
ალესანდრო დელი პიერო - დავიდ ტრეზეგე (იუვენტუსი, 2000-2010)
დუეტი, რომელიც შედეგიანი და ლეგენდარული 10 წლის მანძილზე იყო. რამდენიმე ჩემპიონობის შემდეგ, მოხდა კალჩოპოლი, რის შედეგადაც იუვენტუსი დააქვეითეს სერია ბ-ში, მაგრამ დელ პიეროსა და ტრეზეგეს თავიანთი გუნდი გასაჭირში არ მიუტოვებიათ. განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა 2007/08 წლების სეზონი, რომელშიც ალექსმა და დავიდმა კაპოკანონიერეს წოდებისთვის რბოლაში 1-2 პოზიციები დაიკავეს.

სამუელ ეტო'ო - დიეგო მილიტო (ინტერი, 2009-2011)
დუეტი, რომელმაც ინტერნაციონალეს ტრიპლეტი მოუტანა. ეტო'ომ და მილიტომ გვერდიგვერდ გაატარეს ორი სეზონი, რომლის დროსაც მათი როლები თითქოს გადანაწილებული იყო. პირველ სეზონში გოლების გატანის მხრივ უფრო დომინირებდა დიეგო (52 მატჩი, 30 ბურთი), მეორე სეზონში კი სამუელი (53 მატჩი, 37 ბურთი).

ოლივიე ჟირუ - რაფაელ ლეაუ (მილანი, 2021-2024)
მართალია, ჟირუ და ლეაუ სერია ა-ს ბომბარდირთა რბოლაში არ ყოფილან მოწინავე ადგილებზე, თუმცა საჩემპიონი სეზონში მილანის თავდასხმის ლიდერები სწორედ ისინი იყვნენ. 2021/22-ში ოლივიემ და რაფამაც საერთო ჯამში გაიტანეს მხოლოდ 28 ბურთი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი - ადრიანო ლეიტე რიბეირო (ინტერი, 2006-2009)
დუეტი, რომლისგანაც საფეხბურთო სამყარო რაღაც გრანდიოზულს ელოდა. დიახ, იბრაჰიმოვიჩმა და ადრიანომ ინტერნაციონალეს ერთობლივი ძალებით მოაგებინეს სკუდეტო, მაგრამ ორივე ფორვარდის პოტენციალის გათვალისწინებით, ეს იყო სულ მცირედი, იმასთან შედარებით, თუ რისი მიღწევა იყო შესაძლებელი.
მათი განშორების შემდეგ, ზლატანმა განაცხადა, რომ ლეიტე რიბეირო იყო ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, რომლის გვერდითაც მას უთამაშია. აღნიშნული დუოს ერთობლივ მომენტებს კი საფეხბურთო სამყარო დღემდე იხსენებს. ვინ იცის, ბრაზილიელი ფორვარდის დეპრესია რომ არა, როგორ წარიმართებოდა მილანური კლუბის თანამედროვე ისტორია.

ხვიჩა კვარაცხელია - ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი, 2022-2024)
დუეტი, რომელმაც ნაპოლის ნანატრი ჩემპიონობა მოუტანა. სამხრეთელი გულშემატკივრები ამ მომენტს 33 წელი ელოდნენ. დღეს, კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი აღარ არსებობს. აფრიკელმა ფორვარდმა "პარტენოპეი" გასულ ზაფხულს დატოვა კონფლიქტით და იჯარით მიაშურა სტამბოლის გალათასარაის, ხვიჩა კი პარის სენ-ჟერმენში ტრანსფერს ელოდება.

