1994 წელს, აშშ-ში გამართულ ისტორიულ მუნდიალზე სამი მარადონა იღებდა მონაწილეობას: არგენტინელი, ბულგარელი და რუმინელი (კარპატელი), თუმცა მხოლოდ არგენტინელისთვის გამოდგა მსოფლიო ჩემპიონატი საბედისწერო. დიეგოს სკანდალმა ,,ფეხბურთის ღმერთის“ სანაკრებო კარიერა საბოლოოდ დაამთავრა და შექმნა მოლოდინი ახალ მარადონაზე, ახალ მხსნელზე, ახალ 10-იანზე, რომელიც ბურთითა და მზეჭაბუკის ქარიზმით არგენტინას მწვერვალებისკენ წარუძღვებოდა და მთელ ერს ბედნიერებას მოუტანდა. ახალი დიეგოს გვირგვინი მის რუმინეთთან მატჩში შემცვლელს - 20 წლის რივერპლეიტელ არიელ არნალდო ორტეგას ერგო. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დიეგო და არიელი ძალიან ერთმანეთს დაუახლოვდნენ. როგორც მომავალი 10-იანი, ორტეგა დიეგოს გვერდიდან არ სცილდებოდა და ხშირად ესაუბრებოდა მას საკუთარ პროვინციაზე, იქ არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე და ყურადღებით უსმენდა უფროსი თანაგუნდელის დარიგებას. წლების შემდეგ დიეგო იტყვის: ,,ყველა ფიქრობს, რომ ,,ელ ბურიტო“ პატარა იდიოტია, მაგრამ, ჩემი აზრით, ის ძალიან ჭკვიანია.“

არიელ ორტეგა არგენტინის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიყრუებულ ხუხუის პროვინციაში, ლედესმას რაიონში დაიბადა და გაიზარდა. მის ბავშვობაზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ბავშვობის გამოცდილება, დიდწილად განსაზღვრავს ხოლმე ადამიანის მომავალ ცხოვრებას. სხვადასხვა გადმოცემებით, ორტეგას მამას ,,ელ ბუროს“ (ვირს) ეძახდნენ, ცემა-ტყეპის დროს ფეხს კარგად იქნევდაო. არიელმა მეტსახელი ,,ელ ბურიტო“ (ჩოჩორი) მემკვიდრეობით მიიღო. გაჭირვებული ყოფის ერთადერთი ნათელი წერტილი მისთვის ფეხბურთი იყო. 17 წლის ასაკში ის არგენტინული გრანდის, რივერ პლეიტის წევრი იყო. მისი პირველი (და, ალბათ უკანასკნელი) დიდი მწვრთნელი ლეგენდარული დანიელ პასარელა, 90-იანების ტალანტების მჭედელი და გზის გამკვალავი გახლდათ. 1991-1996 წლებში, რივერ პლეიტში თამაშისას ორტეგა გულშემატკივართა კერპად იქცა, არგენტინული ,,დიეგოსეული“ სტილისა და არაპროგნოზირებადობის გამო. ლომის წვლილი ამ ყველაფერში პასარელამ ითამაშა, რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელის თვითნაბადი ნიჭი დისციპლინის ჭურჭელში მოათავსა. უნდა ითქვას, რომ პასარალა, ,,ბურიტოს“ გარკვეულწილად მამობასაც კი უწევდა, კარგად ხვდებოდა რა მისი წარსულის გავლენას აწმყოზე. ერთის მხრივ, ის ცდილობდა, თვალი დაეხუჭა პატარ-პატარა გადაცდომებზე, მეორე მხრივ, მკაცრი მამობრივი მზრუნველობით აჩვევდა წესრიგს, დისციპლინის საფუძვლებს, რაც ასე მნიშვნელოვანია ნიჭიერი და ურჩი შეგირდის სწორ გზაზე დასაყენებლად.

