მატჩის მიმდინარეობა
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ჯგუფური ეტაპის ერთი ამოსუნთქვით გადალახვისა და საქართველოს ნაკრებთან ტაქტიკურად იდეალური შეხვედრის ჩატარების შემდეგ, რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი პირენეელები ევრო 2024-ზე პირველად ვიხილეთ. იყო მომენტები, როდესაც ისინი უფრო ახლოს იყვნენ გამოვარდნასთან, ვიდრე 1/2 ფინალში გასვლასთან.
ანგარიში გახსნეს "წითლებმა", შეცვლაზე შემოსული დანი ოლმოს დახმარებით. ის მოედანზე გამოჩნდა მერვე წუთზე, მას შემდეგ, რაც პედრი გონსალესმა ტონი კროოსთან შეჯახების შემდეგ, თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური გამთამაშებელი ასევე, ეუხეშა ლამინ იამალსაც, მაგრამ ენტონი ტეილორს გერმანელი შუახაზელი იმ მომენტში არ გაუფრთხილებია.

უკვე ხუმრობენ იმის შესახებ, რომ ინგლისელმა არბიტრმა მადრიდის რეალის ყოფილ ნახევარმცველს კარიერის მშვიდად ჩამთავრების საშუალება მისცა. დიახ, როგორც ვიცით, ევრო 2024 ლეგენდარული 8-იანის ბოლო ცეკვა არის. სახუმაროდ არ აქვს საქმე პედრის, რომელიც ვეტერანთან შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანების გამო ტურნირზე ვეღარ ითამაშებს.
დავუბრუნდეთ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდის პირველ გოლს, რომლის ავტორი, როგორც აღვნიშნეთ, შეცვლაზე შემოსული ლაიფციგის შემტევი არის. მან ისარგებლა იამალის პასით, რომელსაც ევრო 2024-ზე უკვე 3 ასისტი დაუგროვდა. ამ კომპონენტში ის ჯერჯერობით ლიდერია, ჩავი სიმონსთან ერთად (ლა მასია საქმეშია).
"ბუნდესნაკრებმა" თამაშში დაბრუნება 89-ე წუთზე შეძლო, როდესაც ფლორიან ვირცმა წონასწორობა აღადგინა. დაინიშნა დამატებითი დრო, რომლის 119-ე წუთზე მიკელ მერინომ ეფექტური თავურით ესპანეთს 1/2 ფინალისკენ გზა გაუხსნა. ცნობისთვის, ასისტი მიითვალა ოლმომ, რომელმაც "მანშაფტის" გასამწარებლად დღეს ყველაფერი გააკეთა.

საკამათო ეპიზოდი, რომელმაც საფეხბურთო სამყარო ორად გაყო
გოლებზე რეზონანსული გამოდგა "ფურია როხას" საჯარიმოში მომხდარი ეპიზოდი, როდესაც ჯამალ მუსიალას დარტყმის შემდეგ, ბურთი ხელში მარკ კუკურელიას მოხვდა. ტეილორმა არ დანიშნა 11-მეტრიანი, თამაში გაგრძელდა, საფეხბურთო სამყარო კი გაოგნებული დარჩა. ფაქტია, რომ ბურთის მოხვედრის მომენტში ესპანელ განაპირა მცველს ხელი აქვს გაშლილი, მაგრამ პენალტი მაინც არ იდება.
წესით, ასეთ დროს ფეხბურთელი ხელს წევს ზურგს უკან იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს თავისი გუნდის კარში პენალტის დანიშნვის რისკი. ისმის კითხვა: რა აზრი აქვს ამ ქმედებას აღნიშნული ეპიზოდის ყურების შემდეგ? გასაგებია, რომ ლონდონის ჩელსის განაპირა მცველს განზრახ არ გამოუწევია ხელი, მან რეალურად ვერც მოასწრო რეაგირება, მაგრამ ეს ფაქტი მაინც არ აბათილებს 11-მეტრიანის დანიშნვის აუცილებლობას პირენეელების კარში.

ეს არის თეორია, რომელსაც ემხრობა საფეხბურთო სამყაროს ერთი ნაწილი, თუმცა არსებობს მონეტის მეორე მხარეც - 25 წლის მარცხენა მცველის ხელი ბურთის მოხვედრის მომენტში არის ჩამოწეული, შეიძლება ითქვას, რომ იმყოფება ბუნებრივ მდგომარეობაში, არ ზრდის სხეულის ფართობს და ამის გარდა, თავად ფეხბურთელი ცდილობს ბურთის არა მოგერიებას, არამედ ხელის გაწევას, მაგრამ ამის გაკეთებას ფიზიკურად ვერ ასწრებს.
აღნიშნული თეორია წამოაყენა ყოფილმა არბიტრმა, ედუარდო იტურალდემ, თუმცა ცხადია, მას არც ისე ბევრი თანამოაზრე ჰყავს. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, "წითლები" გადიან 1/2 ფინალში, მასპინძელი "ალემანები" კი ევრო 2024-ს ემშვიდობებიან. შეგახსენებთ, რომ დღეს, ერთმანეთს კონტინენტის პირველობის ყველაზე ტიტულოვანი ეროვნული გუნდები უპირისპირდებოდნენ.

საინტერესო ფაქტები
აღნიშნულ შეხვედრაში დაფიქსირდა 16 ყვითელი ბარათი, ისევე როგორც ჩეხეთისა და თურქეთის მატჩში, რაც ევროპის ჩემპიონატის ანტირეკორდია.
ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ ხუთ გათამაშებაში ესპანეთი მინიმუმ ოთხჯერ ნახევარფინალში გავიდა. გამონაკლისია ევრო 2016, როდესაც "ფურია როხამ" იტალიასთან 1/8 ფინალში წააგო.
პირენეელებმა პირველად თავის ისტორიაში პლეიოფში ტურნირის მასპინძელი ნაკრები დაამარცხეს.
დანი ოლმო არის პირველი ესპანელი 1950 წლის შემდეგ, რომელმაც გოლი ევროპის/მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელს გაუტანა. უკანასკნელი ასეთი მოთამაშე იყო სილვესტრე იგოა, ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე.
უკვე 36 წელია, რაც გერმანიის ნაკრები "წითლების" დამარცხებას დიდ საერთაშორისო ტურნირზე ვერ ახერხებს.


