რომელუ ლუკაკუ - ლაუტარო მარტინესი (ინტერი, 2019-2021, 2022-2023)
ანტონიო კონტეს ინტერის სიმბოლო - ლუკაკუსა და ლაუტაროს დუეტი. ჩემპიონობის შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა მოინდომა ლონდონის ჩელსიში ძალების მოსინჯვა კიდევ ერთხელ, მაგრამ ეს მცდელობა კვლავ კრახით დასრულდა. პრემიერ ლიგაში ფიასკოს შემდეგ, რომი შეიფარა ისევ მილანურმა კლუბმა, თუმცა შემდეგ, გუნდსა და ფეხბურთელს შორის ყველაფერი დასრულდა.
"ნერაძურიში" გატარებული სეზონის შემდეგ, ბელგიელმა თავდამსხმელმა გამართა მოლაპარაკებები იუვენტუსთან, ბოლოს კი რომას გავლით ის ნაპოლიში აღმოჩნდა. დღეს, "გველებსა" და მათ ყოფილ ფორვარდს ერთმანეთთან აღარაფერი აკავშირებთ.

კრიშტიანუ რონალდუ - პაულო დიბალა (იუვენტუსი, 2018-2021)
დუეტი, რომლისგანაც საფეხბურთო სამყარო ასევე ბევრად მეტს ელოდა. რონალდუს გადმოსვლამდე, იუვენტუსი იმ წლებში დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში და ვარსკვლავური ფორვარდის ტრანსფერი სწორედ ამ წარუმატებელი სერიის შეწყვეტას ემსახურებოდა. კრიშტიანუს ასისტენტი უნდა ყოფილიყო ტურინელთა იმდროინდელი მთავარი ვარსკვლავი, დიბალა.
თავდაპირველად ყველაფერი იწყებოდა ძალიან კარგად - პორტუგალიელ თავდამსხმელსა და პაულოს შორის ყალიბდებოდა მოსწავლე-მასწავლებლური კავშირი, მაგრამ ამ ყველაფერმა სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო. დიახ, ალ ნასრის ამჟამინდელ კაპიტანს გვერდში ჰყავდა მისთვის კარგად ნაცნობი გონსალო იგუაინიც, თუმცა პალერმოს ყოფილ ფორვარდთან შემდგარი ტანდემი ბევრად უფრო დასამახსოვრებელი იყო.

ანდრეი შევჩენკო - ფილიპო ინძაგი (მილანი, 2001-2006, 2008-2009)
მილანი და მისი თავდამსხმელები, რომლებიც მთელი ევროპის მასშტაბით დომინირებდნენ. ერთობლივი ძალებით ჩემპიონთა ლიგა და სერია ა იქნა მოგებული. მართალია, საჩემპიონო სეზონში ფილიპოს სათამაშო დროის უმეტესი ნაწილი გაუცდა ტრავმების გამო, მაგრამ 2000-იანების "როსონერი" ამ დუოს გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.

კარლოს ტევესი - ფერნანდო ლორენტე (იუვენტუსი, 2013-2015)
2010-იანების დასაწყისის იუვენტუსის შეტევების ლიდერი იყო ტევესი, რომელსაც რამდენიმე მეწყვილე ჰყავდა. ლორენტეს გარდა, მის გვერდით თამაშობდნენ ფაბიო კუალიარელა, მირკო ვუჩინიჩი, ალვარო მორატა და სხვები, მაგრამ ყველაზე ნაყოფიერი თანამშრომლობა კარლოსს სწორედ მასთან გამოუვიდა.

ფრანჩესკო ტოტი - გაბრიელ ბატისტუტა (რომა, 2000-2003)
მართალია, ტოტიმ ბევრად უფრო მეტი შეხვედრა ჩაატარა ვინჩენცო მონტელას გვერდით, თუმცა ფაქტია, თავის ერთადერთ ჩემპიონობამდე ის მივიდა მაშინ, როდესაც რომამ ბატისტუტა გაიფორმა. სასკუდეტო სეზონში ორივე ფორვარდმა ერთად საერთო ჯამში 37 ბურთი გაიტანეს. გადის ათწლეულები, მაგრამ "ჯალოროსიში" მსგავსი დუო ჯერ კიდევ არ ჩანს.

















