გიგა ნიკვაშვილი
დაბადების თარიღი: 18 ივლისი, 2007 წელი
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
კლუბი: ფოთის კოლხეთი 2
გიგა ნიკვაშვილის სახელი, ალბათ, ყველა იმ ადამიანს სმენია,რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებს თვალს ადევნებდა, ყველაფრის კეთილი დასასრული კი ნიკვაშვილისთვის წინა სეზონში იბერიას U17 გუნდთან ერთად საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის მოგება იყო, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა და პრაქტიკულად ბოლო ტურამდე გაურკვეველი რჩებოდა ოქროს მედლებს იბერია დაეუფლებოდა თუ ასევე საკმაოდ ძლიერი დინამო თბილისის აკადემია.
სწორედ სეზონის მიწურულს, როდესაც გუნდი პრაქტიკულად სრულად გამოფიტული, იყო ნიკვაშვილმა მისი გამორჩეული ოსტატობისა და ჩვეული მონდომების ხარჯზე შეძლო და გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა, რომელმაც , ბევრის აზრით, საჩემპიონო ბედიც კი გადაწყვიტა, ასეთი წარმატებული სეზონის შემდეგ მისით ფოთის კოლხეთი დაინტერესდა, ნიკვაშვილი სწორედ ამ გუნდში გადავიდა.
გიგა ნიკვაშვილი პოზიციით შემტევი ნახევარმცველია, რომელიც ძირითადად ფორვარდის უკან თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მოედანზე მყოფი 10-იანის ცნება, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, ჩემი აზრით, ის სწორედ კლასიკური ათიანია, ანუ სწორედ ის მოთამაშე, რომელიც შეტევითი მოქმედებების დროს მოედანზე სრულ თავისუფლებას იღებს, მაგრამ ამავდროულად ის გუნდის დაცვით თამაშშიც აქტიურად მონაწილეობს. პირველივე მატჩში, რომელიც ნიკვაშვილის მონაწილეობით ვნახე, მასში თითქოს დავინახე ის პატარა ბავშვი, რომელიც ყველა ფეხბურთის მოყვარულში ცხოვრობს და რომელიც ფეხბურთის სილამაზით ტკბება, არა მხოლოდ თამაშობს, არამედ ფეხბურთის თამაშით ერთობა კიდეც.
ნიკვაშვილის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისება არის მისი ძალიან კარგი და დახვეწილი პასის კულტურა, რომელიც მოედნის ხედვასთან ერთად იმდენად კარგ სინთეზს ქმნის, რომ მოედანზე მყოფ ადამიანებს არასდროს ტოვებს გულგრილს. გიგა გამოირჩევა პასების სიზუსტით, როგორც ახლო, ისე შორ მანძილზე. მას ძალიან კარგად გამოსდის შეტევის წამოწყება და ბურთთან ერთადაც ძალიან სწრაფად გადაადგილდება.
ფეხბურთის მოყვარულები ახალგაზრდა მოთამაშეეებს ყოველთვის სხვა გამოჩენილ ფეხბურთელებს ადარებენ ხოლმე. ჩემი აზრით, ნიკვაშვილი ის მოთამაშეა, რომელიც ბრაზილიური ფეხბურთისა და მილანის ლეგენდას, რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტეს, ან უბრალოდ რიკარდო კაკას შეგვიძლია შევადაროთ. ნიკვაშვილი მოედანზე ისევე მოხდენილად, ელეგანტურად და ჰაეროვნად გადაადგილდება, როგორც რიკადრო კაკა მისი კარიერის, ალბათ, ერთ-ერთი ეპიზოდის დროს - როდესაც 2006/2007 წლების სეზონში მილანის მაისურით მანჩესტერ-იუნაიტედის წინააღმდეგ შედევრი შემოგვთავაზა.
ვფიქრობ, ფოთის კოლხეთის მეორე გუნდში ნიკვაშვილი მისთვის ყველაზე საჭიროს - ნდობასა და სათამაშო დროს მიიღებს, ფიზიკურადაც კარგად განვითარდება, რადგან ასაკობრივი ჩემპიონატები და დიდი ფეხბურთი თვისობრივად ერთმანეთისგან განსხვავდება და მეტ გამძლეობას მოითხოვს. ამგვარ გარემოში ის ნამდვილად შეძლებს იმ საფეხბურთო უნარების კიდევ უფრო დახვეწას, რომლებიც მას დიდი საფეხბურთო მიზნების რეალიზებაში დაეხმარება.















