22 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში სტარტს ყველა დროის საუკეთესო ქარდად შერაცხული ღონისძიება გაიმართება. ამ დღეს ხომ რინგზე თუნდაც ოლექსანდრ უსიკის მომავალი მეტოქე უნდა გაირკვეს, საინტერესოა ვის შეხვდება ეს პატივი - ინგლისელ დანიელ დუბუასა თუ ახალ ზელანდიელ ჯოზეფ პარკერს. თუ გამარჯვება დუბუას დარჩა, მაშინ რემატჩს ვიხილავთ, რადგან კარიერული ორი მარცხიდან ინგლისელს ერთი სწორედ უკრაინელმა ლეგენდამ აგემა. ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება WBC-ის საშუალო წონის ქამრისთვისაც - ერთმანეთს დომინიკელი კარლოს ადამესი და დაუმარცხებელი ინგლისელი, ჰამზა შირაზი, დაუპირისპირდებიან. თუმცა, ყველა ეს ბრძოლა ერთგვარად მაინც მეორეხარისხოვნად რჩება. რატომ?! - პასუხი მარტივია, ერთმანეთის წინაშე დმიტრი ბივოლი და არტურ ბეტერბიევი კიდევ ერთხელ წარდგებიან. ამ ღონისძიებას „საუკეთესო ქარდი" მათი სტატუსის გამო ეწოდა. როგორ მოვედით აქამდე? — მეთოდურად მივყვეთ.
ტიტანების პირველი შერკინება - ბივოლი VS. ბეტერბიევი I
წინა დაპირისპირება სულ რაღაც 4 თვის წინ, 2024 წლის 12 ოქტომბერს შედგა. ერთმანეთის წინაშე ორი დაუმარცხებელი მოკრივე ქვემძიმე წონის აბსოლუტური ჩემპიონობისთვის წარსდგა. ბრძოლის წინ მატჩის წამყვანმა, ტოდ გრიშემმა, გვამცნო, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ კრივის მესი და რონალდუ, ნადალი და ფედერერი, მაიკლ ჯორდანი და ლებრონ ჯეიმსი გამოდიოდნენ. მსოფლიოში ვერცერთ სპორტს ორი ყოჩი ვერ ეყოლება და მათ შორის გამონაკლისი არც კრივია, და, მითუმეტეს, არც მისი ქვემძიმე წონითი კატეგორია. სხვა გზა არ იყო, რომელიმე მებრძოლს საკუთარი ნულიანი და ქამრები უნდა დაეთმო. ცალკე გასაოცარი იყო არტურ ბეტერბიევის სტატისტიკა, რუს-ჩეჩენ მებრძოლს აქამდე 20 ბრძოლა ჩაეტარებინა და ყველა მათგანში გამარჯვება ნაადრევად, ნოკაუტით ჰქონდა მოპოვებული. თუმცა, მის წინაშე განსხვავებული ტიპაჟისა და სტილის მებრძოლი იდგა. მსგავსად ბეტერბიევისა, წაგებათა გრაფაში ბივოლსაც ნულიანი ეწერა, თუმცა მის მოგებათა მარაგში ნოკაუტები ნაკლებადაა, მითუმეტეს კარიერის ამ ეტაპისთვის, მას უკანასკნელი 9 ბრძოლიდან ყველა გადაწყვეტილებით ჰქონდა მოგებული. ბრძოლა თავიდანვე ისე დაიწყო, რომ წესით მალე არ უნდა მორჩენილიყო და ასეც მოხდა. მაყურებელმა 12-რაუნდიანი საკრივო პარტია იხილა.

