2004 წლის 25 ივლისს, ესტადიონ ნასიონალსა და ტელევიზორებთან შეკრებილი არგენტინელთა ქომაგები მორიგი ტიტულის ოფიციალურად გასაფორმებლად წამებს ითვლიან. პერუს დედაქალაქში მყოფ „სელესაოს" გულშემატკივრებში კი უიმედობა შეინიშნება - კოპა ამერიკა ბრაზილიის საყვარელი ტურნირი არასდროს ყოფილა, ეს ურუგვაისა და „ალბისელეტეს" მშობლიურ თასად ითვლება. ამ ტურნირზე წარმატებით თავის მოწონებისას მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები მეზობლებს ამრეზითაც კი უყურებენ ხოლმე, მაგრამ, მიუხედავად ამ გარემოებისა, მოსისხლე მტერთან ფინალში წაგება აბა ვის სურს?!. მსაჯის მიერ დამატებული მესამე წუთი იწყება და არგენტინელები უკვე სასმელს ხსნიან, ბრაზილიელი ქომაგების ნაწილი კი ტრიბუნებს ტოვებს... თითქოს ყველა იმედი გადაწურულია და ბრაზილიაც ამ შედეგს ეგუება, მაგრამ ფაველებში შეკრებილ ცუდ ბიჭებს, რომლებსაც მეზობელი უბნიდან მოპარული შავ-თეთრი ტელევიზორი უდგათ აგურებზე, სჯერათ რომ მათი ფალავანი ამ თამაშს გადაარჩენს. ალკოჰოლით გაჟღენთილ ლუიშსა და ალექსს საერთოდ არ აინტერესებთ რომელიმე ანალიტიკოსის აზრი ან ბრაზილიის ნაკრების xG მაჩვენებელი, მათ, როგორ სამხრეთელების უმრავლესობას, შინაგანი ხმის და იმპულსების სჯერათ...

93-ე წუთზე დიეგოს ჩაწოდებულ ბურთზე ბრაზილიელი მცველები და არგენტინელები შემტევები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გამართავენ, გადმოვარდნილ ბურთზე კი ყველაზე სწრაფი ადრიანო აღმოჩნდება, რომელიც ყუმბარისებული დარტყმით ბურთს აბონდასიერის კარში გაახვევს. რიოელი ბიჭის გასროლამ თამაში პენალტებში გადაიყვანა, „სელესაოს" ქომაგები ტრიბუნებზე გაცოცხლდნენ. ხუან პაბლო სორინი ლუიშ ფაბიანოსთან საქმეს არჩევს. გაღიზიანებული ფაბრიციო კოლოჩინი ადრიანოს ამრეზით მიაძახებს - გატანილი გოლის შემდეგ მაისურს ნუ მიფრიალებო! ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა არ წყდება, სანამ მსაჯი და სათადარიგო სკამზე მყოფი პერსონალი მომრიგებლის როლს არ ითავებს…
არგენტინა - ბრაზილიის დაპირისპირებაში ესეც არავის უკვირს. საკუთარი ბრაზისა და ემოციის გადატანა ფეხბურთელებს პენალტების სერიაში უწევთ, ბრაზილიელთაგან პენალტის ნიშნულისკენ ადრიანო პირველი მიდის და ანგარიშს ხსნის, ჟულიო სეზარის მოგერიებული პენალტი კი ტიტულისკენ ფორვარდის დაწყებულ სვლას კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის.
„სელესაო" ჩემპიონია! ბრაზილიამ მთავარ საფეხბურთო მტერს მისსავე ტურნირზე აჯობა და ამ ყველაფრის შემოქმედი ფაველიდან წამოსული 22 წლის ბიჭია, რომელიც ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ადრიანოს გასროლამ ბრაზილიელთა დღე მთლიანად შეცვალა, ქვეყანაში იმ დღეს ბევრი დალიეს, რიოს ქუჩები სამბასა და კაპოეირასა მოცეკვავეებით გაივსო. ბრაზილიელები ხშირად ამბობენ: „ჩვენ სამი რამით ვცოცხლობთ - ფეხბურთი, კარნავალი, სექსი. თუ ფეხბურთში წარმატებას ვაღწევთ, მას დანარჩენი ორი ბმაში მოყვება. იმ დღეს ფაველებიც მეტად კეთილშობილური გახდა, ლუისს, ალექსსა და სხვა ფაველელ ბიჭებს დანის გამოყენება არ დასჭირვებიათ - სასმელს, საჭმელსა და ბედნიერებას ისედაც ყველა აზიარებდა.
სანაკრებო წარმატებასთან ერთად ადრიანო დიდებას საკლუბო ფეხბურთშიც იხვეჭს, სერია A-ში მისი შეჩერება შეუძლებელი ხდება, ის „ნერაძურის" უმთავრეს კაცად იქცა, თავდამსხმელი ინტერში კუმირის - რონალდოს გვერდით მოხვდა და მყისვე ლომბარდიული კლუბსა და ბრაზილიის ნაკრებში ლეგენდარული ფორვარდის მემკვიდრედ აღიარეს. ფაველებიდან წამოსული ბიჭი მალევე გახდა იმ ჩემპიონატის იმპერატორი, რომელიც ძლიერი ფორვარდების დეფიციტს არასდროს განიცდიდა.

