ინგლისურ ფეხბურთს მაყურებლისათვის უამრავი სასწაული უჩუქებია. ზოგადად, ფეხბურთიც ხომ ნისლიანი ალბიონის მკვიდრებმა გვაჩუქეს და შემდგომაც არაერთხელ მოუნიჭებიათ გულშემატკივართათვის სიხარული თუ გაოცება, აღტაცება თუ გულისწყვეტა, მოგებისა თუ წაგების სიხარული. ამ ქვეყნის ისტორიიდან მრავალი დასამახსოვრებელი მომენტის გამორჩევა შეიძლება - ლესტერის ჩემპიონობა, აგუეროს გატანილი გოლით სიტის ბოლო წამს მოგებული ნანატრი პრემიერ ლიგა, არსენის არსენალის ოქროს პრემიერ ლიგა და სხვა. თუმცა, დღეს უნდა ვისაუბროთ იმ მოვლენაზე, რომელიც 12 წლის მოხდა და სეზონის დასაწყისში, ვფიქრობ, რომ ვერსიის დონეზეც კი არავის ჰქონდა წარმოდგენილი მოვლენების ისეთი განვითარება, რაც რეალობაში გარდაისახა.
საუბარი ამ შემთხვევაში 2012/13 წლების ინგლისის ასოციაციის თასის ფინალზე მაქვს და თავისი უცნაურობიდან გამომდინარე ეს თამაში დღემდე ბევრ გულშემატკივარს ახსოვს. აღნიშნულ თამაშში ხომ ერთმანეთის წინააღმდეგ უიგან ატლეტიკი და „ქალაქელები“ ანუ მანჩესტერ სიტი წარსდგნენ. ამ უკანასკნელის თასის ფინალში ყოფნა არავის გაჰკვირვებია, აი უიგანელთა წარმატება კი ყველასათვის ერთობ გასაკვირი აღმოჩნდა. ინგლისში, ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ტოპ გუნდებს მიღმა სხვა გუნდები თუნდაც 1/4 ან 1/2 ფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ ხოლმე, მითუმეტეს ისეთ პრესტიჟულ ტურნირზე როგორიც ასოციაციის თასია.
აი ატლეტიკმა კი ეს შეძლო და თანაც, ძალიან დაძაბულ და მრავალი რთული დაპირისპირების დაძლევის შემდგომ. უიგანი როგორც პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი იმ შეღავათით სარგებლობდა, რომ პირველ ორ რაუნდს ტოვებდა და გათამაშებას პირდაპირ მესამე რაუნდიდან ერთვებოდა. აღნიშნულ ეტაპზე გუნდს ბორნმუთი დაუწყვილდა. ის ბორნმუთი, ედი ჰაუ, რომ სადებიუტო სეზონს ატარებდა მწვრთნელის რანგში. მართლაც, „ალუბლებმა“ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და უიგანში, DW STADIUM-ზე შეკრებილმა პუბლიკამ ფრე იხილა. აღნიშნულ ტურნირზე კი, ცხადია, რომ მესამე რაუნდში დამატებითი დრო ან პენალტები პირველ შემთხვევაში არ გვაქვს და შეხვედრა გადათამაშდა, ამჯერად ქალაქ ბორნმუთში, სადაც მატჩის ერთადერთი გოლი არგენტინელმა თავდამსხმელმა მაურო ბოსელიმ შეაგდო და უიგანი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. ამის შემდეგ უიგანურ კლუბს ორი საკმაოდ მარტივი მეტოქე შეხვდა - მაკსფილდ თაუნი და ჰადერსფილდ თაუნი შეხვდა, სადაც ორივე შემთხვევაში გამარჯვების მოპოვება პირველივე ჯერზე შეძლო, შესაბამისად 0-1 და 1-4. აი ამის შემდეგ კი ტურნირის 1/4 ფინალში რობერტო მარტინესის ბიჭები დევიდ მოიესის საკმაოდ მრისხანე (სულ მცირე მათთვის) ევერტონს შეხვდნენ, თანაც მატჩის კენჭისყრის შემდგომ განისაზღვრა, რომ შეხვედრა ქალაქ ლივერპულში გაიმართებოდა. მიუხედავად ამისა, ესპანელმა მწვრთნელმა შოტლანდიელ კოლეგას მცირე მასტერკლასი ჩაუტარა და 1/2 ფინალის საგზური კომფორტული გამარჯვების ფონზე 0-3 მოიპოვა. ამის შემდგომ კი საკმაოდ უცნაური 1/2 ფინალური წყვილიც მივიღეთ - მილუოლი უიგანის წინააღმდეგ. უიგანს კენჭისყრაში კვლავ არ გაუმართლა და აღნიშნული ეტაპის თამაშიც მათ სტუმრად მოუწიათ, თუმცა ეს ყველაფერი დაბრკოლება არც ამ შემთხვევაში გამოდგა და ატლეტიკმა ფინალს მარტივად უწია. აღსანიშნავი ფაქტია და შესაძლოა ერთადერთიც, რომ გუნდი ფინალამდე ისე მივიდა, რომ აბსოლუტურად ყველა ეტაპი სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით გაიარა. რაც, ფეხბურთში, საკმაოდ იშვიათი რამ გახლავთ.
