სერია A-ს მომდევნო ტურში დერბი დელა მადონინა გაიმართება. 27 ტურის შემდეგ, პირველ - მეორე ადგილებს სწორედ ინტერი (67 ქულა) და მილანი (57) იყოფენ. "ნერაძურის" მოგების შემთხვევაში, სასკუდეტო ბრძოლა იქნება პრაქტიკულად დასრულებული, "როსონერის" გამარჯვებითა და ან თუნდაც ფრით, ინტრიგა შენარჩუნდება.
რიგით 230-ე დერბი დელა მადონინას წინ, გავიხსენოთ ამ დაპირისპირების 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი სხვადასხვა ეპოქიდან. დუელი, რომელიც განსაკუთრებულია არა მხოლოდ "გველებისა" და "დიავოლოს" გულშემატკივრებისთვის, არამედ მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის.
კაპიტანი ძმები მადონინაში
1970-იანი წლების დასაწყისში ინტერში სინჯებზე იმყოფებოდნენ ძმები, ფრანკო და ჯუზეპე ბარეზები. ლომბარდიულმა გუნდმა მხოლოდ უფროსი დაიტოვა, უმცროსმა კი მიაშურა მილანს, გუნდს, რომელშიც იტალიელი უკანახაზელი თავის პოზიციაზე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.
720-მდე მატჩი, 19 ტიტული და მარადიული მემკვიდრეობა. ის იყო იმდენად დიადი, რომ "როსონერიმ" გამოყენებიდან მისი ექვსნომრიანი მაისური სამუდამოდ ამოიღო. 1982 წლიდან-კარიერის ბოლომდე, "დიავოლოს" უკანახაზელი მოედანზე გამოდიოდა კაპიტნის რანგში და 80-იანების მე-2 ნახევრიდან მადონინაში ასევე კაპიტნის სტატუსით მისი უფროსი ძმაც გამოჩნდა.
იტალიელმა მცველმა სამკლაური ლეგენდარული ალესანდრო ალტობელისგან გადაიბარა. რაც შეეხება ძმების ურთიერთმატჩების ისტორიას, მიუხედავად იმისა, რომ "ეშმაკების" მე-6 ნომერს გამოუვიდა უფრო სახელოვანი კარიერა, მოგებების რაოდენობით დერბიში წინ "ნერაძურის" ექს-კაპიტანი არის.
აპენინელმა "კაიზერ ფრანცმა" იმარჯვა შვიდჯერ, "გველების" სამიანმა კი ცხრაჯერ, კიდევ შვიდი დაპირისპირება მათ შორის ფრედ დასრულდა. ბეპემ "ბიშონე" დატოვა 1992 წელს, კარიერის დარჩენილი ნაწილი კი მოკრძალებულ მოდენაში გაატარა. რაც შეეხება უმცროს ბარეზის, როგორც აღვნიშნეთ, "ეშმაკად" ის დარჩა კარიერის ბოლომდე, 1997 წლამდე.
დერბი, რომელმაც მუნდიალზე გადაინაცვლა
1980-იანი წლების მეორე ნახევარში სილვიო ბერლუსკონიმ მილანში მოაწყო ნამდვილი ვარსკვლავთცვენა, მისი საუკეთესო სატრანსფერო გადაწყვეტილება კი იყო ნიდერლანდური ტრიოს: მარკო ვან ბასტენის, რუდ გულიტისა და ფრანკ რაიკაარდის გაფორმება. ინტერნაციონალემ "როსონერის" უპასუხა გერმანული 3-ეულით: ლოთარ მათეუსი, იურგენ კლინსმანი და ანდრეას ბრემე.
დერბი დელა მადონინაში, ისევე როგორც სერია A-სა და მთელ ევროპაში დომინირებდა "დიავოლო", თუმცა "ნერაძურის" გულშემატკივრებმა ერთგვარი ნუგეში ნახეს არა ქალაქურ დუელში, არამედ იტალიაში გამართული 1990 წლის მუნდიალის 1/8 ფინალში, რომელშიც ერთმანეთს გერმანიისა და ნიდერლანდების ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ.
ეს მატჩი გაიმართა სან სიროზე, რაც "ბუნდესნაკრებისა" და "მფრინავი ჰოლანდიელების" დაპირისპირებას კიდევ უფრო "მადონინურს" ხდიდა. "მანშაფტის" მხრიდან მოედანზე იყო "გველების" ტრიოს ყველა წევრი, ისევე როგორც "ეშმაკთა" სამეული ნარინჯისფერ მაისურში. ამის გარდა, ფრანც ბეკენბაუერისა და ლეო ბენჰაკერის გუნდებს კაპიტნობდნენ სწორედ "ბიშონესა" და მილანის ვარსკვლავები: მათეუსი და გულიტი.
