ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს პარის სენ-ჟერმენი და ლონდონის არსენალი დაუპირისპირდებიან. ყურადღების ცენტრში იქნება პსჟ-სა და "მეთოფეთა" დამრიგებლების დუელი: ლუის ენრიკე მიკელ არტეტას წინააღმდეგ. მათ ერთმანეთთან აკავშირებთ ბევრი რამ, ჯერ კიდევ საფეხბურთო კარიერიდან. გავიხსენოთ ესპანელი სპეციალისტების განვლილი გზა.
ბარსელონური წარსული და დნმ
როდესაც ბარსელონას მთავარ გუნდში ბრწყინავდა ენრიკე, სარეზერვო გუნდიდან დაწინაურებას არტეტა ცდილობდა. საინტერესოა, ის, რომ ისინი კატალონიელები არ არიან. ლუჩო ასტურიელია, მისი სახლი არის ხიხონის სპორტინგი, საიდანაც შემდეგ ის მადრიდის რეალში გადავიდა.
"სამეფო კლუბში" გატარებული ხუთი სეზონის შემდეგ, ესპანელი შემტევი "ბლაუგრანაში" გადავიდა. დიახ, ლუიშ ფიგუ არ არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც პრიმერა დივიზიონის ერთი გრანდი მეორეზე გაცვალა. ბერნაბეუს ბინადრების ექს-ფლეიმეიქერი კამპ ნოუზე გაჩერდა კარიერის ბოლომდე, 2004 წლამდე.
რაც შეეხება 54 წლის ყოფილი შემტევის სამწვრთნელო კარიერას, ყველაფერი ისედაც ცნობილია - ბარსელონას სარეზერვო გუნდი, ვიგოს სელტა, რომა და კატალონიაში დაბრუნება, შემდეგ კი ტრებლი. დღეს, ენრიკე იგივე გაკეთებას უკვე ცდილობს პარის სენ-ჟერმენთან ერთად და მის გზაზე სწორედ ბასკი დამრიგებლის არსენალი არის.
"ბლაუგრანული" დნმ-ის მიუხედავად, მიკელს თავის მშობლიურ გუნდში არასდროს უთამაშია. ის ადრეულ ასაკში თავდაპირველად გაანათხოვრეს პსჟ-ში, შემდეგ კი გლაზგო რეინჯერსში გაყიდეს. საინტერესოა, რომ კამპ ნოუს ბინადრების აღზრდილ ფლეიმეიქერს თავისი კარიერის მანძილზე არაერთი გამორჩეული მოთამაშის გვერდით უთამაშია.
მაგალითად, პარიზში 43 წლის ყოფილი ნახევარმცველის თანაგუნდელები იყვნენ რონალდინიო გაუჩო, ჯეი-ჯეი ოკოჩა, მაურისიო პოჩეტინო და სხვები. რაც შეეხება არტეტას "დათუნიებში" გატარებულ პერიოდს, ის თამაშობდა კლაუდიო კანიჯას, შოთა არველაძისა და ზურაბ ხიზანიშვილის გვერდით.
ესპანელი ნახევარმცველი ქართველ ლეგიონერებთან ერთად შოტლანდიის ჩემპიონი გახდა. კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი კი მან გაატარა პრემიერ ლიგაში, ევერტონისა და არსენალის შემადგენლობაში. საინტერესოა ისიც, რომ იგივე ლუჩოსგან განსხვავებით, მიკელს ესპანეთის ეროვნულ გუნდში არასდროს უთამაშია.
კავშირი პეპ გუარდიოლასთან და მეტოქეობა ჩემპიონთა ლიგაზე
როგორც ენრიკეზე, ისე არტეტაზე, უდიდესი გავლენა გუარდიოლამ მოახდინა. განსაკუთრებით ეს ითქმის პირველზე, რომელმაც პრაქტიკულად მთელი თავისი კარიერა პეპის გვერდით გაატარა. ერთობლივი ძალებით მოგებული იქნა 7 ტიტული ბარსაში და 1992 წლის ოლიმპიადა, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ერთად.
რაც შეეხება საფეხბურთო კარიერის შემდგომ მოვლენებს, როდესაც კატალონიელი მწვრთნელი დაინიშნა "ბლაუგრანას" დამრიგებლად, სარეზერვო გუნდში ის სწორედ ასტურიელმა თავკაცმა შეცვალა. ამის გარდა, ის ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც მანჩესტერ სიტის ამჟამინდელი დამრიგებლის შემდეგ, კამპ ნოუს ბინადრებს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
მივადექით ბასკ დამრიგებელს, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა სწორედ ხოსეპის თანაშემწის ამპლუაში დაიწყო. მათი თანამშრომლობა "ქალაქელებში" გაგრძელდა 3 წელი, რის შემდეგაც მიკელი არსენალში წავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მის დანიშნვამდე, დედაქალაქელები ლუჩოს კანდიდატურას განიხილავდნენ.
როგორც აღვნიშნეთ, დღეს ისინი მოწინააღმდეგეების რანგში იქნებიან. პარის სენ-ჟერმენის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეები არიან სწორედ ლონდონელები, რომლებსაც ფრანგებმა 5 შეხვედრიდან ვერცერთი ვერ მოუგეს. ვნახოთ, შეძლებს, თუ არა პსჟ ნავსის გატეხვას ამჯერად, უკვე ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად.















