ლუკა რეხვიაშვილი 2007 წელს დაიბადა და უკანასკნელ წლებში ტორპედო ქუთაისის აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. მისი საფეხბურთო უნარები და საყვარელი საქმისადმი ერთგულება გუნდის ვარჯიშებსა და მატჩის მიმდინარეობის დროს ადვილად შესამჩნევია. რეხვიაშვილი შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც ფორვარდი, რომელსაც გოლების გატანასთან ერთად მოედანზე სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების შეთავსებაც მარტივად შეუძლია. რეხვიაშვილი ძალიან მრავალმხრივი მოთამაშეა, ის არა მხოლოდ შეტევაში ირჯება წარმატებულად, არამედ დაცვით ფუნქციებსაც კარგად ითავსებს და მეტოქის სტანდარტული სიტუაციების დროს ტორპედოს კარის დაცვაში დიდ როლს თამაშობს.

გაბარიტების მიუხედავად, რეხვიაშვილი არც ფიზიკური სიძლიერეს უჩივის, სწორედ ამიტომ მისთვის ბურთის ართმევა საკმაოდ რთულია. ლუკა არ შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც მხოლოდ საჯარიმოს ტიპის ფორვარდი. ტორპედოს შეტევების დროს რეხვიაშვილს ხშირად იხილავთ მოედნის ცენტრში ან რომელიმე ფლანგზე, სადაც წარმატებულ დრიბლინგს ხშირად ახორციელებს.
ლუკას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისება მეორე სართულზე კარგი თამაშია, მას ძალიან კარგად გამოსდის ორთაბრძოლების მოგება, ამის წყალობით რეხვიაშვილი საკმაოდ მარტივად ახერხებს პირველი ბურთების აღებასა და გუნდის შეტევების წამოწყებას, ამასთან, ახალგაზრდა ფორვარდი საკმაოდ კარგად იყენებს მის ფიზიკურ მონაცემებს და კორპუსით საკმაოდ კარგად ფარავს ბურთს, რის გამოც სახიფათოა მაშინაც, როდესაც მეტოქე გუნდის კარისკენ ზურგით დგას.
ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდა ტორპედოელი მოედანზე ყოველთვის საკმაოდ მშვიდად გამოიყურება და ასეთივე სიმშვიდით ელოდება მოედანზე მისთვის შექმნილ ახალ საგოლე მომენტებს. ფორვარდის ინსტინქტები ლუკას მომენტის წინასწარ შეფასებაში ეხმარება. ამის წყალობით ის ძალიან ბევრ საგოლე მომენტს ქმნის არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ გუნდელებისთვისაც. ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ გამორჩეული ინდივიდუალიზმის მიუხედავად, ლუკა გუნდურ მოთამაშედ ყალიბდება და ამ მხრივ მუდმივად ვითარდება.
2023-2024 წლების სეზონში ქუთაისის ტორპედოს ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ლუკამ საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა და გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეც იყო.

სავარაუდოა, რომ 2025-2026 წლების სეზონში რეხვიაშვილი დიდ სათამაშო დროს ვერ მიიღებს, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარ გუნდთან ვარჯიში მის მომავალ კარიერაზე მხოლოდ დადებითად აისახება, მაგრამ ვინ იცის?! - სეზონის მიმდინარეობისას იქნებ სწორედ ლუკა რეხვიაშვილი აღმოჩნდეს ხოლმე ის ოქროს ცვლილება, რომელიც ტორპედო ქუთაისს მატჩის ბოლო წუთებში სამ ქულას მოუტანს.