1996 წლიდან ,,ბურიტო“ იმედებითა და იმედგაცრუებებით აღსავსე, ევროპულ მოგზაურობას იწყებს. 1997-2000 წლებში მან ორი ქვეყნის უმაღლესი ლიგა და სამი კლუბი გამოიცვალა. ვალენსია, სამპდორია და პარმა ის გუნდები იყვნენ, რომლებიც „ახალი მარადონასთვის" ევროპულ საკლუბო ფეხბურთში ტრამპლინად უნდა ქცეულიყო. თუმცა, ეპიზოდურ გაბრწყინებას თან ახლდა ხანგრძლივი ჩავარდნები. La Gazzetta dello Sport-მა კი პარმას მიერ არიელში გადახდილი 15 მლნ. აშშ დოლარი სერია A-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ინვესტიციად დაასახელა.
დიეგოსი არ იყოს, არიელსაც თან სდევდა მავნე ჩვევების წყება, რომელიც მისთვის კარიერულ გზაზე დიდი დაბრკოლება აღმოჩნდა. მთავარი წინაღობის სახელი კი დეპრესია და ალკოჰოლიზმი იყო. რივერ პლეიტისა და მშობლიური არგენტინისგან შორს, ევროპაში ორტეგას მამობას ვერავინ გაუწევდა. ამის მიზეზი ბევრი რამ იყო, თუმცა, ალბათ, მთავარი ის, რომ ,,ბურიტოს“ ფასს, ყველაზე მეტად პასარელა ხვდებოდა. მან იცოდა არიელის სუსტი და ძლიერი მხარეები. თავისუფალ დინებაში მყოფი, მშობლიურ ნიადაგს მოწყვეტილი ,,ბურიტო“ 2000-2002 წლებში არგენტინულ რივერ პლეიტში დაბრუნდა და ბრწყინვალე სეზონები ჩაატარა. ხელმძღვანელობდა კლუბის შესანიშნავ ოთხეულს (ორტეგა, სავიოლა, აიმარი, ანხელი). მალე სარფიანი შეთავაზება მიიღო და ევროპაში დაბრუნდა, ამჯერად თურქეთში, ფენერბაჰჩეს რიგებს შეუერთდა. თუმცა, მშობლიური ნიადაგისგან მოწყვეტის სინდრომმა იქაც იმუშავა. ამას დაერთო სკანდალი ბეშიქთაში-ფენერბაჰჩეს თამაშის წინ - ბეშიქთაშის გულშემატკივრებმა ფენერბაჰჩეს ფანკლუბს თამაშის წინ პატივისცემის ნიშნად დიდი ბანერი გადასცეს თურქული წარწერით ,,მამაცი გული ორტეგა“, რომელსაც ქვეშ ესპანურად ეწერა ,,Cobarde Gallina Ortega“ (მშიშარა ქათამი ორტეგა).

რა თქმა უნდა, ენის არ ცოდნის გამო ფენერბაჰჩეს ქომაგს ეს არ შეუმჩნევია და ბანერი გამოფინა... ორტეგამ მალევე დატოვა თურქეთი - ადაპტაციის სირთულის მოტივით. მან ცალმხრივად გაწყვიტა კონტრაქტი კლუბთან, რის გამოც FIFA-მ, ფინანსურ ჯარიმასთან ერთად ფეხბურთის თამაში 18 თვით აუკრძალა. საბოლოოდ, 2004 წელს ,,ელ ბურიტო“ კვლავ არგენტინაში, ნიუელს ოლდ ბოისში დაბრუნდა, შემდეგ ისევ რივერ პლეიტში ამოყო თავი და 2007 წელს დიდი სკანდალებიც დაატრიალა. თუმცა, ფეხბურთიდან 2012 წლამდე არ წასულა.
