
ადრიანო ლეიტე რიბეირო | (პარმადან - ინტერში, €23.4 მილიონი, 21/01/2004)
ადრიანო ინტერნაციონალეში 2001 წელს გამოჩნდა, თუმცა ძლიერი კონკურენციის გამო მას მალევე მოუწია გუნდის გამოცვლა. სამი წლის შემდეგ, რიბეიროს აფეთქება მოხდა პარმაში, რის შემდეგაც მილანელებმა ის სასწრაფო ტემპით დაიბრუნეს. 2000-იანი წლების კალჩოს ერთ-ერთი სიმბოლო, რომლის კარიერა დეპრესიამ დაანგრია.
ადრიანო ინტერნაციონალეში 2001 წელს გამოჩნდა, თუმცა ძლიერი კონკურენციის გამო მას მალევე მოუწია გუნდის გამოცვლა. სამი წლის შემდეგ, რიბეიროს აფეთქება მოხდა პარმაში, რის შემდეგაც მილანელებმა ის სასწრაფო ტემპით დაიბრუნეს. 2000-იანი წლების კალჩოს ერთ-ერთი სიმბოლო, რომლის კარიერა დეპრესიამ დაანგრია.

ანდრეა ბარძალი | (ვოლფსბურგიდან - იუვენტუსში, €300 ათასი, 01/01/2011)
ცენტრალური მცველი, რომლის კარიერა ვოლფსბურგში დაღმასვლისკენ წავიდა და იუვენტუსმაც ის მხოლოდ სკამის გასაძლიერებლად დაიმატა. ასე იყო მხოლოდ ერთი შეხედვით, რეალურად კი ბარძალიმ ჯორჯო კიელინისთან და ლეონარდო ბონუჩისთან ერთად, ტურინში ნამდვილი გაუვალი კედელი შექმნა.

ბრუნო ფერნანდეში | (სპორტინგიდან - მანჩესტერ იუნაიტედში, €65 მილიონი, 29/01/2020)
დიახ, მანჩესტერი კრიზისშია და კრიტიკის ობიექტი ხშირად არის თავად ბრუნოც, თუმცა ერთი რამ უდავოა - უკანასკნელ ხუთ წელში (ან მეტშიც) ფერნანდეში იუნაიტედის საუკეთესო მოთამაშეა. არსებობს მოსაზრება, რომ სხვა კლუბში აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მაღალი დონე უფრო მკვეთრად გამოჩნდებოდა.

ფილიპე კოუტინიო | (ინტერიდან - ლივერპულში, €13 მილიონი, 30/01/2013)
ინტერნაციონალეში ვერ დამკვიდრების შემდეგ, კოუტინიო კარიერის რეანიმირებისთვის ლივერპულში გადავიდა, სადაც ის პრემიერ ლიგის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. 200-ზე მეტი მატჩი წითელი მაისურით და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის სტატუსი. სამწუხაროდ, ნამდვილი ფილიპე მერსისაიდიდან წასვლის შემდეგ, ვეღარ ვიხილეთ.

პატრის ევრა | (მონაკოდან - მანჩესტერ იუნაიტედში, €8 მილიონი, 10/01/2006)
ევრა თავიდანვე თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მარცხენა მცველად მიიჩნეოდა, მას არაერთი მსურველიც ჰყავდა, თუმცა სწორედ მანჩესტერი აღმოჩნდა ის კლუბი, რომელშიც მან ფუნდამენტური ფეხბურთელის სტატუსი მიიღო. 380-მდე მატჩი და არაერთი ტიტული, პატრისმა ნამდვილად დატოვა იუნაიტედში თავისი კვალი.

ერლინგ ჰოლანდი | (ზალცბურგიდან - დორტმუნდში, €20 მილიონი, 01/01/2020)
დიდი ისტორიის დასაწყისი. მანჩესტერ სიტიში ისტორიის დაწერამდე, ჰოლანდმა ჯერ ზალცბურგში, შემდეგ კი დორტმუნდში გაიბრწყინა. ციფრები - ბორუსიაში ჩატარებულ 89 მატჩში ერლინგმა გაიტანა 86 ბურთი და გააკეთა 23 ასისტი. ნათელი იყო, რომ გერმანიის ჩემპიონატში დიდი ხნით ნორვეგიელ ფორვარდს არავინ გააჩერებდა.

