მოედნის ცენტრში ნიკოლოზს რამდენიმე როლის მორგება შეუძლია - მისი ფიზიკური უნარებიდან გამომდინარე ითავსებს როგორც უკან დაწეული ჩამშლელი ნახევარმცველის, ისე ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციებსაც. 185სმ სიმაღლის მქონე კახელიშვილი საკმაოდ ძლიერია საჰაერო ორთაბრძოლებში და ისრაელურ კლუბში თავდაუზოგავი შრომისა და ვარჯიშის წყალობით ფიზიკური კონდიციებიც ერთი ორად გააუმჯობესა. სწორედ ამის წყალობით ჩამოყალიბდა კახელიშვილი მაკაბი ნეთანიასთვის საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიულ მოთამაშედ.
მიუხედავად იმისა, რომ კახელიშვილი სულ რაღაც 17 წლისაა, მოედანზე ის საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებულია - როგორც ბურთთან, ისე უბურთოდ. კახელიშვილი ყოველთვის თავდაჯერებულად მოქმედებს, მუდმივი აქტიურობითა და შრომისმოყვარეობით მოედანზე მისი გამორჩევა საკმაოდ მარტივია. ნიკოლოზის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება სწორი და გააზრებული პოზიციური თამაშის უნარია, სწორედ ამის გამო ის მოედანზე საკმაოდ დიდ სამუშაოს ასრულებს - როგორც დაცვითი, ისე შეტევითი მოქმედებების დროს.

საინტერესოა აღვნიშნოთ ისიც, რომ კახელიშვილს უთამაშია თავისუფალი 10-იანის პოზიციაზეც. მიუხედავად იმისა, რომ ის ამ პოზიციისთვის თითქოს მაღალია, ნიკოლოზს ძალიან კარგი ტექნიკა და მოედნის ხედვა აქვს ,რაც ეხმარება გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდეს, რომელიც კარგი თამაშით არა მხოლოდ დაცვაში ან ბურთის კონტროლით გამოირჩევა, არამედ შეუძლია მეტოქის კართანაც საკმაოდ სახიფათო მომენტები შექმნას. კახელიშვილი მწვრთნელების საყვარელი მოთამაშეა, რადგან ზუსტად ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც მატჩამდე იღებს და ეს თვისება მის პროფესიონალიზმსა და საქმისადმი დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ნიკოლოზ კახელიშვილის პროგრესი აუცილებლად გვაძლევს იმის იმედს, რომ მისი სახით საქართველოს კიდევ ერთი ძალიან კარგი ფეხბურთელი ეზრდება, რომელიც მისი როგორც საფეხბურთო, ისე არასაფეხბურთო თვისებების წყალობით უკვე ორ წელზე მეტია ჩვენი ქვეყნის შესანიშნავი ელჩია ისრაელურ ფეხბურთში და კვლავაც აგრძელებს განვითარებას.~
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მოედნის ცენტრში მუდმივად ძალიან დიდი კონკურენციაა, ჩემი აზრით, უკანასკნელ პერიოდში ნაჩვენები შედეგების და მიღწეული პროგრესის გამო კახელიშვილი იმსახურებს იმ ჯილდოსა და სიხარულს, რასაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახება წარმოადგენს.















