NBA-ის რეგულარული სეზონი დასრულდა, რომელმაც არაერთი ლამაზი თამაში, რეკორდი, ტრეიდების წვიმა და ისტორიული კადრი გვაჩუქა. რეგულარული რაც არ უნდა დასამახსოვრებელი იყოს, კალათბურთის მოყვარულთა აზრით, ნამდვილი თამაშები პლეიოფის სტადიაზე იწყება და კალათბურთელთა დიდი ნაწილიც სწორედ ამ ეტაპზე რთავს პრაიმ ვერსიას - "პლეოფის მოუდს". რეგურალურ სეზონში აღმოსავლეთში საუკეთესო კლივლენდ კავალიერსი იყო, ხოლო დასავლეთში, წინა სეზონის მსგავსად, პირველობა არავის დაუთმო ოკლაჰომამ. ახალგაზრდული კოლექტივი, მეორე სეზონია ლიგას ჭექა-ქუხილივით დაატყდა თავს. მარკ დეინუს ბიჭებმა ბრწყინვალე სეზონი შემოგვთავაზეს. ზოგადად, ბოლო წლებში OKC-ის მენეჯმენტი უმაღლეს დონეზე მუშაობს და მათი სტრატეგიული ნაბიჯების დამსახურებაა ფრენჩაიზის მსგავსი შედეგები. თან კლუბის წარმატება განგრძობითია, რადგან მათ არ დაუხარჯავთ პიკები და სახელფასო ჭერი სუპერსტარებზე, ახალგაზრდა ბიჭებზე გააკეთეს აქცენტი, რომლებმაც ოკლაჰომაში თამაშისას მოიპოვეს ვარსკვლავის სტატუსი.
ბრწყინვალე სეზონი შემოგვთავაზა კანადელმა შაი გილჯეს-ალექსანდერმა და MVP-ს ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ოკლაჰომას წინა სეზონში გამოცდილება დააკლდა და დალას მავერიქსთან ნახევარფინალში დამარცხდა, ტექსასური გუნდი წელსაც უხერხული მეტოქე იყო რეგულარულ სეზონზე, მაგრამ დონჩიჩის ტრეიდისა და კაირი ირვინგის ტრავმის შემდეგ მავერიქსი დასავლეთის საუკეთესო გუნდისთვის კერკეტი კაკალი ვერ იქნება. ტრავმებით გაწამებული დალასი პლეი ინში საკრამენტოს ძლევის შემდეგ და ჯა მორანტის მემფისს ხვდება და იქაც აუტსაიდერად არის მიჩნეული. OKC-ის კიდევ ერთი ჯოკერი - აიზია ჰარტენშტაინია, გერმანელი წელს შემოუერთდა კლუბს და საოცრად შეეწყო, ჩეტ ჰოლმგრენის ტრავმის პერიოდში ოკლაჰომას მთავარ მაღლად იქცა და ჰოლმგრენის დაბრუნების შემდეგაც ძირითად წევრად დარჩა. აიზიას გაბარიტებმა და სათამაშო ინტელექტმა გუნდს მეტი თავისუფლება და სიმშვიდის გარანტია მოუტანა სამწამიან ზონაში. კლუბს ჰყავს მეტად მოძრავი, მსროლელი და უნივერსალური მოთამაშეები, რომლებიც როტაციაში კარგად ცვლიან ერთმანეთს, რაც პლეიოფის ზონაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
დიდებული სეზონი და ბრწყინვალე პროგრესი ჰქონდა კლივლენდ კავალიერსს, კენ ატკინსონის შეგირდებმა, შესაშურად დაბალანსებული მაღლებითა და უკანახაზელებით, აღმოსავლეთში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს. ოჰაიოელებს ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი ჰყავთ ევან მობლისა და ჯარეტ ალენის დუეტის სახით, უკანა ხაზში გუნდის ლიდერ დონოვან მიტჩელს საოცრად დაეხმარა დარიუს გარლანდი და გამოცდილი მაქს შტრუსი. კლივლენდი-ოკლაჰომას ფინალი არაერთმა ბუქმეიკერმა იწინასწარმეტყველა, მაგრამ გამოცდილება გვაჩვენებს რომ რეგულარული სეზონის მხოლოდ მოგება როდი კმარა, თან ლუკა დონჩიჩის ტრეიდის შემდეგ ბოსტონი-ლეიკერსის ფინალი უფრო ლამაზად ეჩვენება ლიგას, მასში მეტი კომერცია, ისტორიული სახელი და სუპერსტარების ახალი ეპოქალური დაპირისპირების საწყისიც შეიძლება ვიხილოთ - ცხადია, საუბარია დონჩიჩი vs ტეიტუმზე.
