ნიდერლანდელი მწვრთნელი 2019-2021 წლებში მუშაობდა საბერძნეთის ნაკრებში და სწორედ ამ დროს ის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩვენს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. ამის გარდა, ამიერკავკასიელთა ახალმა თავკაცმა ამსტერდამის აიაქსში გიორგი მიქაუტაძესთან მუშაობაც მოასწრო. გავიხსენოთ 61 წლის დამრიგებლის განვლილი გზა, რომელშიც, როგორც აღვნიშნეთ, "თეთრ-წითლებიც" ფიგურირებენ.

საფეხბურთო კარიერა - აიაქსის ლეგენდა, ევროპის ჩემპიონი
ვან'ტ სხიპმა კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა მშობლიურ აიაქსში - 1981-1992 წლებში მან მოასწრო 348 შეხვედრის ჩატარება, 33 გოლის გატანა და 40 ასისტის გაფორმება. ნიდერლანდელმა ვინგერმა ამსტერდამში მოიგო 9 ტიტული, მათ შორის 4-ჯერ ერედივიზია, უეფას თასი და თასების მფლობელთა თასიც.
საკლუბო და სანაკრებო დონეზე ჯონს სხვადასხვა დროს უთამაშია იოჰან კრუიფის, მარკო ვან ბასტენის, რუდ გულიტის, ფრანკ რაიკაარდის, რონალდ კუმანის, დენის ბერგკამპის, კლარენს ზეედორფისა და ნიდერლანდური საფეხბურთო ელიტის სხვა წარმომადგენლების გვერდით. ცნობისთვის, "ებრაელთა" ყოფილი ვინგერი "მფრინავ ჰოლანდიელთა" რიგებში ევრო 88-ის ჩემპიონი არის.

მართალია, "ნარინჯისფერების" მე-11 ნომერმა ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარა მხოლოდ ერთი შეხვედრა (ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის თამაში საბჭოთა კავშირის ეროვნულ გუნდთან, 0:1), მაგრამ ცხადია, ეს ფაქტი მის დამსახურებას სულაც არ აკნინებს. ვან'ტ სხიპი 80-იანი წლების "მექანიკური ფორთოხლის" მნიშვნელოვანი ელემენტი იყო.
ნიდერლანდელმა გარემარბმა თავისი ქვეყნის ნაკრებში საერთო ჯამში ჩაატარა 40 შეხვედრა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს მან გერმანიისა და კვიპროსის ეროვნული გუნდების კარი აიღო. კარიერის ბოლო წლები ჯონმა გაატარა ჯენოაში, რომლის შემადგენლობაშიც მოედანზე 119-ჯერ გამოვიდა.

სამწვრთნელო კარიერა - კვეთა ქართველებთან
ვან'ტ სხიპმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო 90-იანების ბოლოს, აიაქსის ახალგაზრდულ აკადემიაში. ერედივიზიონის გრანდის მთავარ გუნდში იმავე პერიოდში თამაშობდნენ შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე, ამის პარალელურად კი როგორც აღვნიშნეთ, ნიდერლანდელი თავკაცი ამსტერდამელთა ახალგაზრდებს ავარჯიშებდა.
"ებრაელების" დატოვების შემდეგ, ჯონმა მოიარა მექსიკური და ავსტრალიური გუნდები, 2019 წელს კი ის საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა. "ელადელთა" მიზანი იყო 2022 წლის მუნდიალზე გასვლა და ამ ყველაფერში მათ საქართველოს ეროვნული გუნდიც ეცილებოდა. დიახ, ესპანეთის, შვედეთისა და კოსოვოს ეროვნულ გუნდებთან ერთად, "ლურჯების" მეტოქეები შესარჩევში "ჯვაროსნებიც" იყვნენ.
სალონიკში გამართული შეხვედრა დასრულდა ფრედ, 1:1 - ოთარ კაკაბაძის ავტოგოლის შემდეგ, წონასწორობა ხვიჩა კვარაცხელიამ აღადგინა. რაც შეეხება საპასუხო მატჩს, "მეკობრეებმა" ბათუმში 2:0 მოიგეს. 3 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს მოუგებს ერთა ლიგის ფინალში და გავა ევრო 2024-ზე, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორია არის.

