2024 წელს საკმაოდ ბევრი კარგი ტრანსფერი განხორციელდა, ეროვნული ნაკრების არაერთი ფეხბურთელი გადაბარდგა ტოპ 5 ლიგაში და სწორედ ამ ფეხბურთელებზე გავამახვილებთ ამ სტატიაში ყურადღებას და ვისაუბრებთ რამდენად გაამართლა ამა თუ იმ გარიგებამ.

წელი იანვრის სატრანსფერო ფანჯრით უნდა დავიწყოთ, რა დროსაც ორი საკმაოდ კარგი ტრანსფერი გახნორციელდა, თანაც ორივე ეროვნული ლიგიდან.
საბა გოგლიჩიძე 2024 წლის დიდი აღმოჩენაა. 20 წლის ქართველ ცენტრალურ მცველზე მთელი იტალია საუბრობს, მის დასაკვირვებლად კი ყოველ ტურში ტოპ გუნდის სკაუტები ესწრებიან ემპოლის მატჩებს. ქართველი ფეხბურთელი იტალიურ გუნდში ტორპედო ქუთაისიდან გადაბარგდა. თავიდან განიხილებოდა იუვენტუსის ვარიანტიც, თუმცა ემპოლიში ტრანსფერმა თავიდან ბოლომდე გაამართლა. გოგლიჩიძემ მწვრთნელის ნდობა მალევე მოიპოვა და ახალ სეზონში მყარი სასტარტოს წევრიც გახდა. ქართველი მცველის სატრანსფერო ღირებულება თითქმის ყოლველთვიურად იმატებს და ახლა €8 მილიონამდეც კი აღწევს, თუმცა ემპოლი საბას ბევრად მეტად აფასებს. 2025 წლის იანვარში ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა ზაფხულში ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ გოგლიჩიძე ბევრად ძლიერ გუნდში გადაბარგდეს.
2024 წლის იანვარში კიდევ ერთი საინტერესო გარიგება დაიხურა, კერძოდ დინამო თბილისსა და ლატვიურ რფს-ს შორის. საუბარია ლაშა ოდიშარიაზე, რომელიც საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შეუცვლელი წევრია და მომდევნო სანაკრებო პაუზაზე, უკვე ეროვნულ გუნდშიც ველოდებით. 22 წლის უნივერსალი ფეხბურთელი ახალ კლუბში საკმაოდ კარგად ჩაირიცხა და ძალიან მალევე სასტარტოს წევრიც გახდა. მისმა გუნდმა წელი დუბლით დახურა — ქვეყნის ჩემპიონობა და თასი, რასაც ევროპა ლიგაზე კარგი თამაშიც ემატება. ოდიშარიამ არც მეტი, არც ნაკლები გალათასარაის გაუტანა.

შემდეგ იყოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანსფერი — გიორგი მამარდავილი ვალენსიადან ლივერპულში გადაბარგდა! ინგლისურმა კლუბმა ქართველი მეკარის სანაცვლოდ €35 მილიონამდე გადაიხადა, რაც ქართული ფეხბურთის რეკორდია. ამხელა თანხა აქამდე არც ერთ ქართველ ფეხბურთელში არ გადაუხდიათ. ლივერპულმა მამარდაშვილი 1-წლიანი იჯარით ვალენსიაში დატოვა, 2025 წლის 1 ივლისიდან კი 24 წლის მეკარეს ენფილდზე ელოდებიან. მეტიც, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის ტრანსფერის გამო, ლივერპული როგორც ალისონ ბეკერის, ისე კაოიმჰინ კელეჰერის გაყიდვასაც განიხილავს. ლივერპულში მამარდაშვილს პირველ ნომრად ამზადებენ!
ორი ძალიან საინტერესო ტრანსფერი გაკეთდა ლიგა 1-ში, კერძოდ სენტ-ეტიენსა და ლიონში. "მწვანეებში" ზურიკო დავითაშვილი გადაბარგდა, ხოლო გიორგი მიქაუტაძე სახლში დაბრუნდა. 2024/25 სეზონის 1/3 უკვე მიილია და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ზურიკოს სენტ-ეტიენში ტრანსფერმა გაამართლა. მასში გადახდილმა €6 მილიონმა ბევრ ადამიანში ერთი საინტერესო კითხვა გააჩინა — როგორ შეძლო სენტ-ეტიენმა ასეთ ფეხბურთელის, ასე იაფად დამატება? ქართველი ფეხბურთელი გუნდის უდავო ლიდერია და დღეს, რომ გუნდი ჩემპიონატში დარჩენისთვის იბრძის და ბოლო ადგილზე არ არის, სწორედ დავითაშვილის დიდი დამსახურებაა.
