ჯუდ ბელინგემმა თანამედროვე ფეხბურთში შემოიტანა ახალი მიმდინარეობა - უნივერსალი ნახევარმცველი 22-ე ნომრით. რატომ მაინცდამაინც აღნიშნული ნომერი? ეს ისტორია დაიწყო წლების წინ, როდესაც ინგლისელი გამთამაშებელი ჯერ კიდევ ბირმინგემში ირიცხებოდა. მას სურდა მე-10 ნომრის აღება, მაგრამ გუნდის აკადემიის იმდროინდელმა დამრიგებელმა, მაიკ დოდსმა მადრიდის რეალის მომავალ ვარსკვლავს სხვა ვარიანტი შესთავაზა.

"ბელინგემს სურდა მეათე ნომრის აღება, თუმცა მე მას 22 ნომრით თამაში ვურჩიე. ის არის უნივერსალი ნახევარმცველი, რომელსაც შეუძლია თამაში როგორც 4-იანზე, ისე 8-იანსა და 10-იანზეც. 4+8+10=22. ჯუდს ეს იდეა ძალიან მოეწონა. ვფიქრობ, მის მსგავსად, მომავალი თაობის სხვა მოთამაშეებიც ამ ნომერს აირჩევენ", - განაცხადა ინგლისელმა დამრიგებელმა.
"ლურჯების" მთავარ გუნდში გადასვლის შემდეგ, ბრიტანელმა შემტევმა ნახევარმცველმა მოახდინა იმდენად დიდი შთაბეჭდილება, რომ მისი წასვლის შემდეგ, კლუბმა სამუდამოდ ამოიღო მოხმარებიდან 22-ნომრიანი მაისური. 20 წლის გამთამაშებელი იგივე ნომრით მოგვიანებით დორტმუნდის ბორუსიაშიც თამაშობდა.

ბელინგემი იყო შემაკავშირებელი რგოლი დაცვას, ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის. ასე იყო როგორც მიდლანდში, ისე "შვარცგელბენშიც". გასულ ზაფხულს ინგლისელმა გამთამაშებელმა მიიღო ახალი გამოწვევა და 103 მილიონის სანაცვლოდ ის "სამეფო კლუბში" გადავიდა. შედეგმა გადააჭარბა ყველა მოლოდინს, მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით.
2000-იანების ბოლოს, "ბლანკოსმა" ერთხელ უკვე იყიდა სუპერ ფეხბურთელი ზურგზე 22 ნომრით - რიკარდო კაკა. საუბარია შემსრულებელზე, რომელმაც ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქაში მოიგო ოქროს ბურთი, მაგრამ სამწუხაროდ, მისი კარიერა ბერნაბეუზე ვერ წარიმართა ისე, როგორც დაგეგმილი იყო.

ამას ჰქონდა ორი მიზეზი - ტრავმები და ტაქტიკური აცდენა. პირველ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, მეორე შემთხვევაში კი პრობლემა სიღრმისეულია. საქმე ისაა, რომ ბრაზილიელმა გამთამაშებელმა მილანში ასპარეზობის დროს თავისი კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა ფორვარდების უკან, სქემაში 4-4-2.
კარლო ანჩელოტის მიერ დანერგილ რომბისებრ ნახევარდაცვაში "როსონერის" ფლეიმეიქერი განწესებული იყო ჯენარო გატუზოზე, ანდრეა პირლოსა და კლარენს ზეედორფზე მაღლა, ანდრეი შევჩენკოსა და ფილიპო ინძაგის/ერნან კრესპოს უკან. ოქროს ბურთის 2004 წლის მფლობელის ლონდონის ჩელსიში გადასვლის შემდეგ კი "შავ-წითლების" 22-ე ნომერმა კიდევ უფრო წინ აიწია.

ერთი სიტყვით, კაკა "ეშმაკებში" სრულფასოვან თავდამსხმელად ყალიბდებოდა. რეალში გადასვლის შემდეგ მას დახვდა სულ სხვა სიტუაცია - 4-3-3, სქემა, რომელშიც გამთამაშებელი ორიენტირებული იყო უფრო შუახაზზე, შეტევა კი მთლიანად წინ განლაგებულ 3-ეულზე იწყობოდა. ბრაზილიელი ფლეიმეიქერი დაიკარგა მადრიდში, შემდეგ კი საბოლოოდ ჩაქრა.
ჯუდს რიკარდოსთან მიმართებაში აქვს უპირატესობა - ის ერთ კონკრეტულ პოზიციას მიჯაჭვული არ არის. ჯერ კიდევ მოზარდობიდან მოყოლებული "სამეფო კლუბის" გამთამაშებელი თამაშობდა ყველგან, მისი 22-ნომრის წარმომავლობაც ხომ სწორედ აქედან არის. ესპანეთში გადმოსვლის შემდეგ, მან თავისი უნივერსალიზმი აბსოლუტში აიყვანა.

ნახევარმცველისთვის დამახასიათებელ ყველა თვისებასთან ერთად, 20 წლის ფლეიმეიქერმა თავის არსენალს გოლების გატანაც მიამატა. "ბლანკოსის" თამაშის რიტმი მიდის ბელინგემის კარნახით და ამასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში ის საბოლოო წერტილსაც სვამს. მას ადარებენ ზინედინ ზიდანს, თუმცა ის თავისი მრავალფუნქციურობის ხარჯზე ლეგენდარულ გამთამაშებელზე შედეგიანიც არის.
დიახ, ფრანგი შემტევი ნახევარმცველი თავისი კლასითა და ელეგანტურობით იყო სულ სხვა განზომილებაში, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში ეს საკმარისი არ არის. სწორედ ინგლისელი გამთამაშებელია იმის ნათელი მაგალითი, რომ ფეხბურთელის შესაძლებლობები უსაზღვროა. ეს არის 22-ე ნომრის განმარტება, მაგრამ ანჩელოტის გუნდში გადმოსვლის შემდეგ, ჯუდმა 5-იანი აიღო.

აღნიშნული ნომრის ტარება არის კიდევ ერთი რეფერენსი ერთ დროს სანტიაგო ბერნაბეუზე მოთამაშე ლეგენდარული შემტევი ნახევარმცველის მისამართით. ცნობისთვის, როდესაც იტალიელ სპეციალისტს ჰკითხეს, თუ რომელ შემსრულებლებს აგონებდა მას რეალის გამთამაშებელი, პასუხი სწორედ ზიდანი და კაკა იყო.
ბოლოს კიდევ ცოტა ოდენი რიცხვების შესახებ - მადრიდში გადასვლამდე, ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ტურინის იუვენტუსში 21-ე ნომრით თამაშობდა. ზიზუ თითქოს იყო მისი თანამედროვე, 22-ე მოდელის წინა ვერსია. გავიდა 10-წლეულები და "სამეფო კლუბში" მოვიდა ახალი სუპერ მოთამაშე, რომელმაც წარმატებით გააგრძელა თავისი ლეგენდარული წინამორბედის ხაზი.
საოცარი სადებიუტო სეზონის შემდეგ, დღეს, 20 წლის შემტევ ნახევარმცველს ელის კულმინაცია - ჩემპიონთა ლიგის ფინალი მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. 22 წლის წინ, "ბლანკოსმა" სეზონის მთავარ მატჩში გერმანულ კლუბს მოუგო თავისი ლეგენდარული გამთამაშებლის გადამწყვეტი და ულამაზესი გოლით, ვნახოთ, რას იზამს მათი ახალი მე-5 ნომერი.


















