
შოთა და არჩილ არველაძეები
ძმები არველაძეები სუპერლიგაში 1993 წელს გადავიდნენ და აღნიშნულ ჩემპიონატში ოთხი სეზონის განმავლობაში გაჩერდნენ. მათი დახმარებით ტრაბზონსპორმა მოიგო თურქეთის თასი და სუპერთასი. შოთამ და არჩილმა ერთად საერთო ჯამში 100-მდე ბურთი გაიტანეს. სწორედ ამ კლუბში დაიწყო ქართველი შემტევების თავგადასავალი ევროპაში.

ალექს დე სოუზა
პარმაში ვერ დამკვიდრების შემდეგ, ალექსი დაბრუნდა სამშობლოში, ცოტა ხნის შემდეგ კი ფენერბაჰჩეში გადავიდა. სუპერლიგაში გატარებული ცხრა სეზონის შემდეგ, დე სოუზამ ჩაატარა 340-ზე მეტი მატჩი და გაიტანა 170-ზე მეტი ბურთი. ამის გარდა, სამხრეთ ამერიკელი გამთამაშებელი თურქეთის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა.

რობერტო კარლოსი
ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი, რომელმაც მადრიდის რეალში ვარსკვლავური კარიერის შემდეგ, სამი სეზონი ფენერბაჰჩეში გაატარა. ასაკში მყოფმა კარლოსმა სტამბოლურ ქომაგებს თავი 10 გატანილი ბურთითა და სუპერთასის მოგებით დაამახსოვრა.

დიდიე დროგბა
მართალია, დროგბამ გალათასარაიში ითამაშა სულ რაღაც ორი სეზონი, მაგრამ მისი კვალი თურქულ ფეხბურთში მართლაც უდიდესია. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური დუელი რეალთან, რომელშიც დიდიემ გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა. მართალია, იმ დაპირისპირებაში მოგებულები გამოვიდნენ მაინც მადრიდელები, მაგრამ ივუარელის გამორჩეულ თამაშს დღემდე იხსენებენ.

სამუელ ეტო'ო
ვეტერანმა ეტოომ სუპერლიგაში გაატარა ოთხი სეზონი, ანტალიასპორსა და ქონიასპორში, ამ დროის განმავლობაში მან 95 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა. ეს ყველაფერი იყო სემის კარიერის ბოლოს, ბარსელონასა და მილანის ინტერში ვარსკვლავური კარიერის შემდეგ. თურქეთის შემდეგ, მან ბოლოს კატარშიც მოსინჯა ძალები.

რადამელ ფალკაო
ფალკაოს დიდი ფეხბურთიდან წასვლა ნავარაუდები იყო ჯერ კიდევ მონაკოში გადასვლის შემდეგ, თუმცა თავდამსხმელი კრიტიკოსების დადუმებას ყოველ ჯერზე ახერხებდა. გამორჩეული პერიოდი რადამელს ასევე ჰქონდა გალაში, სადაც მან 43 მატჩში 20 ბურთი გაიტანა. თურქეთის შემდეგ, ის დაბრუნდა პრიმერაში, სადაც რაიო ვალეკანოსაც დაეხმარა.

ხოსე მარია გუტი
რეალში ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ, მან დაიწყო ერთგვარი წმენდა და რამდენიმე ძველი კადრი მოიშორა. წამსვლელების სიაში აღმოჩდნენ ლეგენდებიც: რაული და გუტი. პირველი წავიდა შალკეში, მეორე კი ბეშიქთაშში, სადაც კარიერის ბოლომდეც დარჩა. მას ჰქონდა გამორჩეული სადებიუტო სეზონი, რომელშიც 37 მატჩში მან 11 ბურთი გაიტანა.

გეორგე ჰაჯი
ფეხბურთელი, რომელთანაც გალათასარაის ყველაზე დიდი წარმატება ასოცირდება. საუბარია უეფას თასზე, რომელიც თურქულმა გუნდმა 2000 წელს მოიგო. ჰაჯი იყო სტამბოლური კლუბის კაპიტანი, ლიდერი და მთავარი ვარსკვლავი. მან საერთო ჯამში ჩაატარა 192 მატჩი, რომელშიც 73 ბურთის გატანა შეძლო.

ფრანკ რიბერი
რიბერიმ საფეხბურთო გზა დაიწყო სამშობლოში, შემდეგ კი ნახევარი სეზონით გადავიდა გალათასარაიში, სადაც ლიგა 1-ის გრანდების ყურადღება მიიქცია. სტამბოლის შემდეგ, ფრანკი გადავიდა მარსელის ოლიმპიკში, შემდეგ კი კარიერის საუკეთესო პერიოდი მიუნხენის ბაიერნში გაატარა. თურქეთში დღემდე სიამაყით იხსენებენ ფრანგი ვინგერის "ლომებში" გატარებულ პერიოდს.

უესლი სნეიდერი
ინტერში გატარებული პერიოდის შემდეგ, სნეიდერს უწინასწარმეტყველებდნენ პრემიერ ლიგაში გადასვლას, თუმცა ყველაზე სარფიანი კონტრაქტი მას გალადან მიუვიდა. უესლიმ თურქეთში 4 სეზონის მანძილზე 175 მატჩში 46 ბურთი გაიტანა. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლეგიონერად სტამბოლური კლუბის ისტორიაში.
ასევე გამოსარჩევია: ნიკოლა ანელკა, მარიო ბალოტელი, ედინ ჯეკო, მაურო იკარდი, მარიო ჟარდელი, დირკ კიუიტი, დიეგო ლუგანო, დრის მერტენსი, ფერნანდო მუსლერა, ლუკაშ პოდოლსკი, ტონი შუმაჰერი, დუშან ტადიჩი, კლაუდიო ტაფარელი, რობინ ვან პერსი.

















