
ყველაფერი 1986 წლის 3 ივნისს, მალიორკაში დაიწყო, როცა სებასტიან ნადალისა და ანა მარია პარერას ოჯახში უფროსი ვაჟი - რაფაელი დაიბადა. უცნობია, ოჯახმა შვილს სახელი ცნობილი იტალიელი მხატვრის - რაფაელო სანტის - რაფაელის გავლენით შეურჩია თუ არა, მაგრამ ფაქტია, მათ შვილს ხელოვნების უდიდესი ნიჭი აღმოაჩნდა, მაგრამ არა ფუნჯით, არამედ ჩოგნით საოცრებების შემოთავაზების ნიჭი. პატარა რაფა სპორტულ ოჯახში იზრდებოდა. მისი ერთი ბიძა - მიგელი ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ, რომელსაც ადგილობრივ მალიორკასა და კატალონიის ბარსელონაშიც კი ჰქონდა ნათამაშები. ისე, უცილობლად სახსენებელია, რომ ღრმა ბავშვობაში ნადალის კუმირი არა ჩოგბურთელი, არამედ ფეხბურთელი - „კიჭა" რონალდო გახლდათ. (სიმბოლურია, თუ როგორ ჰგავს ამ ორი მოთამაშის კარიერა და ტრავმების ისტორია ერთმანეთს) ბიძის წყალობით რაფამ ოცნებაც აიხდინა და ბარსელონას გასახდელში მასთან ფოტოს გადაღებაც კი მოახერხა.

მიუხედავად ამისა, ცნობილი ფაქტია, რომ „მატადორი“ (მსგავსად ქართველი „მატადორისა“) ბარსელონას დაუძინებელი მტრის - მადრიდის რეალის ფანია. მიუხედავად ნადალის ფეხბურთისადმი დაინტერესებისა, მის მომავალზე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა მის კიდევ ერთ ბიძას - ტონის. ტონი ნადალი ჩოგბურთის მწვრთნელი გახლდათ და ძმისშვილი ამ სპორტს სულ რაღაც 3 წლის ასაკში აზიარა. ახალგაზრდა რაფა ჩოგბურთისადმი დიდ ინტერესს არ იჩენდა და მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. თუმცა, ტონი ნადალი არ იყო ის ადამიანი, რომელიც მარტივად დანებდებოდა (დიდი შანსია, რომ რაფას ბრძოლისუნარიანობა სწორედ მისგან დაჰყვა). მან ძმისშვილში ჩოგბურთის დიდი ნიჭი დაინახა და ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებდა. 8 წლის ასაკში რაფამ მალიორკაში 12-წლამდელების ტურნირი მოიგო, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, თუ რა დონის ტალანტთან გვქონდა საქმე. ამავე პერიოდში, ტონიმ მოისურვა, რომ რაფასთვის თამაშისას დომინანტური ხელი მარცხენა გამხდარიყო. თითქოს ეს ყველაფერი წისქვილებთან ბრძოლასაც კი ჰგავდა, რატომ უნდა დაეწყო უმცროს ნადალს სუსტი ხელით თამაში, როცა წარმატებას მარჯვენა ხელით თამაშის დროსაც აღწევდა? თუმცა ბიძამისს სჯეროდა, რომ მარცხენა ხელით თამაში ძმისშვილს დიდ უპირატესობას მისცემდა. გაამართლა თუ არა მისმა, ერთი შეხედვით გიჟურმა და წარმოუდგენელმა მიდგომამ, ეს გასულ 20 წელში ყველამ ერთად ვნახეთ.

14 წლის რაფა უკვე იმ დონეზე იყო მისული, რომ ესპანეთში ყველა ახალგაზრდულ ტურნირს ძალთა უმცირესი დანახარჯებით იგებდა. ფაქტი იყო, რომ მას ახალი გამოწვევები სჭირდებოდა, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე, პროფესიონალური ჩოგბურთი, თითქოს ჯერ კიდევ შორს იყო. ამავე პერიოდში, ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციამ „მატადორს“ შესთავაზა, რომ მალიორკადან ბარსელონაში გადასულიყო და ვარჯიში იქ განეგრძო. ოჯახმა ეს შეთავაზება იუარა, ტონის თქმით, მას არ სჯეროდა იმის, რომ კარგ სპორტსმენად ქცევა საკუთარ ქალაქში არ შეიძლებოდა. ამავე წელს, რაფაელ ნადალი, სულ რაღაც 14 წლის ასაკში საკუთარ კუმირს, ყოფილ პირველ ჩოგანს კარლოს მოიას ამხანაგურ შეხვედრაში ეთამაშება, სადაც მას სენსაციურად უგებს კიდეც. არ გეგონოთ, რომ მოია უკვე ჩოგბურთიდან წასული ან ფორმიდან ამოვარდნილი გახლდათ, სულაც არა, ის საჩოგბურთო რეიტინგის TOP 10-ში შედიოდა, თუმცა, თინეიჯერმა რაფამ შეძლო და ის მაინც დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მან მომავალ წელს, ისევ ამხანაგურ შეხვედრაში, კიდევ ერთი გამორჩეული ჩოგბურთელი - უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონი - პეტ ქეში დაამარცხა.
