პლეიოფის პირველი მატჩი მოგებულია. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატია 1:0 დაამარცხა და რიეკაში იმედიანად წავიდა. მატჩი 19 ნოემბერს გაიმართება, თბილისის დროით 22:00-ზე. ისტორიულ მიღწევამდე ერთი მატჩი რჩება.
სვანაძის გუნდმა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლობის უფლების ხარჯზე მიიღო მონაწილეობა. საქართველო ჯგუფიდან გავიდა და ისრაელის ნაკრებთან 1/4 ფინალში დამარცხდა. ამ ტურნირზე რამდენიმე ფეხბურთელმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა, რომელიც ეროვნულ გუნდში ძალიან გამოადგა. მხოლოდ მამარდაშვილის ეპიზოდი რად ღირს, რომელმაც ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანების სერიაში ვერცერთი დარტყმა ვერ მოიგერია, ამ მარცხის მერე კი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ იქცა, მათ შორის, პენალტების მოგერიებაშიც. უმოკლეს დროში ნაკლოვანება უპირატესობად აქცია.
რამაზ სვანაძე საუკეთესო მწვრთნელად მიმაჩნია, რომელსაც 21-წლამდელთა გუნდში უმუშავია. იყვნენ სხვა მწვრთნელებიც, რომელთა ნაკრებიც ძალიან მომწონდა, მაგალითად, ოთარ გაბელიას გუნდი შემიძლია გავიხსენო, და შემთხვევითი არ არის, რომ იმ ხუთი დიდი გამარჯვებიდან, რომელიც 21-წლამდელებმა იზეიმეს, ორი სწორედ გაბელიას ნაკრების ანგარიშზეა. ახლა კი მივყვეთ თანმიმდევრობით.
საქართველო VS. იტალია - სად იყო პაგანინი?
ასე დაასათაურა თავისი წერილი გაზეთ სარბიელში ვახო ბზიკაძემ, 1997 წლის 10 სექტემბრის გამარჯვების შემდეგ. საქართველოს ნაკრებმა იტალიის ნაკრებს რუსთავის „ფოლადის” სტადიონზე 2:0 მოუგო. მატჩისშემდგომ მიმოხილვაში ვკითხულობთ - „ბრძოლა, ბრძოლა და უდიდესი მონდომების სანაცვლოდ ულამაზესი გოლები. დიდებული მეორე ტაიმი. მცირედით გაწელილი 45 წუთი, რომელმაც ყველაფერი დაიტია, ყველაფერი, რასაც ჯამში ფეხბურთი ჰქვია: ორი გოლი, ორი გაფრთხილება, სამი გაძევება, ხუთი შეცვლა და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ."
ფავორიტი, რა თქმა უნდა, იტალიის ნაკრები იყო, გარდა სტატუსისა, უკვე გამოგვეცადა მათი ძალა, პირველ შეხვედრაში ჩეზარე მალდინის გაწვრთნილებმა ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს გუცაევის გუნდს. ასე რომ, მეტად თავდაჯერებულნი ჩამოვიდნენ, „ფოლადზე” ყბაში მოხვდათ, (პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით) და ასე გალახულები გაუშვეს უკან, იტალიაში.
„ჯერ ფოცხვერიამ და აშვეთიამ მარცხენა ფრთაზე მცველები გააბითურეს, მერე საჯარიმოს მარჯვენა მისადგომებთან კიკნაძეს მისცეს, ამან ოდნავ მარჯვნივაც წაიწია და ბუფონს მოჭრილი აბრაგანი გადაუკიდა. მერე კი ისევ მარცხენა ფლანგი, ნაცნობ ადგილას მოძებნილი კიკნაძე და ამის დაყოვნებულ დაგორებულზე ქებაძის უზუსტესი ჩაქუჩისებრი დარტყმა.” - აღწერს რუსთავში დატრიალებულ ისტორიულ ამბავს ვახო ბზიკაძე.
