
პაოლო დი კანიო - შხაპის მიღების დროს სიმღერის აკრძალვა
დი კანიო სანდერლენდში არ გააჩერეს შვიდ თვეზე დიდხანს, თუმცა ამ მცირე დროის განმავლობაში მან რამდენიმე უცნაური რეფორმის გატარება მოასწრო. პაოლომ "შავ კატებს" აუკრძალა შხაპის დროს სიმღერა, ანეკდოტების მოყოლა, ჭორაობა და ასევე ყველანაირი მავნე საკვების მირთმევა. ინგლისური გუნდის მოთამაშეები ასეთ რეჟიმში 2013 წლის მარტი - სექტემბრის პერიოდში იყვნენ.

რაიმონდ დომენეკი - ჰოროსკოპით მორიელებისთვის საფრანგეთის ნაკრებში ადგილი არ არის
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების დროს აქტიურად იყენებდა ასტროლოგიას. დომენეკმა ეროვნული გუნდის კარი ჰოროსკოპით მორიელ ფეხბურთელებს დაუხურა. რაიმონდის სანქციების ქვეშ მოყვნენ ისეთი გამორჩეული მოთამაშეები, როგორებიც არიან რობერტ პირესი და ლუდოვიკ ჟიული. დიახ, ისინი მუნდიალის მიღმა თავიანთი ზოდიაქოს ნიშნის გამო დარჩნენ.

სერ ალექს ფერგიუსონი - არავითარი სპორტული მანქანები და ფერადი ბუცები
2010 წელს ფერგიუსონმა მანჩესტერ იუნაიტედში შემოიღო ასეთი წესი - სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებს მხოლოდ შავი ფერის ბუცები უნდა ცმოდათ. ფერადი ბუცების გამოყენების შესაძლებლობას ისინი მიიღებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავარ გუნდამდე დაწინაურდებოდნენ. ამის გარდა, სერ ალექსი იუნაიტედის იუნიორებს სპორტული მანქანებით გადაადგილებასაც უკრძალავდა.

ხოსეპ გუარდიოლა - შეზღუდვა პირად ცხოვრებაზე, ინტერნეტის გათიშვა და სპორტული მანქანების აკრძალვა
გუარდიოლა ჯერ კიდევ ბარსელონაში მუშაობის დღიდან უკრძალავს ფეხბურთელებს სექსით დაკავებას ღამის 12 საათის შემდეგ. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელი დილით იყოს მაქსიმალურად გამოძინებული და დასვენებული. ამის გარდა, პეპმა მანჩესტერ სიტის გასახდელში გათიშა ინტერნეტი, იმისთვის, რომ მოთამაშეებს ერთმანეთთან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - ესპანელი მწვრთნელი შეგირდებს მოუწოდებდა მხოლოდ სასპონსორო ავტომობილებით გადაადგილებას, თუმცა ამ წესს ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ დაემორჩილა.

იურგენ კლოპი - ფეხბურთელების ცოლებისთვისა და გერლფრენდებისთვის ვარჯიშზე დასწრების აკრძალვა
ერთ-ერთი პირველი რამ, რაც კლოპმა დანერგა ლივერპულში, ფეხბურთელების მეუღლეებისთვისა და გერლფრენდებისთვის ვარჯიშებზე დასწრების აკრძალვა იყო. იურგენმა ეს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ მეორე ნახევრების სიახლოვე მოთამაშეების ყურადღებასა და განწყობაზე უარყოფითად იმოქმედებდა.

ვალერი ლობანოვსკი - რიცხვი 13 არსად არ უნდა იყოს
ლობანოვსკი ცრურწმენებს დიდ ყურადღებას უთმობდა. კიევის დინამოს ბაზაზე ოთახები იყო დანომრილი, თუმცა არცერთ სართულზე არ გვხვდებოდა ოთახი ნომრით 13. ამის გარდა, კლოპის მსგავსად, ქალების ვარჯიშზე დასწრებას ვალერიც კრძალავდა. რაც შეეხება ვარჯიშის მეთოდებს, მის არაერთ შეგირდს უთქვამს, რომ უკრაინელი სპეციალისტის სავარჯიშო სესიები ჯოჯოხეთურად დამღლელი და რთული იყო.

ჟოზე მოურინიო - პოკემონების თამაშის აკრძალვა
გასული დეკადის შუა პერიოდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული იყო პოკემონების თამაში. ტრენდმა მიაღწია მანჩესტერის ფეხბურთელებამდეც, უფრო კონკრეტულად კი პოლ პოგბამდე, ანტონი მარსიალამდე და ლუკ შოუმდე. მოურინიომ კატეგორიულად აუკრძალა ამ სამეულს თავისუფალი დროის ასეთი ფორმით გატარება.

დანიელ პასარელა - გრძელთმიანი ფეხბურთელებისთვის არგენტინის ნაკრებში ადგილი არ არის
ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, რომლის სამწვრთნელო კარიერა ნაკლებად წარმატებული იყო. 1994-1998 წლებში პასარელა მუშაობდა არგენტინის ეროვნულ გუნდში და მისი მთავარი აკრძალვა გრძელ თმებს ეხებოდა. სპეციალისტს არ დაემორჩილა ფერნანდო რედონდო, რომელიც ამ მიზეზის გამო 1998 წლის მუნდიალის საგზურის გარეშე დარჩა.

ლუჩიანო სპალეტი - სანაკრებო შეკრებებზე ფლეისთეიშენის თამაშის აკრძალვა
სპალეტი იტალიის ნაკრებში მუშაობას სრული სერიოზულობით შეუდგა. სანაკრებო შეკრების პერიოდში მან თავისი გუნდის ფეხბურთელებს ფლეისთეიშენის თამაში აუკრძალა. ლუჩიანოს სურდა, რომ მოთამაშეები ყოფილიყვნენ მაქსიმალურად კონცენტრირებულები და დასვენებული გონებით.

არსენ ვენგერი - პირველი პრემიერ ლიგის მწვრთნელებს შორის, რომელმაც მავნე საკვები აკრძალა
იყო დრო, როდესაც პრემიერ ლიგაში ფეხბურთელების კვებას დიდ დროს არ უთმობდნენ. ვენგერი იყო პირველი, რომელმაც მოთამაშეების რაციონიდან ყველანაირი მავნე საკვები ამოიღო. ამის გარდა, არსენალის ძირითადის ყველა ფეხბურთელი მოედანზე უნდა გასულიყო გრძელი ან მოკლემკლავიანი მაისურით, ყველა ერთ სტილში.

















