2025 წელი უახლოვდება თავის დასასრულს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია შევაჯამოთ ევროპული ტოპ გუნდების როგორც მთლიანი კალენდარული წელი, ისე სეზონის პირველი ნახევარიც. რა ხდებოდა დიდ ფეხბურთში 2025 წლის იანვრიდან - დეკემბრამდე? პასუხი ქვემოთ.
პრემიერ ლიგა - კრიზისული ლივერპული, ჩემპიონობაზე მეოცნებე არსენალი და სხვები
ინგლისურ ფეხბურთში უდავოდ მთავარი მოვლენა ლივერპულის გარშემო დატრიალებული ამბები არის. პრემიერ ლიგაში ჩემპიონობის შემდეგ, მერსისაიდელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოახდინეს ნამდვილი ფურორი და არაერთი გამორჩეული ვარსკვლავი გაიფორმეს.
"წითლებში" მივიდა ალექსანდერ ისაკი, ფლორიან ვირცი, უგო ეკიტიკე, ჯერემი ფრიმპონგი, მილოშ კერკეზი და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე. ენფილდზე დაბრუნდა გიორგი მამარდაშვილიც, რომელმაც გასული სეზონი იჯარით ვალენსიაში გაატარა. ერთი სიტყვით, არნე სლოტს ბევრმა წინასწარ ზედიზედ მე-2 ჩემპიონობა მიულოცა.
რა მოცემულობა გვაქვს 2025 წლის ბოლოსთვის? კრიზისი, გამოუყენებელი ვარსკვლავური ახალწვეულები, ტოქსიკური მოჰამედ სალაჰი და 10 ქულიანი ჩამორჩენა ინგლისის ჩემპიონატის ლიდერ არსენალთან. ლივერპულში ზაფხულში მოსული მოთამაშეებიდან ოპტიმისტური განწყობის საფუძველს მხოლოდ ფრანგი ფორვარდი იძლევა.
დანარჩენებს აქვთ ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები და ტრავმები. ამ ყველაფერს დაემატა ეგვიპტელი თავდამსხმელის ცუდი ფორმა და კონფლიქტი ნიდერლანდელ თავკაცთან. მერსისაიდელთა ლიდერს ზედმეტი ემოციურობა დაუჯდა სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლებით, ერთი პერიოდი საერთოდ, განაცხადიდან ამოვარდნითა და კრიტიკის მოსმენით.
იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს "წითლების" მე-11 ნომერი წასვლასთან იყო ერთ ნაბიჯში, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ყველაფერი შეიცვალა. "ფარაონი" შეურიგდა ენფილდის ბინადრების თავკაცს, გუნდი კი ათამაშდა. ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა მოიგო ზედიზედ 3 შეხვედრა, ბოლო წაგება კი 27 ნოემბრით თარიღდება.
ვნახოთ, ვიხილავთ თუ არა უახლოეს პერიოდში სლოტის გუნდის სრულფასოვან ქამბექს. როგორც აღვნიშნეთ, პრემიერ ლიგას ლიდერობენ ლონდონელები და ამ მომენტისთვის შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონობის შანსი რეალურად არსებობს. მათი მთავარი კონკურენტი მანჩესტერ სიტია, რომელიც 2 ქულით უკან არის.
როგორც ვხედავთ, შარშანდელი კრიზისი ჩავლილია, "ქალაქელები" კვლავ საჩემპიონო რბოლაში არიან. გამოსარჩევია ერლინგ ჰოლანდის უმაღლესი კლასი და შედეგი, მიმდინარე სეზონის 23 შეხვედრაში მან 25 ბურთის შეგდება მოასწრო. ნორვეგიელი ფორვარდი ბომბარდირთა დავაში უბრალოდ უკონკურენტოა.
რაც შეეხებათ პრემიერ ლიგის დანარჩენ დიდ გუნდებს, საკუთარი თამაშისა და სტილის ძიებაში არიან მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი და ტოტენჰემი, სიუპრიზების შემოთავაზება კი მოასწრეს ასტონ ვილამ, კრისტალ პალასმა და ქვედა დივიზიონიდან ახალაღზევებულმა სანდერლენდმა.