„მეორე ტაიმის შუაწელში ფოცხვერიაში ერთხელაც იყივლა ქართულმა სისხლმა. მან კოკოს გაჭიანურებულ ბრძოლაში მოუგო ბურთი და გაშმაგებული მეტოქისგან შეურაცხყოფა იწვნია. საპასუხოდ დიდხანს არ დაყოვნებულა, ნერვებმაც უმტყუნა და ისეთი მუშტი-კრივი გაუმართა, ერთხელ უკვე გაფრთხილებული, გასაძევებელი შეიქნა. სხვა დროს მიშას ნაბიჯს, თუნდაც ღირსების დაცვას, ვერაფრით გავამართლებდი. მინდორზე ფეხბურთელის ღირსება თამაშში ვლინდება, მაგრამ გუშინ ეს იმ დროს მოხდა, როცა ფოცხვერიას ამის უფლება მოპოვებული ჰქონდა – ჩვენ უკვე 2:0-ს ვიგებდით.” - ესეც მუშტი ყბაში.~

მატჩის შემდეგ კობა ინასარიძესთან კომენტარი გააკეთეს ვლადიმერ გუცაევმა და იტალიელთა ფორვარდმა კრისტიანო ლუკარელიმ: „ჩემი აზრით, გამარჯვება სწორედ ბრძოლამ მოგვიტანა. რაც შეეხება ტაქტიკურ მხარეს, იტალიელებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს. ასე ვთქვათ, ტაქტიკურად თანაბარი თამაში იყო. ჩვენი გამარჯვება უპირველესად იმან განაპირობა, რომ ქართველებს უფრო გეინდოდა მოგება. რამდენიმე წარმატებული მატჩის შემდეგ გუნდი საამისოდ მზად გახლდათ.” - თქვა მატჩის შემდეგ ვლადიმერ გუცაევმა.
ლუკარელი კი გაოცებას ვერ მალავდა - „არ ველოდი ქართველების მედგარ წინააღმდეგობასა და ასეთ გამართულ თამაშს. მით უფრო, რომ არეცოში მათ 6:0 მოვუგეთ და მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ უპირატესობას ვფლობდით. მოგება მეტადაც გვინდოდა, თუმცა თქვენებმა გამაოცეს. ეს ნაკრები იტალიაში შეხვედრის შემდეგ სერიოზულად გაძლიერებულა. განსაკუთრებით ნომერი 10 (ფოცხვერია) მომეწონა.”
ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ახალგაზრდული ნაკრები 12 ქულით საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ადგილზე გავიდა. ექვსი ქულით ჩამორჩა ინგლისს და ერთი ქულით გაასწრო იტალიას. ალბათ, საუკეთესო გამოსვლა იყო ჯგუფის სირთულიდან გამომდინარე. მეორედ კი ახლა, რამაზ სვანაძის ნაკრებმა შეძლო მეორე ადგილის დაკავება და პლეიოფში გასვლა. იმ დროს კი, საუკეთესო მეორეადგილოსნები ხვდებოდნენ პლეიოფში, საქართველოს ნაკრები კი საუკეთესოთა შორის ვერ აღმოჩნდა.
საქართელოს ნაკრები: გვარამაძე, სილაგაძე, ცქიტიშვილი, დიდავა, ხუჯაძე, ზირაქიშვილი, (ქებაძე) კიკნაძე, ალექსიძე, (საჯაია) მუჯირი, გოგობერიშვილი, ფოცხვერია, აშვეთია;
იტალიის ნაკრები: ბუფონი, პისტონე, (გორეტი) კოკო, ტაკინარდი, (პეზარეზი) სარტორი, ბაკინი, გრანდონი, ლუკარელი, ფიორე, (ვენტოლა) ბელუჩი;
საქართველო VS. რუსეთი - გავუტანთ და მოვიგებთ!
საქართველო VS. რუსეთი - გავუტანთ და მოვიგებთ!
„მშვენივრად ვიცი, რამდენს ნიშნავს რუსეთთან თამაში, ხორვატი ვარ, ჩემი ქვეყანაც იბრძოდა თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის... რუსებს აქამდე გოლი არ გაუშვიათ? ჩვენ გავუტანთ!” - ასე ომახიანად შემოგვძახა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პიტარ შეგრტმა, რომელსაც, სხვათა შორის, „კარგი პრესაც” ჰქონდა. ეს კი, სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხვედრაში გამარჯვებამ განაპირობა, რუსეთს თუ დაამარცხებ სამუდამოდ შეხვალ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ასე რომ, ორი ხორვატი გვყავს საუკუნოდ შესაქები - ივო შუშაკი და პეტარ შეგრტი.