რაც შეეხება მატჩის შედეგს, გერმანიამ იმარჯვა ანგარიშით 2:1, თანაც ინტერის ლეგიონერების, კლინსმანისა და ბრემეს გოლებით. ეს იყო საღამო, როცა "ნერაძურის" ქომაგები "ბუნდესთიმს" გულშემატკივრობდნენ ისე, თითქოს ნიდერლანდებს მათი მშობლიური იტალიის ეროვნული გუნდი უპირისპირდებოდა.
დერბი დელა ფენომენო
ბერლუსკონი მილანში ვარსკვლავების მოზიდვაზე უარს არც 1990-იანებში ამბობდა და მას ამ მხრივ არც მასიმო მორატი ჩამორჩებოდა. 90-იანების მე-2 ნახევარში ინტერნაციონალემ რონალდო ნაზარიოსა (26.5 მილიონი) და კრისტიან ვიერის (46.4 მილიონი) გაფორმებით, სატრანსფერო რეკორდი 2-ჯერ მოხსნა.
1997-1998 წლების სეზონის დერბი დელა მადონინაში ყურადღების ცენტრში იყო ბრაზილიელი თავდამსხმელი, ვინც იმ დროს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის სტატუსით სარგებლობდა. 1997 წლის 22 ნოემბერს გამართული დერბიდან ზუსტად 1 თვეში, "ნერაძურის" ფორვარდის პირველობა ბალონ დ'ორის მოგებით გაოფიციალურდა.
რაც შეეხება "გველების" ათიანის პერფომანსს უშუალოდ დერბი დელა მადონინაში, პირველ წრეში ფრედ (2:2) დაფიქსირებულ მატჩში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშემ "როსონერის" გაუტანა 11-მეტრიანი, მე-2 წრეში კი საფეხბურთო სამყარომ მისი მხრიდან სებასტიანო როსის კარის აღებით ქცეული შედევრი იხილა.
"ბიშონემ" "დიავოლო" გაანადგურა ანგარიშით 3:0, "ფენომენმა" კი გაიტანა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი, როგორც დერბი დელა მადონინაში, ისე თავის კარიერაშიც. ფრანჩესკო მორიეროს მიერ ჩამოწოდებული ბურთი რონალდომ იტალიელი გოლკიპერის თავზე გადაგდებით, "ეშმაკთა" კარში გადაგზავნა.
აღსანიშნავია, რომ ტრავმატული პერიოდის, ტრიუმფალურად ჩატარებული 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის, მადრიდის რეალში ტრანსფერისა და მე-2 ბალონ დ'ორის მოგების შემდეგ, ბრაზილიელი ფორვარდი კვლავ აღმოჩნდება დერბიში, მაგრამ ამჯერად უკვე მილანის მაისურით.
2007 წლის 11 მარტს გამართულ დერბი დელა მადონინაში იმარჯვებს (2:1) რობერტო მანჩინის გუნდი, "როსონერის" მხრიდან კი იმ ერთადერთ ბურთს სწორედ ნაზარიო შეაგდებს. ეს იყო თამაში, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩის ცხოვრებას გაყოფს 2 ნაწილად: კერპთან შეხვედრამდე და მის შემდეგ.
მილანის რეკორდული გამარჯვება, ინტერის სირცხვილი
2001 წლის 11 მაისს გაიმართა დერბი დელა მადონინა, რომელიც ინტერის გულშემატკივრებს ღამის კოშმარებში დღემდე ესიზმრებათ. მილანმა მეზობელი "ნერაძური" გაანადგურა 6:0, პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი შემთხვევა, როცა დერბიში დაფიქსირდა მოგება 6-ბურთიანი სხვაობით.
"გველების" დარბევაში მთავარი როლები შეასრულეს კლაუდიო სერჟინიომ (გოლს პლიუს საგოლე გადაცემების ჰეთ-თრიქი), ჯანი კომანდინიმ (გოლების დუბლი) და რა თქმა უნდა, ანდრეი შევჩენკომ (გოლების დუბლს პლიუს საგოლე გადაცემა). "ბიშონეს" კარში 1 ბურთი ფედერიკო ჯუნტიმაც შეაგდო.