მარსელო და სილვა ჟუნიორი | (ფლუმინენსედან - რეალში, €6.5 მილიონი, 01/01/2007)
კარლოსის მემკვიდრედ შერაცხული მარსელო, რომელიც რეალში თავის წინამორბედზე დიდი ხნითაც კი გაჩერდა. ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც მადრიდში 545-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ამის გარდა, და სილვა ჟუნიორი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა 25 მოგებული ჯილდოთი.

ლუის სუარესი | (აიაქსიდან - ლივერპულში, €26.5 მილიონი, 31/01/2011)
ერთ-ერთი ყველაზე დიდებული და ამავდროულად სკანდალური თავდამსხმელი პრემიერ ლიგის ისტორიაში. სუარესმა ლივერპულში გატარებული სამი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველაფერი გამოიარა: ლუისს სჯიდნენ რამდენიმეთვიანი ბანით, ის ერთ ნაბიჯში იყო ჩემპიონობასთან და ამის გარდა, უამრავი დასამახსოვრებელი გოლი მიითვალა. 2010-იანი წლების დასაწყისის "წითლების" საუკეთესო მოთამაშე.

ვირჯილ ვან დეიკი | (საუთჰემპტონიდან - ლივერპულში, €84.65 მილიონი, 01/01/2018)
თანამედროვე ფეხბურთში გვხვდება სეზონები, რომელშიც ვან დეიკზე უკეთესი ცენტრალური მცველი უბრალოდ არ არსებობს. ბევრის აზრით, ის ოქროს ბურთსაც კი იმსახურებდა. იურგენ კლოპის ლივერპულის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, რომელიც თავის უმაღლეს კლასს ლეგენდარული სპეციალისტის წასვლის შემდეგაც ამტკიცებს.

ნემანია ვიდიჩი | (სპარტაკიდან - მანჩესტერ იუნაიტედში, €10.5 მილიონი, 05/01/2006)
იმ დროს მცირე კრიზისში მყოფმა მანჩესტერმა დაიმატა უცნობი ცენტრალური მცველი სპარტაკიდან, რომელიც მომავალში გუნდის ფუნდამენტურ უკანახაზელად იქცა. ვიდიჩი იყო ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე, მისი დუეტი რიო ფერდინადთან კი პრემიერ ლიგის ნამდვილი კლასიკა არის.

მომავლის დიდი ზამთრის ტრანსფერი: ხვიჩა კვარაცხელია | (ნაპოლიდან - პსჟ-ში, €70 მილიონი, 17/01/2025)
ტრანსფერი, რომელსაც წლების შემდეგ, აუცილებლად გავიხსენებთ აღნიშნული ლეგენდების გვერდით. ნაპოლიდან პარის სენ-ჟერმენში გადასვლით, კვარაცხელია ახალი ისტორიის დაწერას შეუდგა. განახლებული პსჟ-ს ლიდერი და მომავალი დიდი ვარსკვლავი სწორედ ახალგაზრდა ვინგერი უნდა იყოს.
ასევე გამოსარჩევია: პაბლო აიმარი (რივერ პლეიტიდან - ვალენსიაში), დალი ალვეში (ბაიადან - სევილიაში), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდიდან - არსენალში), ენდი კოული (ნიუკასლიდან - მანჩესტერში), ედგარ დავიდსი (მილანიდან - იუვენტუსში), კევინ დე ბრუინი (ჩელსიდან - ვოლფსბურგში), ლუის დიასი (პორტუდან - ლივერპულში), ალეშანდრე პატო (ინტერნასიონალიდან - მილანში), მოჰამედ სალაჰი (ჩელსიდან - ფიორენტინაში), ტიაგო სილვა (ფლუმინენსედან - მილანში), დეიან სტანკოვიჩი (ლაციოდან - ინტერში).

