ხორვატი ძალიან მოსწონდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ უმცროს ნოდარ ახალკაცსაც, ტოპმიოლერის შემცვლელად სწორედ ის ესახებოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ექტორ კუპერზე ჩამოყალიბდნენ, რასაც არანაირი წარმატება არ მოჰყოლია.
რუსეთთან მატჩი 2007 წლის 20 ნოემბერს შედგა, ქვეყანას ამ დროს ძალიან სჭირდებოდა მცირე სიხარული მაინც, მაშინდელ საქართველოში დიდი არეულობების ხანა იდგა, სულ მცირე ხნის წინ გაიმართა 7 ნოემბრის აქცია, რომელიც დაარბიეს, შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ქვეყნის პრეზიდენტი გადადგა და ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნა. სულ რაღაც ორი კვირის წინ კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული, ორი კვირის თავზე კი რუსეთთან გვიწევდა თამაში. ჰოდა, შეგრტმაც შეგვაგულიანა.
„საქართველოს 5 მატჩში ოდენ სამი ქულა აქვს, რუსეთს კი ოთხიდან ოთხი მოგება, თან ისე რომ გოლიც არ გაუშვია." - ვკითხულობთ მატჩისწინა მიმოხილვაში და ვიგებთ რომ მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ ყოფილა. მატჩზე სულ რაღაც სამიათასამდე ქომაგი ყოფილა. ნამდვილი ქომაგი, ბოლომდე რომ სჯეროდათ ქართული ფეხბურთისა და ახლა ამ გამოღვიძების ხანაში რომ სხვებზე მეტად ხარობენ.
„პეტარ შეგრტი სიტყვის კაცია, გაუტანა და მოუგო!” - ესეც მომდევნო დღის ჰედლაინი. საქართველომ რუსეთი 2:0 დაამარცხა, რევაზ ბარაბაძისა და ბექა გოცირიძის გოლებით.

„გიორგი ნავალოვსკიმ ჯარიმა ჩააწოდა და მცველებისგან გათავისუფლებულმა ბარაბაძემ მაღალ ბურთს თავური ურქინა - 1:0. მთელი 90 წუთის ნაბურთავები არ ღირდა ბექა გოცირიძის ერთ სოლო გარღვევად, რომელმაც მეორე გოლი მოიტანა - ზესტაფონის ტანჩია ფორვარდმა დაახლოებით მოედნის ცენტრში მოიხელთა ბურთი, მეტეორივით გაძვრა ორ მცველში, მესამეს და მეოთხეს ფინტებით აუარა გვერდი და საჯარიმოში შესულმა გემრიელად შეასრიალა ბურთი კარში – ვინატრე, სტადიონი სავსე ყოფილიყო, რა ამბავი ატყდებოდა-მეთქი, როცა 3000-მდე მაყურებელმაც კი ყიჟინით გააყრუა იქაურობა.” - ასე აღწერს მიმოხილვაში ილია ნანობაშვილი.
მატჩის შემდეგ კმაყოფილი, ბედნიერი და ამაყი იყო ხორვატი მწვრთნელი - „41 წლის ვარ და ბევრი მოგება მინახავს, მაგრამ დღევანდელი გამარჯვება ერთ-ერთი ყველაზე საამაყოა ჩემთვის.” მიუხედავად ასეთი გამარჯვებისა, საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. ჩამორჩა ყაზახეთს, პოლონეთს, რუსეთსა და ესპანეთს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: თევდორაძე, თომაშვილი, ღვინიანიძე, ხიდეშელი, ნავალოვსკი, ლობჟანიძე, ბჟალავა, კლიმიაშვილი, (თარგამაძე) ბარაბაძე, (ელბაქიძე) კობახიძე, გოცირიძე, (დვალიშვილი).