ბრძოლა ისე დაიწყო, როგორც ბევრი ელოდა. ინიციატივა არტურმა აიღო და თითქოს ცენტრიც მას ეჭირა, მაგრამ ეს არ იყო ბრძოლის ის სცენარი, რომელიც ბეტერბიევისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო. ბივოლი თავს თითქმის იდეალურად იცავდა და კონტრშეტევებსაც იდეალურად აგებდა, თითქოს ბრძოლა ამ უკანასკნელის კარნახით მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივას ცალსახად ბეტერბიევი ფლობდა. წარმოიდგინეთ, ბრძოლა იმდენად თანაბარი იყო, რომ 12-დან 8 რაუნდში წარმატებით განხორციელებული დარტყმების სხვაობა მებრძოლებს შორის ოთხი ან უფრო ნაკლები იყო. მიუხედავად ბრძოლის თანაბრობისა, ბოლოს არტურმა მაინც იძალა, იშვიათია მონახოთ მოკრივე, რომელსაც გამძლეობა ჩეჩენ მებრძოლზე უკეთ აქვს განვითარებული, რაც ამ ბრძოლაში მას განსაკუთრებით გამოადგა. ბოლო ორ რაუნდში ბეტერბიევს მნიშვნელოვან დარტყმებში საკმაო უპირატესობაც ჰქონდა - 29 დარტყმა 19-ის წინააღმდეგ.
საბოლოო ჯამში ბეტერბიევი ბევრად აქტიური იყო, ბივოლი კი ბევრად ზუსტი. არტურის მიერ განხორციელებული 682 დარტყმიდან მიზანს 137-მა უწია, რაც პროცენტულად 20.1%-ია, ხოლო ბივოლის განხორციელებული 423-დან ზუსტი 142 იყო — 33.6%. ტენდენცია ნარჩუნდება ჯებისა და მნიშვნელოვანი დარტყმების ცალკე დათვლის შემთხვევაშიც — ბეტერბიევის დარტყმები რაოდენობრივად ბევრად მეტია, თუმცა უკეთესი ხარისხი კი, ცალსახად, ბივოლს ჰქონდა. სწორედ ამიტომ, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მსაჯების გადაწყვეტილებამ, ერთ-ერთმა მათგანმა ფრე, 114-114 დააფიქსირა, ორმა მსაჯმა კი მოგება ბეტერბიევს მიაკუთვნა - 115-113 და 116-112.

პირადად ჩემთვის, ბრძოლის დასრულების შემდგომ წარმოუდგენლად მოჩანდა მესამე მსაჯის შედეგი, რადგან ამ უკანასკნელმა 12 რაუნდიდან ბივოლს მხოლოდ და მხოლოდ ოთხი რაუნდი მისცა. თუმცა, ასეა თუ ისე, გამარჯვება და აბსოლუტური ჩემპიონის წოდება არტურ ბეტერბიევს დარჩა.
ის, რაც ბრძოლის მიღმაა: დმიტრი ბივოლი და არტურ ბეტერბიევი რინგზე ასვლამდე - ორი ჯენტლმენის ერთმანეთის პირისპირ
აღსანიშნავი ამბავია, რომ მებრძოლების პირველი გადაკვეთა წლების წინ, რუსეთის კრივის ეროვნულ ნაკრებში მომხდარა. როგორც პირველი ბრძოლის წინ ბივოლი იხსენებდა, ნაკრებში მისვლისას ბეტერბიევი, როგორც ასაკით უფროსი, უკვე დიდ გამოცდილებას ფლობდა. ის, როგორც ახალბედა, ცდილობდა უფრო გამოცდილებისგან, მათ შორის არტურისგანაც ბევრი ესწავლა. მისი თქმით, მათ ერთმანეთში რამდენიმე სპარინგიც კი ჰქონიათ, თუმცა ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ ვერცერთი მებრძოლი ვერ იხსენებს იმ ტურნირს, რომლისთვის მომზადების პერიოდშიც ეს ამბავი მოხდა. თანაც, მაშინ არტური მძიმე წონაში (სამოყვარულო კრივისა და პროფესიონალური კრივის კატეგორიებს, დასახელების მიუხედავად, განსხვავებული ლიმიტები აქვს) იბრძოდა, დმიტრი კი საშუალოში, შესაბამისად სპარინგიც ნაკლებად ინტენსიური, მეტად ტექნიკურ საკითხებზე ორიენტირებული იყო. ბივოლის თქმით, ის და არტური მეგობრები არასდროს ყოფილან, მათი ურთიერთობა საქმიანობის სფეროს არასდროს სცილდებოდა, თუმცა მათ ერთმანეთი მტრებადაც არასდროს აღუქვამთ. ახლაც, როცა ორივე მათგანი აბსოლუტური ჩემპიონობისთვის, ქამრებისთვის, სახელისა და დიდებისთვის იბრძვის, რინგამდე მათი გადაკვეთები თავშეკავებული პატივისცემის გამოხატვით შემოიფარგლება. მათი ურთიერთობა ისევ ცივი, ფრთხილი და ხაზგასმით საქმიანია.

