
სერხიო აგუერო
აგუერო ევროპაში გადავიდა 18 წლის ასაკში და ის მალევე იქცა ბებერი კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე თავდამსხმელად. 100-ზე მეტი გოლი ატლეტიკოს მაისურით და ევროპის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო. დედაქალაქური კლუბის აღზევება სწორედ სერხიოსთან ერთად დაიწყო.

დიეგო კოშტა
კოშტა დიდი ხნის მანძილზე ეძებდა თავის გუნდს და მისი "აფეთქება" მოხდა სწორედ ატლეტიკოში, 2012-2013 წლების სეზონში, როდესაც მან 20-გოლიან ნიშნულს მიაღწია. შემდეგ იყო კიდევ უფრო წარმატებული სეზონი, ამჯერად 36-ბურთიანი, ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალი და პრიმერა დივიზიონის ჩემპიონობა.

რადამელ ფალკაო
მიუხედავად იმისა, რომ ფალკაომ ატლეტიკოში გაატარა სულ რაღაც ორი სეზონი, მან წარუშლელი კვალი დატოვა. 70 გოლი ორ წელიწადში, სამი ტიტული და ევროპა ლიგის საუკეთესო გოლეადორობა. რადამელზე მრისხანე და ცივსისხლიანი ფორვარდი იმ დროს ძალიან რთულად მოსაძებნი იყო.

დიეგო ფორლანი
მანჩესტერ იუნაიტედში ვერ დამკვიდრების შემდეგ, ფორლანმა ქამბექი მოახდინა ვილიარეალში, რის შემდეგაც ის გადავიდა ატლეტიკოში, სადაც ახალ საფეხურზე ავიდა. 100-მდე გატანილი ბურთი 4 სეზონში და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის სტატუსი, სრულიად დამსახურებულადაც.

ანტუან გრიზმანი
ატლეტიკოს ყველაზე დიდი თავდამსხმელი და 197 გოლით გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი. 2010-იანებში დედაქალაქურ გუნდში გაბრწყინების შემდეგ, ანტუანი გადავიდა ბარსელონაში, მაგრამ ეს ტრანსფერი წარუმატებელი გამოდგა. მადრიდში დაბრუნებით კი ის ისევ ძველებურად ათამაშდა.

ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი
სულ რაღაც ერთი სეზონი ატლეტიკოში, თუმცა როგორი ეფექტური. ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ლიგიდან გავარდნილი გუნდის ფეხბურთელი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი ხდება. მადრიდელებმა 1999/00 წლების სეზონი დაასრულეს მე-19 პოზიციაზე, ჰასელბაინკზე მეტი კი პრიმერაში მხოლოდ სალვა ბალესტამ შეაგდო.

უგო სანჩესი
სანჩესი პირველ რიგში ასოცირდება მადრიდის რეალთან, თუმცა ევროპის ყველაზე ტიტულოვან გუნდში გადასვლამდე, ის სწორედ ატლეტიკოში ბრწყინავდა. 80-მდე გატანილი ბურთი 4 სეზონის მანძილზე და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ფორვარდის სტატუსი. აბსოლუტური ლეგენდა, როგორც "სამეფო კლუბის", ისე "როხიბლანკოსაც".

ლუის სუარესი
ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატრანსფერო შეცდომა - სუარესის გაშვება. ვარსკვლავური ბომბარდირი მოიშორა რონალდ კუმანმა და თავისი გადაწყვეტილება მან ახსნა იმით, რომ ასაკში მყოფი ლუისის დიდი ფეხბურთი უკვე დასრულებული იყო. ლეგენდარულმა ფორვარდმა დაამტკიცა საპირისპირო: ურუგვაელმა შემტევმა ატლეტიკოს პრიმერა მოაგებინა.

ფერნანდო ტორესი
ატლეტიკოს აკადემიის მთავარი აღზრდილი, რომელიც 19 წლის ასაკში უკვე გუნდის კაპიტანიც იყო. კლუბის ისტორიაში მესამე საუკეთესო გოლეადორი ანტუან გრიზმანისა და ლუის არაგონესის შემდეგ. მადრიდის დატოვების შემდეგ, ფერნანდომ მოიარა ინგლისის ჩემპიონატი, მაგრამ კარიერის ბოლოსთვის ის მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.

კრისტიან ვიერი
ვიერისთვის საკმარისი გამოდგა სულ რაღაც ერთი სეზონი, იმისთვის, რომ ის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო. აშკარა იყო, რომ საოცრად შედეგიან კრისტიანს იმდროინდელ მოკრძალებულ ატლეტიკოში არავინ გააჩერებდა დიდი ხნით და ასეც მოხდა. კალჩოში ის დააბრუნა რომის ლაციომ, შემდეგ კი რეკორდულ ფასად მილანის ინტერს მიჰყიდა.
ასევე გამოსარჩევია: ხულიან ალვარესი, ბალტაზარ ჟუნიორი, ანხელ კორეა, მემფის დეპაი, ხოსე გარატე, მარიო მანჯუკიჩი, ალვარო მორატა, ლიუბოსლავ პენევი, სალვა ბალესტა, ალექსანდერ სორლოთი, ვავა ნეტო, დავიდ ვილა.

















