გრაფს სურდა, რომ მშვიდობისა და სიყვარულის ქალაქი შეექმნა. მისი ოცნება ქალაქის სახელშიც აისახა - Karls-ruher. სიტყვა ruher გერმანულად მშვიდად მოსასვენებელ ადგილს ნიშნავს. გრაფს ეკუთვნის ცნობილი ციტატა - „ქაოსი შენს სამყაროში ერთი ხელით უნდა დაიწყოს და შენვე უნდა დაასრულო“. ისტორიულ ცნობებს თუ ვენდობით, ათასი ჭირ-ვარამის მნახველმა კარლ ვილჰემმა სწორედ ქალაქის დაარსებით იპოვა მშვიდობა, სიყვარული და მისი ცხოვრების ქაოსიც აქ დასრულდა.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიმბოლიზმებსა და დამთხვევებს დიდ ყურადღებას აქცევენ. არ ვიცი ბუდუ ზივზივაძის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, თუმცა სიმბოლურია, რომ ქართველი ფორვარდის კარიერაში არსებული პრობლემებისა და უნგრეთში დაწყებული ქაოსის დასასრული თავის დროზე მშვიდობისა და სიყვარულისთვის შექმნილ ქალაქში გადაბარგება აღმოჩნდა.
ბადენის მხარეში ტყავის ბურთის ჯადოქრები ძალიან უყვართ. როგორც თავად ამბობენ, აქ ნამდვილი, შეუდრეკელი და ხარბი შვაბები ცხოვრობენ. კარლსრუეშია დაბადებული გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ოლივერ ბირჰოფი. მეორე ოლივერმა იქამდე, სანამ მიუნხენის ბაიერნის ლეგენდა გახდებოდა, სახელი მშობლიური ქალაქის გუნდიდან გაითქვა. კლუბს 1909 წელს გერმანის ჩემპიონობა აქვს მოპოვებული, ხოლო გერმანიის თასი 2-ჯერ 1954-1955, 1955-1956 წლებში მოიგო. შვაბები საერთაშორისო ტიტულებით დიდად ვერ დაიკვეხნიან, ერთი ეგ იყო - 1996 წელს „ლურჯ-თეთრებმა“ ინტერტოტოს თასზე გაიბრწყინეს. კლუბს 21-ე საუკუნეში დაღმასვლა დაეწყო და 24 წლის განმავლობაში ელიტაში მხოლოდ 2 სეზონი - 2007-2008 და 2008-2009 გაატარა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ დროს კლუბის ღირსებას ქართველი ლეგიონერი ალექსანდრე იაშვილი იცავდა.
ბადენის მხარეში ტყავის ბურთის ჯადოქრები ძალიან უყვართ. როგორც თავად ამბობენ, აქ ნამდვილი, შეუდრეკელი და ხარბი შვაბები ცხოვრობენ. კარლსრუეშია დაბადებული გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ოლივერ ბირჰოფი. მეორე ოლივერმა იქამდე, სანამ მიუნხენის ბაიერნის ლეგენდა გახდებოდა, სახელი მშობლიური ქალაქის გუნდიდან გაითქვა. კლუბს 1909 წელს გერმანის ჩემპიონობა აქვს მოპოვებული, ხოლო გერმანიის თასი 2-ჯერ 1954-1955, 1955-1956 წლებში მოიგო. შვაბები საერთაშორისო ტიტულებით დიდად ვერ დაიკვეხნიან, ერთი ეგ იყო - 1996 წელს „ლურჯ-თეთრებმა“ ინტერტოტოს თასზე გაიბრწყინეს. კლუბს 21-ე საუკუნეში დაღმასვლა დაეწყო და 24 წლის განმავლობაში ელიტაში მხოლოდ 2 სეზონი - 2007-2008 და 2008-2009 გაატარა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ დროს კლუბის ღირსებას ქართველი ლეგიონერი ალექსანდრე იაშვილი იცავდა.