ახალი სეზონი რთულად დაიწყო გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც ლიონში ბოლო მომენტში გადაბარგდა. ქართველი ფორვარდი იქამდე მონაკოში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა როცა საქმეში მშობლიური გუნდი ჩაერთო, ყველა სახის გარიგება გაუქმნდა და ჟორჟიც სახლში დაბრუნდა. გიორგი გუნდის მთავარი ფორვარდი არ არის, თუმცა ბოლო პერიოდში მისი სათამაშო დრო საგრძნობლად გაიზარდა, რაც გატანილ გოლებშიც აისახა. იანვარში მის პოტენციურ გაყიდვაზე საუბრები არ წყდება, რადგან ლიონს ფინანსური პრობლემები აქვს — საქმეშია გალათასარაი, რომელიც ქართველი ფორვარდის დასამატებლად ყველაფერს აკეთებს, თუმცა ამ მომენტისთვის ჟორჟის სურვილია ლიონში რაც შიძლება დიდხანს დარჩეს. უახლოეს კვირებში მის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.
წლის მიწურულს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გარიგება დაიხურა — ვახტანგ სალია ნიუკასლის ფეხბურთელი გახდა! ამის შესახებ ნიუკასლმა გულშემაკტივრებს უკვე აცნობა და 2025 წლის ზაფხულიდან, ახალგაზრდა ფეხბურთელი ინგლისურ გუნდს შეუერთდება. სალია ქართული ფეხბუთის ამომავალ ვარსკვალავად ითვლება, ინგლისურმა კლუბმა კი ყველას აჯობა და 17 წლის ფეხბურთელი შეიძინა. ჩვენთვის როგორც ცნობილი გახდა, ფეხბურთელის დამატებას სხვა ევროპული გუნდებიც ცდილობდნენ, თუმცა ნიუკასლმა სალიას საუკეთესო პირობები შესთავაზა და გარიგებაც დაიხურა.

2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოლოდინები
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ერთ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი, შესაბამისად ჩვენი ყურადღება ქართველი ფეხბურთელების მიმართ არის მიპყრობილი. პირველ რიგში იმ სამეულზე ვისაუბრებთ, რომლებიც ისეთ გუნდებში თამაშობენ მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნება, რომ აქვთ.
გიორგი ქოჩორაშვილი - ლევანტე, გიორგი ჩაკვეტაძე - უოტფორდი, ბუდუ ზივზივაძე - კარლსრუე. ამ გუნდების მიზანი სეზონის ბოლოს ლა ლიგაში, პრემიერ ლიგასა და ბუნდესლიგაში აღზევებაა. ეს ფეხბურთელები კი გუნდის ლიდერები არიან და უფროსობა მათ შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.
ძალიან დიდი ინტერესია გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ, რომელიც ამ სეზონში ჩემპიონშიპის საუკეთესო ნახევარმცველია. 25 წლის ფეხბურთელის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს ვულვზი, რომელიც ჩაკვეტაძის თაობაზე უოფორდს დაახლოებით ერთ თვის წინ დაუკავშირდა. საქმეში სხვა გუნდებიც არიან, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ქართველის "ჰორნეტებში" დარჩენის შანსი საკმაოდ დიდია. ამ ყველაფერს ემატება ახალი კონტრაქტიც, რომელიც გიორგიმ კლუბთან 2029 წლამდე გააფორმა. უოტფორდი ქართველ ფეხბურთელს დაახლოებით €20-25 მილიონად აფასებს, სწორედ ამიტომ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რომელიმე კლუბმა იანვარში ეს თანხა გადაიხადოს. დიდი შანსია როგორც ჩაკვემ, ისე უოტფორდმაც სეზონის ბოლომდე მოიცადონ, რა დროსაც გუნდის ბედი გადაწყდება.