მისი ხასიათის კაცი, ბუნებრივია, ეროვნულ ნაკრებში უფრო ნაყოფიერი გამოდგა. ითამაშა 88 მატჩი, მათ შორის 1994, 1998 და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე და 17 გოლი გაიტანა. ორტეგას ,,დიდების მომენტი“ საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა დამდგარიყო. არგენტინის მთავარი ვარსკვლავი და გოლეადორი გაბრიელ ბატისტუტა იყო, თუმცა გამარჯვებების ნამდვილი შემოქმედი 10-ნომრიანი მაისურით მოთამაშე ორტეგა გახლდათ. საგოლე მომენტების 80 პროცენტი ,,ბურიტომ“ შექმნა, თავისი შესანიშნავი სტილით გუნდს ბრწყინვალედ დირიჟორობდა. ამასთან, იამაიკასთან დუბლიც შეასრულა და ყველა გულშემატკივარი არგენტინის ახალი წარმატების მოლოდინით აავსო. თუმცა, ისევ ხასიათმა, ბავშვობიდან თანმდევმა უდისციპლინობამ და კონფლიქტურობამ, ვან დერ სართან ინციდენტისას წითელი ბარათი მოუტანა და არგენტინა 1/4 ფინალიდან გამოვარდა. ისტორიას ალბათობები უყვარს, ამიტომ, თუკი მანამდე ჩატარებულ მატჩებსა და შემადგენლობას გავითვალისწინებთ, ალბათობა იმისა, რომ არგენტინას მუნდიალი მოეგო ჰოლანდიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, დიდი იყო, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა...

'98 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ღრმად შემორჩა ჩემს მეხსიერებას. „ბატიგოლი" ბრწყინავდა, გუნდი საკუთარ გზაზე ყველას ამარცხებდა, ვარსკვლავურ ინგლისთან გაუჭირდათ, მაგრამ ღირსეულად გაიმარჯვეს. მიიწევდნენ დიდებისაკენ და ამ წარმატების უკან, როგორც ძველ კარგ დროში, ისევ 10 ნომერი იდგა, არგენტინელი - აბორიგენის სისხლით, მარადონას მსგავსი აღნაგობა რომ ჰქონდა და მასავით ,,ხასიათის კაცი“ რომ იყო. გამბეტას დიდოსტატი ქმნიდა შანსებს, იტანდა გოლებს და ამ ყველაფერს აკეთებდა ისე, როგორც დიეგოს მოეწონებოდა. ჰოლანდიასთან შეეძლო გმირი გამხდარიყო, როდესაც შორეული გასროლა ძელს გაარტყა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ანტიგმირი გახდა, მშობელი ხალხის გულისწყრომა რომ არ გამოუწვევია ისეთი. ესეც მარადონას დაღდასმულობის ,,ბრალი“ იყო, ალბათ...
,,ბურიტოზე“ საუბრისას ცალკე უნდა აღინიშნოს მისი სტილი, მარადონას მიერ ხელოვნების დონეზე აყვანილი და არგენტინელთა შეფასებისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, ე.წ. გამბეტა. სხვადასხვა შეფასებით, გამბეტა თავის თავში აერთიანებს ცხოვრების, ფეხბურთისა და ხელოვნების პრინციპებს, რომელიც მოედანზე გადმოიღვრება. გამბეტას სოლო ძალისხმევის ტრიუმფის მაგალითია 1986 წლის არგენტინა და მარადონა.
ფეხბურთის ეს სტილი არგენტინის ცხოვრების მეტაფორად იქცა. დიეგოს თანაგუნდელის, ლეგენდარული ხორხე ვალდანოს შეფასებით, ეს არის ტანგოს კიდევ ერთი ფორმა, რომელიც დამატებითი სვლებითა და მოძრაობებით თამაშს ახალ სიცოცხლესა და საოცარი სიამოვნების შეგრძნებას სძენს. გამბეტა არსებითად, ორი ელემენტისგან შედგება. პირველი არის ოსტატობა, როცა ფეხით შემიძლია ის ვაკეთო, რაც მინდა. ეს მოთამაშეს გარკვეულ ღირსებას ანიჭებს. მეორე ელემენტი გულისხმობს მოტყუებას, როდესაც მცველი შეცდომაში შემყავს, რათა მან ჩემი შემდგომი სვლის განსაზღვრა ვერ შეძლოს. გაცურების, მოტყუების ეს გემო, როგორც ჩანს, ბუნებით ძალიან არგენტინულია, ეს ხალხი ხომ თანდაყოლილი თავხედური სულით არის აღზრდილი. თუ ამ ორ ელემენტს შევაერთებთ, მივიღებთ არგენტინულ ფეხბურთში ყველაზე დაფასებულ და ცნობილ ხერხს, რომელსაც გამბეტას სახელით ვიცნობთ.