ჩემთვის, როგორც რიგითი მაყურებლისთვის, კრივის ყურებისას მოკრივეთა საბრძოლო უნარების შეფასების გარდა უმნიშვნელოვანესი ფაქტორები რინგს მიღმაც იმალება ხოლმე. მაგალითად მოკრივის პიროვნება, მისი მიზნები, მენტალიტეტი, პიროვნული რაობა და ა.შ. ვეცდები ორივე მებრძოლზე, ძალიან მოკლედ მიმოვიხილო ეს ყველაფერი და აგრეთვე მათი საბრძოლო ასპექტებიც.
დავიწყოთ ჩემპიონით. არტურ ბეტერბიევი ის ადამიანია, წინა 21 ბრძოლისას მაყურებელი უინტერესო ჩხუბით რომ არასდროს დაუღლია. პირველი 20 ბრძოლიდან 20-ვე ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე, ვადამდე ნოკაუტით მოიგო. ასე იყო იქამდე, სანამ რინგი დმიტრი ბივოლთან არ გაიზიარა. მართალია, მან რინგი ქვემძიმე წონის აბსოლუტური ჩემპიონის რანგში დატოვა, თუმცა ამჯერად არაერთი კითხვის ნიშანი დატოვა. მაგალითად, ხომ არ იმოქმედებს მის მომდევნო ბრძოლებზე მისი ასაკი, ხომ არ იყო ეს მისი მაქსიმუმი?! - ან როგორ იმოქმედებს მის თავდაჯერებაზე ის საკითხი, რომ მან მეტოქე ვეღარ გათიშა. ფიზიკური კონდიციები არტურისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან მისი სტილი სწორედ გამძლეობაზე, რინგზე დომინაციასა და მეტოქის მუდმივ წნეხში მოქცევაზეა გათვლილი, რაც უამრავ ენერგიას მოითხოვს. თანაც მასზე ხომ ახლა უდიდესი ზეწოლაა, იგი სასწორის პინაზე ყველაფერს დებს - ნულიანს, აბსოლუტური ჩემპიონის წოდებას, ქამრებს. მისი მეტოქე კი, ფაქტობრივად, არაფერს. მას დასაკარგი ყველაფერი აქვს, აი, ბივოლს კი ამ ეტაპზე არაფერი. თუმცა, ფაქტია, რომ არტურს მოპოვებულის შენარჩუნებაც სურს - მისი მიზანი მხოლოდ ერთია - ქამრების დაცვა.

რაც შეეხება დმიტრის, თუ კრივის ქვემძიმე წონაში სიტყვა ელეგანტურობა ვინმეს უხდება, ალბათ, ეს პირველ რიგში ბივოლია. დმიტრი ბივოლი არის პიროვნება, რომელიც არ იბრძვის მხოლოდ გასამარჯვებლად, მისი მიზანი ლამაზად გამარჯვებაა. შეიძლება მისგან ნოკაუტებით განებივრებულნი არ ვართ, მაგრამ თითოეული ის მოძრაობა, რასაც ის რინგზე გვთავაზობს, სრულყოფილებასთან საკმაოდ ახლოა. აი, ეს არის დმიტრის მიზანიც, განვითარდეს როგორც მებრძოლი და მაყურებელს და, ალბათ, პირველ რიგში მაინც საკუთარ თავს აჩვენოს, თუ რა არის მისი მაქსიმუმი.

