
ჟორდი ალბა
ბარსელონას აკადემიის დატოვების შემდეგ, ალბამ 20 წლის ასაკში მიაშურა ვალენსიას, რომელშიც რამდენიმე სეზონის შემდეგ, ლა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ განაპირა მცველად ჩამოყალიბდა. ევრო 2012-ზე გაბრწყინების შემდეგ კი კატალონიელებმა სასწრაფო ტემპით დაიბრუნეს ჟორდი და 10 წელზე მეტი ხნით გაიჩერეს.

ჟოაუ კანსელუ
კანსელუმ თავისი კარიერის სტარტზე ვალენსიაში გაატარა სამი სეზონი - იშვიათი შემთხვევა, როდესაც ის გუნდში ერთ წელიწადზე მეტხანს გაჩერდა. ჟოაუს გზაზე შემდეგ იყო ინტერი, იუვენტუსი, სიტი, ბაიერნი, ბარსელონა, ამიერიდან კი ალ-ჰილალიც. ის ყველგან აჩვენებდა თავის უმაღლეს დონეს, მაგრამ პრობლემური ხასიათის მქონე პორტუგალიელ განაპირა მცველთან დიდი ხნით თანამშრომლობა არავინ ისურვა.

როდრიგო დე პოლი
ვალენსიაში მარცხენა გარემარბად გატარებული ორი სეზონის შემდეგ, დე პოლი გადავიდა სერია ა-ში, კერძოდ კი უდინეზეში, სადაც თავი ახლებურად წარმოაჩინა. მოგვიანებით, როდრიგო დაბრუნდა პრიმერა დივიზიონში და ატლეტიკოს ფუნდამენტალურ მოთამაშედ იქცა. დღეს, სიმეონეს გუნდის ცენტრი არგენტინელი შუახაზელის გარეშე წარმოუდგენელია.

ისკო ალარკონი
ისკო პირველ რიგში ასოცირდება რეალსა და მალაგასთან, თუმცა იქამდე მის კარიერაში სწორედ ვალენსია იყო. კლუბის აღზრდილი შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც "ღამურების" მთავარ გუნდში 7 ჩატარებული მატჩის შემდეგ, ანდალუსიური და მადრიდული გუნდების თანამედროვე ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
ისკო პირველ რიგში ასოცირდება რეალსა და მალაგასთან, თუმცა იქამდე მის კარიერაში სწორედ ვალენსია იყო. კლუბის აღზრდილი შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც "ღამურების" მთავარ გუნდში 7 ჩატარებული მატჩის შემდეგ, ანდალუსიური და მადრიდული გუნდების თანამედროვე ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

ლეონარდო არაუჟო
ლეონარდოს პირველი ევროპული გუნდი იყო ვალენსია, რომელშიც ის ორი სეზონით გაჩერდა. შემდეგ იყო სამშობლოში დაბრუნება, იაპონია და ისევ ევროპა: პარის სენ-ჟერმენი და მილანი. არაუჟო თავისი უნივერსალურობით იყო ძალიან დასამახსოვრებელი მოთამაშე, როგორც "ღამურების" რიგებში, ისე პსჟ-სა და "როსონერიშიც".
ლეონარდოს პირველი ევროპული გუნდი იყო ვალენსია, რომელშიც ის ორი სეზონით გაჩერდა. შემდეგ იყო სამშობლოში დაბრუნება, იაპონია და ისევ ევროპა: პარის სენ-ჟერმენი და მილანი. არაუჟო თავისი უნივერსალურობით იყო ძალიან დასამახსოვრებელი მოთამაშე, როგორც "ღამურების" რიგებში, ისე პსჟ-სა და "როსონერიშიც".

ხუან მატა
ერთ-ერთი საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერ ლიგაში უთამაშია. ვალენსიაში ჩატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ, მატამ მიაშურა ჩელსის, სადაც ის ასევე წამყვან მოთამაშედ იქცა. მოგვიანებით, ხუანი აითვალწუნა ჟოზე მოურინიომ, რის გამოც მას მანჩესტერში გადასვლა მოუწია. ესპანელმა გამთამაშებელმა თავისი მაღალი კლასი დაამტკიცა იუნაიტედშიც, სადაც ის პორტუგალიელ ტაქტიკოსს კიდევ ერთხელ გადაეყარა.

პრედრაგ მიატოვიჩი
თავდამსხმელი, რომელმაც 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ეს ყველაფერი ხდებოდა რეალში, იქამდე კი მიატოვიჩის კარიერაში ვალენსია იყო. უდავოდ ის ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ბალკანელ მოთამაშედ, რომელსაც ესპანურ ფეხბურთში შეუბიჯებია. პრედრაგმა მადრიდელებისა და "ღამურების" მაისურით საერთო ჯამში 100-ზე მეტი ბურთი გაიტანა.

ნიკოლას ოტამენდი
პეპ გუარდიოლა სიტიში წლების განმავლობაში ცდილობდა იდეალური დაცვის ხაზის შექმნას და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი მისთვის სწორედ ოტამენდი იყო. ვალენსიაში გაბრწყინების შემდეგ, ნიკოლასი გადავიდა მანჩესტერულ კლუბში, სადაც ესპანელი ტაქტიკოსის ხელმძღვანელობით მან 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

დავიდ სილვა
ლეგენდარული შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ესპანეთის ნაკრებში, სიტისა და ვალენსიაში. სილვამ გაიარა დაახლოებით მატას მსგავსი გზა, მაგრამ თუ ხუანის გზაზე დროთა განმავლობაში გაჩნდა პრობლემები, დავიდის პრემიერლიგური კარიერა უბრალოდ იდეალური იყო. მანჩესტერული კლუბის ისტორია ესპანელ გამთამაშებელთან ერთად დაიწერა.

დავიდ ვილა
თავდამსხმელი, რომელთანაც ვალენსია დღემდე ასოცირდება. ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და თავისი თაობის გამორჩეული ფორვარდი. ვალენსიაში გაბრყინების შემდეგ, ვილა გახდა ეპოქალური ბარსელონას მნიშვნელოვანი ნაწილი, კარიერის ბოლოს კი მან ატლეტიკოს პრიმერა დივიზიონის ტიტულიც მოაგებინა.

შემდეგი დიდი ვარსკვლავი - გიორგი მამარდაშვილი
როგორც აღვნიშნეთ, მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელი გახდა. ახალგაზრდა მეკარე განათხოვრების წესით დარჩება ვალენსიაში, მოგვიანებით კი ალისონ ბეკერის წასვლის შემდეგ, ის მერსისაიდელებს სრულფასოვნად შეუერთდება. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგას ქართველი წარმომადგენელი ეყოლება.

ვალენსიელი, რომელმაც მოაღწია დინამომდე - ჩისკო მუნიოსი
ბოლოს კი ბონუსად გავიხსენოთ ჩისკოც, რომლის საფეხბურთო კარიერის დასაწყისში ფიგურირებდა ვალენსია, შემდეგ კი დინამოც. 2000-იანი წლების დასაწყისში მუნიოსმა "ღამურებში" ჩაატარა 60-ზე მეტი მატჩი, მოგვიანებით იყო ბეტისი, ლევანტე და თბილისური კლუბი. 129 მატჩი და 79 ბურთი, ასეთი მონაგარი დატოვა ესპანელმა ფორვარდმა ქართულ ფეხბურთში.

