ბუდუ ზივზივაძემ ფეხბურთის ქომაგებს თავი ჯერ კიდევ საქართველოს ჩემპიონატში ომახიანი და რიხიანი თამაშით დაგვამახსოვრა. ახალგაზრდულ ასაკში სამტრედიასთან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, ხოლო ქუთაისთან ერთად საქართველოს თასის მოგება შეძლო. რაც შეეხება ინდივიდუალურ ჯილდოებს, წლის საუკეთესო მოთამაშისა და ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირობითაც გაანებივრა საკუთარი ქომაგი. ფეხბურთელი ყოველდღიურად ვითარდებოდა და მისი ევროპაში წასვლა სრულიად ლოგიკური გახლდათ. ბუდუმ დანიისგან განსხვავებით უნგრეთის ჩემპიონატს ალღო უკეთ აუღო და აგურზე აგურის დადებით აგრძელებდა კარიერულ წინსვლას. გარდა წარმატებული და კარგი სპორტსმენობისა, ბუდუ ზივზივაძე ახალგაზრდული ასაკიდან გამოირჩეოდა - ღია, ადამიანური ურთიერთობებით, რის გამოც ყველას პატივისცემას იმსახურებდა. თუმცა, უნგრელმა ქომაგმა მეგობრის მიმართ პატივისცემა და ყურადღების გამოხატვა არ აპატია (უიპეშტის ფეხბურთელთან მაისურის გაცვლა). საქართველოს სახალხო ფეხბურთელი, როგორც მას სამშობლოში შეარქვეს, შვაბურ გუნდს 2022 წელს შეუერთდა და ბევრმა ეს ტრანსფერი სკეპტიკურად მონათლა. პირველ სეზონში ბუდუ დიდად არ დაუტვირთავთ. აი, გარდამტეხი 2023-2024 წლების სეზონი გამოდგა. ბუნდესლიგის ლეგენდა ლარს შტინდლი მშობლიურ კარლსრუეში დაბრუნდა და მის ქომაგებს იმედი გაუჩნდათ, რომ გერმანიის ნაკრების ყოფილი წევრის გედის სიმღერა შვაბებს ბუნდესლიგაში აღზევებაში დაეხმარებოდა. ამ ფონზე, ყველასთვის მოულოდნელად, გუნდის მთავარი იქს ფაქტორი ქართველი ფორვარდი აღმოჩნდა, რომელიც განსაკუთრებით სეზონის მეორე ნახევარში დაიქოქა. სეზონის განმავლობაში მე-2 ბუნდესლიგაში 12, ხოლო ჯამში 15 გოლი გაიტანა. კარლსრუემ კი მაჟორულ ნოტაზე მე-5 ადგილზე დაასრულა გამოსვლა. რომ არა პირველ წრეში ნაჩვენები არასტაბილური თამაში, ვინძლო „ლურჯ-თეთრებს" ბუნდესლიგის საგზურიც მოეპოვებინათ. კლუბში ათამაშებული ბუდუ მარტის ისტორიულ ნახევარფინალში ნაკრებს როგორ გამოადგა ყველას კარგად გვახსოვს. ქართველი ფორვარდისთვის კარლსრუე იღბლიანი და ქაოსის დამსრულებელი აღმოჩნდა.

ამ სეზონის სტარტზე ქართველი ფორვარდის მიმართ გერმანიის სხვადასხვა გუნდის ინტერესზე არაერთი ნიუსი დაიწერა. ქომაგების აზრით, ბუდუ ბუნდესლიგას იმსახურებს, რაშიც ძნელია არ დაეთანხმო. ამის ფონზეც კარლსრუეში ბუდუ მეტად ეიმედებოდათ. შვაბიის მხარეში, სადაც საკულტო მოთამაშეები ძირითადად ადგილობრივი გერმანელი ფეხბურთელები ხდებიან - ბუდუ გახდა მთავარი გმირი. 2024-2025 წლების სეზონის სტარტზე კალრსრუეს ქომაგები ყველაზე ხშირად კაპიტან მარვინ ვანიცეკისა და ბუდუ ზივზივაძის მაისურებს ყიდულობდნენ. ქართველმა ფორვარდმა ლიდერის მანტია კარგად მოირგო და 5 ტურში 6 გატანილი გოლით კარლსრუეს წარმატებაში უდიდესი როლი მიუძღვის. შვაბებს ერთი თვის თავზე ბუნდესლიგაში წაუგებელი სერია აქვთ და ცხრილის სათავეში იმყოფებიან, ხოლო ზივზივაძე ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ამ სერიის შემდეგ ბევრი ალაპარაკდა ზამთარშივე მის ტრანსფერზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბუდუ უნდა დარჩეს, რადგან ის უკვე გუნდის ლიდერია. კარლსრუეც წლების მანძილზე მწიფდებოდა ბუნდესლიგაში აღსაზევებლად და წელს ეს კიდევ უფრო რეალურია.
როგორც სტატიის დასაწყისში ვთქვი, სიმბოლიზმებით დატვირთულ ქალაქში ბუდუმ თავისი თავი ხელახლა აღმოაჩინა და ორმაგად სიმბოლურია, რომ ქუთაისელმა ბიჭმა ნავსაყუდელი სიყვარულის და ადამიანური ურთიერთობების ისტორიის მქონე ქალაქში ჰპოვა. ბუდუ თვითონაც სიყვარულია, რაც მისი გოლების აღნიშვნაში ყველაზე კარგად ჩანს. ამიერიდან რაც არ უნდა მოხდეს, ზივზივაძე ქართველი ქომაგებისთვის მუდამ დარჩება სახალხო ფეხბურთელად, ახლა კი დიდებული შანსი აქვს, რომ იგივე სტატუსი ბადენელი ქომაგების თვალშიც მიიღოს. ბუდუ კარლსრუელი ქომაგებისთვის ახალი საკულტო გმირია და ბუნდესლიგაში აღზევების შემთხვევაში ის ნამდვილად გახდება ქალაქის ახალი „კარლ-ვილჰემი“, რომლის სახელსაც ყოველ უიქენდზე Wildparkstadion-ზე შეკრებილი 30 000 ქომაგი ომახიანად სკანდირებს კარმენის სიმღერის ფონზე...
ავტორი: ბაკურ ხუბულავა