რუსეთის ნაკრები: ძანაევი, გრანატი, ტარანოვი, კომბაროვი, კუდრიაშოვი, ლებედევი, კომბაროვი, იაჩენკო, შიშკინი, ფაიზულინი, პრუდნიკოვი;
საქართველო VS. თურქეთი - ყენია დიდი ტალანტია
რუსეთის ნაკრები: ძანაევი, გრანატი, ტარანოვი, კომბაროვი, კუდრიაშოვი, ლებედევი, კომბაროვი, იაჩენკო, შიშკინი, ფაიზულინი, პრუდნიკოვი;
საქართველო VS. თურქეთი - ყენია დიდი ტალანტია
2009 წლის 9 სექტემბერს, თურქეთის ნაკრებთან ზესტაფონში თამაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ გადაწყვიტა. ეს ის პერიოდია, როცა საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და ქომაგიც მუდმივად ავსებს სტადიონს. ეს გარემო ყველას მოსწონდა, თბილისში კიდევ არათუ ახალგაზრდულ, არამედ ეროვნული ნაკრების მატჩებსაც კი აღარ ესწრებოდა ქომაგი. ასე რომ, გაბელიამ საფეხბურთო აურის შექმნის მიზნით მიიღო ეს გადაწყვეტილება და არც შემცდარა.
ახალგაზრდულმა ნაკრებმა კარგი შევსება მიიღო ეროვნული ნაკრებიდან - ჯანო ანანიძე, ლევან ყენია, ამირან სანაია და მათე ვაწაძე. ამ დროს ჯანო და ლევანი არათუ 21-წლამდელების, არამედ ეროვნული გუნდის ლიდერები იყვნენ. ყენიას ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა და სანამ ფორმაში შევიდოდა გადაწყვიტეს 21-წლამდელებს დახმარებოდა.

ანგარიში ივანიშვილმა გახსნა, გაბელიას ნაკრების ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, მაშინ ამ ბიჭზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ არასდროს აღარ უთამაშია ისე კარგად, როგორც 2009 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მეორე გოლი ყენიას პასით ხიდეშელმა გაიტანა. პირველი ტაიმი დიდებულად ჩაატარა საქართველომ, მეორე ტაიმის დასაწყისში კი შეიძლებოდა ყველაფერი წყალში ჩაყრილიყო, 55-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ამირან სანაია გააძევა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრები თავს ორგანიზებულად იცავდა და მეორე ტაიმის მიწურულს საკონტროლო გასროლაც განახორციელა. 79-ე წუთზე ლაშა თოთაძემ ანანიძის პასის შემდეგ ანგარიში სამამდე გაზარდა. ქომაგმა ამოისუნთქა, დარწმუნდნენ რომ საქართველო ასეთ უპირატესობას აღარ გაუშვებდა ხელიდან. მეოთხე გოლი კლიმიაშვილის ჩაწოდებას მოჰყვა, როგორც მატჩის მიმომხილველი მერაბ მამულაშვილი აღწერს - თავით, მაღალ ნახტომში ლამაზი გოლი შეუგდია. შეხვედრას ესწრებოდა შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიერლუიჯი ტამი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა - „აქ თურქეთის ნაკრების სანახავად ჩამოვედი, თუმცა, სულ სხვა რამემ მიიქცია ჩემი ყურადღება, ლევან ყენია დიდი ტალანტია.” საბოლოოდ, ოთარ გაბელიას ნაკრები ამ ჯგუფში 15 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. ხუთი ქულით ჩამორჩა შვეიცარიას, ერთი ქულით კი თურქეთს. არადა, საქართველომ თურქეთი გასვლაზეც დაამარცხა - 1:0.
შემადგენლობა ასეთი გახლდათ: კვასხაძე, თომაშვილი, ხიდეშელი, კაკუბავა, სანაია, ანანიძე, (გუგავა) შონია, (ჯანელიძე) ყენია, ივანიშვილი, კლიმიაშვილი, ვაწაძე, (თოთაძე);
თურქეთის ნაკრები: ბაბაჯანი, აზიზი, კემილი, კესიმალი, კარმილი, კომაზი, შაჰინი, ტორუნი, კოსე, ილმაზი, პეკტემეკი;
ხორვატია VS. საქართველო - შუშაკის წინააღმდეგ
2011 წლის სამი ივნისის მატჩში ოთარ გაბელიას ახალგაზრდული ნაკრები ივო შუშაკის ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს ესტუმრა. შემადგენლობას გადახედავთ და ნახავთ, რომ დიდმა ნაწილმა ეროვნულ გუნდშიც შეძლო თავის დამკვიდრება. თუმცა, ერთადერთი გოლის ავტორზე ამას ვერ ვიტყვით, არადა, თორნიკე თარხნიშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, კარგი დარტყმით, კარგი პასით, ყოველთვის გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობითა და ბრძოლისუნარიანობით. ვერც იმას ვიტყვი რომ განსაკუთრებულად ძლიერი კონკურენტები ჰყავდა ეროვნულში, უბრალოდ ვერ წარიმართა მისი კარიერა ისე, როგორც ბევრი ელოდა, მათ შორის, მეც.