ყველა ფეხბურთელი ოცნებობს, მოედანზე გამბეტა შეასრულოს. სწორედ ამ საოცარი ოსტატობით იწონებს თავს მარადონა '86 წლის მუნდიალზე, რომელიც ასეთი შთამაგონებელია. ბურთის ასეთი ქარიზმატული კონტროლი და მოქნილობა დასტურია მარადონას, როგორც ფეხბურთელის, სიდიადისა, დასტურია იმისა, რომ ფეხბურთი არის ხელოვნება, მხატვრული ტილო, რომელზეც ცხოვრების მრავალი ფერის დატანაა შესაძლებელი. სწორედ გამბეტას სულით შთაგონებული იყო „ორტეგიტა" '98 წლის მუნდიალზე და არა მარტო.
თუმცა, „ბურიტოს" სპორტსმენობა ვერ შედგა. ამ თვალსაზრისით ის დიეგოზე ტრაგიკული პერსონაჟია. ანარქიული და უდისციპლინო, ისეთი, როგორიც ჟუჟუის პროვინციაში ცხოვრებით ხდები. გაჭირვება, თითქოს თვითდისციპლინას ასწავლისო - გვამცნობს ერთ-ერთი გავრცელებული სტერეოტიპი, თუმცა, ეს სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს, განსაკუთრებით ,,ცხელთავიან“ ადამიანებში, რომელთაც ყოფიერების ნიღბების მოსარგებად არ სცალიათ. „ორტეგიტას" შემთხვევაც ასეთია. დიდი მონდომებითა და ძალისხმევით იბრძვი აწმყოში (როგორც ბავშვობაში) იმისთვის, შიმშილის გრძნობა რომ დაიკმაყოფილო და შემდგომ ბედნიერად დაისვენო, სიესტას მიეცე. გამოღვიძებისთანავე აღმოაჩენ, რომ მაცივარი ცარიელია, ხვალინდელ დღეზე კი არ გიზრუნია და ისევ თავიდან იწყებ ბრძოლას იმ იმედით, რომ სიესტას შეირგებ. შენს ბილიკებზე მავალს, რაღაც გამაღიზიანებელი, ენერგიისა და სიამოვნების მომცემი გინდა და ეს შეიძლება ნარკოტიკი იყოს, ან სასმელი, შემდეგ კი გაუთვითცნობიერებლად, შენივე მავნე ჩვევების ტყვე ხდები. „ორტეგიტას" ცხოვრება ამ პროცესის ანარეკლია, უნებისყოფო გენიოსისა და წინ ვერმხედისა, აწმყოსეული დიდი წარმატება დიდი დასვენებისთვის რომ სჭირდებოდა. ამიტომ ვერ შეძლო არიელ ორტეგამ სპორტსმენობა, არ ეყო სულიერი სიმტკიცე. ვერ შეძლო ფეხბურთისთვის ცხოვრება დაექვემდებარებინა და დიდ ხანს ეთამაშა, კარიერული წინსვლისთვის მუდამ დამშეული ყოფილიყო. ის იმ პატარა, პროვინციელ, არგენტინელ ბიჭად დარჩა, შეჭირვებული ოჯახიდან გამოსულს მხოლოდ იმ წამით ტკბობა სურდა, როდესაც ბურთს აგორებდა თანატოლებთან და ყველაზე უზრუნველი და თავისუფალი იყო მოედანზე, ვისაც უნდოდა ფეხბურთში ისევე ეცხოვრა, როგორც ცხოვრებაში...
















