
გიორგი ჩაკვეტაძე
ჩაკვეტაძემ თავდაპირველად ითამაშა მეორე ბუნდესლიგაში ჰამბურგის შემადგენლობაში, შემდეგ კი უოტფორდში. სწორედ ინგლისში მოახდინა მან ტრავმატული პერიოდის შემდეგ, კარიერის რეანიმირება. "შავ-ყვითლებმა" თავდაპირველად გამოისყიდეს გიორგი, შემდეგ კი მას კონტრაქტი 2029 წლამდეც გაუხანგრძლივეს. დღეს, ქართველი გამთამაშებელი ჰართფორდშირელთა ერთ-ერთი ლიდერია.

ზურიკო დავითაშვილი
დავითაშვილს ჰქონდა ძალიან კარგი ორი სეზონი ბორდოში, რის შედეგადაც ის ლიგა 1-ში აღზევებულ სენტ-ეტიენში დაწინაურდა. მისი ტრანსფერი "მწვანეებს" 6 მილიონი დაუჯდათ. ზურიკომ წარმატებით მოახდინა ინტეგრირება საფრანგეთის უმაღლეს ლიგაშიც, სადაც მის ანგარიშზე უკვე 2 განხორციელებული ასისტია.

ალექსანდრე იაშვილი
მეორე ბუნდესლიგის ლეგენდა, რომელმაც გერმანიის ქვედა დივიზიონში ჩაატარა 241 შეხვედრა, გაიტანა 47 გოლი და გააკეთა 51 საგოლე გადაცემა. იაშვილმა ეს ყველაფერი გააკეთა 4 კლუბის შემადგენლობაში: ფრაიბურგში, კარლსრუეში, ბოხუმსა და ლიუბეკში. ვეტერან ფორვარდს ბუნდესლიგაშიც აქვს ჩატარებული არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი.

ოთარ კაკაბაძე
თანამედროვე საქართველოს ნაკრების განუყოფელი წევრი, რომელსაც კარიერის საუკეთესო პერიოდი სეგუნდა დივიზიონში ჰქონდა. კაკაბაძემ ტენერიფესა და ხიმნასტიკში ითამაშა. ოთარის მონაგარი შეადგენს 60 მატჩი 1 გატანილ ბურთს და 6 ასისტს. ის ერთადერთი გოლი მან ბარსელონას სარეზერვო გუნდს გაუტანა.

გიორგი ქინქლაძე
ქინქლაძემ პრემიერ ლიგაში დატოვა წარუშლელი კვალი, თუმცა მხოლოდ მისი ჯადოქრობა ადგილის შენარჩუნებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მანჩესტერ სიტი დაქვეითდა 1-ელ დივიზიონში და გიორგი თავის საყვარელ გუნდს გაყვა. რანგით ქვედა ლიგაში მან 97 მატჩში 19 ბურთი გაიტანა, როგორც "ქალაქელთა", ისე დერბი ქაუნთის რიგებშიც. ქართველ გამთამაშებელს მე-2 ბუნდესლიგაშიც აქვს ნათამაშები, ზაარბრიუკენში.

ლევან კობიაშვილი
მეორე ბუნდესლიგის კიდევ ერთი ლეგენდა, რომელმაც ფრაიბურგისა და ბერლინის ჰერტას შემადგენლობაში ჩაატარა 86 შეხვედრა, გაიტანა 15 გოლი და გააკეთა 9 ასისტი. აღსანიშნავია ისიც, რომ კობიაშვილმა მე-2 ბუნდესლიგა 3-ჯერ მოიგო. ვსაუბრობთ მოთამაშის შესახებ, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჰეთ-თრიკი შეასრულა.

გიორგი ქოჩორაშვილი
ლევანტე იბრძვის ლა ლიგაში აღზევებისთვის და ახლა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ამ გუნდის წარმატება წარმოუდგენელია ქოჩორაშვილის გარეშე, რომელიც ვალენსიელთა ნამდვილი ლიდერია. წამყვანი ესპანური გამოცემები უკვე წერენ, რომ გიორგი ლა ლიგა 2-სთვის უკვე მეტისმეტად დიდი არის.

გიორგი მიქაუტაძე
ლიგა 2-ის 2022/2023 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, რომელმაც 37 შეხვედრაში გაიტანა 23 გოლი და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. წარმატებული სეზონის შემდეგ, მიქაუტაძე გადავიდა ამსტერდამის აიაქსში, მაგრამ მალევე დაბრუნდა თავისი კარიერის ჯერჯერობით მთავარ კლუბში: მეცში.

გიორგი პაპუნაშვილი
გასული დეკადის ბოლოს სარაგოსა აქტიურად ცდილობდა ლა ლიგაში აღზევებას და ამ ყველაფრის მნიშვნელოვანი ნაწილი პაპუნაშვილი იყო. მან 57 მატჩში გაიტანა 9 ბურთი და 2 ასისტი გააკეთა. გიორგი არაგონში შედეგიანი მხოლოდ თბილისის დინამოში იყო. დღეს ის უკვე აზერბაიჯანის ჩემპიონატში თამაშობს.

ბუდუ ზივზივაძე
მეორე ბუნდესლიგის ამ დროისთვის საუკეთესო ბომბარდირი, რომლის ანგარიშზე უკვე ექვსი გოლი არის. საერთო ჯამში კი ზივზივაძემ ჩაატარა 47 შეხვედრა და 19 ბურთი გაიტანა. იყო საუბრები, რომ ზაფხულში ბუდუ გადავიდოდა ბუნდესლიგის კლუბში, მაგრამ ის ჯერჯერობით კარლსრუეშია.
ასევე გამოსარჩევია: გიორგი აბურჯანია, გია გურული, მათე ღვინიანიძე, ჯაბა კანკავა, თემურ ქეცბაია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი მაკარიძე, ლევან მჭედლიძე, ამირან სანაია, ხვიჩა შუბითიძე, დავით სირაძე, გიორგი წიტაიშვილი.

