მატჩი ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა და საწყის წუთებში საქართველო დაწინაურდა, ჯერ კიდევ მეხუთე წუთზე შეძლო თარხნიშვილმა 26 მეტრიდან მეკარის დაბალ კუთხეში გატანა. მატჩის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნიდა მეტოქის კართან ლევან მჭედლიძე, ბოლო წუთებში კი ვაკო ყაზაიშვილიც გააქტიურდა. თუმცა, ანგარიში აღარ შეცვლილა, საქართველომ 1:0 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: მაკარიძე, აფაქიძე, კაკუბავა, კვირკველია, ჯიშკარიანი, კვეკვესკირი, თარხნიშვილი, ძალამიძე, შეყილაძე, ყაზაიშვილი, მჭედლიძე; შეცვლაზე შევიდნენ: იოსელიანი, ჯიღაური, ბეგლარიშვილი.
ხორვატიის ნაკრები: კალინიჩი, იოზინოვიჩი, პავლოვიჩი, კელიჩი, ჩელიაკი, ადემი, ვუჟიჩევიჩი, ტრებოტიჩი, ვუკუშიჩი, კოპი, ლენდრიჩი;
საქართველო VS. პორტუგალია - ევროზე
საქართველო VS. პორტუგალია - ევროზე
და აი, მოვედით რამაზ სვანაძის ნაკრებამდე. ყველაზე გამორჩეული გამარჯვება სვანაძის გუნდმა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე იზეიმა. გახსნით შეხვედრაში პორტუგალიას 2:0 მოუგეს, საზონოვისა და გაგუას გოლებით. სწორედ ამ გამარჯვების მერე დაიწყო ქომაგმა სტადიონის შევსება. პორტუგალიასთან გამარჯვებამ რწმენა გააჩინა, რომ საქართველოს ჯგუფიდან გასვლა შეეძლო და მერე ვინ იცის...

არ დაგვავიწყდეს რომ ჩემპიონატი კრიტიკის ფონზე წარიმართა. უკმაყოფილება როგორც ფედერაციის, ისე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, განსაკუთრებით კი კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს მიემართებოდა - როგორ ვერ მიხვდით რა მნიშვნელობის ტურნირია და როგორ არ ჩამოხვედით სათამაშოთო.
საბოლოოდ, წარმატებასთან ერთად კრიტიკაც მინელდა, წარმატება კი 1/4 ფინალამდე მისვლა იყო, ამას მოჰყვა მარცხი ისრაელთან, თუმცა, ზემოთ ვახსენეთ რა მნიშვნელობის გამოცდილება შეიძინეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა. და ეგებ, იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მოგვიანებით ეროვნულ გუნდთან ერთად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, (დავითაშვილი, მამარდაშვილი, მექვაბიშვილი, გოჩოლეიშვილი) ეს გამოცდილება თან გაიყოლეს, მათთვის უკვე კარგად ნაცნობი იყო პორტუგალიის დამარცხება, თანაც, იმავე ანგარიშით დაამარცხეს ევროპის ჩემპიონატზეც. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება, ესეც ხომ გამოცდილებას მოაქვს.
ასეთივე მნიშვნელობის მატჩი გველის წინ, სულ ერთი ნაბიჯი და საქართველო ევროზე ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ძალიან დიდი პოზიტიური როლის თამაში შეუძლია ახალგაზრდა ფეხბურთელების კარიერაში.















