
მარკო ასენსიო
ასენსიოს კარიერის სტარტი "ბლანკოსში" ნამდვილად გამორჩეული იყო. მან სადებიუტო შეხვედრიდანვე მიიქცია საფეხბურთო სამყაროს ყურადღება - 2016/17 წლების სეზონის სტარტი, უეფას სუპერთასი: მარკო სევილიას კარის დარაჯს, სერხიო რიკოს 25 მეტრიდან არ უტოვებს შანსს და ანგარიშს ხსნის. ზინედინ ზიდანის გუნდმა ის მატჩი საბოლოოდ 3:2 მოიგო.

გარეთ ბეილი
სანტიაგო ბერნაბეუზე 101 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადასვლის შემდეგ, ბეილი ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომას რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდა. გარეთის დებიუტი შედგა 2013 წლის 14 სექტემბერს, პრიმერა დივიზიონის გასვლით მატჩში ვილიარეალთან. რეალმა სწორედ ახალწვეული ვინგერის ერთადერთი ბურთით მოიგო.

ჯუდ ბელინგემი
მადრიდული გუნდის დღევანდელი ლიდერი, რომელმაც წამყვანი როლი პირველივე შეხვედრაში მოიპოვა. ბელინგემის დებიუტი შედგა 2023 წლის 12 აგვისტოს, პრიმერა დივიზიონის გასვლით მატჩში ბილბაოს ატლეტიკთან, რომელშიც მან გოლი გაიტანა. ის, თუ როგორი წარმატებული იყო ჯუდის პირველი სეზონი, ზედმეტი ახსნას არ საჭიროებს.

ემილიო ბუტრაგენიო
1984 წლის 5 თებერვალი, ლა ლიგა - "სამეფო კლუბი" პირველ ტაიმში მარცხდება მოკრძალებულ კადისთან, ანგარიშით 0:2. შეხვედრის მეორე ტაიმში შემოდის ბუტრაგენიო, რომელიც 2 ბურთს იტანს. "ბლანკოსმა" იმ მატჩში იმარჯვა 3:2, ლეგენდარულმა ფორვარდმა კი მოგვიანებით კიდევ არაერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა.

ალფრედო დი სტეფანო
გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ დი სტეფანომ რეალში თავის პირველივე შეხვედრაში გაიტანა. საუბარია თავდამსხმელის შესახებ, რომელმაც თეთრი მაისურით საერთო ჯამში 308 ბურთი შეაგდო. რაც შეეხება დებიუტს, მადრიდელებმა შინ 4:2 მოუგეს სანტანდერის რასინგს, თავად ალფრედომ ერთი ბურთის გატანა შეძლო.

ისკო ალარკონი
უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სადებიუტო შეხვედრა "სამეფო კლუბის" ისტორიაში. 2013 წლის 18 აგვისტო, ლა ლიგა - კარლო ანჩელოტის პირველი მატჩი "ბლანკოსის" დამრიგებლის რანგში. ამ თამაშის გმირი გახდა ისკო, რომლის გატანილი ბურთითა და ასისტით მისმა გუნდმა ბეტისს 2:1 მოუგო.

კილიან მბაპე
მბაპეს შესახებ უკვე ვისაუბრეთ. ანჩელოტის გუნდის ვარსკვლავური ახალწვეული, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა პირველი გოლი და პირველი ტიტულიც მოიპოვა. ყველაფერი ეს ხდებოდა უეფას სუპერთასზე, ბერგამოს ატალანტას წინააღმდეგ. ასე დაიწყო კილიანის თავგადასავალი ბერნაბეუზე.

როდრიგო გოესი
თანამედროვე რეალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, რომლის გოლებით მისმა გუნდმა არაერთ შეხვედრაში იმარჯვა. რაც შეეხება დებიუტს მადრიდელთა მთავარ გუნდში: 2019 წლის 25 სექტემბერი, ოსასუნასთან მატჩი; როდრიგო შეცვლაზე შემოსვლიდან 1 წუთში ბურთს იტანს.

კრიშტიანუ რონალდუ
"სამეფო კლუბის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს ნამდვილად სადებიუტო შეხვედრაშივე უნდა გაეტანა. ეს მოხდა 2009 წლის 29 აგვისტოს, ლა კორუნიის დეპორტივოსთან საშინაო მატჩში, რომელიც "ბლანკოსმა" 3:2 მოიგო. რონალდუმ გაიტანა 11-მეტრიანი, რომლის შედეგადაც ანგარიში 2:1 გახდა.

რონალდო ნაზარიო
ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი დებიუტი სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების ისტორიაში. 2002 წლის 6 ოქტომბერი, ლა ლიგა - შეცვლაზე შემოსულმა რონალდომ 30 წუთის შუალედში 2 ბურთი გაიტანა. ასე დაიწყო მსოფლიოს იმდროინდელი საუკეთესო მოთამაშის თავგადასავალი რეალში.

