ზუსტად იგივე სიტუაციაა ქოჩორაშვილზე და ზივზივაძეზეც. ამ უკანასკნელს კარლსრუესთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა გერმანელები ახალ ხელშეკრულებაზე უკვე მუშობენ. ლოგიკურია, რომ კლუბში არ სურთ ბუნდესლიგა 2-ის ბომბარდირის უფასოდ გაშვება. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ბუდუს სურვილიც — ფეხბურთელს ბუნდესლიგაში თამაში სურს, სწორედ ამიტომ დიდი შანსია სეზონის ბოლომდე მოიცადოს და ახალი ხელშეკრულება იანვარში არ გააფორმოს. ბუდუს სიტუაციას ყურადღებით აკვრიდებიან გერმანული კლუბები და დიდია იმის ალბათობა, რომ კარლსრუეს ქართველი ფორვარდის თაობაზე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიმართავენ.
და ბოლოს, გიორგი ქოჩორაშვილი, ფეხბურთელი რომელიც ლევანტესთვის შეუცვლელია. მისი სეზონის ბოლომდე ვალენსიურ კლუბში დარჩენის შანსი, ამ მომენტისთვუს საკმაოდ დიდია. 25 წლის ნახევარმცველს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და გუნდის დატოვება შუა სეზონში მის გეგმებში ნამდვილად არ შედის. კლუბში შეთანხმებულები არიან, რომ თუ სეზონის ბოლოს ლევანტე ლა ლიგაში არ დაბრუნდება, ქართველ ფეხბურთელს სხვა კლუბში ტრანსფერში ხელს არ შეუშლიან.

იანვარში დიდი შანსია ორი ქართული ტრანსფერი განხორციელდეს. ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი და ირაკლი აზაროვი საკუთარ გუნდებში სათამაშო დროით უკმაყოფილოები არიან და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ იანვარში სხვა გუნდებში გადაბარგდნენ. იმის მიუხედავად, რომ აზაროვი ახლა 21-წლამდე ნაკრების წევრია, მისი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება უბრალოდ დროის ამბავია. რაც შეეხება ლოჩოშვილს, 26 წლის მცველი, სანიოლისთვის შეუცვლელია. სწორედ ამიტომ, ამ ორი ფეხბურთელის გარშემო ყურადღებით უნდა ვიყოთ. დიდი შანსია, იანვარში ლოჩოშვილმა კრემონეზე, ხოლო აზაროვმა შახტარი დატოვოს. მსგავსი სიტუაცია იყო გიორგი გოჩოლეიშვილზეც, რომელიც შახტარში დიდ სათამაშო დროს ვერ იღებდა, ახლა კი კოპენჰაგებში საკმაოდ ბევრს თამაშობს. გოჩოლეიშვილის დანიაში გადაბარგება, 2024 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერად უნდა შეფასდეს.
კარგი ნაბიჯი იყო გიორგი წიტაიშვილისთვის გრანადაში ტრანსფერიც — ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა ლიგა 2-ის გუნდის შეუცვლელი წევრია და თითქმის ყოველ ტურში, სასტარტო შემადგენლობიდან იწყებს თამაშს. მისი გუნდი, როგორც ქოჩორაშვილის ლევანტე, ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის. წიტაიშვილის უფლებები ამ დრომდე დინამო კიევს ეკუთვნის, თუმცა უკან, უკრაინაში დაბრუნება ფეხბურთელისთვის პრიორიტეტული არ არის.
ბოლო დღეებში ანზორ მექვაბიშვილის შესახებაც გაჟღერდა საინტერესო ინფორმაცია. როგორც ირკვევა, ჯენოა ქართველი ფეხბურთელის დამატებას განიხილავს და მოსალოდნელია, რომ იანვარში გენუური კლუბი შეთავაზებასაც გააკეთებს. ამ პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
ბოლო სატრანსფერო ამბავი, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ ოთარ კიტეიშვილს ეხება. გრაცის შტურმის კაპიტნით გერმანული ჰოფენჰაიმი ინტერესდება, სადაც რამდენიმე დღის წინ სწორედ შტურმის ყოფილი მთავარი მწვრთნელი მივიდა. კრისტიან ილცერმა ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერი უკვე მოითხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვარში ამ პოტენციურ გარიგებასთან დაკავშირებით, საინტერესო სიახლეები გველოდება.