რაც შეეხება მათ მეტოქეს, მანჩესტერ სიტის, ქალაქელებმა რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით უოტფორდი, სტოკ სიტი, ლიდს იუნაიტედი და ბარნსლი გამოთიშეს. ხოლო 1/2 ფინალურ მეტოქედ კი მათ რაფა ბენიტესის ლონდონის ჩელსი დაუწყვილდა. შეხვედრა, რომელიც წინასწარ ფინალად იყო მოაზრებული, ქალაქელებმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს, სამირ ნასრისა და კუნ აგუეროს გოლებს, ჩელსიმ დემბა ბას ერთადერთი გოლით უპასუხა და ფინალისკენ გამსვლელი გზა სიტის დაუთმო. თითოეული გულშემატკივარი ელოდა, რომ სიტი უმარტივეს გამარჯვებას მოიპოვებდა, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო.
დადგა ნანატრი დღეც, 2013 წლის 11 მაისი. დღე, როდესაც უიგან ატლეტიკს ეძლეოდა ისტორიული შანსი, კლუბის არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოეგო. შეხვედრის მთავარი მსაჯი ანდრე მარინერი გახლდათ, ხოლო მომდევნო წლებში ცნობილი მსაჯი ენტონი ტეილორი კი აღნიშნულ შეხვედრაში მეოთხე მსაჯად გახლდათ განწესებული. მატჩის დაწყებამდე გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია იმანაც, რომ ფინალი არა ტრადიციულად 15:00 საათზე, არამედ ადგილობრივი დროით 17:15 საათზე დაიწყო, გულშემატკივართა პროტესტი კი გამოიწვია იმან, რომ მათი თქმით, მატჩის დასრულების შემდგომ ისინი საკუთარ, ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქებში დაბრუნებას ფიზიკურად ვეღარ მოასწრებდნენ (სხვათაშორის, მანჩესტერი და უიგანი ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს მდებარე ქალაქებია). მიუხედავად ამისა, უემბლი ბოლომდე გაივსო და შეხვედრას თვალი 86 254 ადამიანმა მიადევნა. ორივე გუნდი ძირითადი შემადგენლობით გახლდათ გამოსული, ცხადი იყო, რომ აქამდე მისულნი, ტიტულზე უარს არცერთი მათგანი იტყოდა. თანაც ამ პერიოდში, მანჩესტერ სიტი ტიტულებით განებივრებული ნამდვილად არ გახლდათ.
მატჩში, ცხადია, რომ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ქალაქელები ფლობდნენ, თუმცა რობერტო მარტინესის შეგირდები მათ გამოჭერას კონტრშეტევების საშუალებით ცდილობდნენ. პირველ ტაიმში, ყველაზე ხელსაყრელი მომენტი კი ხელიდან მაინც კარლოს ტევესმა გაუშვა, როცა ფაქტობრივად დაუცველ კარში დარტყმული ბურთი ფეხით, საოცარი რეაქციის გამოვლენით უიგანელთა ესპანელმა მეკარემ ხოელ რობლესმა აუღო. ატლეტიკის მხრიდან ყველაზე ხელსაყრელი მომენტები მარჯვენა გარემარბს კალუმ მაკმანამანს ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.