სლოვენიელის ტრეიდის შემდეგ, ლეიკერსი საჩემპიონო დრამაში დაბრუნდა, რამდენიმე თამაშს თუ არ ჩავთვლით, ლუკა მშვენივრად შეეწყო კალიფორნიას და სეზონი მესამე ადგილზე დაასრულეს, რითაც მინესოტასთან დუელში საშინაო კედლების უპირატესობა მოიპოვეს. ტიმბერვულვზი, წინა სეზონთან შედარებით, არასტაბილურია და ლეიკერსს პირველ ეტაპზე მათთან შეხვედრა ერჩივნა, ვიდრე ბრწყინვალე ფორმაში შესულ თანაქალაქელ კლიპერსთან. ლებრონისა და ლუკას გარდა ბრწყინვალე ფორმაშია რივზი. უკანახაზელი არ ერიდება მნიშვნელოვან დროს, როცა ჯეიმისა და დონჩიჩის მიმართ განსაკუთრებული დაცვა და წნეხია, თავის თავზე თამაშის აღებას, LA-ის მინუსი ცენტრი და დაცვა იქნება, რის დაბალანსებასაც ფანტასტიური შეტევით ეცდებიან.
წინა სეზონის ტრიუმფატორი ბოსტონ სელტიქსი კვლავ იქნება საჩემპიონო მარქაფაში. „კელტებისთვის" ტრავმიანი სეზონი გამოდგა, მაგრამ ბოსტონს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და დაბალანსებული სათადარიგო სკამი, სწორედ ამ ფაქტის დამსახურება, ტრავმების შედარებით უმტკივნეულოდ გადატანა და რეგულარულ სეზონის მეორე ადგილზე დასრულება. „მწვანეები" მხოლოდ 3 მოგებით ჩამორჩნენ კლივლენდ კავალიერსს. ჯო მაზულას ბიჭებს ჩემპიონის მენტალიტეტი და პლეიოფის გამოცდილებაც გამომუშავებული აქვთ, ამიტომაც პლეიოფში ბოსტონი ნებისმიერ მეტოქესთან ფავორიტის სახით ჩავა და მას წნეხში მოაქცევს. სახელფასო ჭერის პრობლემის გამო, მომდევნო წელს კლუბს, შესაძლოა, არჩევანის გაკეთება მოუწიოს კრისტაფ პორზინგისსა და ჯრუ ჰოლიდეის შორის, ამიტომაც ამ ღრმა შემადგენლობით ზედიზედ ჩემპიონობის შანსის გამოყენება ბოსტონის მენეჯმენტისთვის პრიორიტეტულია.