„იმპერატორმა" ინტერთან ერთად 4-ჯერ მოიგო იტალიის სერია A, 2-ჯერ იტალიის თასი და 3-ჯერ იტალიის სუპერ თასი. 2004-2005 წლებში ბრაზილიელი შემტევი ოქროს ბურთის პრეტენდენტთა ათეულში ზედიზედ 2-ჯერ მოხვდა. მიუხედავად ევროპული წარმატებისა, ფეხბურთელს ნოსტალგია და მელანქოლია გამუდმებით თან სდევდა. იტალიაში თამაშის დროს ადრიანო სამშობლოში ხშირად ბრუნდებოდა... მამის გარდაცვალებამ მისი ტანჯვა კიდევ უფრო გაამძაფრა - რთულ პერიოდს ალკოჰოლზე დამოკიდებულება, წონის პრობლემა, დეპრესია დაემატა...
„იმპერატორმა" არაერთხელ სცადა ალკოჰოლიზმთან ბრძოლა, მაგრამ უშედეგოდ. როგორც მისი ინტერვიუებიდან ვიგებთ, შვებასა და მცირედ ბედნიერებას ის მხოლოდ სასმლის მიღების დროს გრძნობდა. „იმპერატორი" ფეხბურთში ვერ დაბრუნდა, ის დიდად არც ყოფილ გუნდელებთან მეგობრობს, 2024 წელს მეგობარ გოგონაზე იქორწინა და ცხოვრების ახლიდან დაწყება სცადა, მაგრამ ზუსტად 1 თვეში განქორწინდა.

ადრიანო ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს - „ყოველთვის ვიძახდი, მთავარი ფული არ არის. ფულით ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი. თუმცა, შინაგან ბედნიერებას ვერ იყიდი. მე ბედნიერი ვარ იქ, სადაც ვარ. ინტერში ყოფნის დროს ბევრ მილიონზე ვთქვი უარი იმისთვის, რომ ბრაზილიაში დავბრუნებულიყავი და სწორედ ის გრძნობა მიმეღო, რაც ფულზე გაცილებით მნიშვნელოვანია - ეს არის საკუთარი შინაგანი ბედნიერება. მე „იმპერატორს" მეძახდნენ - „იმპერატორი" ბრაზილიის უღარიბესი ფაველადან გავხდი. ახლა კი ისევ აქ ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ.“
„იმპერატორს" დღესაც შეუძლია ძველი გუნდელების დახმარებით საფეხბურთო სამყაროში დაბრუნდეს, მაგრამ ადრიანოსთვის ბედნიერების ძიება ფაველაში ყოფნა და ბავშვობის მოგონებებთან სიახლოვეა, როგორც ჩანს მისი ცხოვრებისეული სევდაც სწორედ ასეთია... რატომ მიდის კაცი ასეთი მტკივნეული გზით? ამ კითხვაზე პასუხი სულიერთაგან არავინ იცის.