ძალიან რთულია ამდენი ხნის განმავლობაში მარცხი არ განიცადო და შემდეგ, როცა წონის აბსოლუტური ჩემპიონობა ერთ ნაბიჯშია, ეს ყველაფერი ერთდროულად დაკარგო. თუმცა, მიუხედავად მტკივნეული, გულდასაწყვეტი და ბევრისთვის კითხვის ნიშნების გამომწვევი მარცხისა, დმიტრიმ წაგება ღირსეულად მიიღო. მისი თქმით, იგი არ ეძებდა მარცხის ახსნის და თავის გასამართლებელ მიზეზებს, თუ იგი ამას დაიწყებდა და ეცდებოდა ახსნას, თუ რატომ შეძლო, ან ვერ შეძლო რაიმე კონკრეტული, იგი შინაგანად დიდ სირცხვილს იგრძნობდა. ბივოლმა თქვა, რომ ბრძოლა უბრალოდ წააგო და სულ ეს იყო. არანაირი მწარე სიტყვები მეტოქისადმი. ბივოლსა და ბეტერბიევს შორის დაპირისპირებას ლაიტმოტივად ჯენტლმენობა გასდევს. ორივე მებრძოლი თითოეული კომენტარის გაკეთებისას მაქსიმალურად მოზომილი, კორექტული და პატივისცემით გამსჭვალულია. ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს. თითოეულმა მათგანმა პირადი შრომის, თავდადებისა და გამარჯვებისადმი სურვილის წყალობით იცის, თუ რას გრძნობს მისი მეტოქე, როგორ ემზადება ბრძოლისთვის, რა მიზანი ამოძრავებს. როცა ამას იაზრებ, ვფიქრობ, მეტოქისადმი შეურაცხყოფის მიყენება აზრადაც აღარ მოგივა. კი, რასაკვირველია „თრეშ თოქი“ საბრძოლო ხელოვნებების განუყოფელი და ხშირად უმნიშვნელოვანესი ნაწილიცაა, თუმცა არა ამ დაპირისპირებაში.
რას ველით რემატჩში და მისი პოტენციური შედეგები
DAZN-თან წინასამატჩო ინტერვიუში ბეტერბიევმა განაცხადა, რომ კარიერის ყველაზე რთული ბრძოლა ბივოლის წინააღმდეგ ჰქონდა. თუმცა, ამ ბრძოლაში ის საკუთარი თავით კმაყოფილი არ იყო და მას კიდევ მეტის შემოთავაზება შეუძლია. იგივე სურს ბივოლსაც, მისი თქმით მას რევანში სწყურია და ამავდროულად სურს, მისი საბრძოლო უნარები იდეალურს მიაახლოოს. ფაქტია, ორი უძლიერესი მებრძოლი და ორი ჯენტლმენი არკვევს იმას, თუ ვინაა უკეთესი მოკრივე აქ და ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში. არტურს ქამრების დაცვა, დმიტრი კი რევანში ეიმედება. თუ მოკრივეებს შორის ანგარიში გათანაბრდება თურქი ალალშიხი შეგვპირდა, რომ მათი დაპირისპირება ტრილოგიაშიც გადაიზრდება.

მართალია, კრივში წინასწარ რაიმეს თქმა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მაგრამ ალალშიხი, როგორც წესი, სიტყვის კაცია ხოლმე. ეპოქალურ მეტოქეობაში საბოლოო აკორდის აღება კი, წესით, არტურსაც მოუნდება და დმიტრისაც.
თუმცა, ვნახოთ, ყველაფერი ბრძოლაში გამოჩნდება. როგორც ოლექსანდრ უსიკს რემატჩზე აზრის გამოთქმა სთხოვეს, უკრაინელმა თქვა - შანსები კვლავ 50/50-ზეაო. საყოველთაო თვალსაზრისით, მცირე ფავორიტად მოქმედი ჩემპიონი ითვლება.
და მაინც, ისმის კითხვა, თუ რა იქნება საბოლოო შედეგი - დიდი რევანში თუ დომინაციის გაგრძელება?! — ამ ყველაფერზე კი „საუკუნის ღონისძიების“ მთავარი ბრძოლის გმირები - არტურ ბეტერბიევი და დმიტრი ბივოლი პასუხს 22 თებერვალს ერთმანეთისთვის მოწყობილ ურთულეს გამოცდაში იპოვიან.















