
იკერ კასილასი (ესპანეთი, ევრო 2008)
ტურნირი, რომლითაც დაიწყო ესპანეთის დომინირება არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო ფეხბურთზე. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, "ფურია როხამ" მოიგო 2010 წლის მუნდიალი და ევრო 2012-იც, ცხადია კასილასთან ერთად. რაც შეეხება ევრო 2008-ს, პლეიოფის ყველა მატჩის მშრალად ჩამთავრების შემდეგ, იკერმა გოლი არც ფინალში გაუშვა.

პეტრ ჩეხი (ჩეხეთი, ევრო 2004)
საბერძნეთის ტრიუმფი რომ არა, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის მთავარი გუნდი-სიურპრიზი ჩეხეთი იქნებოდა, რომელიც ნახევარფინალამდეც კი მივიდა. ბოჰემიელების წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა ჩეხის გარეშე, რომელიც ანტონიოს ნიკოპოლიდისთან ერთად, ტურნირის საუკეთესო კარის დარაჯად დასახელდა. ევრო 2004-ის შემდეგ, პეტრი გადავიდა ლონდონის ჩელსიში, რომელთან ერთადაც მან ისტორია უკვე პრემიერ ლიგაში დაწერა.

დიოგუ კოშტა (პორტუგალია, ევრო 2024)
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი გმირი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, პორტუგალია მეოთხედფინალში გაიყვანა. სლოვენიასთან 120 წუთის მანძილზე კარის მშრალად შენახვის შემდეგ, კოშტამ 11-მეტრიანების სერიაში 3 დარტყმა მოიგერია, რაც აქამდე კონტინენტის პირველობის ისტორიაში არავის გაუკეთებია.

ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია, ევრო 2020)
2021 წლის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ამით ყველაფერი ნათქვამია. იტალიის ტრიუმფი წარმოუდგენელი იქნებოდა დონარუმას გარეშე და მან თავისი წარმატებული სერია ევრო 2024-ზეც გააგრძელა, სადაც 14 სეივის გაკეთება მოასწრო. "სკუადრა აძურა" კრიზისშია, მაგრამ ეს კარის ხაზს არ ეხება.

ალექსანდრ კოლინკო (ლატვია, ევრო 2004)
2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ლატვია, როგორც დებიუტანტი-აუტსაიდერი მიემგზავრებოდა და სამწუხაროდ, სენსაცია არ მომხდარა - ერთი ქულა ჯგუფურ ეტაპზე და მეოთხე პოზიცია. ბალტიისპირელების მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა რომ არა კოლინკო, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე საერთო ჯამში 21 სეივი განახორციელა.

გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, ევრო 2024)
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველობ თავისი გამოსვლით მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცა და ამ ყველაფერში უდიდესი როლი სწორედ მამარდაშვილმა ითამაშა, რომელიც მეტოქეებისთვის ნამდვილი აუღებელი კედელი იყო. ჯგუფურ ეტაპზე განხორციელებულ 21 სეივს, ახალგაზრდა კარის დარაჯმა კიდევ 9 მოგერიება პლეიოფშიც მიამატა.

პეტერ შმეიხელი (დანია, ევრო 1992)
1992 წლის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე, რომელმაც დანიის ტრიუმფში უდიდესი როლი ითამაშა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეკარე თავისი გავლენით, ჩართულობითა და ქარიზმით მინდვრის მოთამაშეებს არაფრით ჩამოუვარდება. შმეიხელი სრულიად დამსახურებულად ითვლება ევროების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კარის დარაჯად.

იან ზომერი (შვეიცარია, ევრო 2020)
მეკარე, რომელმაც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მთავარ ფავორიტად შერაცხული საფრანგეთი შეაჩერა. ზომერის შესაძლებლობები მხოლოდ ამ მატჩით არ შემოიფარგლება, მან მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. იანმა თავისი წარმატებული სვლა გააგრძელა ევრო 2024-ზეც, სადაც ცოტა ხნის წინ, ბრძოლას ყოფილი ჩემპიონი, იტალია გამოთიშა. შვეიცარიელ კიპერს კარის მშრალად შენახვა არ გასჭირვებია.

ფრანჩესკო ტოლდო (იტალია, ევრო 2000)
იტალიის ძირითადი მეკარე 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე უნდა ყოფილიყო ჯანლუიჯი ბუფონი, თუმცა ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მან ტრავმა მიიღო. "სკუადრა აძურა" კი ტოლდოს იმედზე დარჩა და უნდა ითქვას, რომ მან თანამემამულე თითქმის იდეალურად შეცვალა. განსაკუთრებით ეს ითქმის 1/2 ფინალზე ნიდერლანდებთან, სადაც ჩესკომ მოიგერია 3 პენალტი, ერთი თამაშიდან, ორი კი 11-მეტრიანების სერიაში.

ლევ იაშინი (სსრკ, ევრო 1960)
მეკარე, რომელთანაც ასოცირდება ევროპის ჩემპიონატის პირველი გათამაშებები. 1960 წლის კონტინენტის პირველობაზე ტრიუმფის შემდეგ, იაშინი საბჭოთა კავშირთან ერთად ევრო 1964-ის ფინალამდეც მივიდა. დროის ამ შუალედში ლევმა მოიგო ოქროს ბურთიც და ის დღემდე ერთადერთი კარის დარაჯია აღნიშნული ჯილდოთი.

















