
10. მაურისიო პოჩეტინო (€1.15 მილიარდი)
ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი - მოისეს კაისედო (€116 მილიონი)
პოჩეტინომ საერთო ჯამში განახორციელა 57 ფეხბურთელის ტრანსფერი, მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული კი არის კაისედო, რომლის სანაცვლოდ ლონდონის ჩელსიში მუშაობის დროს მან €116 მილიონი გადაიხადა. მაურისიოს თავკაცობით მოისესმა ჩაატარა 48 მატჩი, გაიტანა 1 ბურთი და 4 ასისტი გააკეთა.

9. უნაი ემერი (€1.23 მილიარდი)
ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი - ნეიმარ ჟუნიორი (€222 მილიონი)
დიახ, სწორედ ემერის პარის სენ-ჟერმენში მუშაობის დროს მოხდა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი. ნეიმარის ბარსელონადან პსჟ-ში გადასვლით დაიწერა სატრანსფერო რეკორდი, მაგრამ არა კლუბის თანამედროვე ისტორია. უნაის თავკაცობით ჟუნიორმა ჩაატარა 30 მატჩი და გაიტანა 28 ბურთი.

8. ტომას ტუხელი (€1.25 მილიარდი)
ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი - კილიან მბაპე (€180 მილიონი)
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებს შორის რიგით მეორე. როგორც გვახსოვს, მბაპე პარის სენ-ჟერმენში თავდაპირველად გადავიდა განათხოვრების წესით, ერთი წლის შემდეგ კი უკვე გამოსყიდვით. იჯარა მოხდა პსჟ-ში ემერის თავკაცობის დროს, გამოსყიდვა კი უკვე ტუხელის მუშაობის პერიოდში.

7. მანუელ პელეგრინი (€1.25 მილიარდი)
ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი - კრიშტიანუ რონალდუ (€94 მილიონი)
ბევრს შეიძლება აღარც ახსოვს, რომ მადრიდის რეალში რონალდუს ეპოქა სწორედ პელეგრინის მწვრთნელობის დროს დაიწყო. იმავე პერიოდში მანუელისთვის გაიფორმეს რიკი კაკა და ქარიმ ბენზემაც. კიდევ ერთი საინტერესო გარიგება: კევინ დე ბრუინის მანჩესტერ სიტიში ტრანსფერი ასევე ჩილელი დამრიგებლის მუშაობის დროს მოხდა.

6. ანტონიო კონტე (€1.33 მილიარდი)
ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი - რომელუ ლუკაკუ (€74 მილიონი)
ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი კონტეს სამწვრთნელო კარიერაში. 113 შეხვედრა, 70 გოლი - ასეთია ლუკაკუს მონაგარი თავისი საყვარელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით. მილანის ინტერში დაწყებული გზა, მოგვიანებით ნაპოლიში გაგრძელდა. ისეთი შედეგიანი როგორიც ანტონიოსთან, რომი არცერთ დამრიგებელთან არ ყოფილა.

5. დიეგო სიმეონე (€1.42 მილიარდი)
ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი - ჟოაუ ფელიქსი (€127.20 მილიონი)
ალბათ ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერი სიმეონეს სამწვრთნელო კარიერაში. რეკორდულ ფასად გაფორმებულმა ფელიქსმა 131 შეხვედრაში მხოლოდ 34 ბურთი გაიტანა. ჟოაუს კარიერაში შემდეგ იყო იჯარა ბარსასა და ჩელსიში, ყველაფერი კი დასრულდა €52 მილიონიანი გაყიდვით ინგლისის დედაქალაქში.

4. მასიმილიანო ალეგრი (€1.42 მილიარდი)
ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი - კრიშტიანუ რონალდუ (€117 მილიონი)
აღნიშნულ რეიტინგში რონალდუ უკვე მეორედ გვხვდება. რეალში 94-მილიონიანი ტრანსფერისა და ისტორიის დაწერის შემდეგ, ის 117 მილიონ ევროდ გადავიდა ტურინის იუვენტუსში, სადაც იმ დროს ალეგრი მუშაობდა. კრიშტიანუმ მასთან ერთად მოასწრო 44 მატჩის ჩატარება, 28 ბურთის გატანა და 11 ასისტის გაკეთება.

3. კარლო ანჩელოტი (€1.81 მილიარდი)
ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი - ჯუდ ბელინგემი (€113 მილიონი)
ანჩელოტის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები ბრიტანელებს უკავშირდება. პირველ ადგილზე 113 მილიონი ევროთი არის ბელინგემი, იქამდე კი პირველ ადგილზე 101 მილიონით გარეთ ბეილი იყო. კარლომ ორივე შემტევი გამოიყენა იდეალურად და მათი დახმარებით ჩემპიონთა ლიგის თასების კოლექცია 2 ტიტულით შეავსო.

2. ჟოზე მოურინიო (€1.91 მილიარდი)
ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი - პოლ პოგბა (€105 მილიონი)
მოურინიოს სამწვრთნელო კარიერა ხმაურიანი ტრანსფერებით სავსე არის. მან საერთო ჯამში გაიფორმა 127 ფეხბურთელი, რაც აღნიშნული სიის სპეციალისტებს შორის რეკორდული მაჩვენებელია. ჟოზეს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი პოგბას მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებას უკავშირდება. დღეს, პორტუგალიელი ტაქტიკოსი მუშაობს სტამბოლის ფენერბაჰჩეში, პოლი კი დისკვალიფიცირებულია.

1. პეპ გუარდიოლა (€2.06 მილიარდი)
ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი - ჯეკ გრილიში (€117 მილიონი)
რთულად წარმოსადგენია, რომ პირველ ადგილზე გუარდიოლას გარდა ვინმე სხვა მწვრთნელი ყოფილიყო. ის ერთადერთი სპეციალისტია, რომელმაც უკვე 2 მილიარდიან ნიშნულსაც კი გადააბიჯა. პეპის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი არის გრილიში, რომელთან ერთადაც მან სიტის ჩემპიონთა ლიგის ნანატრი ტიტული მოუტანა.

















