლანკოსის" ევროპულ ტრიუმფში თავისი წვლილი ნამდვილად შეიტანა.
რიკარდო კაკა - მილანი
კაკამ მილანი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსით დატოვა, თუმცა მსგავსი წარმატების გამეორება რეალში მან ვერ მოახერხა. ლა ლიგის დატოვების შემდეგ, რიკი დაბრუნდა "როსონერიში", რომლის მაისურით მე-100 ბურთიც გაიტანა. მისი წასვლის შემდეგ, იტალიური გრანდი წლების მანძილზე ვერ ახერხებდა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გასვლას.
კეპლერ პეპე - პორტო
პეპეს კარიერის დასრულებას უწინასწარმეტყველებდნენ ჯერ კიდევ რეალის დატოვების შემდეგ, თუმცა ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა მეორე ახალგაზრდობა გაიარა. კეპლერი ჯერ ბეშიქთაშში წავიდა, შემდეგ კი დაბრუნდა პორტოში, რომლის შემადგენლობაში მოედნის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა და გოლის ავტორი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. პორტუგალიელმა უკანახაზელმა ეს ყველაფერი 41 წლის ასაკში გააკეთა.
კარლოს ტევესი - ბოკა ხუნიორსი
ტევესი მშობლიურ ბოკა ხუნიორსში ორჯერ დაბრუნდა - პირველად 2015 წელს, მეორედ კი 2018-ში. კარიერის დასაწყისში, სამშობლოს დატოვების მომენტისთვის კარლოსს არ ჰქონდა მოგებული ქვეყნის ჩემპიონატი, რაც მისთვის აუხდენელ ოცნებად რჩებოდა. საფეხბურთო გზის ბოლოსთვის კი მის ანგარიშზე უკვე 3 ტიტული იყო.
ყოფილ კლუბში დაბრუნება ქართულად: გიორგი მიქაუტაძე - მეცი
მეცში გატარებული ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, მიქაუტაძე გადავიდა ამსტერდამის აიაქსში, რომლის რიგებში დამკვიდრება მან ვერ მოახერხა. ყოფილ კლუბში კი სეზონის მეორე ნახევარში დაბრუნდა და უნდა ითქვას, რომ ჟორჟმა მალევე დაიბრუნა ლოთარინგიელთა საუკეთესო მოთამაშის სტატუსი. სამწუხაროდ, ქართველი ფორვარდის მიერ გატანილი 14 ბურთი "ლეს გრენატსის" ლიგა 1-ში დარჩენისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ასევე გამოსარჩევია: ერნან კრესპო - ინტერი, ფედერიკო დიმარკო - ინტერი, რობი ფაულერი - ლივერპული, რომელუ ლუკაკუ - ინტერი, მარსელო ვიეირა - ფლუმინენსე, ნემანია მატიჩი - ჩელსი, დიეგო მილიტო - რასინგი, კლაუდიო პიზარო - ვერდერი, პოლ პოგბა - მანჩესტერი, სერხიო რამოსი - სევილია, ხუან რომან რიკელმე - ბოკა ხუნიორსი, უეინ რუნი - ევერტონი, ალექსის სანჩესი - ინტერი, ჯეიდონ სანჩო - დორტმუნდი, ფერნანდო ტორესი - ატლეტიკო.