ბურთის თამაშში შეყვანის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა "წითლებს", 24 წლის მეკარემ კი როგორც აღვნიშნეთ, თავის ანგარიშზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა. საინტერესოა, რომ "ლოს ჩესის" 25-ე ნომერმა მერსისაიდში უნდა შეცვალოს გოლკიპერი, რომელიც ასისტების გაკეთების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

საუბარია ალისონ ბეკერის შესახებ, რომლის ანგარიშზე ამ მომენტისთვის ოთხი საგოლე გადაცემა არის. ვარსკვლავურმა მეკარემ სამი ასისტი გააკეთა "სქაუზერებში" თამაშის დროს, ერთი კი ჯერ კიდევ რომაში. 2017/18 წლების სეზონში, მილანის ინტერთან მატჩში, ბრაზილიელმა გოლკიპერმა პასი გაუკეთა სტეფან ელ შაარავის, მან კი გოლი შეაგდო.
ენფილდზე გადასვლის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, "ჯალოროსის" ყოფილმა მეკარემ თავის ანგარიშზე სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. საინტერესოა ის, რომ ლივერპულის პირველი ნომრის სამივე ასისტის ადრესატი იყო მო სალაჰი, რომელმაც თავისი გუნდის გოლკიპერის დახმარებით გაუტანა მანჩესტერ სიტის, მანჩესტერ იუნაიტედსა და ნორვიჩ სიტის.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ 32 წლის მეკარის ანგარიშზე ერთი გატანილი გოლიც არის. ეს ფაქტი დაფიქსირდა 2021 წლის მაისში, ვარსკვლავურმა გოლკიპერმა ვესტ ბრომს შეუგდო. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მამარდაშვილი ალისონის შედეგების გამეორებას, ფაქტია, ამის ფუნდამენტი უკვე არის: ქართველმა კარის დარაჯმა ცოტა ხნის წინ პირველი ასისტი გაიფორმა.
როდესაც ვსაუბრობთ მეკარეების მიერ საგოლე გადაცემების გაკეთებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ედერსონ მორაესიც, რომელიც ამ კომპონენტში ნომერ პირველია. ბრაზილიელმა გოლკიპერმა თავისი კარიერის მანძილზე 6 ასისტი გაიფორმა. მის შემდეგ მოდიან პოლ რობინსონი (5 ასისტი) და დევიდ სიმენი (4).

საინტერესოა, როგორი სტატისტიკა ექნება ბეკერს "წითლების" დატოვების მომენტისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აპირებს მერსისაიდელთა გოლკიპერი წასვლას. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ვარსკვლავური კარის დარაჯი ინგლისის ჩემპიონატში კიდევ მინიმუმ 1 სეზონით დარჩეს.
ფაქტია, "სქაუზერების" პირველი ნომერი არის შესანიშნავ ფორმაში და მას არც მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. აღნიშნული გარემოება გიორგის ენფილდურ მომავალს ბუნდოვანს ხდის. 32 წლის გოლკიპერის დარჩენის შემთხვევაში, ახალგაზრდა კარის დარაჯს მოუწევს მასთან კონკურენციაში შესვლა ან იჯარით სხვა კლუბში გადასვლა.

ყველაფერი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა. არნე სლოტის გუნდში მისვლამდე, "ჯვაროსნების" მეკარეს შესასრულებელი ექნება ორი მისია, ერთი სანაკრებო, მეორე კი საკლუბო. პირველ შემთხვევაში საუბარია ამიერკავკასიელების წინააღმდეგ საქმის ბოლომდე მიყვანასა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაზე.
რაც შეეხება მეორე მისიას, "მურსელაგოსი" იბრძვის ლა ლიგაში დარჩენისთვის და ამ ყველაფერში 24 წლის მეკარეც არის ჩართული. ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 28 ტურის შემდეგ, მესტალიას ბინადრები 28 ქულით არიან მე-16 პოზიციაზე და გასავარდნ ზონამდე მათ სულ რაღაც 1 ქულა აშორებთ.
დიახ, კარლოს კორბერანის გუნდის 25-ე ნომერი მიმდინარე სეზონში არ არის ისეთი ეფექტური, როგორც უკანასკნელ წლებში, თუმცა ფაქტია, ის ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად კვლავ რჩება. პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე დარჩენილია 10 ტური, მამარდაშვილს ელის 10 ფინალი, შემდეგ კი ახალი თავგადასავალი ლივერპულში, ალისონთან ერთად, ან მის გარეშე.


