2024 წლის მარტში გამართულ შეხვედრაში საბერძნეთის მწვრთნელი უკვე გუსტავო პოიეტი იყო. დავუბრუნდეთ ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ ვინგერს, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში მშობლიურ "თეთრ-წითლებში" თავკაცის რანგში დაბრუნდა. 61 წლის დამრიგებელს დაავალეს სეზონის გადარჩენა, მაგრამ დაკისრებულ მოვალეობას მან თავი ვერ გაართვა.
იოჰან კრუიფ არენას ბინადრებმა ვან'ტ სხიპის მწვრთნელობით ჩაატარეს 32 შეხვედრა, რომელშიც იმარჯვეს 16-ჯერ, 10-ჯერ ითამაშეს ფრე და 6-ჯერ დამარცხდნენ. ნიდერლანდელი თავკაცის დაბრუნების მომენტში მის გუნდში ირიცხებოდა გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც ადაპტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდიდა.
მეცში გაბრწყინების შემდეგ, ქართველი თავდამსხმელი 16 მილიონი ევროს ფასად გადავიდა აიაქსში, თუმცა ჩვეულ სტილში ათამაშება ახალგაზრდა ფორვარდმა იქ ვერ შეძლო. ჯონი, ისევე როგორც მისი წინამორბედები ლიონის აღზრდილ წინახაზელს ათამაშებდნენ სხვადასხვა პოზიციებზე, რითაც მის გოლეადორულ პოტენციალს ზღუდავდნენ.

ამსტერდამელების მწვრთნელი თავისი გუნდის მე-19 ნომრისა და სხვა ახალწვეულების მისამართით აცხადებდა, რომ ისინი ერედივიზიონის გრანდის ფილოსოფიას ვერ ერგებოდნენ. 61 წლის თავკაცმა მიქაუტაძე გამოიყენა მხოლოდ 4-ჯერ, შემდეგ კი იჯარით "ლეს გრენატსში" დააბრუნა. სეზონის დასრულების შემდეგ, "ებრაელებმა" ქართველი ფორვარდი გაყიდეს.
"თეთრ-წითლებში" გატარებული პერიოდი ჟორჟის კარიერის შავ ლაქად დღემდე რჩება. პრეტენზიები ისმის ორივე მხრიდან, როგორც ახალგაზრდა ფორვარდისგან, ისე კრუიფ არენას ბინადრებისგანაც. რაც არ უნდა იყოს, ოლიმპიკის აღზრდილი წინახაზელისთვის საბედნიეროდ, ვან'ტ სხიპთან გატარებული პერიოდი წარსულს ჩაბარდა.

ევროპის ჩემპიონატზე გაბრწყინების შემდეგ, საქართველოს ნაკრების 22-ე ნომერი დაბრუნდა მშობლიურ რონში, სადაც მისი ახალი თავგადასავალი დაიწყო. 24 წლის ფორვარდმა უკვე მოასწრო 13 ბურთის შეგდება და 8 ასისტის გაფორმება, საერთო ჯამში კი მან ნიდერლანდელ თავკაცთან მუშაობის შემდეგ, 72 მატჩში 34 გოლის გატანა მოასწრო.
ერთა ლიგის პლეიოფში მიქაუტაძეს ექნება ორმაგი გამოწვევა - სომხეთის ნაკრების დამარცხება და პერსონალურად ჯონისთვის იმის ჩვენება, თუ როგორ ცდებოდა ის, როდესაც აიაქსში მას შანსს არ აძლევდა. 20 მარტს ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, ქართველი ფორვარდის შესახებ ისაუბრებენ არა მხოლოდ ერევანში, არამედ ამსტერდამშიც.

ფეხბურთთან ახლოს #3 | ლეგიონერები სანაკრებო მატჩებს ბრწყინვალე ფორმაში ხვდებიან

