აქედან შორს უკვე აღარც პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება აღარ იყო, რომელსაც სტატიის მთავარმა გმირმა, სიმბოლურად მშობლიურ ქალაქში - მალიორკას 250-ქულიან ტურნირზე 2002 წელს უწია, სულ რაღაც 15 წლისა და 10 თვის ასაკში და გახდა ისტორიაში მე-9 ადამიანი, რომელმაც ამის მიღწევა ჩოგბურთის ღია ერაში 16 წლის შესრულებამდე შეძლო. რაც შეეხება პირველ ტიტულს, რაფამ კარიერის პირველი ტიტული უმაგში - ხორვატიაში მოიგო. თუმცა, არა ინდივიდუალურ, არამედ გუნდურ შეჯიბრში.

ამის შემდეგ კი დგება 2004 წელი. ანუ ის პერიოდი, როცა უკვე სრულწლოვანებას მიღწეული ნადალის კარიერაში გარდამტეხი ეტაპი დგება. 2004 წლის 28 მარტი კი ის თარიღია, რომელიც პირველ რიგში ჩოგბურთისთვის იქცა საეტაპო თარიღად. სწორედ ამ დღეს „დიდი სამეულის" ორი წევრი ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად წარსდგა. უკვე სლემის მომგები და შეხვედრის ფავორიტი როჯერ ფედერერი 17 წლის პერსპექტიულ ახალგაზრდას - რაფაელ ნადალს უპირისპირდებოდა. ყველასათვის მოულოდნელად ამ უკანასკნელმა შვეიცარიელი ჩოგბურთელი უმარტივესად დაამარცხა და მაიამის მასტერსის 1/8 ფინალშიც დაიბევა ადგილი. ახალგაზრდა ესპანელს წლის ბოლოს კიდევ ერთი დიდი გამოცდა ელოდა. 2004 წლის დევისის თასის გათამაშების ფინალში ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატები და ესპანეთი დაუწყვილდნენ, ხოლო ინდივიდუალურად დონეზე „წითელი თიხის ბატონს“ იმდროინდელი მე-2 ნომერი - ენდი როდიკი დაუპირისპირდა. რაფას, რომ Dark Horse-ის როლში ყოფნა კარგად გამოსდიოდა, ფინალშიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა და ამერიკელი ლეგენდა 4 სეტში დაამარცხა. ამით ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც დევისის თასის ფინალში, გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში შეხვედრა ჰქონდა მოგებული.
მიუხედავად იმისა, რომ ასაკიდან გამომდინარე რაფას კარიერაში, ერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, მას მაინც აკლდა ერთი რამ და ეს ინდივიდუალური ტიტულები გახლდათ. დიდ და კარგ მოთამაშეებს შორის განსხვავებას ხომ სწორედ ტიტულები ქმნის, თანაც ისეთ სპორტში, როგორიც ჩოგბურთია. ამ ყველაფერმაც არ დაახანა და 2005 წლის თებერვალში ჯერ ბრაზილიაში 250-ულიანი, ხოლო 1 კვირაში მექსიკაში 500-ქულიანი ტურნირების მოგებით ნადალმა საკუთარი ინდივიდუალური ტიტულების ყულაბაც გახსნა. 2005 წლის გვირგვინი კი რასაკვირველია როლან გაროსის და მისი მოგება გახლდათ. თანაც, როგორი მოგება, გზად რაფამ პლანეტის პირველ ჩოგანი - როჯერ ფედერერი ჩამოიშორა. 19 წლის ნადალმა კარიერაში პირველი დიდი ტურნირის თასს „კბილი მოუსინჯა“, რაც შემდგომში კიდევ არაერთხელ (თუ დავკონკრეტდებით, კიდევ 21-ჯერ) გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ როჯერთან გრანდ სლემებზე პირველი დაპირისპირებები რაფასთვის უსაშინლესად მიდიოდა. 2006 წლის როლან გაროსის გათამაშებაში ისინი ამჯერად ფინალში გადაიკვეთნენ და პირველი სეტი ფედერერმა დამაჯერებლად 6-1 მოიგო, თუმცა ამან მისთვის მხოლოდ და მხოლოდ ცუდი შედეგები მოიტანა. თითქოს ეს ანგარიში ესპანელისთვის თვალწინ აფრიალებულ წითელ ნაჭრად იქცა, რამაც მას დამატებითი ძალები შთაბერა და ზედიზედ 3 სეტი და ზედიზედ მეორე საფრანგეთის ღია პირველობის ტიტული მოაგებინა. ამ შემთხვევაში ფედერერმა „მატადორის“ ფუნქციები ვერ შეასრულა და თიხის კორტი ხელცარიელმა დატოვა. სამიდან ორი უდიდესი ჩოგბურთელის გზები კვლავ სლემის ფინალში, ამჯერად უიმბლდონის გაზონზე გადაიკვეთა. მატჩი კვლავ როჯერის დომინაციით დაიწყო, პირველივე რაუნდში „ბეიგელით“ მოგებამ მას თავდაჯერება შემატა და ამ შემთხვევაში მატჩის შედეგი თავის სასარგებლოდ წარმართა. საინტერესო ფაქტია, რომ აღნიშნულ პერიოდში (2006-2009 წლებში) რაფაელ ნადალს სლემების ფინალებში ზედიზედ შვიდჯერ სწორედ ფედერერი შეხვდა, საიდანაც ამ უკანასკნელმა მხოლოდ ორ შემთხვევაში და ორივეჯერ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში იმარჯვა. სულ კი 9 სლემის ფინალში, 6-ჯერ გამარჯვება ესპანეთში წავიდა, 3-ჯერ კი შვეიცარიაში.

