
10. გიორგი ჩაკვეტაძე; 4 მილიონი ევრო (დინამო თბილისი - გენტი; 1.5 მილიონი, გენტი - უოტფორდი; 2.5 მილიონი)
დინამოს აღზრდილი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც გენტში 1.5 მილიონ ევროდ გადავიდა. შემდეგ იყო ტრავმიანობის პერიოდი და განათხოვრებები ჰამბურგში, ბრატისლავას სლოვანსა და უოტფორდში. გასულ ზამთარს ინგლისელებმა გიორგი ბელგიური კლუბიდან 2.5 მილიონად გამოისყიდეს.

9. ალექსანდრე ამისულაშვილი; 4.05 მილიონი ევრო (დინამო თბილისი - დინამო კიევი; 650 ათასი, დინამო კიევი - ნალჩიკი; 400 ათასი, ქაისერისპორი - კრასნოდარი; 3 მილიონი)
ამისულაშვილის საფეხბურთო კარიერაში უამრავი გუნდი ფიგურირებდა, თუმცა ძირითად შემთხვევაში იყო უფასო ტრანსფერები და განათხოვრებები. უშუალოდ თანხა ალექსანდრეში სხვადასხვა დროს გადაიხადა სამმა კლუბმა: დინამო კიევმა, ნალჩიკმა და კრასნოდარმა.

8. გიორგი ქვილითაია; 4.3 მილიონი ევრო (დინამო თბილისი - რაპიდი; 700 ათასი, რაპიდი - გენტი; 3 მილიონი, გენტი - აპოელი; 600 ათასი)
დინამოს კიდევ ერთი აღზრდილი, რომელმაც ითამაშა ავსტრიაში, ბელგიასა და კვიპროსში. ქვილითაია ქართული გუნდიდან რაპიდში 700 ათას ევროდ გადავიდა, შემდეგ იყო 3-მილიონიანი ტრანსფერი გენტში და 600-ათასიანი გარიგება აპოელში. გიორგი მიმდინარე ზაფხულს გადავიდა არისში, ამჯერად უფასოდ.

7. შოთა არველაძე; 6.10 მილიონი ევრო (ტრაბზონსპორი - აიაქსი; 1.6 მილიონი, აიაქსი - რეინჯერსი; 4.5 მილიონი)
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები ნიდერლანდებში გაატარა. ტრაბზონიდან აიაქსში შოთა 1.6 მილიონად გადავიდა, შემდეგ კი რეინჯერსში - თითქმის 3-ჯერ უფრო ძვირად. ასევე, მის კარიერაში იყო ალკმაარი და ლევანტე, მაგრამ ამ შემთხვევაში ტრანსფერი უფასოდ განხორციელდა.

6. ზურიკო დავითაშვილი; 7.25 მილიონი ევრო (დინამო ბათუმი - ბორდო; 1.25 მილიონი, ბორდო - სენტ-ეტიენი; 6 მილიონი)
ევროპულ ფეხბურთში ინტეგრირებამდე, ზურიკო თამაშობდა ქართულ და რუსულ გუნდებში, თუმცა ხშირ შემთხვევაში იყო უფასო ტრანსფერები და იჯარები. ბორდომ დავითაშვილი ბათუმიდან 1.25 მილიონად იყიდა, რამდენიმე დღის წინ კი ის უკვე 6 მილიონად სენტ-ეტიენში გადავიდა.

5. გიორგი დემეტრაძე; 14.60 მილიონი ევრო (დინამო თბილისი - ფეიენოორდი; 1 მილიონი, ფეიენოორდი - ვლადიკავკაზი; 1.2 მილიონი, ვლადიკავკაზი - დინამო კიევი; 3.2 მილიონი, დინამო კიევი - სოსიედადი; 5.4 მილიონი, მეტალურგი - ვლადიკავკაზი; 2.5 მილიონი, ვლადიკავკაზი - მაკაბი; 500 ათასი, მაკაბი - მეტალურგი; 800 ათასი)
დემეტრაძის კარიერა ტრანსფერებზე მდიდარი ნამდვილად იყო. განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი კარიერის სტარტზე განხორციელებული გარიგებები, სადაც ფიგურირებს ისეთი კლუბები, როგორებიც არის სოსიედადი, ფეიენოორდი და დინამო კიევი. გიორგიში საერთი ჯამში 14.60 მილიონი იქნა გადახდილი.

4. კახა კალაძე; 16.28 მილიონი ევრო (დინამო თბილისი - დინამო კიევი; 280 ათასი, დინამო კიევი - მილანი; 16 მილიონი)
ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი ორჯერ აღმართა. დღემდე გამორჩეულია კალაძის ტრანსფერი კიევიდან მილანში, რომლის შემდეგაც ის ათწლეულის მანძილზე რჩებოდა ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ მოთამაშედ. ამის გარდა, დინამოდან "როსონერიში" გადასვლის მომენტისთვის კახა ზოგადად, ყველაზე ძვირადღირებული უკანახაზელიც იყო.

3. გიორგი ქინქლაძე; 17.30 მილიონი ევრო (დინამო თბილისი - სიტი; 4 მილიონი, სიტი - აიაქსი; 8 მილიონი, აიაქსი - დერბი; 5 მილიონი, ანორთოსისი - რუბინი; 300 ათასი)
90-იანების ქართული ფეხბურთის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი - ქინქლაძე, რომელიც დინამოდან პრემიერ ლიგის ბინადარ სიტიში გადავიდა. მანჩესტერული კლუბის შემდეგ იყო აიაქსი, რომელშიც ადგილის დამკვიდრება გიორგიმ ვერ მოახერხა. ერედივიზიიდან წასვლის შემდეგ, ის დაბრუნდა ინგლისში, დერბიში.

2. ხვიჩა კვარაცხელია; 20.18 მილიონი ევრო (დინამო თბილისი - რუსთავი; 180 ათასი, რუსთავი - ლოკომოტივი; 100 ათასი, რუსთავი - რუბინი; 600 ათასი, რუბინი - დინამო ბათუმი; 6 მილიონი, დინამო ბათუმი - ნაპოლი; 13 მილიონი)
მთავარი ქართული ტრანსფერი ევროპულ ფეხბურთში. კვარაცხელია, რომელმაც 30-წლიანი პაუზის შემდეგ ნაპოლის სერი ა მოაგებინა. კლუბს ჩემპიონობის მომტანი მოთამაშე სულ რაღაც 13 მილიონი დაუჯდა. დღეს, ხვიჩას სატრანსფერო ფასი 100 მილიონს სცდება.

1. გიორგი მიქაუტაძე; 47.5 მილიონი ევრო (მეცი - აიაქსი; 16 მილიონი, აიაქსი - მეცი; 13 მილიონი, მეცი - ლიონი; 18.5 მილიონი)
ქართველი ფეხბურთელი, რომელშიც ამ დროისთვის ყველაზე დიდი თანხაა გადახდილი. თავდაპირველად, აიაქსმა მეციდან მიქაუტაძე 16 მილიონ ევროდ იყიდა. შემდეგ გიორგი ლოთარინგიაში იჯარით დაბრუნდა, სეზონის ბოლოს კი ის 13 მილიონად გამოისყიდეს. დღეს, გიორგი 18.5 მილიონად ლიონს შეუერთდა.


















