ბარსელონა V პარის სენ-ჟერმენი - თანამედროვე ევროპული ფეხბურთის დერბი, არაერთი დასამახსოვრებელი მომენტითა და ვარსკვლავური მოთამაშით. კატალონიელებისა და პსჟ-ს დაპირისპირების წინ, გავიხსენოთ ამ ორ კლუბს შორის მთავარი შემაკავშირებელი პირები საფეხბურთო მოედანზე.
უსმან დემბელე | კრიტიკის ობიექტი - ოქროს ბურთის მფლობელი
2017 წლის ზაფხულში ბარსელონამ და პარის სენ-ჟერმენმა განახორციელეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი, რომლის შესახებაც მოგვიანებით ვისაუბრებთ. 222 მილიონიანი გარიგების ერთგვარი გაგრძელება გამოდგა დემბელეს ტრანსფერი კატალონიაში, ასევე საკმაოდ ძვირად, 148 მილიონად.
რასთან ასოცირდება უსმანის გატარებული პერიოდი "ბლაუგრანაში"? ტრავმებთან, კრიტიკასთან, კომიკურ მომენტებსა და გაუთავებელ სატრანსფერო საგასთან, თუ როგორ უნდა მოეშორებინათ კამპ ნოუს ბინადრებს ფრანგი ვინგერი. შეიძლება ითქვას, რომ საფეხბურთო მიმების სამყაროში ბარსას დორტმუნდის ბორუსიას ექს-შემტევის სახით თავისი ჰარი მაგუაიერი ჰყავდა.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა კატალონიელთა შვიდიანის გამოსახულება ოქროს ბურთით ხელში. დღეს, ეს ფაქტი აღარ არის ხუმრობა, 28 წლის ვინგერმა რეალურად მოიგო ბალონ დორი და მან ეს პსჟ-ს მოთამაშის რანგში შეძლო. ის გახდა რიგით მე-10 ფეხბურთელი მუნდიალის, ჩემპიონთა ლიგისა და ოქროს ბურთის ტიტულებით თავის კოლექციაში.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი | პეპ გუარდიოლას მთავარი ჰეითერი, რომელიც პარიზის მეფე გახდა
გადის ათწლეულები, თუმცა იბრაჰიმოვიჩის ბარსელონაში ტრანსფერი აქტუალურობას არ კარგავს. 2009 წლის ზაფხული - სამუელ ეტოოსა და 69.5 მილიონის მილანის ინტერისთვის დათმობის ფასად, კატალონიელები ზლატანს იფორმებენ. აღარ გავამახვილებთ ყურადღებას იმაზე, თუ რას მიაღწია "ნერაძურიმ" კამერუნელ ფორვარდთან ერთად, ეს უკვე ისტორიაა.
რაც შეეხება შვედ თავდამსხმელს, სტატისტიკა რომ ავიღოთ, "ბლაუგრანაში" მას გამოუვიდა პროდუქტიული სეზონი - 46 მატჩი, 22 გოლი, 13 ასისტი, მაგრამ ციფრები ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. კამპ ნოუს ბინადრების ფორვარდი შორს აღმოჩნდა გუარდიოლას "ტიკი-ტაკური" იდეოლოგიისგან, რამაც მოგვიანებით კონფლიქტი გამოიწვია.
პეპის გუნდის ცხრიანი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში იტყვის - იყიდეს ფერარი, თუმცა ატარებდნენ როგორც ფიატს. დიახ, ფერარი ამ შემთხვევაში თავად 43 წლის ექს-ფორვარდი არის. ამ ყველაფრის გარდა, სკანდალური გოლეადორი წლების განმავლობაში აკრიტიკებდა და კბენდა ესპანელ ტაქტიკოსს, რომელმაც ის სათანადოდ ვერ გამოიყენა.
ბარსელონამ იბრაჰიმოვიჩი მალევე მოიშორა მილანში, შემდეგ კი ის გადავიდა პარის სენ-ჟერმენში, სადაც ნამდვილი მეფე გახდა. 180 მატჩი, 156 გატანილი ბურთი, 62 ასისტი და უამრავი ტიტული...ასეთი მემკვიდრეობა დატოვა ზლატანმა პსჟ-ში. კილიან მბაპეს გამოჩენამდე, მასზე შედეგიანი "ლურჯ-წითლებში" არავინ ყოფილა.
ლიონელ მესი | GOAT-ი პარიზის სანატორიუმში
მესის მიღწევები ბარსელონაში წაგვიყვანს ძალიან შორს, უბრალოდ გავიხსენებთ იმ პერიოდს, როდესაც მისი სხვა გუნდში გადასვლა არარეალური ჩანდა. 2021 წლის ზაფხულში ყველაზე წარმოუდგენელი განშორება მაინც მოხდა: ლეომ კატალონია დატოვა. მის სახელს თავიდან უკავშირებდნენ გუარდიოლას მანჩესტერ სიტის, მაგრამ არგენტინელმა ფლეიმეიქერმა პარიზი აირჩია.