საინტერესო ისიც, რომ უკრაინელმა თავდამსხმელმა მარკო ტარდელის გუნდს ერთ-ერთი გოლი კახა კალაძის საგოლე გადაცემით გაუტანა. "როსონერის" ფორვარდის ანგარიშზე ინტერნაციონალეს კარში საერთო ჯამში არის 14 ბურთი, რითაც ის დერბის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორად დღემდე რჩება.
"დიავოლოს" შვიდიანმა თავისი ფინალური, მე-14 გოლი გაიტანა 2005 წლის 11 დეკემბერს, რითაც გადაასწრო ჯუზეპე მეაცას და როგორც აღვნიშნეთ, დერბის მთავარი გოლეადორი გახდა. ცნობისთვის, შევა მილანელებს შეუგდებს მე-15 ბურთსაც, მაგრამ უკვე კიევის დინამოს მოთამაშის რანგში, კარიერის მიწურულს.
მადონინა ჩემპიონთა ლიგაზე - მილანის ტრიუმფი, ჩაშლილი მატჩი, ინტერის რევანში
2000-იანი წლების დასაწყისის ჩემპიონთა ლიგაზე მთავარ ძალას სერია A-ს გუნდები წარმოადგენდნენ. იტალიურმა საკლუბო ფეხბურთმა თავის პიკს მიაღწია 2002/03 წლების სეზონში, როცა ევროპის მთავარი ტურნირის 1/2 ფინალში აღმოჩნდა კალჩოს 3 წარმომადგენელი: იუვენტუსი, მილანი და ინტერნაციონალე.
ნახევარფინალის ერთ მხარეს ტურინულმა გუნდმა დაამარცხა რეალი, მეორე მხარეს კი დერბი დელა მადონინაში ორი ფრე დაფიქსირდა (1:1, 0:0). ფინალის საგზური დარჩა "როსონერის", რადგან შეხვედრაში, როცა მომავალი ჩემპიონი იყო ნომინალური სტუმრის სტატუსით, "ნერაძურისგან" განსხვავებით, მან ბურთის გატანა შეძლო.
ისე კი როგორც ვიცით, "დიავოლოც" და "გველებიც" თამაშობენ ერთ სტადიონზე - სან სიროზე. ორი წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ გაიმართა დერბი, ამჯერად 1/4 ფინალში. პირველ შეხვედრაში "ეშმაკებმა" მოიგეს (2:0) უმარტივესად და იგივე სცენარი საპასუხო თამაშშიც ვითარდებოდა.
შევჩენკოს მორიგი გოლის შემდეგ, "ბიშონეს" გულშემატკივრები ვერ შეეგუენ საყვარელი გუნდის უმოქმედობას, რის შემდეგაც მათ მოედანზე პიროტექნიკა ისროლეს. ერთ-ერთი საგანი თავში ნელსონ დიდას მოხვდა. შედეგად: შეხვედრა ჩაიშალა, მანჩინის გუნდს ჩაეთვალა ტექნიკური წაგება (0:3), ფანებს კი ევროსარბიელის ფარგლებში თამაშებზე დასწრება 1 სეზონით აუკრძალეს.
ცნობილი ფოტო, რომელზეც მანუელ რუი კოშტა და მარკო მატერაცი უყურებენ ცეცხლში გახვეულ სან სიროს, სწორედ იმ მატჩიდან არის. თითქმის 2 დეკადის გასვლის შემდეგ, მილანი და ინტერნაციონალე ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/2 ფინალში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.
გამარჯვებული ამჯერად გამოვა "ნერაძური", თუმცა "როსონერისგან" განსხვავებით, თანაქალაქელის დამარცხების შემდეგ, ჩემპიონი ის ვერ გახდება. "გველებს" ფინალში მოუგებს მანჩესტერ სიტი, რითაც გაბათილდება კალჩოსთვის საამაყო 1 რეკორდი: მილანი აღარ იქნება ერთადერთი ქალაქი, რომელსაც ევროპის მთავარ სარბიელზე 2 ჩემპიონი ეყოლება.
მადონინას ქართველი მთავარი გმირი
დერბი დელა მადონინას ყურადღების ცენტრში მოქცეულა არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი, 2006 წლის 14 აპრილს გამართული შეხვედრის მთავარი გმირი კი კალაძეც აღმოჩნდა. თამაში დასრულდა მილანის მინიმალური მოგებით და ის ერთადერთი ბურთი სწორედ ქართველმა უკანახაზელმა შეაგდო.
ინტერის ყოფილი ფეხბურთელების, ანდრეა პირლოსა და კლარენს ზეედორფის გადაცემების შემდეგ, კახამ გაუტანა ჟულიო სეზარს და "როსონერის" 3 ქულა მოუტანა. ეს იყო უკანასკნელი დერბი კალჩოპოლიმდელ ერაში, რის შემდეგაც აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე თვეში იტალიური ფეხბურთი სამუდამოდ შეიცვალა.