ლა ლიგა - ალონსოსთვის ზედმეტად ვარსკვლავური რეალი და განახლების აუცილებლობის წინაშე მყოფი ბარსელონა
2025 წელს რეალში დასრულდა კარლო ანჩელოტის ეპოქა, ვის ნაცვლადაც ლევერკუზენის ბაიერიდან ალონსო მოვიდა. ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მადრიდელები ცდილობენ სისტემური ფეხბურთის თამაშს და ამის მთავარი ინიციატორი ესპანელი დამრიგებელი არის.
ჩაბის ტაქტიკური ვარიაციებისთვის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი არის "სამეფო კლუბის" ზედმეტად ვარსკვლავურობა - მიუწვდომელია კილიან მბაპე (24 შეხვედრა, 29 ბურთი), მაგრამ დაჩრდილულები არიან ვინისიუს ჟუნიორი და როდრიგო გოესი. ამის გარდა, ბერნაბეუს ბინადრების დამრიგებელი ცდილობს ბალანსის პოვნას ჯუდ ბელინგემსა და არდა გიულერს შორის.
როგორც ვხედავთ, რეალი გამობმულია ორ უკიდურესობაში - ერთ მხარეს არის ფრანგი თავდამსხმელი, ვინც ამ მომენტისთვის ულაპარაკოდ იმყოფება საუკეთესო ფორმაში, მეორე მხარეს კი "ლა ბარბა როხას" განუხორციელებელი ტაქტიკური გეგმები, ზედმეტად დიდი ეგოსა და ამბიციების მქონე ვარსკვლავები, ასევე ტრავმატულობა.
მადრიდულ პრობლემებში ჯერჯერობით ჩაიკარგა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და აგრეთვე გამოსარჩევია ისიც, რომ ელ კლასიკოში გამარჯვების მიუხედავად, პირველ პოზიციაზე ბარსა არის. დიახ, "სამეფო კლუბმა" დაუთმო ლიდერობა თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქესა და ამ მომენტისთვის კატალონიელებს 4 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება "ბლაუგრანას", მართალია, ამ გუნდის სეზონის პირველი ნახევარი არ არის ისეთი შთამბეჭდავი, როგორც შარშან, თუმცა ფაქტია, პრიმერა დივიზიონს სწორედ ისინი ლიდერობენ. ამის გარდა, გამოსარჩევია ისიც, რომ 26 ნოემბერს, ჩელსისთან წაგების შემდეგ, კამპ ნოუს ბინადრებმა ზედიზედ 7 შეხვედრაში მოიგეს.
ჟოან ლაპორტას კლუბის მთავარი პრობლემები იკვეთება არა საფეხბურთო მოედანზე, არამედ უშუალოდ სტრუქტურაში - კვლავ ფინანსური პრობლემები, რის გამოც ბარსას შემადგენლობა პრაქტიკულად არ განახლებულა. ზაფხულში მოვიდნენ ჟოან გარსია და რუნი ბარდაგჯი, ასევე მარკუს რაშფორდი, მაგრამ იჯარით.
აქვე დავამატებთ, რომ ლა ლიგაში, ლიონის ოლიმპიკიდან ვილიარეალში გადავიდა გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში უკვე მოასწრო რეალისა და ტურინის იუვენტუსის კარის აღება. "ყვითლების" მიზანი პრიმერა დივიზიონის ოთხეულში ადგილის შენარჩუნება არის.
სერია ა - სამწვრთნელო კარუსელი, არაპროგნოზირებადი სეზონი
ნაპოლის თუ არ ჩავთვლით, ახალი სეზონის დაწყების წინ, სერია ა-ს ყველა დიდმა გუნდმა მწვრთნელი გამოიცვალა. თავად განსაჯეთ - ინტერში სიმონე ინძაგი შეცვალა კრისტიან კივუმ, მილანში მასიმილიანო ალეგრი დაინიშნა სერჟიო კონსეისაოს ნაცვლად, იუვეში ლუჩანო სპალეტიმ შეცვალა იგორ ტუდორი, რომაში კლაუდიო რანიერის ნაცვლად ჯან პიერო გასპერინი მივიდა.
ზემოაღნიშნული გუნდების გარდა, სამწვრთნელო ცვლილება სერია ა-ს კიდევ არაერთ წარმომადგენელს შეეხო. რა მოცემულობა გვაქვს სეზონის პირველი ნახევრის ბოლოს? ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი ისეთი გუნდი, რომელსაც სკუდეტოს მოგებას ვუწინასწარმეტყველებდით.
