
ალისონ ბეკერი
თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, რომელიც თავის უმაღლეს კლასს პრაქტიკულად ყოველ შეხვედრაში ამტკიცებს. ალისონმა უკვე მოასწრო ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის მოგება. ბეკერის ბოლოდროინდელი გაბრწყინება? საოცარი პერფომანსი პარის სენ-ჟერმენის წინააღმდეგ 1/8 ფინალში. საინტერესოა ის, რომ ბრაზილიელი გოლკიპერი ლივერპულში გიორგი მამარდაშვილმა უნდა შეცვალოს.

დიეგო ალვეში
პენალტების მოგერიების დიდოსტატი, რომელმაც ვალენსიაში თამაშის დროს აიღო ლა ლიგისთვის რეკორდული, 23 დარტყმა. 2010-იანებში, ესპანური კლუბი უკვე იმყოფებოდა კრიზისში და "ღამურების" იშვიათი ნათელი წერტილი იყო სწორედ ალვეში, რომელმაც პრიმერა დივიზიონში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.

ჟულიო სეზარი
მეკარე, რომელმაც ევროპაში მოიგო 20 ტიტული, მათ შორის ტრიპლეტი მილანის ინტერის შემადგენლობაში. სეზარი უდავოდ არის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი, როგორც ბრაზილიური ფეხბურთის, ისე "ნერაძურის" ისტორიაშიც. საინტერესოა ისიც, რომ ჟულიო 2010 წელს უეფას წლის საუკეთესო კარის დარაჯადაც დასახელდა.

ნელსონ დიდა
კიდევ ერთი ეპოქალური ბრაზილიელი მეკარე და ერთადერთი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. კარლო ანჩელოტის ლეგენდარული მილანის განუყოფელი ნაწილი, რომელმაც იტალიურ გრანდში 300-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. დიდას კარიერის მთავარი მომენტი? 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც ნელსონმა თვით ჯიჯი ბუფონსაც აჯობა.

ალეშანდერ დონი
ლუჩიანო სპალეტის რომას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი, რომელმაც დედაქალაქურ გუნდში 200-მდე შეხვედრა ჩაატარა. დონი ითვლებოდა კალჩოს ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად, რომელმაც "ჯალოროსის" შემდეგ, ლივერპულს მიაშურა. სამწუხაროდ, მისი ინგლისური კარიერა არ შედგა. ალეშანდერმა "წითლებში" მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა.

ედერსონ მორაესი
ალისონის შემდეგ, მთავარი ბრაზილიელი მეკარე თანამედროვე ფეხბურთში. კარის დარაჯი, რომელმაც უკანასკნელ შვიდ წელიწადში პრემიერ ლიგა ექვსჯერ მოიგო. ამის გარდა, ედერსონმა მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ის ახლაც ინარჩუნებს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერის სტატუსს.

ეურელიო გომესი
მეკარე, რომელიც იყო ჩემპიონთა ლიგის 2004/2005 წლების სეზონის ერთ-ერთი მთავარი სენსაციის მონაწილე, როდესაც პსვ ეინდჰოვენი ნახევარფინალში გავიდა. "ფერმერები" შეაჩერა მხოლოდ მილანმა, ისიც სტუმრად გატანილი ბურთის ხარჯზე. ერედივიზიის შემდეგ, გომესმა ტოტენჰემში თამაშითაც დაგვამახსოვრა თავი.

ჰელტონ არუდა
პორტუგალიის შვიდგზის ჩემპიონი და ევროპა ლიგის გამარჯვებული პორტუსთან ერთად. დიახ, ჰელტონს არ ჰქონია ისეთი ვარსკვლავური კარიერა, როგორიც მის კონკურენტებს, მაგრამ "დრაკონების" ისტორიაში მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ნორბერტო ნეტო
ფლორენციის ფიორენტინაში გაბრწყინების შემდეგ, ნეტოს უწინასწარმეტყველებდნენ დიდ მომავალს, კარიერის მანძილზე მან მოიარა ბარსელონა, ტურინის იუვენტუსი, ლონდონის არსენალი და კიდევ რამდენიმე გუნდი. ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი კი ნორბერტოს ჰქონდა ვალენსიაში, რა თქმა უნდა, "იების" შემდეგ.

კლაუდიო ტაფარელი
ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და ალისონის მენტორი. 100-ზე მეტი შეხვედრა ნაკრებში და მოგებული სამი ევროთასი - უეფას თასი, სუპერთასი და თასების თასი. ტაფარელი იყო პირველი გოლკიპერი "სელესაოდან", რომელმაც წარმატებას ევროპაშიც მიაღწია.

