მეორე ტაიმში მოედანზე დაძაბულობამაც იმატა, ერთ მომენტში პაბლო ზაბალეტა იძულებული გახდა, რომ მეტოქის სახიფათო შეტევა ჩაეშალა, რაც ავტომატურად ყვითელ ბარათშიც გადაუკონვერტირდა. ამ მომენტიდან 20 წუთში კი არგენტინელმა განაპირა მცველმა კიდევ ერთხელ იუხეშა და მატჩის დასრულებამდე არასრული 10 წუთით ადრე ქალაქელები კაცნაკლულნი დატოვა. ამის შემდგომ უპირატესობას ცხადია, რომ უიგანი დაეუფლა, მატჩის ძირითად დროს დამატებულ პირველ კომპენსირებულ წუთზე კი მათ კუთხურის ჩამოწოდების უფლებაც მოიპოვეს. ბურთთან შონ მელონი მივიდა, მის ჩამოწოდებულს კი საჯარიმოში უიგანის რვიანი ბენ უოსტონი გამოეხმაურა და ჯო ჰარტის კარისკენ აუღებელი თავური გაუშვა. სტადიონი (განსაკუთრებით კი მისი აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც უიგანელთა გულშემატკივრები ისხდნენ) თითქმის დაინგრა, მათ თვალწინ ხომ უდიდესი ისტორია იწერებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ანდრე მარინერის საფინალო სასტვენიც გაისმა, რაც იმის მაუწყებელი გახლდათ, რომ უიგან ატლეტიკმა არსებობის 81 წლიან ისტორიაში პირველი დიდი ტიტული მოიპოვა, თანაც სად და ვისთან? უემბლიზე, მანჩესტერ სიტის მრისხანე გუნდის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ უიგანი გახდა ის იშვიათი გუნდი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ თასის მოგებით ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდა, იგივე ვერ შეძლო პრემიერ ლიგაში დარჩენასთან დაკავშირებით და ისინი ამავე სეზონში ჩემპიონშიფში დაქვეითდნენ. მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერს უიგანისთვის ხელი არ შეუშლია იმაში, რომ მათი სიტი ასოციაციის თასზე კიდევ ერთხელ, მომდევნო სეზონშივე დაემარცხებინათ, ხოლო 2017/18 წლების სეზონში კი ზედიზედ მესამედ, კვლავაც FA თასის ეგიდით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ტურნირზე სიტისთვის არ არსებობს უფრო უხერხული მეტოქე ვიდრე უიგან ატლეტიკია.
და მაინც, საინტერესოა, თუ რატომ გავიხსენეთ სწორედ ეს ფინალი წლევანდელი გათამაშების ფინალური მატჩის წინ? რადგან ამ მატჩშიც მანჩესტერ სიტი თამაშობდა? ცხადია, რომ არა. რადგან ამ მატჩის მსგავსად წლევანდელ ფინალშიც არის შესაძლებლობა იმისა, რომ კრისტალ პალასის სახით ინგლისის ასოციაციის თასს კიდევ ერთი სასწაულშემოქმედი ჰყავდეს. თანაც, თუ აღნიშნულ ტურნირზე უიგანი ითვლება სიტისთვის უხერხულ მეტოქედ, თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ პრემიერ ლიგაში ასეთი მეტოქეები სწორედ, რომ „არწივები“ არიან. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ტედ ლასო და მისი რიჩმონდი ტელესერიალში სწორედ, რომ კრისტალ პალასის სელჰერსტ პარკზე თამაშობს, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მათ მსგავსად კრისტალ პალასიც დიდი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბად იქცეს. ბურთი ხომ მრგვალია და მანჩესტერ სიტი, რომ ფინალში დაუმარცხებელი მეტოქე არაა (თუნდაც პატარა გუნდისთვის), ეს უკვე უიგან ატლეტიკმაც გვაჩვენა. ფაქტი ერთია, კრისტალ პალასი ერთ ნაბიჯშია ნანატრ ტიტულთან და ევროპა ლიგის საგზურთან, მის წინ კი წელს უტიტულო, მაგრამ ისე კი მრავალტიტულ მომგები პეპ გუარდიოლას მანჩესტერ სიტია.