ერთ მხარეს არის მოქმედი ჩემპიონი "პარტენოპეი" და ახალ საფეხურზე ასული "როსონერი", თუმცა სეზონი აჩვენებს, რომ დაკარგული ქულების გათვალისწინებით, მათ სტაბილურობა აკლიათ. მეორე მხარეს არის სხვა მილანური კლუბი, რომელიც მართალია არ ფლანგავს ქულებს, მაგრამ ყველა პრინციპულ მეტოქესთან მიყოლებით აგებს.
სეზონის დასაწყისში ჩემპიონობაზე პრეტენზიას აცხადებდა "ჯალოროსიც", თუმცა უკანასკნელ ოთხ ტურში სამი მარცხის შემდეგ, კონკურენტებს ჩამორჩა. პრესაში უკვე იწერება იმის შესახებ, რომ "მგლები" იტალიელი სპეციალისტის შემცვლელს ეძებენ. ვნახოთ, ვის დარჩება სკუდეტო.
ბუნდესლიგა - უცვლელი დომინანტი
ბუნდესლიგა როგორც ყოველთვის მიმდინარეობს მიუნხენის ბაიერნის ბატონობით და აღსანიშნავია, რომ ზამთრის შესვენებისთვის უახლოეს მდევარ დორტმუნდის ბორუსიასთან უკვე 9-ქულიანი ჰანდიკაპიც არის. გამოსარჩევია "რეკორდმაისტერის" მთავარი მიღწევა: სეზონის სტარტზე 16/16 მოგება.
ალიანც არენას ბინადრებმა მოხსნეს ლეგენდარული მილანის რეკორდი, რომელიც 1990-იანების დასაწყისში დაფიქსირდა. პირველი შემთხვევა, როცა ვენსან კომპანის გუნდმა დაკარგა ქულები, თარიღდება 8 ნოემბრით, გერმანიის ჩემპიონატის მე-10 ტურში, უნიონ ბერლინთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში.
ლიგა 1 - პარის სენ-ჟერმენის წელი
2025 წელი ულაპარაკოდ პარის სენ-ჟერმენის წელი არის. საუბარია გუნდზე, რომელიც გახდა ჩემპიონთა ლიგის, ლიგა 1-ის, საფრანგეთის თასის, საფრანგეთის სუპერთასის, უეფას სუპერთასისა და საკონტინენტთაშორისო თასის ტრიუმფატორი. როგორც ვხედავთ, პსჟ-მ მოიგო 6 ტიტული, მაგრამ შესაძლოა ყოფილიყო 7-ც, რომ არა წაგება საკლუბი მუნდიალის ფინალში, ჩელსისთან.
რა თქმა უნდა, ეს მარცხი "ლურჯ-წითლების" წარმატების მასშტაბს სულაც არ ამცირებს. ფრანგული გუნდის ტრიუმფალურ სვლაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ლუის ენრიკეს შეგირდებს წლის დასაწყისში შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ პარკ დე პრენსის ბინადრებს ქართველი ვინგერის ტრანსფერი 70 მილიონი დაუჯდათ.
ნაპოლის ყოფილმა გარემარბმა პარის სენ-ჟერმენის რიგებში უკვე მოასწრო 53 მატჩის ჩატარება და 14 გოლის გატანა, მათ შორის იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბურთი ინტერნაციონალესთან და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ფლამენგოსთან. ერთი სიტყვით, პსჟ-ს მე-7 ნომრის კარიერა ნამდვილად ახალ საფეხურზე ავიდა.
გასაკვირი არ არის, რომ "ლურჯ-წითლების" წარმატებების ფონზე, ოქროს ბურთიც ამ გუნდის ფეხბურთელმა მოიპოვა. წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა უსმან დემბელე, რომელიც ენრიკეს გუნდის ყველაზე შედეგიანი და მთავარი ვარსკვლავი გამოდგა. რაც შეეხება ახალ სეზონს, პარკ დე პრენსის ბინადრები იგივეს გამეორებას 2026-შიც ეცდებიან.