დენვერი-კლიპერსის დუელი
კოლორადოსა და ლოს ანჯელესში დიდი ჯახი გველის, შესანიშნავ ფორმაში მყოფი ნიკოლა იოკიჩი, რომელიც სამმაგ დუბლებსა და რეკორდებს ეთამაშება, ნაგეთსს მორიგი ჩემპიონობისთვის წინ მიუძღვის, კოლორადოში რასელ ვესტბრუკის მოტივაციისაც ეიმედებათ, ლეგენდარულ გამთამაშებელს კარიერის უბეჭდოდ დასრულება არ სურს და პლეიოფს ორმაგი მონდომებით უნდა შეხვდეს. დენვერის პრობლემა მწირი სათადარიგო სკამი და ხუთეულის წევრების არასტაბილური თამაშია, ნიკოლა იოკიჩს კი დახმარება აუცილებლად დაჭირდება, რადგან ეს პლეიოფია და სერბის არაამქვეყნიური თამაში და სტატისტიკაც კი ვერ მოიგებს მარტო მთელს სერიას.
მეორე მხარს ჩუმი ფავორიტი ლოს ანჯელეს კლიპერსია. კალიფორნიელებმა, კოლორადოელების მსგავსად, სეზონი იდენტურად 50-32-ზე დაასრულეს, მაგრამ უკეთესი ბალანსის გამო, დენვერს ერგო მოედნის უპირატესობა, კლიპერსმა სეზონი მძიმედ დაიწყო, მაგრამ ბოლოსკენ დიდებულ ფორმაში შევიდა, ეს შესაძლოა, ბეჭდის მოგების ერთ-ერთი უკანასკნელი შანსი იყოს ჯეიმს ჰარდენისთვის. „ბაბუაწვერამ" ინტერვიუში განაცხადა: „ჩემპიონობის გარეშეც არ მქონია ცუდი კარიერა, ბეჭდის მოსაგებად ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ყოველთვის ისე როდი ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, მე ყველაფერს ვიზამ რომ ჩემპიონი გავხდე, თუ არადა, არც ეს მგონია კატასტროფა.” - ჰარდენი მოკრძალებული იყო ამ განცხადებაში, მაგრამ ფაქტია, ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო შემტევი კარიერის ფინიშისკენ ბეჭდით გასვლაზე ნამდვილად არ იტყვის უარს.
პლეიოფის ეტაპზე ტრადიციულად სხვა კავაი ლეონარდი გვევლინება და აღსანიშნავია ივიცა ზუბაჩის პროგრესიც, ხორვატი მოედნის ორივე მხარეს ძალიან კარგია და წინა სეზონთან შედარებით ქულებისა და მოხსნების შედეგიანობა გაზრდილია, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიც საგრძნობლად მომატებულია.
გოლდენ სტეიტის გაბრძოლება და ბატლერის ეფექტი
კლეი ტომპსონის წასვლის, სტეფის ტრავმებისა და გოლდენში არსებული სიტუაციდან გამომდინარე, „ოქროსშტატელებს" წლევანდელი სეზონის საჩემპიონო სათვალავში არავინ აგდებდა, მეტიც, გუნდისთვის შესაძლოა პლეიოფის ზონაც სანატრელი გამხდარიყო. ტრეიდის შედეგად სეზონის მიმდინარეობისას, ჯიმი ბატლერის მოსვლამ გოლდენს იმედები, სტეფს კი დამხმარე გაუჩინა. ჯიმისთან ერთად სანფრანცისკოელები უკეთესები გახდენენ, როგორც დაცვაში, ასევე - შეტევაში. თან ჯიმბო პლეიოფის კაცია, მისი ფლორიდული კარიერიდანაც გვახსოვს, თუ როგორი იყო რეგულარულ სეზონში და რამდენად იზრდებოდა მისი ქმედითუნარიანობა პლეიოფის დროს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „მეომრებმა" ბატლერის დამატებით დაცვა საგრძნობლად გაიუმჯობესეს, კლეის წასვლის შემდეგ დაცვის მთავრი მისია თუ დრეიმონდ გრინზე გადადიოდა და გოლდენი უფრო ხშირად ინდივიდუალურ დაცვას მიმართავდა, ჯიმის მოსვლის შემდეგ სტივ კერმა უფრო ხშირად დაიწყო ზონური დაცვის გამოყენება.