რაფასთვის როჯერთან პაექრობებიდან ყველაზე გამორჩეული მაინც 2008 წლის მატჩი გამოვიდა. ეს სწორედ ის წელი გახლავთ, როცა ნადალმა 2008 წლის ოლიმპიადაზე სამშობლოს ოქროს მედალი მოუტანა. ასევე, ეს ის წელი გახლავთ, როცა პირველი ჩოგნის სტატუსი, ნადალის დამსახურებით, კვლავაც ესპანეთში წავიდა. თუმცა იქამდე იყო მატჩები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავიხსენოთ. ალბათ, არ არსებობს ისეთი ფინალი, რომელიც ფედერერმა ისე მარტივად დათმო, როგორც 2008 წლის როლან გაროსის ფინალი. 6-1, 6-3, 6-0. „მატადორმა" შვეიცარიელ ჩოგბურთელს საკუთარი თამაში უბრალოდ თავს მოახვია და უშანსოდ დაამარცხა. ამის შემდეგ კი მოდის ის შეხვედრა, რომელიც ჩოგბურთის მოყვარულთა გონებაში სამუდამოდ აღიბეჭდა - 2008 წლის 6 ივლისი - უიმბლდონის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს, არავისთვის გასაკვირად, როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი უპირისპირდებიან. შეხვედრა 4 საათი და 48 წუთი გაგრძელდა და გამარჯვებულის გამოსავლენად 5 სეტი აღმოჩნდა საჭირო. პირველი ორი სეტი ნადალმა ერთნაირი ანგარიშით 6-4, 6-4 მოიგო, თუმცა მარტივად დანებებას არც როჯერი აპირებდა, ორივე მომდევნო სეტი მან ტაი-ბრეიკში გადაიყვანა და ორივე მოიგო. დისაიდერში კი ისევ ესპანელმა იმძლავრა და პირველი უიმბლდონური ტიტულიც მოიპოვა. ვერ ვიტყვი, იყო თუ არა ეს ბრძოლა დავითისა და გოლიათის ბრძოლის მსგავსი, მაგრამ ნადალმა თითქმის შეუძლებელი და იმ დროისთვის, ფაქტობრივად წარმოუდგენელი რამ შეძლო. როჯერ ფედერერი უიმბლდონის ფინალში დაამარცხა!
რაფა 2008-2011 წლებში სლემების ფინალში უბრალოდ დაფრინავდა და ზედიზედ შვიდი დიდი ტურნირიც მოიგო, მათ შორის 2009 წელს და 2010 წელს შესაბამისად, ავსტრალიის ღია პირველობა და ამერიკის ღია პირველობა. 24 წლის ასაკში, ნადალს ჯამში 10 სლემი და ჯამურად ყველა მათგანი მინიმუმ ერთხელ მაინც ჰქონდა მოგებული. რაფამ ამ მიღწევით როგორც კარიერული სლემის, ისე კარიერული ოქროს სლემის შედეგი დააფიქსირა. ეს უკანასკნელი შედეგი კარიერაში მხოლოდ სამ მამაკაც ჩოგბურთელს დაუფიქსირებია - ანდრე აგასის, ჩვენი სტატიის მთავარ გმირსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს. მხოლოდ ამ ფაქტის მოყვანაც კმარა იმის დასამტკიცებლად, თუ რაოდენ დიდ ჩოგბურთელთან გვაქვს საქმე, როცა რაფაელ ნადალზე ვსაუბრობთ.