"ბლაუგრანას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის მოსვლით, პსჟ-ს გულშემატკივრებმა დაიწყეს ჩემპიონთა ლიგის ტიტულზე ფიქრი, მაგრამ ვარსკვლავურმა ახალწვეულმა ნანატრი ჯილდო მათ ვერ მოუტანა. 38 წლის ფლეიმეიქერისთვის ლურჯ-წითელი მაისური უფრო გამოდგა ევროპული ფეხბურთის მშვიდი დასასრული, ვიდრე ახალი გამოწვევა.
"ლა პულგამ" პარკ დე პრენსზე ითამაშა ორი სეზონი და მასთან ერთად დედაქალაქური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალს ვერ გასცდა. ამასთან ერთად, საფრანგეთის ჩემპიონატში იყო თამაშები, რომელშიც პარიზელთა 30-ე ნომერი სირბილითაც კი არ იწუხებდა თავს. რა მოხდა შემდეგ? მესი ინტერ მაიამიში გადავიდა, პსჟ-ში კი მის შემდეგ ახალი ერა დაიწყო.
ნეიმარ ჟუნიორი | ტრავმებსა და წვეულებებში გადახდილი 222 მილიონი
დავუბრუნდეთ რეკორდულ გარიგებას ფეხბურთის ისტორიაში - ბარსელონამ მიიღო 222 მილიონი ევრო, პარის სენ-ჟერმენმა კი ნეიმარი. დრომ აჩვენა, რომ ჟუნიორის ტრანსფერით იზარალეს როგორც კატალონიელებმა, ისე პსჟ-ემ. ესპანეთში ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტრიოს ნაწილი, მესისა და სუარესთან ერთად.
დიახ, ბრაზილიელი თავდამსხმელი ვარსკვლავური პარტნიორების დეფიციტს არც "ლურჯ-წითლებში" განიცდიდა და საფეხბურთო სამყარომ იხილა მისი ლეოსთან რეიუნიონიც, მაგრამ ეს ყველაფერი ახლოსაც ვერ მივიდა იმასთან, რასაც აღნიშნული დუეტი "ბლაუგრანაში" აკეთებდა. წვეულებები, ტრავმები, მოტივაციის ნაკლებობა...სანტოსის კაპიტნის მოღვაწეობას პარკ დე პრენსზე სხვანაირად ვერც შევაფასებთ.
კამპ ნოუს ბინადრების ყოფილი ათიანი დღემდე რჩება ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად და ის ასევე დღემდე ერთადერთია, რომლის სანაცვლოდ 200 მილიონზე მეტი გადაიხადეს. დღეს, 33 წლის ფორვარდი ცდილობს ფორმის დაბრუნებას და 2026 წლის მუნდიალისთვის ბრაზილიის ეროვნულ გუნდში ადგილის დაბრუნებას.
რონალდინიო გაუჩო | ჯადოქარი, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა
რონალდინიოს ევროპული კარიერა იწყებოდა სწორედ პარის სენ-ჟერმენში, სადაც მას მთელი საფეხბურთო სამყარო აკვირდებოდა. ნათელი იყო, გაუჩოს იმდროინდელ პსჟ-ში დიდხანს არავინ გააჩერებდა. ეს იყო კლასიკური შემთხვევა, როცა ერთი მოთამაშის პოტენციალი დანარჩენი მთლიანი გუნდის შესაძლებლობებს აღემატებოდა.
2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სხვაობა ბრაზილიელ შემტევსა და "ლურჯ-წითლებს" შორის კიდევ იყო უფრო თვალშისაცემი გახდა. დიახ, პარკ დე პრენსის ბინადრების ფლეიმეიქერი არ გამოირჩეოდა შესაშური დისციპლინით, მაგრამ კლუბს მასთან პრობლემები არ ჰქონია.
პარის სენ-ჟერმენში თვალს ხუჭავდნენ იმ ფაქტზე, რომ მათ ათიანს ზოგჯერ შეეძლო ვარჯიშზე დაგვიანება ან საერთოდაც, არ გამოცხადება. ფრანგული კლუბი ემზადებოდა "ჯადოქრის" სარფიანად გაყიდვისთვის და ცხადია, მისი უდისციპლინობის გამო, ზედმეტი აურზაური არავის სჭირდებოდა.
პსჟ-მ რონალდინიოს სანაცვლოდ დაწესებული სასურველი 32 მილიონი ევრო მიიღო 2003 წლის ზაფხულში, ბარსელონასგან. რა მოხდა შემდეგ? 2000-იანების დასაწყისის საშინლად არასტაბილურ კატალონიელთა აღზევება დაიწყო გაუჩოსთან ერთად და ძალიან მალე, მან ქომაგებს ტიტულების მოგების გემო გაახსენა.