ბატლერის გადმოსვლის შემდეგ გოლდენი საკუთარ ფარში ნაკლებს იღებს. უორიორსმა პლეი ინში ჯა მორანტის მემფის გრიზლისს აჯობეს და ჰიუსტონზე გავიდა. ტექსასელებმა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულეს და კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მათ არ აქვთ პლეიოფის გამოცდილება, რაც შესაძლოა, ოქროსშტატელებთან დაპირისპირებაში გადამწყვეტი გამოდგეს. „რაკეტებში" ბრუქსსა და ვან ვლიტს აქვთ ამ დონის თამაშების უფრო მეტი გამოცდილება, ეს უკანასკნელი საერთოდაც 2019 წლის ჩემპიონი ტორონტოს რიგებში ირიცხებოდა, მაგრამ მთლიანად ახალგაზრდულ კოლექტივზე ამას ვერ ვიტყვით.
ბაქსი vs. პეისერსი: შურისძიება თუ b2b ინდიანა?!
კიდევ ერთ საინტერესო წყვილი გველის აღმოსავლეთში - ხმაურიანი დასავლეთისგან განსხვავებით, მეტი მოკრძალებაა აღმოსავლეთში. ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ, მილუოკი ბაქსი დაბრუნდა და ერთხანს პირველ ოთხეულში შესვლას უმიზნებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, რეგულარული სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა და მოედნის უპირატესობა ინდიანა პეისერსს გადაულოცა. ბაქსს მეტი გამოცდილება აქვს, რის ხარჯზეც აპირებენ მოედნის უპირატესობის დაბალანსებას, მაგრამ მათი პრობლემა ტრავმებია, ვარსკვლავურმა დუეტმა ლილარდი-ანტეტოკოუნმპო, ერთად ბევრი შეხვედრის ჩატარება ვერ მოახერხა და დიდი შანსია, დამიანი პლეიოფის საწყის თამაშებზე ვერ დაბრუნდეს, უკანახაზელს თრომბის საშიშროება აღენიშნებოდა და ბოლოს გაკეთებული გამოკვლევების შემდეგაც ვერ იძლეოდნენ უისკონსიელი ექიმები 100%-იან პასუხს. რაც ნამდვილად დადასტურებულია, ლილარდი პირელ ორ თამაშს გამოტოვებს - მედ პერსონალს ლილარდის საშინაო კედლებში დაბრუნების ეიმედებათ. რაც განსხვავებულ მუხტს მისცემს ირმებს, თან წინა წელს, მოედნის უპირატესობისა და მეტი გამოცდილების მქონე ბაქსი სწორედ ინდიანასთან დამარცხდა, რომელმაც შემდგომ კონფერენციის ფინალსაც უწია.
გამოცდილი რიკ კარლაისის ხელში პეისერსი მეტად პროგრესირდება და მეორე სეზონია სტაბილურად საპლეიოფო გუნდად იქცა. გუნდში არის ნიჭიერი ახალგაზრდების ზეიმი ტაირის ჰალიბარტონის სახით და ასევე საპლეიოფო და ჩემპიონის გამოცდილების მქონე პასკალ სიაკამიც. ინდიანას მინუსი მოკლე სათადარიგოთა სკამია, მისი ხუთეული ბევრად აღემატება ბენჩის მოთამაშეებს და მათ არ აქვთ ბოსტონი სელტიქსის მსგავსი ფუფუნება, ხშირი და ხარისხიანი როტაციის მხრივ, რაც ცხადია რთული გამოწვევა იქნება პლეიოფის გზაზე. პლეიოფის გზაზე არ უნდა დაგვავიწყდეს ნიქსიც, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საშიში ტრიო - თაუნსი, ბრანსონი, ბრიჯისი ჰყავს. ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი და ცხელი პლეიოფები გველის, ვნახოთ რომელი მხარე უფრო იფეთქებს - ველური დასავლეთი თუ ჩუმი აღმოსავლეთი.