რასაკვირველია, რაფა ამ შედეგზე გაჩერებას არ აპირებდა და მას ყოველთვის მეტი სურდა, თუმცა იყო ერთი ფაქტორი, რომელიც მას ამ ყველაფერში ხელს უშლიდა და ის საკმაოდ ხშირი ტრავმიანობა გახლდათ. 2015-2016 წლებში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა 10 წლის შემდგომ, რომ რაფაელ ნადალი ვერცერთი სლემის ფინალში ვერ გავიდა. თუმცა მის კარიერას აღმასვლა 2017 წელს ელოდა. თითქმის 3-წლიანი პაუზის შემდეგ რაფამ შეძლო და დიდი სლემის - ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა, თუმცა იქ ფედერერთან 5-სეტიან უშეღავათო ბრძოლაში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ფინალი გახლდათ ამ ორი ლეგენდის უკანასკნელი დაპირისპირება სლემური ფინალების ეგიდით. მიუხედავად ამ მარცხისა, ნადალმა საკუთარ თავში იპოვა ძალები და იმავე წელს, როლან გაროსისა და ამერიკის ღია პირველობის მოგება შეძლო, შესაბამისად სტენ ვავრინკასა და კევინ ანდერსონის წინააღმდეგ. ამას მომდევნო 3 წელში კიდევ 4 სლემის ტიტული მოჰყვა, 2021 წლის დასასრულს კი გვქონდა მოცემულობა, რომელიც თითქმის იდეალურად გამოხატავდა ჩოგბურთის დიდი სამეულის სიდიადეს. სამივე მათგანს - როჯერ ფედერერს, რაფაელ ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს 20-20 სლემის ტიტული ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ როჯერი ჯერ კიდევ აქტიური სპორტსმენად რჩებოდა, მისგან სლემის მოგება უკვე ნაკლებ მოსალოდნელი მოცემულობა გახლდათ. საინტერესო იყო, თუ ვინ შეძლებდა რაფა ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის პირველი საკუთარი შედეგის მესამე ათეულში გადაყვანას. 2022 წლის უიმბლდონის ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩი ცნობილი მიზეზების გამო არ დაუშვეს, ტურნირზე არ იყო არც როჯერ ფედერერი და რაფა ნადალს ორივე მათგანზე გადასწრებისთვის შესანიშნავი შანსი ეძლეოდა. ზოგადად, ნადალი არ იყო ის ჩოგბურთელი, რომელიც მიღებულ შანსს უაზროდ გაფლანგავდა. იგი საკმაოდ მარტივად გავიდა ფინალში, სადაც მისი მეტოქე რუსი დანიილ მედვედევი აღმოჩნდა. მაშინ როცა ყველა რაფას 21-ე კარიერულ სლემს ელოდა, დანიილს განსხვავებული გეგმები ჰქონდა, რისი ასრულებაც იდეალურად დაიწყო და პირველი ორი სეტი საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. მაგრამ რაფას ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი ხომ შეუპოვრობა და ბოლო წამამდე ბრძოლის უნარი გახლდათ! ნადალმა თამაში გადამწყვეტ სეტამდე მიიყვანა და იქვე, თავის სასარგებლოდაც დაასრულა. ისტორია დაიწერა, რაფაელ ნადალი გახდა პირველი მამაკაცი, რომელმაც კარიერაში 21 სლემის ტიტული მოიგო. ამ მიღწევას სულ მცირე ხანში მე-14 როლან გაროსიც მიამატა და რიგით 22-ე და კარიერაში უკანასკნელი დიდი ტურნირიც მოიგო.

2024 წლის მოცემულობით კი რაფა გვტოვებს, თანაც ამჯერად, საბოლოოდ. მისი კარიერის ერთ სიტყვაში, თუნდაც ერთ სტატიაში დატევა შეუძლებელი რამ გახლავთ. მისი კარიერა ერთი ლამაზი ზღაპარია, რომელშიც მთავარი ბოროტმოქმედის როლი ტრავმებმა ითამაშა. მიუხედავად ამისა, „თიხის მეფეს“ ყველანაირი უფლება აქვს თავს სიამაყის უფლება მისცეს. მოიგო 22 სლემი მაშინ, როცა შენი მთავარი მეტოქეები როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან, ყველა ადამიანისათვის წარმოუდგენლად ჟღერს, თუმცა არა რაფა ნადალისთვის. 2024 წლის დევისის თასს გულშემატკივრები მოუთმენლად და ამავდროულად დიდი გულისწყვეტით დაელოდებიან. რატომ?! იმიტომ, რომ თიხის საფარის ყველა დროის ყველაზე დომინანტური მოთამაშე ჩოგბურთის მოყვარულებს უკანასკნელად თავს სწორედ აქ დაგვიკრავს. ამ ყველაფრისთვის...
Gracias, Rafa!
Gracias, Rafa!
ავტორი: ლაშა საცერაძე