ინტერის მიერ მილანის განადგურება ტრებლისკენ მიმავალ გზაზე
2008 წლის ზაფხულში ინტერის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ჟოზე მოურინიო და თუ სადებიუტო სეზონში სერია A-ში ჩემპიონობის გარდა, მისთვის განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მე-2 წელმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. "ნერაძურიმ" მოიგო ტრებლი, გზად კი აჯობა ისეთ გრანდებს, როგორებიც არიან ბარსელონა, მიუნხენის ბაიერნი და ლონდონის ჩელსი.
ერთ-ერთი პირველი გუნდი, რომელიც გამოცდის "გველების" მრისხანებას იქნება მილანი, 2009/2010 წლების სეზონის სტარტზე გამართულ დერბიში. "ბიშონემ" "როსონერი" გაანადგურა უშანსოდ, 4:0. მომავალ ჩემპიონებს მთავარ გმირად მოევლინათ დიეგო მილიტო, რომელმაც მადონინაში შეაგდო გოლი და 2 ასისტიც გაიფორმა.
არგენტინელი თავდამსხმელის ბრწყინვალე სვლა გაგრძელდება სეზონის ბოლომდე და ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეკორდმაისტერის" კარში შესრულებული დუბლით დაგვირგვინდება. "დიავოლოსთან" შეხვედრა გაიმართა 29 აგვისტოს და იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დერბიში დაფიქსირებული 4:0, მოურინიოს გუნდისთვის უბრალოდ გახურება იქნებოდა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩის პირადი შურისძიება
2000-იანი წლების მეორე ნახევრის ინტერის მთავარი ვარსკვლავი იყო იბრაჰიმოვიჩი, თუმცა ტრებლის სეზონმა მის გარეშე ჩაიარა. ტრიუმფალური 2009/10 სეზონის წინ, შვედი ფორვარდი გაიცვალა სამუელ ეტოოში, რის შედეგადაც ვარსკვლავურმა გოლეადორმა ბარსას მაისური მოირგო.
ზლატანს კატალონიურ გუნდში ვერ აეწყო ურთიერთობა პეპ გუარდიოლასთან, რის გამოც სულ რაღაც ერთ სეზონში მას მოუწია დაბრუნება კალჩოში, მაგრამ ამჯერად ის მილანში აღმოჩნდა. "ნერაძურის" ექს-ფორვარდმა თავის გუნდს სადებიუტო სეზონშივე მოაგებინა სკუდეტო, თანაც მადონინაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერფომანსით.
პირველ წრეში გამართულ მატჩში "როსონერიმ" იმარჯვა სწორედ თავისი იმდროინდელი მე-11 ნომრის გოლით და "გველების" კარის აღების გარდა, ტაეკვონდოს ილეთით მან მატერაცის კარიერა კინაღამ დროზე ადრე არ დაასრულა. იბრას არასდროს ჰქონია კარგი ურთიერთობა იტალიელ უკანახაზელთან, "ბიშონეში" თამაშის დროსაც კი.
შვედი თავდამსხმელის "დიავოლოში" გადასვლის შემდეგ, მისი და მარკოს მტრობა ახალ საფეხურზე ავიდა. ვარსკვლავურმა თავდამსხმელმა ინტერნაციონალეს უკანახაზელს გასცა პასუხი, რომელიც მას კიდევ დიდხანს ვერ დაავიწყდება. ზლატანის საფეხბურთო გზაზე მოგვიანებით იქნება პარის სენ-ჟერმენში, მანჩესტერ იუნაიტედსა და ლოს ანჯელეს გალაქსიში თამაში.
"ნერაძურის" ყოფილი თავდამსხმელი კარიერის ბოლოს დაბრუნდება "ეშმაკებში", თანაც კვლავ ხმაურიანად - ჩხუბი რომელუ ლუკაკუსთან, მორიგი სკუდეტო 11-წლიანი პაუზის შემდეგ და რეკორდი დერბიში. 2021 წლის 26 იანვარს მილანის მე-11 ნომერი "გველებს" შეუგდებს მორიგ ბურთს, ერთი შეხვედვით, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ...
საქმე ისაა, რომ იმ გოლის გატანის მომენტისთვის იბრაჰიმოვიჩი იქნება 39 წლის, 3 თვისა და 25 დღის, რითაც ის გახდება ყველაზე ხანდაზმული გოლეადორი დერბის ისტორიაში. შვედი ფორვარდის ანგარიშზე სულ არის 10 ბურთი, აქედან 8 "როსონერის" მაისურით, 2 კი "ბიშონეს".
მადონინაში მოპოვებული მე-20 სკუდეტო - საღამო, როცა ქალაქ მილანში მხოლოდ ერთი გუნდი არსებობდა
2023/2024 წლების სეზონი სერია A-ში მთლიანად მიმდინარეობდა ინტერის დომინირებით, მათ შორის დერბი დელა მადონინაშიც. პირველ წრეში "ნერაძურიმ" მილანი გაანადგურა 5:1, მეორე წრეში მოგებით კი გაიფორმა სკუდეტო, რიგით მე-20 თავის ისტორიაში. აღნიშნული წარმატებით, "გველებმა" გადაასწრეს "როსონერის" ჩემპიონობების რაოდენობით (20:19) და გერბის თავზე მეზობლებზე ადრე მე-2 ვარსკვლავი მიიხატეს.
"ბიშონეს" წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს "დიავოლოს" ყოფილმა ფეხბურთელებმაც - მატეო დარმიანმა, ფრანჩესკო აჩერბიმ და რა თქმა უნდა, ქალაქის წითელი ნაწილისთვის ყველაზე საძულველმა მოთამაშემ, ჰაკან ჩალჰანოღლუმ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სკუდეტოს ბედი მადონინაში გადაწყდა.
სიმონე ინძაგის გუნდი მეოცე ჩემპიონობას ზეიმობდა პირდაპირ თანაქალაქელების თვალწინ - ფოტო, რომელზეც მარკუს ტურამი "ეშმაკების" ლოგოთი დამშვენებულ კუთხურის ალამს აფარებს შავ-ლურჯ მაისურს, სწორედ იმ საღამოდან არის. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს იყო ინტერნაციონალეს ზედიზედ მე-6 მოგება მილანთან, რაც 21-ე საუკუნის მადონინაში რეკორდული შედეგია.
"ნერაძურიმ" "როსონერისთან" სამჯერ იმარჯვა სერია A-ში, ორჯერ - ჩემპიონთა ლიგაზე, ერთხელაც კი იტალიის სუპერ თასზე. დომონირება "გველების" მხრიდან დაიწყო 2023 წლის იანვარში და გაგრძელდა 2024 წლის აპრილამდე, როგორც აღვნიშნეთ, მე-20 სკუდეტოთი თავის კოლექციაში.
მილანის ქამბექი - სიმონე ინძაგის ინტერის დასასრულის დასაწყისი
2025 წლის იანვრისთვის ინტერი ინარჩუნებდა ოთხი ტიტულის მოპოვების შესაძლებლობას - ჩემპიონთა ლიგის, სერია A-ს, იტალიის თასისა და იტალიის სუპერ თასის ჯილდოებს. როგორც აჩვენა დრომ, "ნერაძურიმ" ჩამოთვლილი თასებიდან ვერ შეძლო 1-ის მოგებაც კი და ყველაფერი მილანთან წაგებით დაიწყო.
სუპერ თასის ფინალი - "გველები" 52-ე წუთამდე თანაქალაქელებს ამარცხებენ ანგარიშით 2:0-ს, თუმცა შემდეგ, "როსონერისგან" სამ გოლს იღებენ. ტიტული რჩება "დიავოლოს", რომელიც "ბიშონეს" მოუგებს კოპა იტალიას 1/2 ფინალშიც და ქულებს სასკუდეტო ბრძოლაშიც დააკარგვინებს.
"ეშმაკები" ამ ყველაფერს გააკეთებენ სერჟიუ კონსეისაუს მწვრთნელობით, ვინც საფეხბურთო კარიერის დროს თამაშობდა ინტერში, ასევე რომის ლაციოში, რომელშიც მისი თანაგუნდელი ინძაგი იყო. პორტუგალიელი სპეციალისტი აღარ მოღვაწეობს მილანში, მაგრამ "ნერაძური" მეზობლებთან მოგებას კვლავაც ვერ ახერხებს.
"გველების" მეოცე სკუდეტოს შემდეგ, მაყურებელმა იხილა დერბი დელა მადონინას ექვსი მატჩი - აქედან ოთხი დასრულდა "როსონერის" მოგებით, ორი კი ფრედ. 8 მარტს გველის მორიგი დერბი, ამჯერად ისეთი, რომელმაც სასკუდეტო ბრძოლაში შესაძლოა გარდამტეხი როლი ითამაშოს.















